აბორტის შესახებ – არქიმანდრიტი რაფაელ კარელინი

მეოცე საუკუნის დასაწყისში მსოფლიო ისტორიის სარბიელზე უბოროტესი ფიგურა – ვლადიმერ ულიანოვი გამოჩნდა, ადამიანი, რომელსაც სინდისის ნატამალიც არ ჰქონდა. იგი ამბობდა: „რევოლუციას თეთრი ხელთათმანებით არ ახდენენ” და რადგან მას ისტორია პერმანენტულ რევოლუციად მიაჩნდა, საიდუმლო ბრძანებებში რაც შეიძლება მეტი ადამიანის დახვრეტას მოითხოვდა. ამ მანიაკმა მისი მმართველობის სულ რამდენიმე წელიწადში არა მარტო 18 მილიონი ადამიანი გაწყვიტა, არამედ ომი გამოუცხადა ჯერ კიდევ არშობილ ჩვილებს, რადგან პირველმა მოაწერა ხელი მსოფლიო ისტორიაში ჯერ არნახულ კანონს აბორტთა ლეგალიზაციის შესახებ. ასე რომ, მსხვერპლის რაოდენობა, რომელიც სიებში არ იყო აღნუსხული, არ ჩამოუვარდებოდა ომებსა და საწამებლებში დახოცილთა რიცხვს. ასე გახდა ვლადიმერ ილიას ძე მოთავე დედამიწაზე სატანისადმი მიძღვნილი ყველაზე დიდი ნადიმისა.

სამოქალაქო ომი ყველაზე სასტიკი ომია. იქ, ჩვეულებრივ, არ არის ზურგი და ფრონტი, ამიტომ მთელი ქვეყანა ბრძოლის ველად არის ქცეული. ამ ომის შემდეგ, რომელმაც სიღატაკე მოუტანა ქვეყანას და ნანგრევებად აქცია იგი, გაჩაღდა მეორე, „ღამის“ ომი საკუთარი ერის წინააღმდეგ. იგი, ჩვეულებრივ, ღამის 2 საათიდან 4 საათამდე გრძელდებოდა. ადამიანებს ნადირთა მსგავსად იჭერდნენ და ბანაკებში ან პირდაპირ დასახვრეტად აგზავნიდნენ. განადგურებულ იქნა ქრისტიანთა საუკეთესო ნაწილი. გზებზე გვამებთან ერთად მომაკვდავი ადამიანები ეყარნენ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მოხდა ის, რაც თანამედროვე ადამიანს შეიძლება სასწაულად მოეჩვენოს: ბოროტმოქმედთა ომი ბავშვების წინააღმდეგ გენოციდში არ გადაზრდილა, როგორც ეს დღევანდელ სინამდვილეშია. მოსახლეობის რაოდენობა კვლავ იზრდებოდა, თუმცა ეკონომიკური პირობები მეტად მძიმე, ზოგ პერიოდში კი კატასტროფული იყო.

დაიწყო მეორე მსოფლიო ომი, რომელიც ყველაზე სისხლისმღვრელი აღმოჩნდა იმ ომთა შორის, რაც კი სცოდნია კაცობრიობას. ყოფილ საბჭოთა კავშირში მან 20 მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. მაგრამ ხალხი ისევ გადაურჩა განადგურებას და მომდევნო თაობებში მოსახლეობის რაოდენობა არა მარტო გაუტოლდა ძველ მაჩვენებლებს, არამედ გაიზარდა კიდეც.

სტალინმა აკრძალა აბორტი და სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულად გამოაცხადა იგი. უნდა ითქვას, რომ მან არა მარტო ამ დადგენილების დეკლარირება მოახდინა, არამედ შექმნა ბავშვთა სახლების მთელი ქსელი, სადაც დედას საკუთარი სახელის გამჟღავნების გარეშეც შეეძლო ახალშობილის ჩაბარება. რაღა თქმა უნდა, მაშინ უფასო სამშობიაროები იყო. სტალინის სიკვდილის შემდეგ ისევ მოხდა აბორტთა ლეგალიზაცია და ჩვილთა ჯალათები კვლავ თავისუფლად შეუდგნენ თავიანთ საქმეს. თუ სტალინის დიქტატურის დროს ექიმები, რომლებიც ფულის გამო მაინც ბედავდნენ აბორტის გაკეთებას, ღამის მკვლელებს ჰგავდნენ და მათ სატუსაღო, ემუქრებოდათ, ახლა ჯალათი ექიმები თავისი სტატუსით არაფრით განსხვავდებიან იმ ქირურგებისაგან, რომლებიც ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვიან. უცნაური პარადოქსია: საავადმყოფოს ერთ კორპუსში სიკვდილსაც ებრძვიან და სიცოცხლესაც. ბრძოლის მეორე სახეს გაცილებით დიდი წარმატება აქვს – იქ 100%-იანი შედეგია. მათ, ვინც მიზეზად სიღარიბეს ასახელებს, გვინდა შევახსენოთ, რომ უფრო მძიმე ჟამიც ყოფილა, მაგრამ პრობლემებს ბავშვების ჟლეტით არ აგვარებდნენ. მაშასადამე, მთავარი მიზეზი ჩვენი არამზადობა ყოფილა.

სისხლი, რომელიც დღედაღამ უხმოდ მოედინება მიწაზე, არც ზამთარ-ზაფხულ ჩერდება, არც გაზაფხულსა და შემოდგომაზე. თითქოსდა მთელი დედამიწა წითლად იღებება, თითქოს ოკეანის ლაჟვარდ სივრცეში სისხლისაგან მეწამულურად შემოსილი კონტინენტები დაცურავენ და დაუნდობელ ბრძოლაში გამოვლილ უზარმაზარ გემებს ჰგვანან. ჩვენ, ადამიანთა, მიერ ჩადენილ ბოროტმოქმედებაზე ვსაუბრობდით, მაგრამ ამ სისხლიან ხოცვა-ჟლეტვაში კიდე ერთი დამნაშავეა. ეს დამნაშავე ის სწავლებაა, რომლითაც ეშმაკი ადამიანის ცნობიერებას წამლავს. ეს სწავლება ჩვენი სინდისის ჯალათია, ეს ბოროტმოქმედი მრავალსახოვანი და ამავე დროს უსახო მატერიალ-იზმია, რომელიც სკოლის მერხიდან გვინერგავს, რომ ადამიანი დაბალი ფორმებიდან წარმოშობილი ევოლუციის პროდუქტია, რომ ადამიანის ემბრიონი და ნაყოფი ცოცხალი არსება კი არ არის, არამედ მხოლოდ ნივთიერებაა, რომლიდანაც სხეული ფორმირდება, რომ ეს მხოლოდ ბიომასაა, რომელიც ადამიანად გარდაქმნის პროცესისთვის არის საჭირო.

ამ სწავლების მიხედვით, დაბადებამდე ბავშვი დედის სხეულის ნაწილია და ქალს შეუძლია, მოიკვეთოს ის, როგორც ყასაბი აჭრის ხოლმე ხორცის ნაჭერს დაკლულ საქონელს. სწორედ ამაშია მატერიალიზმის პერმანენტული დანაშაული. ის გვაიძულებს, დავივიწყოთ, რომ ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, ღვთის ხატება და მსგავსებაა, დედამიწიდან სულიერი სამყაროს უკიდეგანო სივრცისკენ მიმართული სხივია, რადგან ადამიანის უმთავრესი შემადგენელი ნაწილი მისი უკვდავი სულია, რომელიც მას ჩასახვის დღიდან ეძლევა. სული მიწიერი ცხოვრების მანძილზე ცოდნით მდიდრდება, საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებს ავლენს, მაგრამ ბუნებით იგივე რჩება.

ჩვენ წინაშე უცნაური პარადოქსი, საშინელი ტრაგიკომედიაა: თითქოსდა ბუნებით კეთილი და შემწყნარებელი ქალი, რომელიც მწარედ ქვითინებს თავისი ძაღლის სიკვდილის გამო და დასაკლავად წიწილას ვერ იმეტებს, რომ სადილი მოამზადოს, საკუთარ შვილებს ხოცავს და ეშმაკთა ტრაპეზზე გზავნის, რადგანაც თვლის, რომ ისინი ცოცხალი არსებები კი არა, არამედ ლორწოსა და სისხლის გამკვრივებული შენადედები ან კიდევ მყესებითა და ძვლებით გამოტენილი ტყავის თოჯინები არიან.

მატერიალიზმი, როგორც იდეოლოგია, სისასტიკის ესკალაციად იქცა. მან მიიყვანა კაცობრიობა XX საუკუნის იმ ორ ომამდე, რომელიც ყველაზე დაუნდობელი იყო მსოფლიო ისტორიაში, მანვე შექმნა სიკვდილის ბანაკები, რომლებიც სისასტიკით შეგვიძლია, ბრძოლის ველს შევადაროთ. მაგრამ მთელი ამ ომების, საკონცენტრაციო ბანაკებისა და საწამებლების მსხვერპლთა რაოდენობა ახლოსაც ვერ მივა საკუთარი მშობლების მიერ დახოცილ ბავშვთა რიცხვთან. ქრისტიანული სწავლებით, ემბრიონი და ნაყოფი ადამიანია, თუმცა მისი სტრუქტურა ჯერ ჩამოყალიბებული არ არის. ქართულ ენაზე „ფეხმძიმობის” სინონიმია ორსულობა“, ე.ი. ორი სული, ორი სიცოცხლე (დედისა და ნაყოფისა), ორი არსება. რუსულად ჩვილის მოკვდინებას დაღუპვა ჰქვია, ე.ი. სიცოცხლის განადგურება, სულის მქონე არსების მკვლელობა. ამიტომ ამ ჰეკატომბის ერთ-ერთი მთავარი ფუძემდებელი უხილავი, მაგრამ ყველგან მყოფი აჩრდილი გახლავთ; ეს არის სული მატერიალიზმისა, სული სიცრუისა, რომელმაც ძირფესვიანად მოწამლა ადამიანის ცნობიერება და რომელიც ჩვენს ლიტერატურასა და განათლებაში დამკვიდრდა. პირველ მკვლელად სწორედ ის უნდა ვაღიაროთ და ადამიანური სინდისის სამსჯავრომაც მას მანამდე უნდა მიუსაჯოს სიკვდილი, სანამ თავად მატერიალიზმის სული ბოლომდე არ ჩაკლავს ადამიანის სინდისს.

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

თარგმნა ირინე ბიბილაურმა