ქართველობის მისია 21-ე საუკუნეში

ქართველობის მისია 21-ე საუკუნეში

თუკი სახელმწიფო იდეოლოგია არ არის დაფუძნებული სულიერ საზრისებზე, მაშინ ის განწირულია ისევე, როგორც თავად სახელმწიფო…

ჩვენი დღევანდელობის ერთ-ერთი უპირველესი ამოცანა არის საქართველოს ადგილის განსაზღვრა თანამედროვე სამყაროში: ვინ ვართ? რომელ ცივილიზაციას მივაკუთვნებთ თავს? როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ? რა არის ქართველობის მისია? ამის ნათელი განმარტება ასევე ხელს შეუწყობს ჩვენს უახლოეს და შორეულ მეზობლებთან მკაფიო ურთიერთობების ჩამოყალიბებას – მათ უნდა იცოდნენ, თუ რა გვინდა ქართველობას და როგორ სახელმწიფოსთან აქვთ საქმე.

ქრისტიანული საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე ჩვენ გვქონდა აღმოსავლეთში მართლმადიდებლური ცივილიზაციის დაცვის ფუნქცია. საქართველო არის ღვთისმშობლის პირველი წილხვედრი და, ამავე დროს, ჩვენი ერი უფლის კვართის მცველია. სწორედ ეს განაპირობებდა საქართველოს ადგილს მართლმადიდებლურ ცივილიზაციაში და დანარჩენ სამყაროსთან ჩვენს ურთიერთობას. დღესაც ეს უნდა იყოს ჩვენი ამოსავალი წერტილი საკუთარი იდენტობისა და ფუნქციის განსაზღვრისას – უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოსა და ქართველობის განმსაზღვრელი მართლმადიდებლობა იყო.

სწორედ ამიტომ, ჯერ კიდევ 1000 წლის წინ ჩამოაყალიბა ქართულმა რელიგიურმა და პოლიტიკურმა აზროვნებამ ქართველობისა და საქართველოს უზუსტესი განმარტება (შემდგომ რასაც დააფუძნეს კიდეც ერთიანი ქართული სახელმწიფოს მშენებლობა მომდევნო თაობებმა):

“ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების.”

თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში საკუთარი იდენტობისა და კულტურული კოდის შენარჩუნება ქართველობის უმთავრესი მიზანი უნდა იყოს. ამიტომ, ჩვენ ღიად უნდა დავაფიქსიროთ, რომ:

1. საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოა;

2. ჩვენ ვართ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და უფლის კვართის მცველი ერი;

3. ქართველობის მისია 21-ე საუკუნეში უნდა იყოს მართლმადიდებლობის, ქრისტიანული ზნეობის, ოჯახის სიწმინდის, ტრადიციების შენარჩუნება და გადაცემა ჩვენი მომავალი თაობებისთვის. მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი ლიბერალური ექსპანსიონიზმის დაძლევა და ჩვენი თვითმყოფადობის შენარჩუნება და ჰარმონიული განვითარება ისტორიულად ტრადიციული ღირებულებების მქონე კავკასიის რეგიონში.

4. ჩვენ უნდა ავაშენოთ ისეთი სახელმწიფო, რომელიც წინააღმდეგობაში არ მოვა უფლის მცნებებთან; ხოლო კომპრომისები მართლმადიდებლური სარწმუნოებისა და ქრისტიანული ზნეობის ხარჯზე იმ წითელ ხაზებად უნდა იქცეს, რომლებსაც არ გადავალთ როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკის გატარების დროს.

ოღონდ, ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მოხდება ქართველი ერის სულიერი კათარზისი და ქრისტიანული ზნეობის იმ ღირებულებების შენარჩუნება, რომლებისგანაც, ბოლო 30 წელია, ასე თავგამოდებით ცდილობენ დააშორონ ქართველობა.

დავით ლორთქიფანიძე

01.11.2023