წმიდა მამები ხორციელი და სულიერი მარხვის შესახებ

წმიდა მამები ხორციელი და სულიერი მარხვის შესახებ

“მარხვა სამოთხეში დაკანონდა. ადამმა ასეთი პირველი მცნება მიიღო: „ხისა მისგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა არა სჭამოთ მისგან (დაბ. 2,17). ხოლო ეს „არა სჭამოთ“, არის მარხვისა და თავშეკავების დაკანონება. ევას რომ ემარხულა და ხის ნაყოფი არ ეჭამა, ჩვენ ამ მარხვის საჭიროება აღარ გვექნებოდა. რამეთუ „არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა“ (მათ. 9,12). ჩვენ ცოდვით ვართ დაზიანებულნი, ვიმკურნალოთ სინანულით; ხოლო სინანული მარხვის გარეშე არასრულყოფილია.”
წმ. ბასილი დიდი

“სასარგებლო და აუცილებელია მარხვებთან დაკავშირებული კანონიკური წესების დაცვა, მაგრამ თუკი მარხვის შემდეგ არ დავიცავთ ზომიერებას საკვების მიღებაში, წესების დაცვა სიწმინდემდე ვერ მიგვიყვანს.”
წმ. იოანე კასიანე რომაელი

“ნაყროვანება (ზომაზე მეტის ჭამა) აახლოებს სიბერესთან, აჩლუნგებს გრძნობებს, აბნელებს აზრს, აბრმავებს გამჭრიახ გონებას, სხეულს სინოტივით ავსებს, აგროვებს ჩირქს, იწვევს მრავალგვარ სნეულებას და წარმოქმნის დიდ სიმძიმესა და უზომო სიმსუქნეს.”
წმ. იოანე ოქროპირი

“ნაყროვანების ვნება, როგორც ვნებების დედა, პირველ რიგში შობს ძლიერ სიძვის ვნებას.”
ღირსი აბბა ისაია

“მარხვის დამარღვეველნი თავს იბილწავენ, მაგრამ არა საჭმლით, არამედ ღვთის მცნების დარღვევით, ურჩობითა და სიჯიუტით. ისინიც, ვინც მარხულობენ, მაგრამ გულს წმინდად არ იმარხავენ, არ ითვლებიან წმინდად. საჭიროა ერთიცა და მეორეც: ხორციელი მარხვაც და სულიერიც. ასეა ნათქვამი სწავლებებში და ასე იგალობება ეკლესიაში.
წმ. თეოფანე დაყუდებული

“ჭეშმარიტი და სწორი მარხვაა – ყოველივე ბოროტებისგან თავშეკავება. ქრისტიანო, თუ გინდა, რომ მარხვამ სარგებელი მოგიტანოს, მაშინ ხორციელ მარხვასთან ერთად სულიერადაც იმარხულე, და იმარხულე ყოველთვის. როგორც შენს მუცელს ადებ მარხვას, ასევე დაადე ბოროტ აზრებსა და ახირებებს. იმარხულოს შენმა გონებამ ამაო აზრებისაგან. იმარხულოს მეხსიერებამ ძვირისმომხსენებლობისაგან. იმარხულოს შენმა ნებამ ბოროტის მოსურნეობისაგან. იმარხულონ შენმა თვალებმა ცუდი სანახავისაგან: „მოაქციენ თუალნი ჩემნი, რაჲთა არა იხილონ ამაოებაჲ“ (ფსალმ. 118,37). იმარხულონ შენმა ყურებმა ბილწი სიმღერებისა და ცილისმწამებელი ჩურჩულისაგან. იმარხულოს შენმა ენამ ცილისწამებისაგან, განკითხვისაგან, მკრეხელობისაგან, სიცრუისაგან, მლიქვნელობისაგან, ბილწსიტყვაობისაგან, და ყოველგვარი უქმი და არაჯანსაღი სიტყვისაგან. იმარხულონ შენმა ხელებმა ცემისა და სხვისი საკუთრების ტაცებისაგან. იმარხულონ შენმა ფეხებმა ბოროტ საქმეზე სიარულისგან. „მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი“ (ფსალმ. 33,15; 1 პეტ. 3,11). აი, ქრისტიანული მარხვა, რომელსაც ღმერთი ჩვენგან ითხოვს: შეინანე, თავი შეიკავე ყოველგვარი ბოროტი სიტყვის, საქმისა და აზრისაგან, ისწავლე ყოველგვარი სათნოება, და ღვთის წინაშე ყოველთვის მარხვაში იქნები.”
წმ. ტიხონ ზადონელი

“რითი დავიწყოთ, – ამბობს მაკარი დიდი, – ვინც არასოდეს ვიყავით დაკავებულნი ჩვენი გულების გამოკვლევით? გარეთ მდგომებმა ლოცვითა და მარხვით ვაკაკუნოთ, როგორც უფალმა გვიბრძანა: „ირეკდით, და განგეღოს თქუენ“ (მათე 7,7).”
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

სულის მოუსვენრობა და ვნებები სისხლს ხრწნიან და ჯანმრთელობას ძირფესვიანად აზიანებენ. მარხვა და საერთოდ, მარხული ცხოვრება საუკეთესო საშუალებაა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად…

წყარო: martlmadidebloba.ge

ფოტოს ავტორი: ნიკოლოზ დუმბაძე