ამ სტატიას არ აქვს პრეტენზია აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე და მასში გაჟღერებული მოსაზრებები და დასკვნები ეფუძნება ავტორის ხელთ არსებულ ინფორმაციას. სამყარო ცვალებადია და მოვლენები დინამიური, ხოლო სრული ინფორმაციის ფლობა – შეუძლებელი. ამიტომ, ესა თუ ის დასკვნა შეიძლება აღარ იყოს აქტუალური და რელევანტური შეცვლილი რეალობიდან გამომდინარე. შესაბამისად, აქ არის მცდელობა საუბარი გვქონდეს პროცესების ზოგად დინამიკასა და იმ ტენდენციებზე, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით აისახება, ან შეიძლება აისახოს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
I. შესავალი
სანამ ძირითად საკითხზე გადავალთ, ორიოდე სიტყვით გვსურს მკითხველის ყურადღების შეჩერება ერთ ასპექტზე.
ხშირად (ჩვენთანაც და უცხოეთშიც) გავრცელებულია მოსაზრება, თითქოს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს პირამიდის ფორმა აქვს, რომლის თავიც ერთგვარ “მსოფლიო მთავრობას” წარმოადგენს და ის საიდუმლოდ აკონტროლებს ყველა სახელმწიფოსა და ხელისუფლებას. თითქოს არსებობს ძალაუფლების ერთი ცეტრი, საიდანაც ხდება „მსოფლიოს მართვა“.

ეილერის წრეები
სინამდვილე ცოტათი უფრო რთულია და ის არა პირამიდას, არამედ უფრო ეილერის წრეებს ჰგავს, როდესაც მრავალი წრე ერთმანეთს კვეთს, მაგრამ, ამავე დროს, ყველა მათგანი დამოუკიდებელია. ეს წრეები პერმანენტულად იბრძვიან საკუთარი გავლენის შესანარჩუნებლად და სხვა წრეების შესავიწროვებლად და ამ ბრძოლაში ერთმანეთთან ხან წინააღმდეგობაში მოდიან და ხან თანამშრომლობენ.
მსოფლიო და, განსაკუთრებით კი დღევანდელი მსოფლიო, ძალიან რთული სტრუქტურაა იმისთვის, რომ ის ერთი წერტილიდან იმართებოდეს (ამის მისაღწევად, ალბათ, მინიმუმ ორი ფაქტორია საჭირო: მსოფლიო მოსახლეობის მკვეთრი შემცირება და ნაციონალური სახელმწიფოების გაუქმება, ან 5-6 მეგაკონგლომერატში, ერთგვარ “მაკროზონებში” გაერთიანება).
ერთი მხრივ, ამ „ეილერის წრეებს“ შორის მიმდინარეობს მკაცრი კონკურენცია მომავალში მზის ქვეშ ადგილის დასამკვიდრებლად, ხოლო, მეორე მხრივ, ელიტები, ასევე, ცდილობენ ქვედა ფენების მოკვეთას რესურსებისგან, რადგან ვინც გააკონტროლებს რესურსებს (წყალი, საკვები, ენერგეტიკა, წიაღისეული, ციფრული ტექნოლოგიები, კომუნიკაციები, ფინანსები, მედია…), სწორედ ის გამოვა გამარჯვებული ამ მკაცრი კონკურენციიდან და შეძლებს საკუთარი პრივილეგირებული მდგომარეობის შენარჩუნებას.
II. მეორე მსოფლიო ომამდე
XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან XX საუკუნის მეორე ნახევრამდე კაპიტალისტური სისტემის ბირთვი კლასობრივი კუთხით პირობითად შეიძლება დაიყოს შემდეგნაირად:
1. მმართველი ელიტა
ა) არისტოკრატია;
ბ) საწარმოო და ფინანსური კაპიტალი;
გ) მსხვილი მიწათმფლობელები.
2. ბურჟუაზია
ა) ინტელიგენცია;
ბ) საშუალო და წვრილი კომერსანტები.
(ანუ, საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც შეუძლია გამოიყენოს დაქირავებული მუშახელი).
3. დაბალი ფენა
ა) პროლეტარიატი;
ბ) წვრილი და ღარიბი მიწათმოქმედები.
აღსანიშნავია, რომ კაპიტალისტური სამყაროს ყველა ქვეყნის საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას სწორედ დაბალი ფენა შეადგენდა, რაც იყო კიდეც პოლიტიკურ-სოციალური მღელვარებების მთავარი მიზეზი – სოციალური კიბის ყველაზე დაბალ საფეხურზე მდგომი ადამიანების ბრძოლა უკეთესი ცხოვრებისთვის ზედა საფეხურებზე მყოფთა კეთილდღეობის ხარჯზე რევოლუციების ძირითადი და საუკეთესო მოტივატორი იყო. რომ გამოვიყენოთ თანამედროვე ტერმინი, სწორედ ე.წ. სოციალური ლიფტინგი იქცა მძლავრ იარაღად მთელი რიგი ხელისუფლებებისა თუ ქვეყნების გასანადგურებლად.
ხოლო, ვინაიდან თავად ბურჟუაზია (პირობითად – საშუალო ფენა) არ იყო მრავალრიცხოვანი, შესაბამისად, ის ვერ ახერხებდა ქვემოდან წამოსული სოციალური დესტაბილიზაციის მიმართ ამორტიზატორის ფუნქციის შესრულებას და, როგორც წესი, ხდებოდა არსებული პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ფორმაციის კრიზისი და რღვევა.
III. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ
პოტსდამის კონფერენციამ გააფორმა ახალი მსოფლიო რეალობა, რომელმაც 45 წელზე მეტი გასტანა: სსრკ-ს დაშლამდე მსოფლიო ბიპოლარული გახდა – დასავლეთი და სოციალიტური ბანაკი. ეს იყო თვისობრივად ახალი მდგომარეობა, რომელშიც კაპიტალისტურ სისტემას ეგზისტენციალური კონკურენტი/ალტერნატივა გამოუჩნდა კომუნიზმის სახით.
მეორე მსოფლიო ომის ახალმა რეალობამ „მსოფლიო კაპიტალი“ აიძულა ფინანსური კეთილდღეობის ნაწილი ხალხისთვის დაეთმო, რათა მასებში კომუნისტური იდეოლოგიის ექსპანსიის საფრთხის ნიველირება მოეხდინა. სწორედ ამ პერიოდიდან ხდება მძლავრი საშუალო კლასის ჩამოყალიბება კაპიტალისტურ ქვეყნებში (XX საუკუნის 50-60-იანების „ოქროს ხანა“ დასავლეთში), რომელიც იქცა სოცალური დესტაბილიზაციისა და ჯანყის ბუნებრივ ჩამხშობად, ერთგვარ ფარად დასავლეთის მმართველი ელიტებისთვის.
ძლიერი საშუალო კლასის გაჩენის პროცესის დაწყებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მეორე მსოფლიო ომმა (სამხედრო შეკვეთებმა) და ბრეტონ-ვუდმა[1], რის შედეგაც შესაძლებელი გახადა, ერთი მხრივ, აშშ-ში შეძლებული საშუალო კლასის ჩამოყალიბება, ხოლო მეორე მხრივ, ევროპაში „მარშალის გეგმის“ რეალიზაცია – ომისშემდგომი კრიზისიდან გამოსვლა და ძველ კონტინენტზე ევროპული შეძლებული საშუალო კლასის შექმნა.
IV. საშუალო კლასის გაქრობა
სოციალისტური ბანაკის დამარცხებისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ „მსოფლიო კაპიტალისთვის“ აუცილებლობა შეძლებულ საშუალო კლასში ქრება და იწყება პროცესი, რომელსაც პირობითად შეიძლება დავარქვათ „კაპიტალის დიდი ექსპროპრიაცია“.
XX საუკუნის 70-იანების ბოლოდან დასავლეთში იწყება ეკონომიკური კრიზისები, რაც საშუალო კლასზე დარტყმის პირველი მერცხალი იყო. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უკვე იმ პერიოდში დასავლეთის მმართველმა ელიტებმა იცოდნენ, რომ სოციალისტურ ბანაკს დიდი დღე აღარ ეწერა (სწორედ 70-იანებიდან, „რომის კლუბის“ პროექტიდან მოყოლებული ხდება სსრკ-ს პარტიული ელიტის ნაწილის მოჩვენებითი ინკორპორირება დასავლურ ელიტაში, რამაც დიდი წვლილი ითამაშა საბჭოეთის დაშლაში) და, შესაბამისად, ნელ-ნელა ქრება აუცილებლობა მდიდარ საშუალო კლასში; „მსოფლიო კაპიტალი“ იწყებს მანამდე გაცემული ფინანსური კეთილდღეობის უკან დაბრუნებას (ჯერჯერობით ამ ჯაჭვში ყველაზე დიდი დარტყმა 2008 წლის მსოფლიო კრიზისი იყო, თუმცა რეგრესის გრძელვადიანი უწყვეტი პროცესი სახეზეა – შეადარეთ გასული საუკუნის 60-70-იანი წლების დასავლელი საშუალო კლასის წარმომადგენელი დღევანდელ წარმომადგენელს და მივიღებთ თვალშისაცემ კონტრასტს).
V. სსრკ და სოციალისტური ბანაკი
რა პროცესები ვითარდება საბჭოთა კავშირსა და სოცალისტურ ბანაკში. ვეცდებით შეძლებისდაგვარად მოკლედ გადმოვცეთ სათქმელი, რათა არ გადავღალოთ თქვენი ყურადღება.
დასავლეთისგან განსხვავებით, საბჭოთა მოდელში ხალხი ფლობდა ყველა სიმდიდრეს სახელმწიფოს მეშვეობით და აქ სოციალური დესტაბილიზაციის საფუძველი, კაპიტალისტურ სისტემასთან შედარებით, მინიმალური იყო. არ იყო ბრძოლა კლასებს შორის მათი არარსებობის გამო (სსრკ-ში ოფიციალურად უკლასო საზოგადოება იყო). თუმცა, მიუხედავად ამისა, საბჭოეთში მაინც განვითარდა ისეთი ფარული პროცესები, რომლებმაც, საბოლოო ჯამში, მის დაშლამდე მიგვიყვანა.
სტალინის ეპოქა
სტალინური სოცალიზმის პერიოდში იყო ე.წ. ფუნქციონერების კვაზი-კლასი, რომელიც არ ფლობდა სიმდიდრეს კლასიკური გაგებით და რომლის მთავარი მატერიალური ინტერესი (სარგებელი) იყო თანამდებობრივი პრეფერენციები (სპეცკვება და საყოფაცხოვრებო ნივთების სპეცმომარაგება, სამსახურეობრივი ბინა, ავტომობილი, აგარაკი, მომსახურე პერსონალი და ა.შ.).
ფუნქციონერების ამ კვაზი-კლასის მყარ კლასად ჩამოყალიბებას სტალინი ებრძოდა კადრების ხშირი როტაციით (მათ შორის „რკინის ხელის“ მეთოდებით, რომლის დროსაც ხდებოდა არაკეთილსინდისიერად დაგროვებული მატერიალური დოვლათის ექსპროპრიაცია სახელმწიფოს (ხალხის) სასარგებლოდ.)
პოსტსტალინური ეპოქა
ბრეჟნევის პერიოდიდან ფორმირდება მყარი პარტიულ-ფუნქციონერული კლასი, რომელიც ახერხებს არაფორმალური სიმდიდრისა და (ნაწილობრივ) სახელმწიფო პრივილეგიების შთამომავლობით გადაცემას. უპირველეს ყოვლისა, ეს გამოწვეულია მმართველ ელიტასა და მსხვილ ფუნქციონერულ რგოლში კადრების როტაციის მინიმუმამდე დაყვანითა და ამ წრეებში მოხვედრის სირთულით.
