არქიმანდრიტ ლაზარეს (აბაშიძე) დაკრძალვა

არქიმანდრიტ ლაზარეს (აბაშიძე) დაკრძალვა

(ვიდეო გადაღებულია მონაზონ ანტონ იმერლიშვილის მიერ)

* * *

არქიმანდრიტ ლაზარეს (აბაშიძე) ბიოგრაფია

mama-lazare

მამა ლაზარე აბაშიძე

ჩვენი ნეტარხსენებული სულიერი მამა და მოძღვარი არქიმანდრიტი ლაზარე – ერში მიხაილ პეტრეს ძე აბაშიძე-დესიმონ დაიბადა 1959 წლის 23 ივლისს საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში – აფხაზეთში, ქალაქ გაგრაში. დაამთავრა ქ. გაგრის რუსული სკოლა და ჩააბარა მოსკოვის ერთ-ერთ ინსტიტუტში არქიტექტურის ფაკულტეტზე. როგორც თავად გვეუბნებოდა – ბავშვობიდან განიცდიდა რაღაც დაუკმაყოფილებლობის გრძნობას… როცა წამოიზარდა, განსაკუთრებით კი მოსკოვში სწავლის დროს, ამ გრძნობას დაერთო იმდროინდელი რეჟიმისა და საერთოდ ერში გამეფებული გარემოს მიმართ სიყალბის განცდა და პროტესტი (მაშინ მამაო ჯერ კიდევ არ იყო მონათლული, ვინაიდან მისი ოჯახის წევრები არ იყვნენ ეკლესიურნი). ამ პროტესტის განცდამ მოსკოვში ყოფნის პერიოდში მას უბიძგა შეერთებოდა მაშინდელ ახალგაზრდულ ჰიპურ მოძრაობას. გავიდა რამდენიმე წელი და მიხაილი თავის ერთ-ერთ მეგობართან წააწყდა ბიბლიასა და ეკლესიის კატეხიზმოს. მასზე ძალიან იმოქმედა წაკითხულმა, განსაკუთრებით კი ესაია წინასწარმეტყველის იმ თავმა, სადაც ნაწინასწარმეტყველებია ქრისტეს ვნებებზე… იქიდან დაწყებული მიხაილი სულ უფრო და უფრო ინტერესდებოდა მართლმადიდებლობით და შეძლებისდაგვარად ეცნობოდა მას. და აი 1984 წლის 11 მარტს, სერიოზული მომზადებითა და მიდგომით, დიდ მარხვაში, მართლმადიდებლობის ზეიმის დღეს, 24 წლის ასაკში მოინათლა მოსკოვის ილია წინასწარმეტყველის ეკლესიაში (Храм Илии Пророка Обыденного). მონათვლის შემდეგ როგორც თავად იგონებდა, მისმა მომნათვლელმა მღვდელმა ჰკითხა: ახლა რას აპირებთო? მიხაილმა უპასუხა: მონასტერში მინდა წავიდე და რამდენიმე ხანი დავყოვო. მღვდელმა უპასუხა – მონასტერი კეთილი საქმეაო – “монастырь – доброе дело”. (მამაო მანათვლამდე რამდენიმე ხნით ადრე დაინტერესდა სოხუმში მცხოვრები მეუდაბნოეებით და მათი ცხოვრებით. გაგებული ჰქონდა, რომ ისინი ამტკელის ტბის მიდამოებში ცხოვრობდნენ. ერთხელ მეგობრებთან ერთად იყო კიდეც ამ ტბასთან და ნახა რამდენიმე ცარიელი სენაკი. ნათლობამდე მისმა ერთმა მეგობარმა უთხრა, რომ თბილისთან ახლოს ტყეში არის ერთი მონასტერი (ბეთანია), სადაც სამი ბერი ცხოვრობსო და მიხაილმა გადაწყვიტა იქ წასვლა, მონოზვნური ცხოვრების შესწავლა და შემდეგ სოხუმის უდაბნოში განმარტოვება სხვა მეუდაბნოეების მსგავსად). 1984 წლის 20 მარტს მიხაილი ჩავიდა ბეთანიის მამათა მონასტერში, სადაც დაჰყო 1997 წლამდე. (ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება მამაოს მონასტერში მისვლის ირგვლივ; ერთნი ამბობენ რომ იგი მოტოციკლით ჩავიდა, მეორენი – რომ შეყვარებულთან და მეგობრებთან ერთად შემთხვევით მოხვდნენ იქ და მამაოს ისე მოეწონა მონასტერი რომ მიატოვა შეყვარებული და დარჩა იქო. ზოგნი – რომ გიტარით და ა.შ. ყველა ეს ინფორმაცია არასწორია. ამას მე სრული პასუხისმგებლობით ვწერ, ვინაიდან თავად მამაოსაგან ვიცი რომ ის გამიზნულად მონაზვნური ცხოვრებისათვის და ყოველგარი თანხმლები პირების გარეშე ჩავიდა ბეთანიაში.) მორჩილების პერიოდში იგი გამოირჩეოდა კეთილკრძალულებითა და ღმრთისმოშიშებით, მასზე დაკისრებული მორჩილებების გულმოდგინე შესრულებით, ლოცვისადმი სიყვარულით. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველი წიგნი, რომელიც მონასტერში მისვლისთანავე მისცეს წასაკითხად, იყო “рассказы странника”.

