შესავალი
პარადოქსია: არ ვაანალიზებთ, თუ რა დაგვემართა, რატომ გახდა ქართველობა XIX საუკუნის დამდეგს რუსეთის გადასარჩენი, რატომ მოვხვდით რუსეთის იმპერიაში და, ამავე დროს, გვინდა, რომ წარმატებული სახელმწიფო ავაშენოთ.
არადა სწორედ იმ გზას ვადგავართ, რომელმაც XV საუკუნეში მსოფლიო პოლიტიკური რუკიდან საქართველოს სახელმწიფოს გაქრობა გამოიწვია.
დიდი დავითისა და თამარის ერიდან სულ რამდენიმე საუკუნეში ვდეგრადირდით ისეთ ხალხად, რომელიც საკუთარ სისხლსა და ხორცს იპარავდა და ურჯულოს ჰყიდდა უცხოეთში. ეს არის ერის გადაგვარების ყველაზე მკაფიო და საშინელი მაგალითი, რომლის ანალოგი მსოფლიო ისტორიაში, ალბათ, არ მოიძებნება…
რუსეთის შემოსვლა
თუკი ჩვენს ახლო წარსულს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ 1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს სახელმწიფოებრიობის გაუქმება (რაც, ფაქტობრივად, საერთო-ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმების ტოლფასი გახლდათ) ერთდროულად იყო ტრაგედიაც და წყალობაც:
– ლოგიკური და სამართლიანი ტრაგედია, გამომდინარე ქართველი ხალხის თითქმის 4 საუკუნოვანი დეგრადაციიდან და ღვთისგან განდგომიდან (რომლის ყველაზე ნათელი მაგალითი გახლდათ პერმანენტული შიდა დაპირისპირებები, სამოქალაქო ომები და არნახული მოვლენა: საკუთარი სისხლისა და ხორცის გაყიდვა – “ტყვეთა სყიდვა”, რაც უფლისა და მოყვასის სიყვარულის მცნებებისგან სრული განდგომაა).
– მაგრამ, ამავე დროს, ეს ტრაგედია უფლის წყალობაც იყო – საკუთარი თავის განადგურების გზაზე დამდგარი ერი უფალმა მართლმადიდებლური ცივილიზაციის ნაწილში – რუსეთის იმპერიაში მოგვახვედრა, შეგვკრიბა, ფიზიკურად გადაგვარჩინა და ამით ქართველობამ შეინარჩუნა სამივე საუნჯე: სარწმუნოება, ენა და მამული. საქართველოში სწორედ რუსეთის შემოსვლით დამთავრდა ტყვეთა სყიდვაც და ლეკიანობაც. უფლის წყალობაა, რომ მუსულმანურ გარემოცვაში მართლმადიდებელი რუსეთის მეშვეობით გადავრჩით, როგორც სულიერად, ასევე ფიზიკურადაც – ოსმალოსგან გაიწმინდა შავი ზღვის სანაპირო, აფხაზეთი, გურია, ფოთი; დედა-სამშობლოს დაუბრუნდა ბათუმი, აჭარა, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი და ხაშურთან გამავალმა ოსმალეთის საზღვარმა ერზრუმამდე გადაიწია…
მეფობისა და ავტოკეფალიის გაუქმება
ფართო საზოგადოებამ არ იცის, რომ ავტოკეფალიის გაუქმებაში დიდი წვლილი სწორედ ქართველს, გაკათოლიკებულ, ამის გამო გადაყენებულ და შემდეგ უკან დაბრუნებულ ანტონ I კათალიკოსს მიუძღვის, რომლის მეცადინეობითაც ჩაიწერა გეორგიევსკის ტრაქტატში (მე-7 მუხლი), რომ, ვინც არ უნდა ყოფილიყო ქართული ეკლესიის მეთაური – მთავარეპისკოპოსი თუ ეპისკოპოსი (ტიტული „პატრიარქი“ საერთოდ არ არის ნახსენები ტრაქტატში!), იგი უნდა შესულიყო რუსეთის ეკლესიის სინოდში და უნდა ყოფილიყო რიგით მერვე, ტობოლსკის ეპისკოპოსის შემდეგ.
აი, ამას მოაწერა ხელი ქართულმა მხარემ.
