წმიდა დიდმარხვისათვის – აბბა დოროთე

წმიდა დიდმარხვისათვის – აბბა დოროთე

თავდაპირველად მოციქულებმა მარხვის 7 კვირიაკე დააწესეს. 7 კვირა შაბათ-კვირის გარდა 35 დღეს მოიცავს; ამას ემატებოდა მარხვა დიდ შაბათს და აღდგომის ღამე, როგორც ნახევარი დღე. ამგვარად, სულ 36,5 დღე გამოდიოდა ანუ 365 დღის ზუსტად მეათედი ნაწილი.

ნეტარია, ვინც დაიცავს ამ მარხვას, რადგან თუკი ვინმემ შესცოდა მთელი წლის განმავლობაში უძლურებისა გამო ან უდებებით, – ამ წმიდა მარხვით მას შეუძლია განიწმიდოს თავი სინანულით. მარხვით განახლდება მისი სული, იქმნება იგი „ახალ კაცად“ და განწმედილი მიეგებება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, მაცხოვრის უხრწნელ სისხლსა და ხორცს ზიარებული. სულიერი სიხარულით აღვსილი მმარხველი აღდგომიდან ზატიკის 50-ე დღეს იდღესასწაულებს. ზატიკი არის „განსვენება და აღდგომა სულისა“, სწორედ ამიტომ არ იდრეკენ ამ დღეებში მუხლს.

ვისაც სურს, მარხვით განიწმიდოს სული თვისი, უწინარეს ყოვლისა, თავი უნდა შეზღუდოს უზომო სმა-ჭამისაგან, რადგან, როგორც წმიდა მამები ამბობენ, „ნაყროვანება ყოველივე ბოროტის დასაბამი არს“. ნუ ვიზრუნებთ, ვიკვებოთ გემრიელი და მრავალფეროვანი კერძებით. ნაყროვანების ორი სახეობა არსებობს: პირველი – გემოთმოყვარებაა, როცა ადამიანს დიდად არ უნდა ჭამა, მისთვის მთავარია გემრიელი საჭმელი მიიღოს, ხოლო თუკი მას უგემურ კერძს შესთავაზებენ, იგი ლუკმას არ ჩაყლაპავს, არამედ უკანვე გამოაგდებს. ამგვარი ადამიანი გემოთმოყვარეა. მეორე სახეობის ნაყროვანება ეწოდება, როდესაც ადამიანისთვის სულერთია, რას შეჭამს, ოღონდ სტომაქი ამოივსოს.

ნაყროვანების ორივე სახეობიდან უნდა მოვიზღუდოთ თავი. თუკი ვინმეს ცოდვებისაგან განწმენდა სურს, უპირველეს ყოვლისა, იგი ამ ორ ცოდვას უნდა განეშოროს.

მსგავსად იმისა, როგორც ცოლთან შეერთება და სიძვა საქმით თითქოს ერთია, მაგრამ განზრახვით განსხვავებული, – ასევე საზრდოს მიღება საქმით ერთია, მაგრამ სხვაა ჭამა ძალის განსამტკიცებლად და სხვაა ჭამა ნაყროვანებით.

საზრდო ზომიერად ასე უნდა მიიღო: შეჭამე მცირედი. თუკი არ გეყო, მცირედიც დაუმატე და ასე, დანაყრებამდე. ისწავლე ზომა, ამგვარად ჭამე ლოცვით და გულში თქვი: „ამის ჭამის ღირსიც არა ვარ!“ ნუ მიბაძავ მათ, ვინც ზედმეტ საზრდოს ხორციელი ნუგეშისთვის ღებულობს.

უწინარეს ყოვლისა, მუცლით მარხვა გვმართებს. ამის შემდგომად ვიმარხულოთ ენით: მოვერიდოთ ძვირის თქმას, ტყუილს, ლანძღვას, მრისხანებას და ყოველგვარ ცოდვას, რომელიც ენიდან მომდინარეობს. ვიმარხულოთ თვალით; ნუ შევხედავთ ვინმეს კადნიერად და ურცხვად.

წმიდა ბასილი დიდი ამბობს: „მარხვით, სათნოდ ღვთისათვის, მივეახლოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს; განახლებულნი და განწმედილნი ღირს ვიქმნეთ წმიდა ზიარებისა“.

თარგმნა მარიამ გაგუამ
გაზეთი “საპატრიარქოს უწყებანი” № 12 (219), 2003 წ.
(იბეჭდება შემოკლებით)