„და აკურთხნა იგინი ღმერთმან მეტყუელმან:
აღორძინდით და განმრავლდით. და აღავსეთ
ქუეყანაჲ და ეუფლენით მას.“ (დაბ. 1:28)
ჩვენი ერის წინაშე არსებული კატასტროფის დასაძლევად და დემოგრაფიული ორმოდან ამოსასვლელად აუცილებელია საერთო ძალისხმევით უმოკლეს დროში გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები სახელმწიფოს, ეკლესიისა და საზოგადოების მხრიდან – შემუშავდეს ეროვნული დემოგრაფიული კონცეფცია, ერთგვარი საგზაო რუკა, რომელმაც უნდა გასაზღვროს ქართული სახელმწიფოს დემოგრაფიული სტრატეგია უახლოესი 15 წლის განმავლობაში. პრობლემის მასშტაბებიდან გამომდინარე საჭიროა კომპლექსური მიდგომა, როდესაც რეალური შედეგის მისაღებად ერთდროულად რამდენიმე უმნიშვნელოვანესი მიზნის მიღწევაა აუცილებელი:
1. აბორტების კანონით აკრძალვა;
2. ახალგაზრდა თაობების აღზრდა იმ ცნობიერებით, რომ ქორწინებამდე უბიწოება შეინახონ, ხოლო ადამიანის სიცოცხლე იწყება არა დაბადებით, არამედ ჩასახვის მომენტიდან;
3. საზოგადოების მხრიდან იმის გაცნობიერება, რომ კონტრაცეფცია გაცილებით მეტ სიცოცხლეს სპობს, ვიდრე აბორტი, ხოლო ხელოვნური განაყოფიერება არის ათმაგი და ოცმაგი აბორტი (ერთი ბავშვის დაბადება მისი მრავალი და-ძმის მკვლელობის ფონზე);
4. მარტოხელა დედების, ახალგაზრდა და მრავალშვილიანი ოჯახების მნიშვნელოვანი სოციალურ-მატერიალური მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან.
* * *
ჩვენი დროის ერთ-ერთი გამორჩეული წმიდა მამა, ღირსი პაისი მთაწმინდელი წერს:
“აბორტი – ეს საშინელი ცოდვაა. აბორტი მკვლელობაა, და არა უბრალოდ მკვლელობა, არამედ ძალიან მძიმე მკვლელობა, რადგან უნათლავ ჩვილებს კლავენ. მშობლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ადამიანის ცხოვრება იწყება მისი ჩასახვიდან… თუკი სახარების მცნებას ერთი კაცი არღვევს, პასუხისმგებლობა მხოლოდ მას ეკისრება; მაგრამ თუკი რაიმე, სახარების მცნებათა საწინააღმდეგო, სახელმწიფო კანონი ხდება, ღვთის რისხვა მთელ ხალხზე მოდის – იმისათვის რომ ის განისწავლოს.” (ტ.4 “ოჯახური ცხოვრება”, ნაწ. 2, თავი 1).
აბორტების კანონით აკრძალვა არის იმის დეკლარირება, რომ სახელმწიფო/საზოგადოება მუცლად მყოფი ჩვილების მკვლელობებს დანაშაულად აცხადებს, ემიჯნება და ამით უფლის მცნების დაცვას ახდენს სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ დონეზე.
უნდა გვახსოვდეს, რომ სახელმწიფო არ არის ხალხისგან განყენებული ცნება და იგი წარმოადგენს საზოგადოების ნებაყოფლობითი გაერთიანების შედეგს, რომელშიც ყველა მოქალაქეს სოლიდარული პასუხისმგებლობა გააჩნია – სახელმწიფო პოლიტიკის მიმართ ლოიალობით, წინააღმდეგობით, ან დუმილით. შესაბამისად, თუკი სახელმწიფოში მოქმედებს უფლის მცნებების საწინააღმდეგო კანონები, გამოდის, რომ საზოგადოება იძლევა ამის უფლებას და პასუხისმგებლობაც თითოეულ მოქალაქეზე გადადის – ვიღაცაზე მეტად, ვიღაცაზე ნაკლებად, კონკრეტული პიროვნების პოზიციიდან გამომდინარე.
ასევე არის მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორიც: აბორტების კანონგარეშე გამოცხადება და აბორტების გამკეთებელი ექიმების პასუხისგებაში მიცემა მკვეთრად ამცირებს აბორტების რაოდენობას, ანუ კანონი გადაარჩენს ათასობით არდაბადებული ბავშვის სიცოცხლეს.