ფართო საზოგადოებამ არც ის იცის, რომ 1801 წელს მეფობა ქართლ-კახეთის სამეფოში არ გაუქმებულა (და გეორგიევსკის ტრაქტატი აქ არაფერ შუაშია), არამედ მოხდა სამეფო დინასტიის ცვლილება გიორგი XII-ის მიერ პავლე I-ისთვის მიწერილი თხოვნის სიგელის მიხედვით, რომლის საფუძველზეც 1799 წლის 23 ნოემბერს შედგა ახალი ტრაქტატი მეფე გიორგი XII-სა და იმპერატორ პავლე I-ს შორის, რომლის პირველ და მეორე პუნქტებში ვკითხულობთ:
“1.
მისი უდიდებულესობა იმპერატორი ყოვლისა რუსეთისა მიიღებს ტიტულსა „მეფე საქართველოისა“ და შემდეგნი მისნი და მემკვიდრენი.
2.
ძე მეფისა გიორგისა დავით ტიტულსა „განმგე საქართველოისა“ და გარდავალს ესე შთამომავლობითა პირმშოდამ პირმშომდის.”[1]
ანუ, საქართველოს სამეფო ტახტზე ბაგრატიონების დინასტია ჩაანაცვლა რომანოვების დინასტიამ, რომელიც, თავის მხრივ, შეწყდა 1917 წლის 17 მარტს წმ. მოწამე იმპერატორ ნიკოლოზ II-ის მიერ ტახტზე უარის თქმით (რუსეთის იმპერატორი საქართველოს მეფეც იყო სწორედ ზემოთ მოყვანილი ტრაქტატის საფუძველზე, რაც, შესაბამისად, აისახა კიდეც რუსეთის იმპერატორთა ტიტულატურაში: Царь Грузинскій; Повелитель и Государь Иверскія, Карталинскія).
თუკი ქართველებმა თავად მივეცით ავტოკეფალიის გაუქმებისა და სამეფო დინასტიის ცვლილების შესაძლებლობა, რატომღა გვიკვირს შემდეგ, რომ ეს შესაძლებლობა გამოყენებულ იქნა კიდეც რუსეთის იმპერიის მიერ?
ილია ჭავჭავაძე
თუკი კარგად გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ ილია ჭავჭავაძე ავტოკეფალიის აღდგენისთვის ბრძოლის მომხრე იყო და იმ კონკრეტულ პერიოდში სულაც არ ემხრობოდა ეროვნული სახელმწიფოს (დამოუკიდებლობის) იდეას, რადგან ხედავდა, რომ ქართული საზოგადოება არ იყო ამისთვის მზად და ისევ იმავე დესტრუქციის გზას დაადგებოდა, რომელზეც 1801 წლამდე იდგა (რაც კარგად გამოჩნდა კიდეც 1918-1921 წლებში და 1991 წლის შემდეგაც ამის დასტურს ვხედავთ, საუბედუროდ). ამიტომ, მისი (და აქ, ალბათ, მთელი მისი თანამებრძოლებიც უნდა ვიგულისხმოთ) ძალისხმევა მიმართული იყო ავტოკეფალიის აღდგენისა და ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ, რომელიც, თუ ამის ისტორიული მომენტი დადგებოდა, მზად იქნებოდა ეროვნული სახელმწიფოს ქონისთვის.
რასაკვირველია, რუსეთის იმპერიის შემოსვლას სხვადასხვა სახის გაუგებრობები და პრობლემებიც მოჰყვა (რაც, სამწუხაროდ, არც არის გასაკვირი, როდესაც დიდი იმპერიისა და პატარა ხალხის ურთიერთობა დგება) და ქართველობაშიც შესაბამისი განწყობები იღვიძებდა ხოლმე. ამ მხრივ საინტერესოა ილია ჭავჭავაძის 1898 წლის წერილი თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორ სერაფიმესადმი[2], რომელშიც კარგად ჩანს როგორც ილიას დადებითი დამოკიდებულება საქართველოს რუსეთთან შეერთებაზე, ასევე მისეული ხედვა იმ პრობლემებისა, რომლებიც, ძირითადად, ადგილობრივი არაკეთილსინდისიერი ჩინოვნიკების დანაშაულად მიაჩნია. ამიტომ, თავს უფლებას მივცემ შედარებით ვრცელი ამონარიდი მოვიყვანო ზემოხსენებული წერილიდან:
“1863 წლის პოლონეთის აჯანყების შემდეგ კატკოვის მსუბუქი ხელის წყალობით ფართე გასავალი მიეცა ეჭვს ქვეშ დაყენებას, სეპარატიზმისა და არაკეთილსაიმედობაში ყველა იმათ, ვინცკი არა რუსული წარმოშობისანი არიან. ყველაზე უფრო ნაკლები მიზეზი და საფუძველი იყო ეს უბედურ საქართველოსაც შეხებოდა. ამისდა მიუხედავად მას საქართველოშიაც მიეცა გასავალი და ფეხი გაიდგა, როგორც გარედან შემოტანილმა სენმა. რასაკვირველია, ჩვენდა საბედნიეროდ, არავითარი საფუძველი არ არის ამგვარ ეჭვების აღძვრაში ბრალი დაედოს დიდსულოვან რუს ხალხს, რომელიც მუდამ უანგაროდ მსხვერპლად სწირავდა თავის პირმშოთა სიცოცხლეს და ქონებას ერთმორწმუნე ხალხთა გამოქომაგების წმინდა იდეისათვის, ამ ხალხთა არა მოსპობის, არამედ შენარჩუნების მიზნით. ვერ გავკადნიერდები დავუშვა რაიმე აზრი, რომ რუსი ხალხის უზენაესი ბელადები თავის წინასწარ დასახულ გეგმებს საფუძვლად უდებენ მოსაზრებებს გამომდინარეთ ქართველთადმი უნდობლობიდან. მაგრამ დაეჭვების ფაქტი სახეზეა და ბუნებრივად იჭრება საკითხი: ვინ არის ამაში დამნაშავე?
…ნებას მივცემ ჩემს თავს ვთქვა ჩემ სიტყვათა სამართლიანობის ღრმა რწმენით, რომ წინასწარშედგენილი აზრი ქართველთა სეპარატიზმზე და არა კეთილსანდოობაზე არის ადგილობრივი ჩინოვნიკობის ფანტაზიის ხალასი შენათხზი. ამ ჩინოვნიკობისათვის ყველაზე უფრო ხელსაყრელია უმტკიცოს ყველას, რომ ის ვულკანზე ზის იქ, სადაც ჩამი-ჩუმიც არ ისმის და მით ქვეყანას თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს მისი სამსახური ყოფილიყვეს თავგანწირული გმირობა და არა ჩვეულებრივი ლუკმა პურის დევნა. სხვა რითი-ღა ავხსნათ ის საყოველთაო ყვირილი ადგილობრივი ჩინოვნიკობისა, იმაზე, რომ მარტო ის არის მოწოდებული მაღლა ეჭიროს რუსული დროშა ამ მხარეში, სადაც ამ დროშის გამარჯვებისათვის ქართველები რუსებთან ძმურ ერთობაში თავს სდებენ ბრძოლის ველზე. რა საჭიროა ასეთი წამოძახილები აქ, ჩვენთან, მართლმადიდებელ ქართველ ხალხში, რომლის უქვეშევრდომილესი გრძნობები ასე დაუფიქრებლად შეურაცხმყოფელი ხდება დაუმსახურებელი უნდობლობით? რა საფუძველია იმისათვის, რომ ქართველი გამოირიცხება ხოლმე იმათ რიცხვიდან ვინც მოწოდებულია მაღლა ეჭიროს რუსული დროშა, რომელსაც ქართველმა ერთგულების ფიცი მისცა და რომლის ერთგული რჩებოდა მუდამ ბედის ყველა უკუღმართობათა დროსაც.
განა შეურაცხმყოფელი არ არის ქართველის ეროვნული გრძნობისათვის, მისი ასეთი უდიერი გამორიცხვა რუსეთის დროშის ერთგულ დამცველთა რიგებიდან? ეს არ ნიშნავს განა ქართველი კაცის რუსეთისადმი, რომელმაც ის იხსნა, მადლობის წმინდა გრძნობის მასხრად აგდებას, მეფისადმი და მამულისადმი მისი მოვალეობის და ერთგულების ფიცის მასხრად აგდებას? ქართველის მთელი სიამაყე, მისი ეროვნული ღირსების მთელი გრძნობა თავის შინაარს ეძიებდა და ეძიებს იმ აზრში, რომ ის ისეთივე მოქალაქეა დიდი რუსეთის სახელმწიფოსი როგორც რუსი. ამავე სახელმწიფოს მოსამსახურენი – კი უეცრად ეუბნებიან მას: არა, შენ ხარ მონა, რომელიც ძირს უშვებ რუსულ დროშას და არ ხარ მოწოდებული გეჭიროს ის შესაფერ სიმაღლეზე.”