1986 წლის ხარების დღესასწაულზე მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა იოანე შეყლაშვილმა მორჩილი მიხაილი აღკვეცა ბერად და უწმიდესი ილია მეორის კურთხევით სახელად უწოდა ლაზარე. ამავე წლის ლაზარეს შაბათს ბერ ლაზარეს სიონის საპატრიარქო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დიაკვნად, ხოლო სულთმოფენობის დღესასწაულზე მღვდლად დაასხა ხელი. 1987 წლიდან მამა ლაზარე დადგენილ იქნა ბეთანიის მონასტრის წინამძღვრად და წინამძღვრობდა 1997 წლის 14 იანვრამდე. 1991 წლის გაზაფხულზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მამა ლაზარე აიყვანა არქიმანდრიტის წოდებაში. მამაო იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც აღადგინა ქართული ხატწერის სკოლა. მისი დაწერილია არაერთი საყოველთაოდ ცნობილი ხატი – სვეტიცხოვლის კანკელის ხატები, სიონში სამი მღვდელთმთავრის, წმიდა გიორგის, თომა მოციქულის და ა.შ. მათ შორის სიონის დიდი ჯვარი ჯვარცმისა და აღდგომის გამოსახულებით და სალიტანიო ჯვარი, რომელიც ახლა სამების საპატრიარქო ტაძარშია დასვენებული. მან მოხატა წმიდა თამარ მეფის ტაძარი ბეთანიაში. ბეთანიის მთავარ ტაძარშიც ბევრი ხატია მის მიერ დაწერილი – ივერიის ღმრთისმშობლის, კანკელის და ა.შ. მამაოს ხელს ეკუთვნის არაერთი სასულიერო ლიტერატურა, როგორც სულიერ-ზნეობრივი, ასევე საღმრთისმეტყველო და პოლემიკური შინაარსის. მისი ნაშრომები გამოცემულია საქართველოში და მის საზღვრებს გარეთაც, ნათარგმნია სერბულ, ბულგარულ და სხვა ენებზე. იგი იყო მართლაც მორალისა და მართლმადიდებლობის შეუპოვარი დამცველი. გამოირჩეოდა ანტიეკუმენისტური სულისკვეთებით, ბევრი იბრძოლა, რომ საქართველოს ეკლესიას დაეტოვებინა ეკლესიათა მსოფლიო საბჭო, მაგრამ ამავდროულად არასოდეს გადასულა ზღვარს და არასოდეს შეუწყვეტია ევქარისტიული კავშირი და მოხსენიება პატრიარქისა. იგი იბრძოდა როგორც მწვალებლობის, ასევე განხეთქილების წინააღმდეგ. საქართველოში დატრიალებული ტრაგედიის – სქიზმის დროს ის, შეიძლება ასე ითქვას, იყო პირველთაგანი, ვინც აქტიურად გაილაშქრა განხეთქილების წინააღმდეგ, რასაც მოწმობს მისი იმდროინდელი არაერთი ნაშრომი თუ წერილი. 1997 წლის მარტში მამაო თავის ორ მორჩილთან ერთად გაემგზავრა ათონის წმიდა მთაზე. თვენახევრის შემდეგ იგი დაბრუნდა საქართველოში და 1997 წლის 20 მაისს დასახლდა სოფელ ტაბარუკში ერთ-ერთი მასთან დაახლოვებული მორწმუნის მიერ ნაჩუქარ სახლში, სადაც დააარსა ღმრთისმშობლის შობის სკიტი. შემოდგომას მასთან დაბრუნდა ორი სულიერი შვილი (ერთი ათონის მთიდან, მეორე კი მძიმე ტრამვის მკურნალობის შემდეგ). 1998 წლის შემოდგომას უფრო განმარტოვებული ცხოვრების მიზნით თავის სულიერ შვილებთან ერთად აირჩია სხვა ადგილი მონაზვნური ცხოვრებისათვის ერთ-ერთ მთაზე სოფელ ტაბარუკთან, სადაც დააარსა ტაბარუკის აღდგომის სახელობის მამათა მონასტერი. 1999 წელს მიიღო მესამე წევრიც. მამა ლაზარეს წინამძღვრობითა და პირადი მაგალითით ძმობამ სულ ნულიდან ააშენა ახალი სავანე. მამაომ თავის ხელით ააგო ორი ტაძარი და ორი სენაკი (ეხმარებოდნენ მისი მორჩილები და დროდადრო ბეტონის ჩასხმაში მონასტრის ახლობლები). ამასთან ერთად, მამაო წერდა წიგნებსა და ხატებსაც.