ასევე, გაჩნდა სხვა არაოფიციალური კლასიც, რომელმაც დაიწყო მატერიალური დოვლათის არაფორმალური აკუმულირება – ე.წ. „ცეხავიკები“.
აქ თავისი როლი შეასრულა იმ პერიოდში საბჭოთა კავშირში შემოსულმა ნავთობდოლარების კოლოსალურმა მასამ (რამაც, ასევე, სტიმული მისცა არალეგალური ეკონომიკის განვითარებას, რომლისგანაც მოგება ჰქონდათ როგორც მმართველ ელიტებს, ასევე არაფორმალურ საქმოსანთა მთელ პლასტს).
ხალხისგან დოვლათის ექსპროპრიაცია პოსტსაბჭოთა პერიოდში
ეს პროცესი ნაწილობრივ დაწყებულია სსრკ-ს დროს, როდესაც დოვლათი ეტაპობრივად აკუმულირდებოდა ეკონომიკის ლეგალური სექტორიდან არალეგალურ სექტორში (პარტელიტა, ბიუროკრატია, „ცეხავიკები“…).
დასავლეთმა იცოდა, რომ ძალიან რთულია პოსტსაბჭოტა სივრცის მთელი მოსახლეობის ასე პირდაპირ გაძარცვა. ამიტომ გაუშვეს ე.წ. პრივატიზაცია, რომლის დროსაც რამდენიმე ათეულობით ათასმა ადამიანმა, ფაქტობრივად, გაძარცვა დანარჩენი 290 მილიონი ადამიანი. თავის მხრივ კი ეს ნაძარცვი, აქტივების სახით, ისევ იმავე დასავლეთში აკუმულირდა.
ასევე მნიშვნელოვანი იყო ხალხში დარჩენილი ფულადი და არაფულადი დოვლათის ამოღება ფინასნური პირამიდების მეშვეობით. ხოლო რაც ვერ ამოიღეს, მოსახლეობას უბრალოდ გაუნულეს ჰიპერინფლაციის, კუპონიზაციისა და არსებული ეკონომიკური ურთიერთობის რღვევის გზით.
თითქმის ანალოგიური პროცესები მიმდინარეობდა სოციალისტური ბანაკის წევრ სხვა ქვეყნებშიც.
VI. საითკენ მივდივართ
მიმდინარე პროცესების ზოგადი ანალიზის საფუძველზე, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ კაპიტალის ექსპროპრიაციის ეს გლობალური პროცესი უნდა დასრულდეს მსოფლიო მოსახლეობის გაღარიბებით (ფაქტობრივად კი მონურ მდგომარეობაში აღმოჩენით) და კერძო საკუთრების ცნების გაქრობით. სწორედ ამ კონტექსტშია განსახილველი კოლექტიური შვაბების „ინკლუზიური კაპიტალიზმის მესიანიზმი“ (ცხოვრება ქირით და პერსპექტივაში კერძო საკუთრებაზე უარის თქმა…).
ექსპერტების შეფასებით, დღეს მსოფლიო აქტივები დაახლოებით 90-100 ტრილიონია.
აქედან მსოფლიო მოსახლეობის:
1% (ე.წ. „მსოფლიო კაპიტალი“ + მათი გარემოცვა) – აკონტროლებს 35 ტრილიონს;
12-15% (საშუალო ფენა) – 40 ტრილიონს.
დანარჩენ მოსახლეობაზე მოდის დარჩენილი თანხა.
„მსოფლიო კაპიტალის“ მიზანი არ არის თავად ფული – მათ აქვთ სიმდიდრის ულევი რესურსი (რამდენიც უნდათ, იმდენ ფულს დაბეჭდავენ), მათთვის მთავარია დანარჩენებს (პირველ რიგში, საშუალო ფენას) წაართვან ფული არა სიმდიდრის გამო, არამედ ხალხის კონტროლის მიზნით (მათი მთავარი მოტივატორი ძალაუფლების ქონა და მისი შენარჩუნებაა). აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კაპიტალის ექსპროპრიაცია გულისხმობს პერსპექტივაში მოსახლეობიდან როგორც დანაზოგის, ასევე ქონებისა და ნაღდი ფულის ამოღებასაც (ნაღდი ფულის შეზღუდვა, ციფრული ვალუტები, მინიმალური საბაზისო შემოსავალი და ა.შ.).