იმავე წერილში ვკითხულობთ:
“ურთიერთ სიყვარული, ჩვენთვის უფროა საჭირო ვიდრე რუსთათვის, ვინაიდან ამასშია ჩვენი კეთილდღეობის, ჩვენი ხსნის ერთადერთი საწინდარი. დიდ, თვალუწვდენელ რუსეთისათვის კი – ქართველის მისდამი სიყვარულის საკითხი, შეიძლება იყვეს მხოლოდ ზნეობრივი ხასიათის კეთილშობილური მზრუნველობის საგანი და მოკლებულია ყოველგვარ პრაქტიკულ მნიშვნელობას; ვინაიდან რუსეთი თავისთავად მეტად ღონიერი და ძლიერია და ამიტომ არ სჭირდება რომელიმე პატარა ხალხის თანაგრძნობაში ეძიოს თავისთვის საყრდენი, ვიმეორებ, ჩვენთვის, ქართველებისათვის ეს სიყვარული დაკავშირებულია ჩვენი ყოფნა არ ყოფნის საკითხთან.”
ალბათ, საინტერესო იქნება ილია ჭავჭავაძის სხვა გამონათქვამებიც რუსეთთან დაკავშირებით, რომლებსაც მის სხვადასხვა ნაშრომში ვხვდებით:
“რა საჭიროა დამალვა: ჩვენ უცილობელად გვიყვარს ჩვენი სამშობლო, ხოლო არც საჭიროა სიყალბე. მარტო მით რომ ჩვენ ჩვენი სამშობლო გვიყვარს, გვიყვარს რუსეთიცა. ეს ისეთი ბუნებრივია, ისე ცხადია, ისე ადვილად გასაგებია საგანთა არსების მიხედვითა. რუსეთმა დაიხსნა ჩვენი ქვეყანა წახდენისა და განადგურებისაგან, იგი დღესაც იფარავს მას ყოველ წამებისა და ტანჯვის განმეორებისაგან, მან გაუკურნა ჩვენს სამშობლოს მისი წყლულნი… ეს სიყვარული ჩვენი ჩვენის სამშობლოსი თავით თვისით წარმოადგენს იმ ნაყოფიერს ნიადაგს, რაზედაც იზრდება და ჰხარობს ჩვენი ერთგულება და სიყვარული რუსეთისა. ეს ჩვენი სიყვარული ჩვენის სამშობლოსი იგი მაგარი და შუამდგომელი ჯაჭვია, რომელიც აერთიანებს ჩვენს ზრახვასა და სასოებას უკეთესს რუსთა ზრახვასა და სასოებასთან. სწორედ ამ ჩვენის სამშობლოს სიყვარულში უნდა მოიძებნოს ნასკვი ნაწილთა დაახლოვებისა და გაერთებისა მთელთან საკეთილდღეოდ ყოველთა და ყოვლისათვის. წაართვით ადამიანს ეს სიყვარული სამშობლოსი და მის გულში ვეღარ იპოვით ამისთანა ღრმას და მაგარ ადგილს, რომ ზედ ამოიყვანოთ საფუძველი ერთგულებისა და სიყვარულისა.”[3]
“რუსული ენის ცოდნისკენ ვისწრაფვით და ეს ძალიან გვინდა არა მარტო იმიტომ, რომ ის ჩვენთვის აუცილებელია როგორც სახელმწიფო ენა, არამედ იმიტომაც, რომ რუსული ლიტერატურა იმდენად ძლიერია, განათლებული კაცის სულიერი წყურვილის დაოკების უნარი შესწევს. ყოველი ჩვენგანი აღზრდილია რუსულ ლიტერატურაზე, რომელიც ჩვენი მსოფლმხედველობის, რწმენისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის საფუძველსა და ძალას წარმოადგენს არა მარტო ცოდნის გასამრავლებლად, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბრძოლისთვისაც.” [4]
ილია ჭავჭავაძე 1801 წლის მოვლენებს დადებითად აფასებს თავის სხვა წერილშიც – “ასი წლის წინათ (პირველად შემოსვლა რუსის ჯარის ტფილისში)”[5], რომლის მავანთა მიერ განზრახ შეცვლილი და დამახინჯებული ვერსია, რამდენიმე ხნის წინ, აქტიურად გავრცელდა ქართულ-ინტერნეტ სივრცეში.