1487230001_mama-lazare-abashidze

არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე

2016 წლის მაისში მამა ლაზარეს აღმოუჩინეს პლევრის დიფოზური მეზოთელიომა. ოპერაციაზე უარი თქვა და წელიწად ნახევარზე მეტი ფაქტიურად არც მკურნალობდა, თუ არ ჩავთვლით ერთი პერიოდი არატრადიციული მედიკამენტის მიღებას. დროდადრო დადიოდა წმიდა ნინოს წყაროზე და აშკარად გრძნობდა შვებას. ექიმებიც გაოცებულნი იყვნენ, რომ ოპერაციისა და ქიმიოთერაპიის გარეშე ამდენი ხანი ძალიან ნელი ტემპებით პროგრესირებდა სნეულება (ოფიციალური ვერსიით ასეთი სნეული ოპერაციის გარეშე ცხოვრობს შვიდიდან ცხრა თვემდე), სადღაც წელიწად ნახევრის შემდეგ მამაომ დაიწყო ქიმიოთერაპიის კურსი. 5 კურსის შემდეგ დასჭირდა სხივური თერაპია. ამ ყველაფერმა ძალიან დაასუსტა და ბოლო სამი კვირა ფაქტიურად არ დგებოდა საწოლიდან და არ ჭამდა. ეზიარებოდა სენაკში. ბოლო ორი კვირა კვლავ დაეწყო ტკივილები გულის მიდამოებში, რასაც თან დაერთო სუნთქვის უკმარისობის მკვეთრი პრობლემები. სულ ესაჭიროებოდა ჟანგბადის ბალიშები. მამაოსთან დაახლოვებული მორწმუნეები ძალიან განიცდიდნენ და ყველანაირად ცდილობდნენ დახმარებას. 2018 წლის 14 აგვისტოს დილით მამაოს დაეწყო მწვავე სუნთქვის უკმარისობა. ერთი მისი დაახლოებული მრევლის დახმარებით ჩავიყვანეთ თბილისში, დიღომში არსებულ “ნიუ ვიჟენის” კლინიკაში, სადაც დავაწვინეთ პალიატიურ განყოფილებაში. სუნთქვის პრობლემა ნაწილობრივ შეუმსუბუქდა, მაგრამ ტკივილებს და სისუსტეს კვლავ გრძნობდა. ხუთშაბათს 16 აგვისტოს თითქოსდა უკეთ იყო, ცოტა საკვებიც ითხოვა, გვეგონა, რომ უკეთ წავიდოდა მდგომარეობა და გადავწყვიტეთ, მამაოსთან შეთანხმებით, ორშაბათამდე საავადმყოფოში დარჩენა. მეორე დღეს, 17 აგვისტოს, დილის 9 საათამდე საავადმყოფოდან დაურეკეს მის ერთ მრევლს და შეატყობინეს, რომ მამაომ რვის ათ წუთზე ღმერთს მიაბარა სული. ეს იყო ყველასთვის, განსაკუთრებით კი მისი სამი მორჩილისა და მრევლისათვის უდიდესი დარტყმა და ტკივილი. მამა ლაზარემ განისვენა ამ გაუთავებელი ტკივილებისგან და დაიმკვიდრა ცათა სასუფეველი.

იღუმენი არსენი ძმებითურთ

13211053_742945809142501_1536333286_o

ტაბარუკის აღდგომის მამათა მონასტერი

40679787_447544089101702_2141346904238194688_n

ტაბარუკის აღდგომის მამათა მონასტერი

40656457_277352879540123_5877123635986038784_n

ტაბარუკის აღდგომის მამათა მონასტერი

40656986_500072867138935_7744818258032721920_n

არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე

ZNEOBA.GE-ს რედაქცია

“ანტიქრისტე საქართველოში შემოდის” – არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)

“ლავდიკიის ეკლესიის ანგელოზს” – არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)

“ბაბილონის სახმილში (შემოკლებით)” – არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)

“წერილი უწმინდესს და წმიდა სინოდს” – არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)

“ნარკომანია” – არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial