უცნობი ცივილიზაციები თუ დემონური გამოვლინება?

უცნობი ცივილიზაციები თუ დემონური გამოვლინება?

ძველი დროის ბრძენებში ზეცა ყოველთვის იწვევდა ღრმა განსჯას სამყაროს შემოქმედის შესახებ. უთვალავი ვარსკვლავით მოჭედილი ცა ღმერთის მყოფობის ერთ-ერთი დასტურია. ამასთან დაკავშირებით, ზოგს უკვირს: რატომ შექმნა ყოვლადბრძენმა ღმერთმა ამდენი გალაქტიკა, თუ ისინი მხოლოდ მკვდარი სხეულებია, რომლებიც უმიზნოდ დაქრიან თვალუწვდენელ სივრცეში? ამგვარი მსჯელობისას ადამიანი საკუთარ ვარაუდებსა და წარმოდგენებს ეყრდნობა, რომლებიც მის შეზღუდულ უნარსა და შესაძლებლობებზეა დაფუძნებული. მას ავიწყდება, რომ ყოვლისშემძლე ღმერთისთვის ერთნაირად მარტივი და ადვილია, როგორც ერთი ატომის, ასევე მილიარდობით გალაქტიკის შექმნა. კოსმოსის სილამაზე, რომლის მშვენიერება უმაღლესი ხელოვნის მიერ არის შექმნილი, უაზრო მატერიას კი არ წარმოადგენს, არამედ შემოქმედის უზენაესი სიბრძნის გამოვლინებას.

ბოლო დროს ადამიანებს აინტერესებთ, შესაძლებელია თუ არა სხვა პლანეტებზე ცხოვრება, დასაშვებია თუ არა სხვა გონიერი არსებების ვარსკვლავთა რომელიმე სივრცეში ყოფნა? ბიბლია არაფერს ამბობს ამის შესახებ, რადგან მისი კოსმოლოგია გეოცენტრულია, დედამიწა მისთვის სამყაროს სულიერი ცენტრია, რამეთუ დედამიწაზე გარდამოხდა ძე ღვთისა, მიწისგან აიღო თავისი სხეული, რომელიც მის ღვთაებასთან სამარადისოდ შეერთებული რჩება. მატერიალური განზომილებით, დედამიწა კოსმოსის ოკეანეში მხოლოდ მტვრის ნაწილაკია, მაგრამ სულიერი მნიშვნელობით ხილულ სამყაროში ის ყველაფერზე უძვირფასესია.

ადრე ადამიანებს მიაჩნდათ, რომ არსებობენ სიცოცხლისუნარიანი პლანეტები; მეჩვიდმეტე საუკუნის ზოგიერთ ფილოსოფიურ ტრაქტატში საუბარია მთვარეზე ცხოვრების შესახებ. მეცნიერების განვითარებასთან დაკავშირებით გაჩნდა ვარაუდი, რომ სიცოცხლის არსებობისთვის საჭირო პირობები, შეიძლება კიდევ მარსსა და ვენერაზე იყოს. თანამედროვე მეცნიერება კი იმ დასკვნამდე მიდის, რომ დედამიწის გარდა, მზის სისტემის სხვა პლანეტებზე არათუ სიცოცხლე, მისი ნიშანწყალიც არ იძებნება.

მაშინ რას წარმოადგენენ ამოუცნობი მფრინავი ობიექტები? ამასთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა მოსაზრება. ზოგს მიაჩნია, რომ ეს ჰოლოგრაფიული გამოსახულებაა, რომელიც, როგორც მოცულობითი სურათი, სივრცეში გარკვეული ოპტიკური ხელსაწყოების დახმარებით ჩნდება. ანუ ნებისმიერ წერტილშია შესაძლებელი როგორც უძრავი, ასევე ნებისმიერი მოძრავი საგნის ილუზორული გამოსახულების შექმნა. თანამედროვე ტექნოლოგიური საუკუნე ასეთი გამოსახულებების დემონსტრირების მრავალგვარ შესაძლებლობას იძლევა, ამიტომ ადამიანი დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს სხვადასხვა ვიზუალური ზებუნებრივი მოვლენების შეფასებას.

ზოგი თვლის, რომ ეს სხვადასხვა ქვეყნის კუთვნილი საიდუმლო სამხედრო აპარატებია. მაგრამ შემდეგი მოსაზრება უფრო მისაღებია ქრისტიანული აზროვნებისთვის, რომლის თანახმად, ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს, ჩვენს ცხოვრებაში აქტიური ჩარევისათვის იყენებენ დემონური ძალები, რომლებსაც გააჩნიათ უნარი მოჩვენებითად მიიღონ მატერიალური საგნების სახე ან ადამიანების გარეგნობა. სხვა სიტყვებით, ამ მოვლენებს შეიძლება ჰქონდეთ ეშმაკეული წარმოშობა.

დედამიწა, უფრო სწორად, კაცობრიობა, თანდათან შორდება ღმერთს. ამის მიზეზი არა მხოლოდ რწმენის არქონაა, არამედ ისიც, რომ თანამედროვე ქრისტიანებისთვის რელიგია აღარ წარმოადგენს ზნეობრივ ნორმას, მისი მცნებები არ ერწყმის მათ ცხოვრებას. შეიძლება ითქვას, რომ რელიგია თავისთვის არსებობს, ადამიანთა ცხოვრება, ინტერესები და მოქმედებები კი თავისთვის არიან. აქ ადგილი აქვს გაორებას, რაღაც ფსიქოლოგიურ დუალიზმს: ადამიანს ღმერთი სწამს, მაგრამ ისე ცხოვრობს, თითქოს ის არ არსებობდეს. ადამიანმა შეიძლება გონებით მიიღოს ღვთაების მყოფობა და უკვდავების იდეა, მაგრამ საკუთარ ნებას არ რთავს მცნებათა ქმედით შესრულებაში, რაც აუცილებელი პირობაა ღმერთსა და სულს შორის კავშირის დასამყარებლად. ასეთ ადამიანს რწმენა მხოლოდ ცნობიერების დონეზე რჩება, თითქოს მისი სულის შორეულ კუნჭულში იყინება. სულიერ ცხოვრებაში ვაკუუმი არ არსებობს: ქრისტიანული სულის დაკარგვით ადამიანები დემონების ზეგავლენის ქვეშ ექცევიან, და სულ უფრო მეტ ობიექტურ შესაძლებლობებს აძლევენ ბნელ ძალებს ქვეყანაზე მოჩვენებით სხეულში მოსავლენად.

მაგრამ, რაში სჭირდებათ ეს ყველაფერი დემონებს, რას აძლევთ მათ ამგვარი „სპექტაკლების“ დადგმა? საქმე იმაშია, რომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების უცხოპლანეტელებად მიღება ადამიანში ახალ მენტალობას ქმნის, სადაც ღმერთს ადგილი აღარ რჩება.

აქ აზრთა სვლა შემდეგია: სამყარო უსასრულოა, და მის იმ ნაწილებში, სადაც შესაბამისი პირობებია, სიცოცხლის ახალი ფორმები თავისთავად ჩნდება, ანუ დასაშვებია ძველი ან ახალი ცივილიზაციების სადმე არსებობა. ასე შეფარულად ვითარდება შეხედულება სხვა პლანეტებზე სიცოცხლის წარმოშობის შესახებ. ადამიანები, რომლებსაც ამოუცნობი მფრინავი ობიექტების სჯერათ, ძალიან პირობითად აღიქვამენ ბიბლიას. ისინი ამბობენ, რომ დედამიწაზე მართალია მოცემულია ბიბლია, მაგრამ ასევე დასაშვებია სხვა გალაქტიკებზე, ჩვენთვის უცნობი გამოცხადებების არსებობა. ამგვარად, ადამიანი ივიწყებს ღმერთს და სხვადასხვა საშუალებებით ცდილობს არამიწიერ ცივილიზაციებთან კონტაქტის დამყარებას.

დღეს მსოფლიოში მიმდინარე საშინელ მოვლენებსა და კატაკლიზმებში არა მარტო ქრისტიანები ხედავენ ავისმომასწავებელ ნიშნებს; ისინიც კი, ვინც შორს არიან ღმერთისგან, ამჩნევენ თუ როგორ იზრდება იმ პროცესების ინტენსივობა, რომლებიც კატასტროფისკენ მიაქანებენ კაცობრიობას.

როგორ მოვიქცეთ, როგორ დავაღწიოთ თავი ამ უბედურებას?! წმინდა ისტორიაში არის მაგალითები, როდესაც მთელი ხალხები გარდაუვალი საფრთხის წინაშე სინანულით უბრუნდებოდნენ ღმერთს. როცა საკუთარი ძალის იმედი ქრება, ადამიანი მიმართავს თავის შემოქმედს, სთხოვს შველას და მისგან შეწევნას იღებს. ამიტომ ეშმაკი, გაჭირვებაში რომ არ დაუშვას ღმერთისკენ ჩვენი მიბრუნება, ჩაგვაგონებს „გამოსავალს“: დავამყაროთ ურთიერთობა სხვა ცივილიზაციებთან და უცხო გალაქტიკების წარმომადგენლებისგან ველოდოთ დახმარებას. სწორედ ეს არის მიზანი “უცხოპლანეტარული“ მოვლენებისა.

თანამედროვე ადამიანების გარყვნილი ზნეობა, უფრო სწორად უზნეობა, ამაზრზენ მასშტაბებს იძენს, რასაც შეუქცევადი შედეგები მოჰყვება. კაცობრიობა საკუთარ სიმყრალეში იგუდება, რომლის გაწმენდა მხოლოდ ღვთის მადლს შეუძლია. მადლის დასაბრუნებლად კი აუცილებელია სინანული და ინტელექტუალური თავმდაბლობა, სწორი რწმენა და სახარებისეული მცნებების მიხედვით ცხოვრება. ამ გზით, მონანიე კაცობრიობის ნაწილის გადარჩენა ჯერ კიდევ შეიძლება. მაგრამ წყვდიადი სულ უფრო დაბლა ეშვება დედამიწაზე, ამიტომ უნდა ვიჩქაროთ, რადგან ცოტა დრო რჩება…

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)