აქვე გვსურს მოვიყვანოთ ილია ჭავჭავაძის თანამედროვის, XIX საუკუნის საქართველოს ერთ-ერთი გამოჩენილი სასულიერო მოღვაწის, იმერეთის ეპისკოპოსის, წმიდა გაბრიელ ქიქოძის, სიტყვებიც:
“და აწინდელი ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა, მყუდრო, მშვიდობიანი, წარმატებული, დაცული ყოველთა მტერთაგან რისგან არის? შენ მეტყვი, რომ მძლავრი რუსეთის ხელმწიფის მოწყალებისა და მფარველობისაგან. მართალია! მაგრამ, ვგონებ, თქვენ ჯერედ, რადგანაც მცირე წლოვანი ხართ, არ გიფიქრიათ, საიდგან და რისგან მივიღეთ ჩვენ ეს ბედნიერება, რომ დაცული ვართ დღეს რუსეთის ხელმწიფისაგან. ეს უკანასკნელი ბედნიერება მოგვანიჭა ჩვენ ქრისტეს სჯულმან! რუსეთის ხელმწიფემ რისთვის მიიღო ჩვენი ქვეყანა? რათა დაცული იქმნას ამ ქვეყანაში მართლმადიდებელი სჯული. ჩვენ წინაპართა, მეფეთა, დიდებულთა ამით შეაბრალეს ეს ქვეყანა და თვისი თავი რუსეთის ხელმწიფეს და მიაღებინეს, რომ მართლ-მადიდებელნი იყვნენ, ვითარცა რუსეთის მცხოვრებნიცა.” (სიტყვა თქმული ქუთაისის საკათედრო ეკლესიასა შინა სასულიერო და სახორციელო სასწავლებლების მოსწავლეთადმი, 1876 წელს).
პირველი რესპუბლიკა და ნოე ჟორდანია
ნიშანდობლივია, რომ პირველი რესპუბლიკის ხელისუფლებამ ბოლშევიკებზე ადრე დაუწყო დევნა ეკლესიას და სამი წელიც კი ვერ გაძლო.
“კათალიკოს-პატრიარქ ლეონიდეს მმართველობის პერიოდში მოხდა მეტად შემაშფოთებელი ფაქტი: გელათისა და ჯრუჭის მონასტრის განძეულობის ჩამორთმევა და მათი სახელმწიფოს ხაზინაში გადატანა. გაზეთმა “საქართველომ” 1920 წლის №169-ში გამოაქვეყნა გელათის მონასტერში მომხდარი ამბები, რითაც საზოგადოება გაეცნო საქმის ვითარებას: “ნოემბრის 24-ს, მისმა უწმინდესობამ კათოლიკოსმა ლეონიდემ ასეთი ხასიათის მოულოდნელი დეპეშა მიიღო ქუთათელ მიტროპოლიტ ნაზარისაგან: “23 ნოემბერს, თბილისიდან ჩამოსულმა მთავრობის წარმომადგენელმა ნ. ჟორდანიას პირადმა მდივანმა გ. ცინცაძემ, ადგილობრივი პროკურორის, ერობის თავმჯდომარის და მილიციის უფროსის თანხლებით, ჩემდა ნებადაურთველად და დაუკითხავად წაიღო გელათის მონასტრიდან ძვირფასი ხატები და განძეულობა ამა მონასტრისა და ჯრუჭისა, გაენათის მონასტერში დაცული, დაწვრილებითი მოხსენება იგზავნება.”[6]
ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან ნოე ჟორდანიას უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა სარწმუნოების მიმართ, რაც მისი მემუარებიდანაც ჩანს: “მეფე ისეთივე გამოგონილი ავტორიტეტია, როგორც ღმერთი. ეს ორთავე ერთ დონეზე დავაყენე, ათეიზმი და რესპუბლიკანიზმი ერთიმეორის ტყუპათ დავსახე”.[7]
ბოლშევიკები
ლიბერალები და ლიბერალურ პროპაგანდას აყოლილები ბოლშევიზმს რატომღაც რუსეთთან აიგივებენ, ის კი ავიწყდებათ, რომ ბოლშევიზმს არ აქვს ეროვნება და სამშობლო, ისევე, როგორც ლიბერალიზმის სიცოფეს. როგორც წესი, მათი თვალსაწიერიდან „ამოვარდნილია“ ის ფაქტი, რომ წითელი ტერორისგან რუსეთიც ისევე დაზარალდა, როგორც საქართველო. მათ ავიწყდებათ ისიც, რომ ჩვენთან ხალხს ხვრეტდნენ და ტაძრებს ანგრევდნენ წარმოშობით ქართველები, მაგრამ ისინი ქართველები არ იყვნენ – რწმენა და ეროვნება დაკარგული ბოლშევიკები იყვნენ. ამიტომ, არ არის სწორი ბოლშევიზმისა და რუსეთის გაიგივება (სხვათა შორის, კომუნიზმიც სწორედ უღმერთო ევროპის ნაშობია და ბოლშევიკებიც სწორედ რომ დასავლეთის ხელშეწყობით მოვიდნენ ხელისუფლებაში).
საბჭოთა პერიოდი
ლიბერალური პროპაგანდის კიდევ ერთი ძირითადი მითია ის, რომ თითქოს: “რუსეთის დროს მონები ვიყავით”.
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ საბჭოეთის დროს, მართალია, პოლიტიკურად დამოუკიდებლები არ ვიყავით, მაგრამ კოლონიალიზმი და მონობა ნამდვილად არ იყო – თანასწორი სუბიექტი ვიყავით; შეიძლება ითქვას, რომ თანასწორზე მეტიც ვიყავით: საქართველოს სსრ საკუთარ წლიურ ბიუჯეტთან შედარებით 4-ჯერ მეტ თანხებს იღებდა მოსკოვიდან; სად გინახავთ ეგეთი კოლონია და მონობა?! ამის საუკეთესო დასტურია ის ფაქტი, რომ სსრკ-დან საქართველო გამოვიდა 5-მილიონიანი მოსახლეობით და უმდიდრესი რესპუბლიკით (როგორც ეკონომიკურად, ასევე სოციალურად და კულტურულად). სამწუხაროდ, ეს მდგომარეობა მალევე ჩაანაცვლა დასავლეთის კოლონიალიზმმა, რომელმაც სულ რაღაც სამი ათწლეულის მანძილზე უსაშინლესი დარტყმა მიაყენა ჩვენს ქვეყანასა და ერს, როგორც ზნეობრივად, ასევე ეკონომიკურად, დემოგრაფიულად, განათლების მხრივ, თუ სხვა…
ეროვნული მოძრაობა
ძალიან მოკლედ რომ ითქვას, “ეროვნული მოძრაობა” (როგორც მოვლენა) გადასაფასებელია და, დიდი ალბათობით, დასავლეთის სპეცსამსახურების (აშშ-ს, ბრიტანეთისა და უკვე დასავლეთს მიყიდული კგბ-ს) გავლენები და დაგეგმვები უნდა ვიგულისხმოთ ამ პროცესის უკან (ზოგი გაცნობიერებულად და ზოგიც გაუცნობიერებლად, რასაკვირველია). 35 წელია წრეზე დავდივართ და ეგ მოჯადოებული წრე სწორედ ამ “ეროვნული მოძრაობით” დაიწყო. ამავე კონტექსტშია განსახილველი 9 აპრილის ტრაგედიაც, რომლის სიღრმისეული ანალიზი დღემდე არ მომხდარა და ძირითადად ურაპატრიოტულ დონეზე ხდება მოვლენების გახსენება.
