სულის გაკიცხვა – წმ. ეფრემ ასური

სულის გაკიცხვა – წმ. ეფრემ ასური

ვაი შენდა, სულო, რამეთუ უგრძნობელად მყოფობ ამ ცხოვრებაში, ყოველდღიურად ეძლევი ფუფუნებას, სიცილს, გაფანტულობას და ცხოვრობ თავაშვებულად; მომავალ საუკუნეში იტირებ, [სახარებისეული] მდიდრის მსგავსად, მარადიული ცეცხლის ალში დატანჯული.

ვაი შენდა, სულო, რომ ვერ იტან ვერანაირ მწუხარებას, ძმისგან რომ შეგემთხვევა, მკაცრ სიტყვასაც კი, იმწამსვე ეპასუხები და ეწინააღმდეგები, და ამის გამო კარგავ მოთმინებისა და სიმშვიდის გვირგვინს, და მარადიულად დაისჯები ავისმოხსენეებთან ერთად.

ვაი შენდა, სულო, რომ გძულს და აყვედრებ შენს ძმას, ანდა ითმენ, როცა სხვები სჩადიან ამას; ამისთვის მკვლელებთან ერთად დაისჯები, რამეთუ ნათქვამია: „ყოველსა რომელსა სძულდეს ძმაჲ თვისი, იგი კაცის-მკლველი არს“ (1იოან. 3,15).

ვაი შენდა, სულო, რომ უგულებელჰყოფ ღვთის მცნებებს და გგონია, რომ ცხონება მხოლოდ მონაზვნის სახეში (ანუ შესამოსელში – მთარგმნ. შენ.) და სახელშია. რამეთუ საშინელ დღეს გაიგონებ, რომ უფალი იტყვის: „არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაჲ ჩემი“ (შდრ. მათ. 7,21). „წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთათვის“ (მათ. 25, 41).

ვაი შენდა, სულო, რომ გიყვარს კაცობრივი დიდება, პატივი, მოხდენილი ჩაცმულობა, ნივთიერი შესაძინელი; ამისთვის სამსჯავროს დღეს უფლის წინაშე საძაგელი იქნები, უკუგდებული პირისაგან მისისა და მითვლილი მზვაობარ ეშმაკებთან.

ვაი შენდა, სულო, რამეთუ ყოველდღიურად სცოდავ, ხოლო სინანულს დღითი-დღე გადასდებ. გეწევა სიკვდილი უეცრად, როგორც მპარავი ღამით, და შეკრული წაყვანილ იქნები ცეცხლოვან გეენაში, უსარგებლოდ დაღვრი ცრემლებს და დაადანაშაულებ საკუთარ უგუნურებას.

ვაი შენდა, სულო, რომ არ ძრწი იმაზე ფიქრით, სამსჯავროს საშინელ დღეს (ოდეს შიშისგან ძალნი ცათანიც შეიძვრებიან) თუ როგორ წარსდგები წინაშე პირსა ღვთისასა, საძაგელი და ბიწიანი სამოსით.

წერილიდან “რვა გულისსიტყვის შესახებ”

martlmadidebloba.ge

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial