ლომისობა – უძველესი ადრექრისტიანული ხანის ქართული სატაძრო დღესასწაული

ლომისობა – უძველესი ადრექრისტიანული ხანის ქართული სატაძრო დღესასწაული

ლომისობა მოძრავი დღესასწაულია და აღინიშნება აღდგომიდან მე-7 კვირას, არაგვისა და ქსნის ხეობაში. მისი სახელობის სალოცავებიდან ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზეა, ხოლო მეორე – სოფელ მლეთაში. ამ დღეს მლეთაში მლოცველები იკრიბებიან. ტრადიციის თანახმად, “დეკანოზები” (იგივე ხევისბერები) გამოასვენებდნენ დროშას და “ფერხისას,” სიმღერით აიტანდნენ მთაზე, სადაც იმართებოდა დღეობა შესაწირავით.

პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ქვედა მლეთაში აღდგა წირვა-ლოცვა. უკვე რამდენიმე წელია ტარდება ღვთისმსახურება. რამაც საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა იქაურობაზე. ადამიანები იქ უკვე მიდიან არა მხოლოდ სისხლიანი მსხვერპლშეწირვისათვის, არამედ აღსარების სათქმელად და საზიარებლადაც.

უწმინდესი ბრძანებს, რომ ადამიანები ლომისობის დღესასწაულზე მარტო ცხვრის დასაკლავად არ უნდა დადიოდნენ; მთავარია საეკლესიო წირვა-ლოცვაზე დასწრება, აღსარების თქმა და ზიარება. შესაძლოა ცხვარიც დაიკლას, მაგრამ ეს უნდა მოხდეს იმ ადამიანთა გამოსაკვებად, რომლებიც ღამისთევით მიდიან და ესწრებიან ღმრთისმსახურებას.

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ასმათ ოქროპირიძე: ღვთის წყალობით შემორჩენილი გვაქვს ერთი უძველესი ქართული დღესასწაული, რომელმაც გვიჩვენა, რომ მცხეთის ჯვრის ჭეშმარიტი ძირძველი ქართული საეკლესიო დღესასწაული დავიწყებას არ მისცემია. ეს არის ლომისის წმინდა გიორგის დღესასწაული.

ჩვენში ასეთი აზრი იყო ჩამოყალიბებული, რომ ლომისობა თითქოს არის მთის წარმართული დღესასწაული. სინამდვილეში კი ლომისობა უძველესი ადრექრისტიანული ხანის ქართული სატაძრო დღესასწაულია, რომელიც მთაში აძლიერებს მადლს მცხეთისჯვრის დღესასწაულისა.

„ქართლის ცხოვრებიდან” კარგად ვიცით წმიდა ნინოს ცხოვრება. როდესაც წმიდანი შემოვიდა საქართველოში და იქადაგა სარწმუნოება, იგი ავიდა მცხეთის მოპირდაპირე მთაზე, ილოცა და აქვე სასწაულებრივად გამოჩნდა ცაში ამაღლებული მბრწყინავი ჯვარი. ეს მოვლენა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, დღესასწაულად გამოაცხადა.

შემთხევევითი არ არის, რომ ლომისობა ემთხვევა მარტვილიის ოთხშაბათს. მთაში ქრისტიანობის გავრცელება ასეთი სახით მოხდა და სასწაულებრივი გამოჩენა ქრისტიანული სიმბოლო ჯვარისა, გადაეცა მთის ხალხს, როგორც დღესასწაული უშუალოდ ქრისტიანობის სიძლიერისა, რომელიც ხალხური ტრანსფორმაციით განხორციელდა იმ წმინდანში, რომელიც ქრისტიანული მრწამსის მოწამეობრივად და მედგრად დამცველი იყო – წმიდა გიორგის პიროვნებაში.

წყარო: patriarch.ge