ჩემთვის პირადად 9 აპრილი ეს არის დღე, როდესაც ერი საჯაროდ ეურჩა ეკლესიას. ტრაგედია, რომელიც დღემდე არ გვაქვს სწორად შეფასებული. იყო ვაჟკაცობა, იყო თავგანწირვა, მაგრამ მთავარი არ იყო – ეკლესიის მორჩილება. შედეგად სისხლი, სიკვდილი და დღემდე გამოყოლილი მრავალი უბედურება…
უახლოესი პერიოდი
როდესაც ვაანალიზებთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების უახლოეს წარსულს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში, როგორც საქართველოს, ასევე რუსეთს, მართავდნენ გლობალისტების მიერ ხელდასმული მოღალატეები. ორივე მხრიდან გლობალისტების საქმე კეთდებოდა იგივე ქართველებისა და რუსების ხელით ისევ საქართველოსა და რუსეთის საზიანოდ.
არ უნდა გვეგონოს, რომ დღეს რუსეთი გეოსტრატეგიულ დონეზე დარდობს საქართველოზე, მაგრამ ეს, მეტ-ნაკლებად, თავის თავად ხდებოდა და ხდება, ვინაიდან საქართველო მართლმადიდებლური ცივილიზაციის ნაწილია, ისევე როგორც რუსეთი, და ეს ფაქტი უკვე განაპირობებს იმას, რომ ჩვენი სასიცოცხლო ინტერესები თანხვედრაში იყოს.
უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთს სამხრეთ საზღვრებზე მხოლოდ ერთი ქრისტიანი მეზობელი ჰყავს – მართლმადიდებელი საქართველო, ხოლო საქართველოს კი – მხოლოდ ერთი ქრისტიანი მეზობელი – მართლმადიდებელი რუსეთი.
უფალი გვიცავს რუსეთის ხელით (ისე, ადრე ბიზანტიის ხელითაც არაერთხელ დაუცავს საქართველო, თუნდაც მაზდეანობისა და ისლამისგან). ჯობდა, რასაკვირველია, არ დაგვჭირვებოდა არავის დაცვა, მაგრამ, რადგან ჩვენ თავს მიშვებულები უღმერთობის, დაღუპვისა და გადაგვარების გზაზე ვიდექით (და ახლაც არ ვაკლებთ), ასე მოაწყო უფალმა ჩვენსავე სასიკეთოდ.
მართლმადიდებელი რუსეთი და რუსი ხალხი არ არის ჩვენი ქვეყნის მტერი. შეიძლება რთულად მისაღებია ახლა რასაც დავწერ, მაგრამ რუსეთი რომ არ იდგეს დღეს ცხინვალსა და აფხაზეთში, იქ ანტიქრისტიანული, სატანისტური ნატოს (და უმეტესად კი ნატოს წევრი თურქეთის) ჯარი იდგებოდა, საქართველო ევროსოდომის წევრი იქნებოდა (როგორც ბალტიისპირეთი) და მერე გვენახა აქ ლგბტ აღლუმები და მთელი ამბები.
ჩვენი თაობის მოვალეობაა ამ ჩიხიდან გამოსვლა და ჩვენს ქვეყნებს შორის ფუნდამენტური და მეგობრული ურთიერთობების დამყარება, რადგან, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ასევე კავკასიის სიმშვიდის საფუძველიც სწორედ რუსეთ-საქართველოს სტრატეგიულ თანამშრომლობაში დევს.
დავით ლორთქიფანიძე
2024 წელი
—
გამოყენებული ლიტერატურა და წყაროები:
- “ტრაკტატი, ანუ პირობები მის, თუ საქართველო რა დაპირებით შეურთდა რუსეთის იმპერიას”, პ. იოსელიანის მიერ დაწერილი, “მეფე გიორგის ცხოვრებიდამ”. გამოცემული ზ. ჭიჭინაძისაგან; თბილისი, სტამბა ტ. როტინიანცისა, გოლოვინ. პრ. 39; 1917.
- წერილი თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორ სერაფიმესადმი [1898 წ. ნოემბერი]. “მნათობი” №9, სექტემბერი, 1957 წ. გვ. 153-156.
- ილია ჭავჭავაძე, თხზულებანი, ტ. XIV, თბ., 2007. გვ. 292-293.
- ილია ჭავჭავაძის თხზულებები, 1957 წელი, გვ. 490–500.
- https://zneoba.ge/7232/
- საქართველოს ეკლესიის კალენდარი, 2009 წ. გვ. 100.
- ნოე ჟორდანია, “ჩემი წარსული”, გვ. 12.