რომ არსებობდეს ნომინაცია “წლის სუვერენიტეტი”, 2024-ში მას აუცილებლად საქართველოს სახელმწიფო მიიღებდა.
და ეს არ არის ლიტონი სიტყვები, ან ურაპატრიოტული განცხადება.
დასავლეთი ათწლეულებია წარმატებით იყენებდა “ფერადი რევოლუციების” მექანიზმს მისთვის არასასურველი მთავრობების დამხობის მიზნით და, შეიძლება ითქვას, პირველი ქვეყანა, სადაც მან სისტემურ დონეზე განიცადა მარცხი – ეს არის 2024 წლის საქართველო (რასაკვირველია, პროცესები შარშან არ დაწყებულა და ეს იყო დასავლეთის მრავალსვლიანი თამაში საქართველოს მაიდანიზაციის მიზნით).
საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო როგორც ძალაუფლების, ასევე ქვეყნის რეალური სუვერენიტეტის შენარჩუნება და მისი დაფიქსირება საერთაშორისო დონეზე (რასაკვირველია, საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს და დასავლეთი ეცდება რევანშის აღებას, მაგრამ ამ ეტაპზე მაიდნის მცდელობა მთლიანობაში ჩაიფუშა).
მაშ, როგორ შეძლო პატარა საქართველომ გაეწია წარმატებული წინააღმდეგობა კოლექტიური დასავლეთისთვის, რომელსაც გააჩნია ულევი რესურსი და დასაყრდენი ჩვენი ქვეყნის შიგნით არც თუ ისე მცირე ლიბერალური მეხუთე კოლონის სახით?
შეიძლება ვთქვათ, რომ ეს მოხერხდა:
▪ შეცვლილი გეოპოლიტიკური სიტუაციის პირობებში (და ეს მართლაც ასეა);
▪ ხელისუფლების ურყევი ნებისა რეალურად დაპირისპირებოდა დასავლეთს (და ეს მართლაც ასეა), რა დროსაც ერთმანეთს დაემთხვა ქართველობის უმრავლესობისა და ხელისუფლების ინტერესები;
▪ ქართული სპეცსამსახურებისა და სხვა ძალოვნების მაღალპროფესიონალური მუშაობის შედეგად (და ეს მართლაც ასეა და დიდი მადლობა მათ გაწეული თავდადებისთვის);
▪ სხვა გეოპოლიტიკური მოთამაშეების ფარული მხარდაჭერის შედეგად (და, ალბათ, ეს მართლაც ასე იყო, თუმცა იმავე ყაზახეთისგან განსხვავებით, სადაც ფერადი რევოლუციისგან ქვეყანა იხსნა არა ხელისუფლების სიძლიერემ და სახელმწიფო ინსტიტუტების სიმტკიცემ, არამედ რუსული სადესანტო ნაწილების მყისიერმა ჩარევამ (ОДКБ-ს მანდატით), საქართველოს შემთხვევაში არანაირი მსგავსი ღია ქმედებები არ დაფიქსირებულა);
▪ ქართველი ხალხის არჩევანმა, ჰქონდეს რეალური სუვერენიტეტის მქონე სახელმწიფო (და ეს მართლაც ასეა და ხალხის ამ ნებისა და მხარდაჭერის გარეშე ხელისუფლებას გაუჭირდებოდა წინააღმდეგობის გაწევა).
მაგრამ, მოდით, ღიად ვთქვათ, რომ მიღწეული წარმატების უმთავრესი განმაპირობებელი არის უფლის წყალობა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მფარველობა, რის გარეშეც ყოველი ქმედება ფუჭია.
აქ კი უნებლიედ გვახსენდება ის, რომ ე.წ. პანდემიის საყოველთაო მსოფლიო ისტერიისა და წნეხის პირობებში ქართულმა ეკლესიამ და მისმა საჭეთმპყრობელმა გამოიჩინა სიმტკიცე და, მიუხედავად ყველაფრისა, აღდგომის დღესასწაულზე საქართველოში არ დახურულა ტაძრები (აქვე ისიც ვთქვათ, რომ ხელისუფლებაც არ ახდენდა ისეთ პრესს ეკლესიაზე, როგორც ეს სხვა ქვეყნებში მოხდა და ჩვენ თავად ვნახეთ, თუ როგორ ლმობიერად იქცეოდნენ სამართალდამცავები ღამისთევის დროს).
ასევე, გვახსენდება ისიც, რომ მიუხედავად არნახული ზეწოლისა, ერისა და ბერის ერთობითა და უფლის წყალობით, საქართველოში მაინც ვერ შეძლეს სოდომიტური აღლუმების გამართვა (რაც, სამწუხაროდ, ძალიან ბევრმა ქვეყანამ ვერ შეძლო).
აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მანამდე წარმოუდგენელი რამ მოიმოქმედა – მიიღო სოდომიის პროპაგანდის ამკრძალავი კანონი, რაც უფლის მცნების დაცვა და ძალზე სერიოზული დარტყმაა ლიბერალური დღის წესრიგისთვის.
რასაკვირველია, არავინ იცის რანაირად განვითარდება მომავალში მოვლენები, მაგრამ ახლა ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, თუ როგორ გამოიყენებს ამ მიღწეულ გამარჯვებას ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ქართველი ხალხის კეთილდღეობის საქმეში.
ღმერთმა დალოცოს და დაიფაროს სრულიად საქართველო!
გილოცავთ შობა-ახალ წელს!
დავით ლორთქიფანიძე
01.01.2025