გარდა ამისა, აუცილებელია კანონის დონეზე ექიმების პასუხისმგებლობის დაყენება ორსულობის დროს დასმულ დიაგნოზებზეც (დღეს ამ მხრივ არსებული მოუწესრიგებელი მდგომარეობა ექიმებს საშუალებას აძლევს, გარკვეულწილად „მსუბუქად“ მიუდგნენ ნაყოფის პათოლოგიებზე საუბარს, რაც არც თუ ისე იშვიათად მშობლებს აბორტის გაკეთებისკენ უბიძგებს; თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ ხშირ შემთხვევაში ექიმების მიერ დასმული დიაგნოზები კვლევის მეთოდების უზუსტობებისა და ექიმების დაბალი კომპეტენციის შედეგია). აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა დიაგნოზი ისმება, აბორტი, ნებისმიერ შემთხვევაში, მუცლად მყოფი ბავშვის მკვლელობაა, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრებათ როგორც მშობლებს, ასევე ექიმებსაც.
* * *
ალბათ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ ისიც, რომ აბორტების აკრძალვა კავშირშია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთანაც:
დღეს აფხაზეთში სეპარატისტულ სოხუმს აბორტები კანონით აქვს აკრძალული, ხოლო დანარჩენ საქართველოში კი მუცლად მყოფ ჩვილთა მოკვლა კანონით დაშვებულია.
სანამ აბორტებს კანონით არ ავკრძალავთ, რა პირით უნდა ვითხოვდეთ აფხაზეთის დაბრუნებას, რომ მერე აფხაზეთიც მოვრწყათ დედის მუცელში დახოცილი ჩვილების სისხლით?
რა გამოდის, აფხაზებს რას ვეუბნებით – მოდით და თქვენც უნდა ჩაგრთოთ იმ სულიერ და ფიზიკურ გენოციდში, რომელსაც დღეს ქართველობა საკუთარ თავს ვუწყობთ?!
თუკი გვინდა დაკარგული მიწების დაბრუნება, წესით, ჯერ უფლის მცნებების საწინააღმდეგო კანონები უნდა გავაუქმოთ და ქრისტიანული სახელმწიფოს მშენებლობისთვის ვიღვაწოთ, რათა უფლის რისხვა წყალობად შეიცვალოს და ასე გაერთიანდეს საქართველო.
ამასთან დაკავშირებით გვახსენდება სერბეთის ნეტარხსენებული პატრიარქ პავლეს სიტყვები:
“როდესაც ალბანელი ქალი 7 ბავშვს აჩენს, ხოლო სერბი ქალი კი 7 აბორტს იკეთებს, გამოდის, რომ ეს მიწა ალბანელებს უფრო სჭირდებათ, ვიდრე სერბებს. და უფალმაც ისე განაგო კოსოვოსა და მეტოქიის მიწები, როგორც ეს საჭიროდ მიიჩნია.”
* * *
აბორტების აკრძალვისთვის საზოგადოებაში შესაბამისი ფონის შესაქმნელად აუცილებელია მთელი რიგი ღონისძიებების გატარება:
1. პრევენციული მიმართულება – ახალგაზრდა თაობები პატარაობიდანვე უნდა იზრდებოდნენ იმ ცნობიერებით, რომ ქორწინებამდე უბიწოება შეინახონ, ხოლო ადამიანის სიცოცხლე იწყება არა დაბადებით, არამედ ჩასახვის მომენტიდან (აქ მთავარი როლი ეკისრება ოჯახს, ეკლესიასა და სკოლას);
2. საზოგადოებრივი და მედია აქტივობა:
ა) სისტემატიური ლოცვითი მსვლელობები (“სიცოცხლის მარშები”), განსაკუთრებით დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე;
ბ) ბუკლეტების გავრცელება მეან-გინეკოლოგიური დაწესებულებების სიახლოვეს, შუქნიშნებთან და მოსახლეობის თავშეყრის ადგილებში;
გ) სტიკერების გაკვრა ავტობუსების გაჩერებებზე და მეტროში, ასევე შესაბამისი სარეკლამო ბანერების განთავსება ქალაქის საკვანძო ადგილებში;
გ) საინფორმაციო შეხვედრები და ლექციები მოსწავლე-ახალგაზრდობასთან სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, ასევე, მოსახლეობასთან საცხოვრებელ უბნებში;
დ) თანამედროვე მედია საშუალებები და განსაკუთრებით კი სოციალური ქსელები საუკეთესო შესაძლებლობაა საზოგადოებაში აბორტებთან და დემოგრაფიასთან დაკავშირებით შესაბამისი ნიადაგის მოსამზადებლად, რაც, ამავე დროს, მინიმალურ მატერიალურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული, ეს კი ამ მიმართულებას ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად ხდის.
3. საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების დაფუძნება, რომელმაც ეკლესიას, სახელმწიფოს, სამედიცინო სფეროს, ბიზნესსა და არასამთავრობო სექტორს შორის ერთგვარი საკოორდინაციო ცენტრის ფუნქცია უნდა იკისროს.
* * *
გარდა აბორტების კანონით აკრძალვისა, აუცილებელია მთელი რიგი ისეთი კონკრეტული ღონისძიებების გატარება მომავალში არალეგალური აბორტების შემცირების მიზნით, როგორებიცაა:
1. ერთიანი ცხელი ხაზის ამოქმედება – საინფორმაციო-საკონსულტაციო სატელეფონო ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება პირველადი სამედიცინო ინფორმაციისა და შესაბამისი დახმარების მიღება;
2. „გაშვილება აბორტის მაგიერ“ – თუკი მომავალი დედა დაორსულდა და მას არ სურს ბავშვის გაჩენა, ასეთი ბავშვი უნდა იშვილოს ეკლესიამ და ან თავად აღზარდოს ბავშვთა სახლში (სახელმწიფოს დახმარებით), ან გააშვილოს უშვილო ოჯახებზე მრევლიდან;
3. მარტოხელა დედებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერა (ორსულობის პერიოდიდან):
ა) დედისა და ბავშვისთვის სრული უფასო სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის ჩვილობის პერიოდში; სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება ჩვილის კვებასა და ჰიგიენის საშუალებებზე (ბავშვის დაბადებიდან 24 თვის განმავლობაში);
ბ) მარტოხელა დედებისთვის განათლებისა და გარანტირებული დასაქმების სახელმწიფო პროგრამის ამოქმედება;
გ) მარტოხელა დედების ბინით უზრუნველყოფის საკითხი (ასეთის საჭიროების შემთხვევაში);
4. სუროგაციისა და ხელოვნური განაყოფიერების საკითხი – ეს არის ათმაგი და ოცმაგი აბორტი, როდესაც ერთი ბავშვის დაბადება ხდება მისი მრავალი და-ძმის მკვლელობის ფონზე. შესაბამისად, აუცილებელია ერთი მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავება, ხოლო მეორე მხრივ კი ეკლესიის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით ფართო მასებისთვის საკუთარი პოზიციის მკაფიოდ და გასაგებად დაფიქსირება (დღეს ამ თემასთან დაკავშირებით მკვეთრი საინფორმაციო დეფიციტია საზოგადოებაში);
5. კონტრაცეპტივებისა და ქიმიური აბორტების საკითხი – ჩვენ ვცხოვრობთ იმ რეალობაში, როდესაც მედიცინა „უხილავი აბორტების“ კონვეირად გვევლინება – ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები გაცილებით მეტ სიცოცხლეს სპობს, ვიდრე აბორტი. ამგვარ საშუალებათა უმრავლესობას საერთოდ არ აქვს უშუალო კავშირი ჩასახვასთან და პირდაპირ ცოცხალი ემბრიონის მკვლელობაზეა გათვლილი – უმეტეს შემთხვევაში ისინი წამლავენ ემბრიონს. ხდება მკვლელობა, რომლის შესახებაც, შესაძლოა, ქალმა არაფერი იცოდეს. მის სხეულში მექანიკური ან ქიმიური გზით ცოცხალი ორგანიზმის მოკვდინება ხდება. ამიტომ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებანი, უმეტეს შემთხვევაში, მინი აბორტია და სხვაგვარ მკვლელობათაგან არაფრით განსხვავდება.
