2016 წლის 1 მარტს ევროპის საბჭოს ევროპულმა კომისიამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI – European Commission against Racism and Intolerance) გამოაქვეყნა მოხსენება საქართველოს შესახებ, სადაც საქართველოს მთავრობას 23 რეკომენდაციას სთავაზობს.
მათ შორის არის მოთხოვნა ტრანსგენდერებთან დაკავშირებით:
“110. სქესის შეცვლის ოპერაციის კრიტერიუმები ბუნდოვანია და არ არის სტანდარტიზებული. ასევე არ არის ცხადი მოთხოვნები ახალი გენდერული იდენტობის ცნობასა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების ცვლილებასთან მიმართებით. ECRI განსაკუთრებულად ამახვილებს ხელისუფლების ყურადღებას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2048 (2015) რეზოლუციაზე.
111. ECRI იძლევა რეკომენდაციას, რომ ხელისუფლებამ ნათელი სახელმძღვანელო პრინციპები შეიმუშაოს სქესის შეცვლის პროცედურებსა და მათ ოფიციალურ აღიარებასთან მიმართებით.” (გვ. 40)
* * *
აღსანიშნავია, რომ ამავე მოხსენებაში ევროპის საბჭო უკმაყოფილებას გამოხატავს საგანმანათლებლო სფეროში (სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში) ლგბტ საკითხების არასათანადოდ წარმოჩინებაზე, წუხს საქართველოში “ერთსქესიანი პარტნიორობის/ქორწინების” არარსებობაზე და მორიგ რეკომენდაციებს იძლევა ამ “პრობლემების” აღმოსაფხვრელად:
“106. ხელისუფლებამ [იგულისხმება საქართველოს ხელისუფლება] აცნობა ECRI-ს, რომ საგანმანათლებლო სექტორში არ დანერგილა სპეციალური პროგრამები ლგბტ პირთა მიმართ ტოლერანტობის ხელშეწყობისათვის, არც სკოლებში და არც უნივერსიტეტებში. დისკუსია ჰომოსექსუალიზმის არსებობაზე არ არის ჩართული სკოლის სასწავლო პროგრამებში. ლგბტ საკითხებზე ბალანსირებული და ობიექტური სწავლების არარსებობის გამო მოსწავლეები მოწყვლადნი რჩებიან ქართულ საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული ჰომო/ტრანსფობიური დისკურსის მიმართ.” (გვ. 39)
“108. ევროპული კომისია იძლევა რეკომენდაციას, გადაიდგას ნაბიჯები ლგბტ პირთა წინააღმდეგ მიმართულ შეუწყნარებლობასა და დისკრიმინაციასთან საბრძოლველად. ეს უნდა განხორციელდეს ლგბტ თემსა და სახალხო დამცველთან თანამშრომლობით, რომელმაც უნდა მიიღოს სათანადო დახმარება ლგბტ-სადმი მიძღვნილი დეპარტამენტის შექმნაში. ასევე, შემუშავდეს სათანადო ელემენტები სკოლებში ცნობიერების ასამაღლებლად.” (გვ. 39)
“109. ამჟამად საქართველოში არ არის აღიარებული რაიმე სახის ერთსქესიანი პარტნიორობა. ეს იწვევს სხვადასხვა სახის დისკრიმინაციას სოციალურ უფლებათა სფეროში. ამ მხრივ, ECRI ხელისუფლების ყურადღებას ამახვილებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციაზე CM/Rec(2010)5 წევრი სახელმწიფოების მიმართ, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძვლებზე დისკრიმინაციასთან ბრძოლის შესახებ.” (გვ. 39)
* * *
ევროპული კომისიის შეფასებასა და რეკომენდაციებში ნახსენებია პატრიარქიც და ის დადანაშაულებულია “სიძულვილის ენით” საუბარში:
“37. სიძულვილის ენა გამოიხატა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ საჯარო ღონისძიებათა წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე – მაგალითად, 2013 წლის მაისში (იხ: თავი I.3). საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა ლგბტ ღონისძიებებს „ქართველი ერის შეურაცხყოფა“, ჰომოსექსუალიზმს კი „დაავადება“ უწოდა.” (გვ. 21)
(წყარო: “ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ – მოხსენება საქართველოს შესახებ” http://www.coe.int)
(დოკუმენტის სრული ვერსია)
ZNEOBA.GE-ს რედაქცია