ოჯახის ინსტიტუტის რღვევა
აუცილებელია აღინიშნოს, რომ ტანდემი ადამიანი-ოჯახი-საზოგადოება არის წინააღმდეგობის ის ღერძი, რომლითაც საყოველთაო გლობალიზაციის პირობებშიც კი შესაძლებელია ლიბერალურ სისტემასთან დაპირისპირება როგორც პიროვნულ, ასევე სახელმწიფოებრივ დონეზე.
ამიტომ კაპიტალის ექსპროპრიაციასა და კერძო საკუთრების გაქრობაში ფუნდამენტური ადგილი უკავია ოჯახის ინსტიტუტის მოშლას, რადგან ოჯახი არის ის უმთავრესი რგოლი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს პიროვნებასა და საზოგადოებას. სწორედ ოჯახი, როგორც საზოგადოებრივი იერარქიის უმცირესი, მაგრამ, ამავე დროს, უპირველესი ერთეული, არის ის ქვაკუთხედი, რომელიც განაპირობებს მთლიანად საზოგადოების და, შესაბამისად, სახელმწიფოს სიჯანსაღესა და სიძლიერეს (რასაკვირველია, ოჯახის ინსტიტუტის გაქრობის უმთავრესი მიზანია ხალხის გარყვნა და მსოფლიო მოსახლეობის მომზადება ანტიქრისტეს მისაღებად, მაგრამ სუფთა ეკონომიკური ფაქტორიც ასევე მნიშვნელოვანია. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ეს ორი ფაქტორი მჭიდროდაა გადაჯაჭვული ერთმანეთთან).
ოჯახის ინსტიტუტის წინააღმდეგ ბძოლაში შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე ძირითადი ასპექტი:
ა) ახალგაზრდა თაობების მორალურ-ზნეობრივი დეგრადაცია (სოდომიის ინდოქტრინაცია, თავისუფალი სექსუალური ცხოვრების წესის საყოველთაობა, აბორტების ლეგალიზაცია);
ბ) განათლების ფუნდამენტური სისტემის მოშლა, ახალგაზრდობის მენტალური დეგრადაცია და „ტიკტოკერების“ თაობების გამოზრდა, რომელთაც ატროფირებული აქვთ კრიტიკული აზროვნება და ავტორიტეტად ხელოვნური ინტელექტი მიაჩნიათ;
გ) პატრიარქალური ოჯახის ჩამოშლა და მასში როლების აღრევა;
დ) საზოგადოების, უპირველესად კი მანდილოსნების ფემინიზაცია და მათთვის არაბუნებრივი, მამაკაცური როლების შეთვისება, როგორც ოჯახში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ხოლო კაცების გაქალაჩუნება და მამაკაცური როლების ატროფირება, რაც იწვევს ორივე სქესის წარმომადგენლების სოციალური ქცევის ცვლილებას/დამახინჯებას;
ე) ეგოისტი თაობების აღზრდა.
შედეგად, ვღებულობთ ადამიანს, რომელსაც არ აქვს სოციალური მოტივაცია (პასუხისმგებლობა საზოგადოების/წინაპრების წინაშე) და სტიმული, ჰქონდეს ნებისმიერი საზოგადოების ფუნდამენტი – ოჯახი. ხდება გვარის/გენის გაგრძელებისა და ახალგაზრდა თაობებისთვის წინაპართა ღირებულებების გადაცემის უწყვეტობის დარღვევა. ეული, ეგოისტი და ოჯახის არმქონე ადამიანი არ მრავლდება (ან „რთულად მრავლდება“) და მარტივად ჯდება ინკლუზიური კაპიტალიზმის „ქირით არსებობის“ მოდელში.
„საოცარი ახალი სამყარო“
მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი კაპიტალის დიდი ექსპროპრიაციის საქმეში არის მსოფლიო ეკონომიკის თვისობრივი გადაფორმატირება. ინკლუზიური კაპიტალიზმის პირობებში ქრება აუცილებლობა მუშახელზე, როგორც კლასზე. მეტიც, „საოცარ ახალ სამყაროში“ მუშახელის მასები საფრთხეს უქმნიან მსოფლიო ელიტებს, რადგან მუშათა კლასი ან უნდა გარდაიქმნას შეძლებულ საშუალო კლასად (როგორც მეორე მსოფლიო ომის შედეგ), ან ისევ გახდეს დესტაბილიზაციისა და სოცალური კიბის რყევების მიზეზი (როგორც ეს იყო მეორე მსოფლიო ომამდე).
სწორედ ამ პრობლემის გლობალურად განეიტრალებას ემსახურება:
ა) დეინდუსტრიალიზაცია – თუკი მოიშლება არსებული ეკონომიკური ურთიერთობები და აღარ იქნება ჭარბი საწარმოო სიმძლავრეები, ხალხის მასებიც ვეღარ შეძლებენ ეკონომიკური დოვლათის დაგროვებას. ამავე მიზანს ემსახურება რობოტიზაციის მზარდი პროცესი (მათ შორის ე.წ. ხელოვნური ინტელექტის), რომელსაც საწარმოო ციკლში ადამიანების მასიურად მანქანებით ჩანაცვლებისკენ მივყავართ. ამიტომ, თითქმის ყველა ქვეყანაში, მცირდება ეკონომიკის რეალური სეგმენტი და წინა პლანზე გამოდის ეკონომიკის არამწარმოებელი ნაწილი.
ბ) ჰიპერურბანიზაცია – ფერმერული მეურნეობების განადგურება, ხალხის მასების მოწყვეტა მიწიდან და ბეტონის ჯუნგლებში/გეტოებში გამომწყვდევა. მთელი ეს ეკოფაშიზმი – „გლობალური დათბობის” თემა და ე.წ. „მწვანე დღის წესრიგი“ უპირველესად მიმართულია სოფლის მეურნეობის განადგურებისკენ. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ახლო მომავალში აღარ იარსებოს თავისუფალმა ფერმერმა, რათა ყველა დამოკიდებული გახდეს მაღაზიის საკვებზე, ხოლო მაღაზიაში საკვებს მიაწვდიან კორპორაციები. თუ არ გაქვს საკუთარი მეურნეობა, დამოკიდებული ხარ სახელმწიფოზე და კვების მრეწველობის (მათ შორის აგროპროდუქტის) მსხვილ მომწოდებლებზე, ანუ გლობალისტების ტრანსნაციონალურ კორპორაციებზე. ასეთი მდგომარეობა ქალაქში გამოკეტილ მოსახლეობას სრულიად უუნაროს გახდის, გაუწიოს მეტნაკლებად ეფექტური წინააღმდეგობა სისტემას.
გ) მსოფლიო მოსახლეობის მკვეთრი შემცირება, ხოლო დარჩენილი მასების მინიმალურ საბაზისო შემოსავალსა და ხელოვნურ საკვებზე დასმა. კაცობრიობის პოპულაციის კონტროლი ერთ-ერთი საკვანძო საკითხია „მსოფლიო კაპიტალის“ დღის წესრიგში, ვინაიდან პლანეტის მზარდი მოსახლეობა საფრთხეს უქმნის ელიტების განსაკუთრებულ მდგომარეობას. მათი ლოგიკა გასაგებია – მოსახლეობის ზრდით იზრდება არსებული ელიტებისთვის იმ პოტენციური კონკურენტების რიცხვი, ვისაც თეორიულად მომავალში მათი ადგილის დაკავება შეიძლება მოუნდეს. ანუ, მოსახლეობის ოდენობის კონტროლით ხდება მომავალი რევოლუციებისა და სოცალური აფეთქებების რისკების მინიმიზაცია (თუმცა ამის სრული პრევენცია, რასაკვირველია, შეუძლებელია). გარდა ამისა, სუფთა ეკონომიკური კუთხით, შეუძლებელი და არარაციონალურია პირობითი 8 მილიარდი ადამიანის დასმა მინიმალურ საბაზისო შემოსავალზე – ეს არნახული ფინანსური და მატერიალური რესურსების მობილიზებას მოითხოვს.