საუბედუროდ, საქართველოში კოტრაცეფციის საშუალებების წლიდან წლამდე მზარდ გამოყენებაზე არაპირდაპირ მიუთითებს სტატისტიკაც: მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მონაცემებით აბორტების რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება, შობადობის მაჩვენებელი არ იზრდება (შობადობა ყოველ წელს კლებულობს), რაც არალოგიკურია – თუკი მცირდება აბორტების რაოდენობა, ბუნებრივია, უნდა გაიზარდოს აბორტს გადარჩენილი დაბადებული ბავშვების რიცხვი და ეს რომ ასე არ ხდება, კონტრაცეფციის მეთოდების გამოყენების მზარდი დინამიკის შედეგია (ამ სტატისტიკაზე გარკვეულწილად მოქმედებს საქართველოდან ჩვენი მოქალაქეების გადინებაც, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, შობადობის პოზიტიური დინამიკა მაინც უნდა არსებობდეს).
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დაქორწინებულ ქალებში კონტრაცეფციის გავრცელების მაჩვენებელი 43%-ია (2024). სურათის სისავსისთვის ამ მონაცემებს უნდა დავუმატოთ ქორწინებამდე ინტიმურ სიახლოვეში მყოფი წყვილები (ე.წ. ბოიფრენდ-გერლფრენდობის დამღუპველი მოვლენა) და უბიწოების დაკარგვის ასაკის დაწევა ახალგაზრდებში (ოფიციალურ დოკუმენტებშიც კი ამ თემასთან დაკავშირებით გამოკითხულ ქალთა ქვედა ასაკი უკვე სტანდარტულად 15 წლიდან იწყება).
არსებული მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ეკლესიამ მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია და ქადაგების გზით აუხსნას ხალხს, თუ რა ცოდვასთან გვაქვს საქმე, როდესაც საუბარია კონტრაცეფციაზე (სამწუხაროდ, არა მარტო საზოგადოების არაეკლესიურმა ნაწილმა, არამედ თავად მრევლისა და სასულიერო პირების ნაწილმაც კი არ იცი ბოლომდე ნათლად, თუ რას წარმოადგენს რეალურად კონტრაცეფცია).
* * *
დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად ეკლესიისა და საზოგადოების ჩართულობით აუცილებელია ახალგაზრდა ოჯახების მხარდაჭერისა და მრავალშვილიანობის წახალისების სპეციალური პროგრამის შემუშავება (როგორც ეროვნული დემოგრაფიული კონცეფციის შემადგენელი ნაწილისა).
აქ, ამ ფორმატში, შეუძლებელია ასეთი პროგრამის კონკრეტიკაზე საუბარი და იგი უნდა შემუშავდეს სხვადასხვა დარგის პროფესიონალების ერთობლივი შრომის შედეგად. თუმცა სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით შესაძლებელია ზოგიერთი ასპექტის განხილვა:
• ახალგაზრდა და მრავალშვილიან ოჯახებზე სხვადასხვა სერიოზულ საგადასახადო შეღავათებთან ერთად, ასეთი პროგრამის ფარგლებში, მაგალითად, შესაძლებელია სახელმწიფოსა და ბიზნეს სექტორის მატერიალური მხარდაჭერითა და საპატრიარქოს პატრონაჟით საცდელი ახალი გარეუბნის გაშენება, სადაც ბინებს მიიღებენ მარტოხელა დედები, ახალგაზრდა და მრავალშვილიანი ოჯახები. უბანს უნდა ჰქონდეს ყველა აუცილებელი ინფრასტრუქტურა – რეკრეაციული და სპორტული ზონა, ბაგა-ბაღი, სკოლა, სავაჭრო და კვების ობიექტები. აქვე შეიძლება განთავსდეს მოხუცთა თავშესაფარი (მოხუცებისა და ბავშვების კომუნიკაცია დადებითად მოქმედებს როგორც ბავშვებზე, ასევე მოხუცებზე და ხელს უწყობს თაობათა შორის კავშირებს).
