გლობალიზაცია და სახელმწიფო

გლობალიზაცია და სახელმწიფო

I ნაწილი

კაცობრიობამ დიდი ხანია შეუქცევადი გლობალიზაციის ერაში შეაბიჯა, რამაც კარდინალურად შეცვალა როგორც ადამიანების, ასევე სახელმწიფოთა მდგომარეობა.

კომუნიკაციური და სატრანსპორტო ტექნოლოგიების აღზევების პირობებში მოხდა სივრცისა და დროის „შეკუმშვა“ პლანეტარული მასშტაბით – დედამიწის სხვადასხვა წერტილში მყოფ ადამიანებს შესაძლებლობა მიეცათ დროის ნებისმიერ მომენტში პირდაპირი კავშირი დაამყარონ ერთმანეთთან, ავიატრანსპორტით დაძლიონ კოლოსალური მანძილები სულ რამდენიმე საათის განმავლობაში, გაცვალონ ინფორმაცია რეალურ დროში და წარმოუდგენელი მასშტაბებით… თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ თითქმის მთელი მსოფლიო ერთ საინფორმაციო-ტექნოლოგიურ ბიორიტმშია მოქცეული, ხოლო დედამიწა „დაპატარავდა“ და თეთრი ლაქები ერთხელ და სამუდამოდ გაქრა მისი ზედაპირიდან…

გლობალიზაციის ამ ყოვლისმომცველ პროცესს, გარდა ტექნოლოგიურისა, გააჩნია სულიერი მხარეც, რომელიც თავისი მნიშვნელობითა და შედეგებით ტექნოლოგიურზე აღმატებული და საყურადღებოა (და რომლიდანაც გამომდინარეობს კიდეც როგორც პიროვნებების, ასევე მთლიანად სახელმწიფოთა ხარისხობრივად ახალი მდგომარეობა).

ტრანსჰუმანიზმის ეპოქაში, გლობალიზაციისა და ტრანსნაციონალური კორპორაციების მმართველობის პირობებში სახელმწიფოთა სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა ძალზე პირობითი ცნებაა. სახელმწიფოებს, განსაკუთრებით კი ისეთ მცირე სახელმწიფოებს, როგორიც საქართველოა, ვერანაირად შესწევთ უნარი წინ აღუდგნენ გლობალიზაციის პროცესსა და უკვე ლამის საყოველთაოდ დამკვიდრებულ ამ ლიბერალურ დღის წესრიგს და მოიპოვონ რეალური პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალურ-კულტურული სუვერენიტეტი. ასეთი „ფუფუნების“ შესაძლებლობა და რესურსები მხოლოდ გეოპოლიტიკური მასშტაბის გიგანტებს აქვთ და ისიც არ არის ცალსახა, რომ მათაც შესწევთ უნარი სუვერენიტეტის და ლიბერალური სისტემიდან გამოსვლის სრულყოფილ დონეს მიაღწიონ, რადგან პლანეტა ყველასთვის საერთოა და გლობალიზაციის ყოველდღიური შეუქცევადი პროცესი კი მაინც თავისას შვრება.

დავუბრუნდეთ საქართველოს. როგორც ზემოთ აღინიშნა, ჩვენი ზომა-წონის სახელმწიფოს რეალურად არ (უფრო სწორედ ვერ) ძალუძს ნამდვილი სუვერენიტეტის მოპოვება და იგი ყოველთვის იქნება მასზე უფრო დიდი (განსაკუთრებით კი გეოპოლიტიკურ მასშტაბში დიდი) სახელმწიფოთა თუ ტრანსნაციონალურ კორპორაციათა ინტერესების მსხვერპლი (გნებავთ, გავლენის სფერო).

ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკური ასპექტიც: გლობალიზაცია, გარდა სოციალურ-კულტურული მხარისა, რასაკვირველია, გულისხმობს ფინანსურ-ეკონომიკურ შემადგენელსაც, რომლისგან დამოუკიდებლად არსებობა, გამომდინარე რესურსების ავტონომიურობიდან (საკუთარი წიაღისეული, ენერგო რესურსები, კვებითი უსაფრთხოება, მრეწველობა და თანამედროვე ტექნოლოგიები), მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას გააჩნია. საქართველო ამ მხრივაც კატასტროფულ მდგომარეობაშია – საბჭოთა პერიოდში არსებული თითქმის მთელი სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო პოტენციალი წარმატებით და მიზანმიმართულად განადგურდა ბოლო 30 წლის მანძილზე, ხოლო რაც დარჩა, ის იმავე გლობალისტური წრეების საკუთრებაში გადავიდა (პირდაპირი თუ არაპირდაპირი ფორმით). ეს მდგომარეობა კი შეუძლებელს ხდის სახელმწიფოს ეკონომიკურ სუვერენიტეტს. შესაბამისად, გლობალისტური სისტემიდან იზოლაციონიზმი უტოპიურია არა მარტო ქართული საზოგადოების ახლანდელი მენტალურ-სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, არამედ სუფთა ეკონომიკური კუთხითაც.

ობიექტურად, ამ მოცემულობას ვერ შეცვლის ვერც ეროვნულად სწორად მოაზროვნე ძალის ხელისუფლებაში მოსვლა, რადგან ნებისმიერი ეროვნული ხელისუფლება, თავისი სურვილის ხარისხის მიუხედავად, მოკლებული იქნება იმ ინსტრუმენტებს, რომლებიც გააჩნიათ გეოპოლიტიკური დონის გიგანტებს და აუცილებელია ერთ კონკრეტულ ქვეყანაში ლიბერალური სისტემის დასამარცხებლად და სუვერენიტეტის მოსაპოვებლად.

გარდა ამისა, დღევანდელ სამყაროში, როგორც წესი, ეროვნული სუვერენიტეტის მოპოვების სურვილის მქონე ხელისუფლებები სერიოზული რისკების ქვეშ ხვდებიან – დაწყებული მეხუთე კოლონის მხრიდან შიდა პოლიტიკის პირდაპირი საბოტაჟით, დამთავრებული ფერადი რევოლუციებით, გადატრიალებებით, სამხედრო ინტერვენციებითა თუ ფინანსურ-ეკონომიკური ტერორით.

ალბათ, მსოფლიო მასშტაბით, ძალზე მცირეა ისეთი ეროვნული ხელისუფლებების რიცხვი, რომლებმაც გაუძლეს ასეთ წნეხს და დამოუკიდებლად შეძლეს ძალაუფლების შენარჩუნება და აღებული კურსის გაგრძელება. სიტყვა „დამოუკიდებლად“ შემთხვევით არ გვითქვამს, რადგან გარე ძლიერ ფაქტორთან მოკავშირეობის გარეშე რეალურად შეუძლებელია ლიბერალური სისტემისა და ტრანსნაციონალური კორპორაციების წინააღმდეგ წასვლა. ოღონდ, ისეც ხდება (უფრო სწორედ – ძირითადად ეგრე ხდება), რომ ეს გარე ფაქტორი, ხშირ შემთხვევაში, იმავე გლობალური სისტემის შემადგენელია (ამა თუ იმ სახით) და ეროვნული ხელისუფლებები, საერთო ჯამში, მაინც ჩაკეტილი წრის შიგნით რჩებიან.

სწორედ ამიტომ ისმება რიტორიკული კითხვა სახელმწიფოების გლობალისტური სისტემიდან გამოსვლის შესაძლებლობის შესახებ და იქვე ვღებულობთ ასევე რიტორიკულ პასუხსაც თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში საყოველთაო ლიბერალური სისტემისგან სრული სუვერენიტეტის შეუძლებლობის შესახებ.

II ნაწილი

თუკი გლობალიზაციას ესქატოლოგიური* კუთხით შევხედავთ, მაშინ ნათელი და გასაგები ხდება მსოფლიოში მიმდინარე პროცესების არსი და მიმართულება (ნებისმიერ სხვა შემთხვევაში შეუძლებელია ბოლომდე სწორი შეფასებების გაკეთება და კითხვები და პროცესების გაუგებრობა კიდევ უფრო მოიმატებს).

გლობალიზაცია, თავისი არსით, ეს არის პლანეტარული მასშტაბის ერთიანი რელიგიური, პოლიტიკური, კულტურული და სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნა, რომლის მთავარი მიზანი კაცობრიობის მომზადებაა ერთი მმართველის (ანტიქრისტეს) დიქტატურისთვის.

საკითხის არსის უკეთ წარმოსაჩენად აუცილებელია ითქვას, რომ საყოველთაო ლიბერალური სისტემა არ არის რაღაც განყენებული და ეროვნულ სახელმწიფოებს გარეთ მყოფი ფაქტორი თავისი კონკრეტული საზღვრებითა და ფორმით.

გლობალიზაციის შედეგად ლიბერალური სისტემის შეღწევა მოხდა საზოგადოების ყველა ფენასა და რგოლში, რამაც გამოიწვია კიდეც ადამიანთა გონების მოწამვლა და ახალი ზნეობრივი (უფრო სწორედ უზნეობის) ნორმებისა და ღირებულებების დამკვიდრება, რომელთა ერთობლიობა არის კიდევაც ეს ავადსახსენებელი ლიბერალური დღის წესრიგი. ლიბერალიზმი იგივე ურწმუნოებაა – უფლისგან განდგომა; ის ერთგვარი მსოფლიო რვაფეხაა, რომლის საცეცებიც დღეს უკვე ყველა ქვეყნის საზოგადოების წიაღშია შესული და ადამიანთა გონებასა და გულებს იტაცებს.

შესაბამისად, გლობალიზაციის პირობებში, ბრძოლის მთავარი ფრონტი გადის არა სახელმწიფოზე, არამედ პიროვნებასა და ოჯახზე, ხოლო შემდეგ კი მთლიანად საზოგადოებაზე.

ადამიანი-ოჯახი-საზოგადოება  – სწორედ ეს არის წინააღმდეგობის ის ღერძი, რომლითაც საყოველთაო გლობალიზაციის პირობებშიც კი შესაძლებელია  ლიბერალურ სისტემასთან დაპირისპირება როგორც პიროვნულ, ასევე სახელმწიფოებრივ დონეზე.

ეს კი განხორციელებადია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი  ხდება როგორც პიროვნების, ასევე მთლიანად საზოგადოების სულიერი კათარზისი და დაბრუნება ქრისტიანულ ღირებულებებზე.

ამ პროცესში კი უმთავრესი რგოლი არის ოჯახი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს პიროვნებასა და საზოგადოებას. სწორედ ოჯახი, როგორც საზოგადოებრივი იერარქიის უმცირესი, მაგრამ, ამავე დროს, უპირველესი ერთეული არის ის ქვაკუთხედი, რომელიც განაპირობებს მთლიანად საზოგადოების და, შესაბამისად, სახელმწიფოს სიჯანსაღესა და სიძლიერეს. როგორც კი ხდება ოჯახის ინსტიტუტის დაკნინება, მის შიგნით როლებისა და ფუნქციების აღრევა, ეს შესაბამის ასახვას ჰპოვებს როგორც საზოგადოების, ასევე პიროვნებების მდგომარეობაზე.

მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მამა – წმ. პაისი მთაწმინდელი (+1994) ამბობდა: “ცხოვრების ერთადერთი ღირებულება ოჯახია. როგორც კი ოჯახი დაიღუპება, დაიღუპება მთელი სამყაროც… როდესაც დაირღვევა ოჯახი, დაირღვევა ყველაფერი: სასულიერო იერარქიაცა და მონაზვნობაც…”

სწორედ ამიტომ მიმდინარეობს ოჯახის ინსტიტუტზე ეს საყოველთაო დემონური იერიში, როგორც ჩვენთან, ასევე მთელ მსოფლიოში – აბორტები, ლგბტ, ფემინიზმი, იუვენალური იუსტიცია, ნარკომანია, აზარტული თამაშები, საბანკო-ფინანსური კაბალა… ეს სწორედ ის ძირითადი ინსტრუმენტებია, რომლითაც სურთ ოჯახის, როგორც საზოგადოების საფუძვლის, განადგურება.

კიდევ არის ერთი ძალზე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელზეც ღირს ყურადღების გამახვილება: ოჯახის ინსტიტუტის მოშლით შეუძლებელი ხდება ზნეობრივად სწორი ღირებულებების მქონე ახალგაზრდობის აღზრდა და პიროვნებებად ჩამოყალიბება, შესაბამისად, მომავალი თაობებიც ვეღარ შექმნიან მყარ და ძლიერ ოჯახებს, რასაც, საბოლოო ჯამში, მივყავართ საზოგადოებისა და სახელმწიფოს დეგრადაციამდე.

სწორედ ღვთისგან დადგენილი ამ ბუნებრივი წრის დარღვევა წარმოადგენს ლიბერალური დღის წესრიგის უმთავრეს მიზანს, რომლის განხორციელების გარეშეც, ალბათ, შეუძლებელია ანტიქრისტეს ბატონობის დამყარება კაცობრიობაზე.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გლობალისტურ-ლიბერალური სისტემისგან სახელმწიფო სუვერენიტეტის მოპოვების ერთადერთ რეალურ ფორმულად ისახება კათარზის გამოვლილი საზოგადოებისა (სულიერად გარდასახული პიროვნება + ზნეობრივად მყარი და ეკონომიკურად დამოუკიდებელი** ოჯახი) და ეროვნულად სწორად მოაზროვნე ხელისუფლების სიმბიოზი.

რასაკვირველია, არც ეს არის გლობალისტური სისტემისგან 100%-იანი დამოუკიდებლობის გარანტია, მაგრამ სწორედ ასეთი სიმბიოზის შემთხვევაში იზრდება მკვეთრად  ქართველი ერისთვის იმის შესაძლებლობა, რომ შეინარჩუნოს თავისი ზნეობრივ-კულტურული კოდი და მოიპოვოს პოლიტიკური სუვერენიტეტის ის მაქსიმალური ხარისხი, რომელიც შესაძლებელია ამ საყოველთაო გლობალიზაციის პირობებში.

დავით ლორთქიფანიძე

17.04.2024


* ესქატოლოგია – მოძღვრება ქვეყნის დასასრულსა და უფალ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლაზე.
** მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სახელმწიფოს ეკონომიკური სიძლიერე, არამედ ოჯახების ავტონომიური სამეურნეო ბაზისიც. სწორედ ამიტომ აუცილებელია, რომ ოჯახები ცდილობდნენ ჰქონდეთ მიწის ნაკვეთები, რომლებზეც შეძლებენ (საჭიროებიდან გამომდინარე) სისტემისგან დამოუკიდებლად აწარმოონ სამეურნეო საქმიანობა და მოიპოვონ კვებითი და ენერგეტიკული ავტონომია – საკუთარი საკვები, წყალი, ენერგიის ალტერნატიული წყაროები (მზის, ქარის, ბიოგაზის, მიკროჰესის…). ამის ერთ-ერთი ოპტიმალური ფორმა კი რამდენიმე ოჯახისგან შემდგარი პროფილური სასოფლო-სამეურნეო კომუნები/კოოპერატივებია.