რანი ვიყავით, რანი ვართ…

რანი ვიყავით, რანი ვართ…

ისე დაუფიქრებლად და ბრიყვულად ვიქცევით, რომ აშკარად ვერ მივაღწიეთ იქამდე, რომ დამოუკიდებლობის ღირსნი ვიყოთ. ალბათ, არც 30 წლის წინ ვიყავით მზად დამოუკიდებლობისთვის, ისევე, როგორც 100 წლის წინ – როდესაც ნოე ჟორდანიას უღმერთო ხელისუფლებამ ეკლესიას დაუწყო დევნა (ბოლშევიკებზე ადრე) და სამი წელიც ვერ გაძლო; ხოლო უღმერთო ხელისუფლების ამრჩევმა ქართველობამ დამოუკიდებლობა დაკარგა. და ახლაც რომ არ ვართ მზად, სწორედ მაგის დასტურია ის, რომ სამი ათწლეულის შემდეგ ისევ კვაზი-სახელმწიფო გვაქვს, უფრო სწორედ, უღმერთო დასავლეთის კოლონიად ვართ ქცეული, თავისი აშშ-ს ელჩებითა და ცისფერი კომისრებით…

სხვანაირად შეუძლებელია აიხსნას ის გზა და ქმედებები, რომლებიც ჩვენ გავიარეთ და დავმართეთ საკუთარ თავს:

ერთმანეთის გაუტანლობა, სამოქალაქო ომი, საყოველთაო ნარკომანია, უღმერთობა, ჩვილთა კვლისა (აბორტების) და სოდომიის სიბილწის დაკანონება, ზიზღი ან გულგრილობა ყველაფერი ეროვნულისადმი და ზნეობრივისადმი… ამაზე უარესი რომელმა უცხომ გაგვიკეთა?!

დიდი დავითისა და თამარის ერიდან სულ რამდენიმე საუკუნეში ვდეგრადირდით ისეთ ერად, რომელიც საკუთარ სისხლსა და ხორცს იპარავდა და ურჯულოს ჰყიდდა უცხოეთში. ალბათ, ეს არის ერის გადაგვარების ყველაზე მკაფიო და საშინელი მაგალითი, რომლის ანალოგი მსოფლიო ისტორიაში არ მეგულება.

რაც შეეხება რუსეთს.

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ რუსეთის შემოსვლით დამთავრდა ტყვეთა სყიდვაც და ლეკიანობაც საქართველოში, მისი დამსახურებით. უფლის წყალობაა, რომ მუსულმანურ გარემოცვაში სწორედ მართლმადიდებელი რუსეთის მეშვეობით გადავრჩით, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად და კულტურულადაც – შევინარჩუნეთ სარწმუნოებაც, ენაც და მამულიც.

მართლმადიდებელი რუსეთი და რუსი ხალხი არ არის ჩვენი ქვეყნის მტერი. რუსეთი რომ არ ყოფილიყო და 1801 წელს არ შეეერთებინა დაქცეული ქართლ-კახეთი და შემდეგ დანარჩენი საქართველო, სად ვიქნებოდით დღეს? შეიძლება რთულად მისაღებია ახლა რასაც დავწერ, მაგრამ რუსეთი რომ არ იდგეს დღეს ცხინვალსა და აფხაზეთში, იქ ანტიქრისტიანული, სატანისტური ნატოს (და უმეტესად კი ნატოს წევრი თურქეთის) ჯარი იდგებოდა, საქართველო ევროსოდომის წევრი იქნებოდა (როგორც ბალტიისპირეთი) და მერე გვენახა აქ ლგბტ აღლუმები და მთელი ამბები.

ხელისუფლება კიდევ არც საქართველოშია ქრისტიანული, არც რუსეთში და არც არსად. მაგრამ ეს მართლმადიდებელი ქვეყნებისა და ხალხების შეფასებაზე არაფერს ამბობს; სამწუხაროდ, ხშირად იყო ასეთი რამ ჩვენსავე ისტორიაში. ჩვენც და რუსეთიც (ისევე, როგორც სხვა მართლმადიდებელი ერები და ქვეყნები) ერთი ცივილიზაციის – მართლმადიდებლური ცივლიზაციის ნაწილი ვართ.

უფალი გვიცავს რუსეთის ხელით (ისე, ადრე ბიზანტიის ხელითაც არაერთხელ დაუცავს საქართველო, თუნდაც მაზდეანობისა და ისლამისგან). ჯობდა, რასაკვირველია, არ დაგვჭირვებოდა არავის დაცვა, მაგრამ, რადგან ჩვენ თავს მიშვებულები უღმერთობის, დაღუპვისა და გადაგვარების გზაზე ვიდექით (და ახლაც არ ვაკლებთ), ასე მოაწყო უფალმა, ჩვენსავე სასიკეთოდ.

ლიბერალები ბოლშევიზმს რუსეთთან აიგივებენ, ის კი ავიწყდებათ, რომ ბოლშევიზმს არ აქვს ეროვნება და ქვეყანა ისევე, როგორც ლიბერალიზმის სიცოფეს. ისიც ავიწყდებათ, რომ ჩვენთან ხალხს ხვრეტდნენ და ტაძრებს ანგრევდნენ წარმოშობით ქართველები, მაგრამ ისინი ქართველები არ იყვნენ – რწმენა და ეროვნება დაკარგული ბოლშევიკები იყვნენ. ამიტომ, არ არის სწორი ბოლშევიზმისა და რუსეთის გაიგივება (სხვათა შორის, კომუნიზმიც სწორედ უღმერთო ევროპის ნაშობია და ბოლშევიკებიც სწორედ დასავლეთის ხელშეწყობით მოვიდნენ ხელისუფლებაში).

ამიტომ, უმჯობესია, მოვეშვათ საკუთარი ცოდვებისა და შეცდომების სხვებზე გადაბრალებას, მეტი წინდახედულობა (გნებავთ დიპლომატია) გამოვიჩინოთ და მაგაზე მეტი კი რწმენა, რათა მოგვემადლოს უფლისგან გული გონიერი და ამ კრიტიკულ გზაგასაყარზე, ბოლოს და ბოლოს, ერთი პირით და ერთი გულით შევძლოთ ღვთის გზაზე დადგომა, რათა გადარჩეს ჩვენი ქვეყანაც და ჩვენი ერიც…

ღმერთმა გვიშველოს ყველას!

დავით ლორთქიფანიძე 

9 მარტი, 2021 წ.