მიტროპოლიტი ზინობი (მაჟუგა) სიცოცხლის ბოლო წლებში ადრიან ლიტურგიას ატარებდა ხოლმე, შემდეგ კი სენაკში შედიოდა და დასასვენებლად წამოწვებოდა, რადგან ავადმყოფობისგან დასუსტებული იყო, ფეხზე დიდხანს დგომა უჭირდა და ცდილობდა, მსახურება არ დაყოვნებულიყო. გამონაკლისი გახლდათ ქერუბინთა საგალობელი, რომლის დროსაც ის ცოცხლებისა და მიცვალებულებისთვის ნაწილებს იღებდა. მაშინ 90 წლის მოხუცს თითქოს დროც ავიწყდებოდა და უძლურებაც.
მეუფე ზინობი ამბობდა, რომ პატიმრობისას ის განსაკუთრებით ევედრებოდა ღვთისმშობელს და მის შეწევნასაც გრძნობდა. ერთ გლინელ ბერს, რომელსაც ძმათა დაბეზღებას აიძულებდნენ, მისთვის მოუყოლია, როცა ერთხელ ნაცემი და ნაწამები კვლავ წყალშემდგარ კამერაში ჩამაგდეს, ტკივილის ნაცვლად, უჩვეულო, შეუდარებელი სიხარული ვიგრძენი. არა მარტო სულში, არამედ მთელი სხეულითაც მხურვალედ ვმადლობდი ღმერთს, რომ შიშის გამო ცილისმწამებლად არ შევიქმენი, არ გავეცი ქრისტე თანამოძმეთა სახითო.
ბერი ვიტალი (შემდგომში სქემარქიმანდრიტი, სიდორენკო) ამბობდა: “როცა პირველად მოვინახულე მეუფე ზინობი, ვიხილე, მას იესოს ლოცვა განუწყვეტლივ უმოძრავებდა გულში”.
მახსენდება ერთი შემთხვევა: ცისკარზე ვმსახურობდი ალექსანდრე ნეველის ტაძარში. უეცრად მამა ზინობი (მაშინ ჯერ კიდევ არქიმანდრიტი) სწრაფად შემოვიდა საკურთხეველში და მითხრა: “სამეუფეო კარები გააღე”. მიმდინარეობდა სადაგი დღის მსახურება, იკითხებოდა კანონი. ვიფიქრე, ალბათ შეცდა-მეთქი და გადავწყვიტე, შემეხსენებინა, რომ საეკლესიო ტიპიკონით სამეუფეო კარები არ იღება. ამ დროს გვერდით კარიდან შემოვიდა მიტროპოლიტი ეფრემი (მომავალი პატრიარქი). მამა ზინობს სურდა, მღვდელმთავარს შესაფერისად დახვედროდა, მე კი მიხვედრა ვერ შევძელი, რადგან არ ვიყავი მიჩვეული პირველივე სიტყვაზე მორჩილებას. ახლა ვხვდები, რომ მორჩილება არ აყოვნებს, სიმდაბლე კი წინ არ აღუდგება და არ მრავლისმეტყველებს.
ერთი მღვდელმონაზონი ჰყვებოდა: “ჯერ კიდევ ახალგაზრდამ მეუფე ზინობს ვთხოვე, ლოვცითი კანონი მოეცა. მითხრა, – ყოველდღე წაიკითხე იესო ტკბილის კანონი და ღვთისმშობლის კანონი, დაუჯდომლის საგალობლითო. მე მათ ვკითხულობდი და ამქვეყნად საუკეთესოდ მეჩვენებოდა. ერთი განსაცელის (შეცდომის) შემდეგ მიტროპოლიტმა კანონი შემიცვალა და მითხრა, რომ წამეკითხა იესო ქრისტეს სინანულის კანონი და ღვთისმშობლის სავედრებელი კანონი, ყოველი მწუხარებისას საგალობელი. ამის მერე მეშინოდა ძველი კანონებისთვის ხელი შემეხო, როგორც უღირსს, და წამეკითხა. როცა რამდენიმე წლის შემდეგ მღვდელმონაზვნად დამასხეს ხელი, ამის შესახებ მიტროპოლიტ ზინობს მოვუყევი. მითხრა, – მე შენ დროებით სხვა ლოცვითი კანონი მოგეცი, მაგრამ ძველის წაკითხვა არ ამიკრძალავს, ილოცე, როცა გინდაო. მაშინ კვლავ წავიკითხე იესო ტკბილის კანონი და ისე გავიხარე, თითქოს სკივრი გავხსენი და შიგ ის ძვირფასი ნივთი ვიპოვე, რომელსაც დაკარგულად ვთვლიდი. როცა ამ კანონს ვკითხულობდი, თავს ისე ვგრძნობდი, როგორც იმ გარდავლილ, დაუვიწყარ ახალგაზრდობის წლებში. მივხვდი, რომ ის, რაც ჩვენს თავს ხდება, კი არ ქრება, არამედ ჩვენი გულის ხსოვნაში ინახება, თუმცა ამის შესახებ არ ვიცით.
ერთმა მღვდელმონაზონმა ჰკითხა მიტროპოლიტ ზინობს, – ზოგიერთი მოსაგრე ბერი იესოს ლოცვის ნაცვლად მარტო იესოს სახელს ამბობსო. მიტროპოლიტმა შეხედა და საყვედურით უთხრა: როგორ მაღლა დაფრინავ? მათ არ შეეძლოთ გული იესოს სახელისთვის მოეცილებინათ, შენ კი შენს მდგომარეობაში იესოს ლოცვაზე მეტად მეზვერის ლოცვა შეგეფერებაო.