თუკი ოდნავ ჩავუღრმავდებით, დავინახავთ, რომ ეს ყბადაღებული „მწვანე დღის წესრიგი“ ერთ-ერთი ქმედითი ინსტრუმენტია არა მარტო არსებული ეკონომიკური მოდელის მოშლისა და მოსახლეობის კონტროლის მხრივ, არამედ მსოფლიო მოსახლეობის შემცირებისა და ოჯახის ინსტიტუტის წინააღმდეგ ბრძოლაშიც. ეკოფაშისტებისა და ფემინისტების მარტო ის ერთი ლოზუნგი რად ღირს – „ნუ გააჩენ ბავშვს, დარგე ხე, გადაარჩინე პლანეტა“ – რომელიც პირდაპირი მოწოდებაა კაცობრიობის გადაშენებისკენ.
ეს ყველაფერი „შეთქმულების თეორიების“ რიგიდან რომ არ არის, ამას კარგად ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი პირველი, ვინც საჯაროდ, ასე ვთქვათ, მაღალი ტრიბუნიდან განაცხადა მოსახლეობის შემცირების აუცილებლობის შესახებ “ეკოლოგიის სასარგებლოდ”, იყო ჯულიან ჰაქსლი – ბრიტანელი გენეტიკოსი (ევგენიკოსი[2]), UNESCO-ს პირველი გენერალური დირექტორი (1946-1948 წწ.). ეს ადამიანი ფაქტობრივად არის თანამედროვე ე.წ. “მწვანე დღის წესრიგის” ფუძემდებელი.
აღსანიშნავია, რომ პირველ ეტაპზე UNESCO კურირებდა კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სფეროებს და, ფაქტობრივად, მას უნდა განესაზღვრა ომის შემდგომი კაცობრიობის ინტელექტუალური განვითარების მიმართულება.
ასევე აღსანიშნავია, რომ ჯულიან ჰაქსლის ძმა იყო ოლდოს ჰაქსლი – მწერალი, გახმაურებული ანტიუტოპიის, “საოცარი ახალი სამყაროს” ავტორი (ვინც ამ თემებში მეტ-ნაკლებად ჩახედულია, ასეთი “დამთხვევა”, ალბათ, არც გაუკვირდება).
დავით ლორთქიფანიძე
10.12.2025
_ _ _
1. ფულადი ურთიერთობებისა და სავაჭრო ანგარიშგებების საერთაშორისო სისტემა, რომელიც ბრეტონ-ვუდსის კონფერენციაზე მიიღეს 1944 წლის 1-22 ივლისს. სისტემის ფარგლებში აშკარად გამოკვეთილი იყო აშშ-ის, როგორც მსოფლიო ეკონომიკის ლიდერის როლი, რადგან მთელი ვალუტების დოლარზე მიბმა მას მრავალ უპირატესობებს აძლევდა.
2. ევგენიკა – რასობრივი უპირატესობის თეორია, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელია გაუმჯობესებული გენეტიკური მასალის მქონე მოსახლეობის მიღება და ასევე შეიძლება არასასურველი გენეტიკური მასალის მოშორება. საფუძველი დაედო დიდ ბრიტანეთში, საიდანაც გავრცელდა აშშ-სა და ევროპაში. ბრიტანეთის გარდა ფართო მეცნიერული და პრაქტიკული გამოყენება ჰპოვა ნაცისტურ გერმანიაში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევგენიკა სხვა, უფრო ნეიტრალური ტერმინით – გენეტიკით ჩაანაცვლეს. ტერმინი “ევგენიკა” პირველად გამოიყენა ჩარლზ დარვინის ბიძაშვილმა – ფრენსის ჰალტონმა.