• პრაქტიკა აჩვენებს, რომ ურბანული გარემო უარყოფითად მოქმედებს მრავალშვილიანობაზე – მრავალშვილიანი ოჯახები უნდა არსებობდნენ საკუთარი სახლის პირობებში, ვინაიდან კორპუსში უბრალოდ არ არის საკმარისი საარსებო სივრცე. აღსანიშნავია ისიც, რომ „ბეტონის ჯუნგლებში“ გაზრდილ ბავშვებთან შედარებით, სოფლის გარემოში გაზრდილ ბავშვებს გააჩნიათ ბუნების აღქმის ცოცხალი უნარი, უფრო მყარი ფსიქიკა, მათში ნაკლებია აუტისტური სპექტრი და დამოკიდებულება „გაჯეტებზე“. ამიტომ აუცილებელია სახელმწიფომ ქალაქების დეურბანიზაციისა და სოფლის გაძლიერების კუთხით მსხვილი ქალაქების არეალის გარეთ გამოყოს სპეციალური ზონები მრავალშვილიანი ოჯახებისთვის საკუთარი სახლების განაშენიანების მიზნით. სწორედ ასეთ სპეცზონებში უნდა მოხდეს ნაკვეთების უსასყიდლოდ გადაცემა მრავალშვილიან ოჯახებზე. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ნაკვეთებამდე ყველა საჭირო კომუნიკაციის მიყვანა. სახლები უნდა შენდებოდეს მოდულური პრინციპით, რაც შესაძლებლობას იძლევა, ოჯახის სულადობის ზრდასთან ერთად კონსტრუქციულადაც შედარებით მარტივად მოხდეს სახლის გადიდება (მისთვის ახალი სივრცეების დამატების შესაძლებლობით). სახელმწიფომ უნდა მოახდინოს როგორც სახლის აშენების თანადაფინანსება, ასევე დარჩენილ თანხაზე მრავალშვილიან ოჯახებს გამოუყოს გრძელვადიანი უპროცენტო კრედიტი სპეციალური ფონდიდან (ამ მიზნით შესაძლებელია სპეციალური სახელმწიფო ბანკის დაფუძნებაც).
• მრავალშვილიანი ოჯახების ეკონომიკური წახალისების მიზნით საჭიროა ამოქმედდეს სახელმწიფო პროგრამა ოჯახური მეურნეობებისა და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის შესახებ, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო მოახდენს მრავალშვილიანი ოჯახების ფინანსირებას მეურნეობების/მცირე ბიზნესის მოწყობის მიზნით, ხოლო ოჯახები სახელმწიფოსთან გასწორდებიან უპროცენტო სესხით, ან სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული პროდუქციის მეშვეობით. გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში ოჯახები განთავისუფლდებიან სამეურნეო საქმიანობაზე გადასახადებისგან, ხოლო სახელმწიფო უზრუნველყოფს მათი პროდუქციის ნაწილობრივ ან მთლიან შესყიდვას.
* * *
და ბოლოს აუცილებელია ვთქვათ ისიც, რომ იმ დემოგრაფიული კრიზისის მთავარი მიზეზი, რომელშიც დღეს ქართველობა იმყოფება, არა სოციალურ-ეკონომიკური ასპექტია, არამედ სარწმუნოებრივი: სწორედ უფლისადმი რწმენის ნაკლებობის გამოვლინებაა “შიში ხვალინდელი დღისა” – რა სახსრებით შევქმნა ოჯახი? ბევრი შვილი რომ გავაჩინო, მერე როგორ გამოვკვებო? და ა.შ.
ეს არ არის უბრალოდ რწმენის ნაკლებობა – ამ გზას დამდგარი აზროვნება, ადრე თუ გვიან, პირდაპირ ურწმუნოებამდე და ღრმა დაცემულობამდე მიდის და შემდეგ იწყება საშინელება: ოჯახის დაგეგმვა, კონტრაცეფცია, აბორტები… შედეგად – ეგოიზმი, გაუბედურებული ოჯახები, კონფლიქტები, ფსიქიკური აშლილობები, განქორწინებები…
ერის ფიზიკური გამრავლება მისი სულიერი კათარზისითა და უფლისადმი მინდობით უნდა იწყებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერანაირი ეკონომიკური სტიმულაციები და მრავალშვილიანობის წამახალისებელი პროგრამები ვერ იმუშავებს.
უნდა ვეცადოთ ყოველთვის გვახსოვდეს მაცხოვრის სიტყვები:
“ნუ ჰზრუნავთ და იტყჳთ, რაჲ ვჭამოთ, ანუ რაჲ ვსუათ, ანუ რაჲ შევიმოსოთ? რამეთუ ამას ყოველსა წარმართნი ეძიებენ, რამეთუ იცის მამამან თქუენმან, რაჲ გიჴმს ამათ ყოველთაგანი. ხოლო თქუენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ.” (მათე, 31-33)
დავით ლორთქიფანიძე
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ზნეობა“


