რა არის მართლმადიდებლობა?

რა არის მართლმადიდებლობა?

ძვირფასო სულიერო შვილებო!

ჩვენ, თუმც ვართ მართლმადიდებლები, მაგრამ, არსობრივად, ვერ ვწვდებით მართლმადიდებლობის სიმაღლეს, სიღრმესა და მასშტაბს. არადა, მართლმადიდებლობა მთელი თავისი სიწმინდითა და სიდიადით უნდა დავინახოთ.

რა არის მართლმადიდებლობა? მართლმადიდებლობა ჭეშმარიტებაა, მართებული წარმოდგენაა ღმერთზე, ადამიანზე, სამყაროზე. ასე წარმოაჩენს უფალი თავის აღმატებულ სწავლებას წმინდა ცხოვრებითა და კაცობრიობისათვის მსხვერპლგაღებით (რომ. 3. 19-31).

მართლმადიდებლობა არის დოგმატისა და ზნეობის, მჭვრეტელობისა და მოღვაწეობის საოცარი ერთობა.

მართლმადიდებლობაა ის, რაც ოფიციალურად განაჩინა კრებებმა, მსოფლიოს ყველა კუთხის ქრისტიანთა მადლმოსილმა ერთობამ. მსოფლიო კრებებზე წმინდა მამები სულიწმიდის შთაგონებით იღებდნენ გადაწყვეტილებას. საჭირბოროტო საკითხებზე მათ შეადგინეს განსაზღვრება, რაც ადამიანის სულიერი ცხოვრების საფუძველი და ჭეშმარიტი შინაგანი კულტურაა.

სხვადასხვა დროში მართლმადიდებლობა მართალი სისხლით დაადასტურეს მოწამეებმა. წმინდა მხედრობა, მილიონობით გმირი, აღმსარებლები – მამაკაცები, ქალები, ბავშვები, რომის არენებზე თუ საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკებში მოწამეობრივად აღსრულებულნი – ყველა მათგანმა დაამტკიცა, რომ ქრისტიანობა არა უბრალო თეორია, არამედ ჭეშმარიტება და ცხოვრებაა.

შემდეგ ჩამოყალიბდა წესგანგება და ღვთისმსახურება, რომელმაც შესანიშნავი პოეზიითა და შთამაგონებელი გალობით განამშვენა მართლმადიდებლობა. მასში შერწყმულია ბუნებრივი და ზნეობრივი, მიწიერი და ზეციური, ინდივიდუალური და საზოგადოებრივი, სიმარტივე და სიღრმე, ცხადი და საიდუმლოებრივი.

მართლმადიდებელი ეკლესიის სამწყსო ყოველთვის გამოირჩეოდა სიმამაცით და მტკიცედ ხვდებოდა ნებისმიერ გამოწვევას, იულიანე განდგომილის მხრიდან იქნებოდა ეს, არიოზელების, მონოფიზიტების, ხატმებრძოლებისა თუ ლათინო-მოაზროვნეთა მხრიდან.

მართლმადიდებლობას ყოველთვის ახასიათებდა მისიონერობა, ბარბაროსულ ტომებში ქადაგება, რის შედეგადაც მიიღწეოდა კულტურული განათლება. ეკლესია არასდროს ყოფილა დაკავებული პროზელიტიზმით: ის სახარების სინათლესა და ჭეშმარიტებას სიყვარულითა და ადამიანური სითბოთი ავრცელებდა.

მართლმადიდებლობა ყოველთვის სახარებისეული სამეუფო გზით ვიდოდა და დაუზიანებლად დაიცვა ქრისტიანობის ჭეშმარიტი სულისკვეთება, საპირწონედ აღმოსავლური ერესების მრუდე მისტიციზმისა – ერთი მხრივ და ლათინების ცეზაროპაპიზმისა ან პროტესტანტების რაციონალური სუბიექტივიზმისა – მეორე მხრივ.

მართლმადიდებლობა ყოველთვის იცავდა ზომიერებასა და ჰარმონიას. არ უშვებდა შეცდომებს, ვინაიდან წმინდა მამები სულიწმინდის შთაგონებით მოღვაწეობდნენ.

მართლმადიდებლობას არ სძულს ადამიანი, არ უგულებელყოფს სიბრძნეს, ბუნებასა და ხელოვნებას. მან ყოველივე განანათლა და შექმნა თავისი კულტურა.

მართლმადიდებლობა – ადამიანის მთელი სისავსით მოძრაობაა თავისი შემოქმედისაკენ. ის განღმრთობის გზაა. მას მიჰყავს ადამიანი სრული სრულყოფილებისაკენ ქრისტეში და ქრისტესთვის. მართლმადიდებლობა არა მხოლოდ ჭეშმარიტი ღვთისმეტყველებაა, ის, ამავე დროს, ჭეშმარიტი ფსიქოლოგია და ჭეშმარიტი ჰუმანიზმი და სოციალური მსახურებაა. ის მრავალწახნაგოვანი ბრილიანტია, რომელსაც საიდანაც არ უნდა შეხედო, ახლებურად წვდები ჭეშმარიტებას.

მართლმადიდებლობის სულიერი და არა მხოლოდ თეორიული შეცნობით, ჩვენ შევიგრძნობთ მას მთელი თავისი სიღრმითა და სიგანით. მხოლოდ ამგვარად შევძლებთ მისი კარიბჭის გახსნას ჩვენთვისაც და სხვებისთვის.

მართლმადიდებლობა არ არის სამუზეუმო ექსპონატი, ანტიკვარიატი; ეს ცხოვრებაა, შემოქმედება და სიხარულია! ეს დიადი იდეაა ჩვენი ერისა, ოქროს იმედია ჩვენი ცხონებისა, ჩვენი ქებაა ქრისტეში. დაე ვიქადაგოთ ის სიმამაცითა და სიმტკიცით, ვით მართლმადიდებლობის უდიდეს გმირთა ჭეშმარიტმა მემკვიდრეებმა.

გასხივოსნებული, სისხლით გამშვენებული მართლმადიდებლობა სასძლოა ქრისტესი. არასდროს, არასდროს განგეშორებით, უღირსნი. თუ საჭიროებამ მოითხოვა, ღირს გვყავ, სისხლის უკანასკნელი წვეთიც დავღვაროთ მისთვის! ამინ.

არქიმანდრიტი ეფრემი ფილოთეველი (არიზონელი)