ბაბილონის სახმილში (შემოკლებით)  – არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)

ბაბილონის სახმილში (შემოკლებით) – არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)

მრავალი წმიდა მამის წინასწარმეტყველებით ქვეყნის აღსასრულის მომასწავებელი ერთ-ერთი ნიშანი იქნება საყოველთაო, საშინელი გარყვნილება, ბილწი ხორციელი აღვირახსნილობა და დაუცხრომელი ვნებებით ტკბობა.

აპოკალიფსში ქვეყნის საბოლოო და უკიდურესი გახრწნა წითელ მხეცზე მჯდომარე დედაკაცის სახით არის წარმოდგენილი: „დედაკაცი მჯდომარე მჴეცსა წითელსა, სავსესა სახელებითა გმობისაჲთა“ (გამოცხ. 17, 3). ეს დიდი მეძავი პორფირითა და ძოწეულით, ოქროთი, მარგალიტითა და პატიოსანი ქვით არის შემკული. ხელთ უპყრია ოქროს ბარძიმი მთელი ქვეყნის სიძვის სისაძაგლითა და სიბილწით სავსე (გამოცხ. 17, 4). ის ამასოფლის მეფეთა მპყრობელი ქალაქის – „ბაბილონის“ სიმბოლოა, ეს ადამიანთა უკანასკნელი მოდგმის დედაქალაქი, ეშმაკთა სამკვიდრებელად და ყოველი არაწმიდა სულის სამყოფელად ქცეულა, სადაც ყველანი მრუშობის ცოფი ღვინით დამთვრალან. ამა სოფლის მეფენი იმრუშებენ ამ ქალაქთან, ხოლო ვაჭარნი მისი განცხრომისა და ფუფუნების თანაზიარნი გახდებიან (გამოცხ. 18, 2-3).თუ რით მთავრდება „ბაბილონის“ მეფობა და „დიდი მეძავის“ ნადიმი, ყველასათვის კარგად არის ცნობილი! ქვეყნის აღსასრულის ჟამს რომელ ქალაქს ეღირსება ასეთი ბნელი დიდება, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. და, საერთოდაც, იქნებ აქ არც არის ნაგულისხმევი რომელიმე კონკრეტული ქალაქი, არამედ მხოლოდ უღმერთო მსოფლიო ძალაუფლების სახეა, რომელიც სამყაროზე უნდა გაბატონდეს.

სულის მოძრაობათა და გულისთქმათა შორის სიძვის ვნება ყველაზე ძლიერი და დამატყვევებელია. შთამომავლობის გასაგრძელებლად ხორციელი შეერთებისკენ სწრაფვა ყველაზე დამახინჯებულ, ღვთისათვის საძულველ, ავადმყოფურ მრავალფეროვან დაცემაში გადაიზარდა. და ვინ არის კაცთაგან ამ ყოვლისდამწველი ცეცხლისაგან თავისუფალი? ვისი გული არ არის ხორციელი სილამაზით აღძრული ჟინისაკენ მიდრეკილი, მისი დამყოლი? სხვა რომელი ვნება გვიზიდავს ასე ძლიერად, გვათრობს, ჭკუიდან გვშლის, გვართმევს ნებისყოფას და სიმამაცეს და არა ეს?

შემოქმედმა ადამიანს სიყვარულის, მშვენიერების, სილამაზისა და სრულყოფილებისაკენ სწრაფვის უდიდესი ნიჭი მიჰმადლა. ადამიანი საკუთარ თავში არ უნდა ჩაიკეტოს, არ უნდა შეჩერდეს თავის თავზე, არამედ მთელი თავისი არსებით უნდა მიილტვოდეს, უნდა სწყუროდეს შეუერთდეს თავისზე მაღალს, სრულყოფილს, მშვენიერს.

სწორედ სიყვარულის ძალა და დაუოკებელი წყურვილი – შეუერთდე უმაღლეს არსებას, მარადიულ სილამაზესა და სრულყოფილებას – არის სულის სიცოცხლე, მისი მთავარი ცენტრი. ეს მოთხოვნილებაა, გამუდმებით რომ აღაშფოთებს ადამიანის სულს, აცხოველებს, ტანჯავს, აწყურებს, ანდომებს და აძენინებს. სწორად მძებნელი პოულობს კიდეც და უმაღლესი სიყვარულის, ნეტარებისა და თვით სახიერი უფლის თანაზიარი ხდება. აი, ამიტომ ცდილობს დაუღალავად ღვთის მტერი და ადამიანთა ვერაგი მაცდური – სატანა წარიტაცოს ჩვენი სულიერი ძალების მთავარი ნაკადი, შებილწოს, გაამრუდოს, გზას ააცდინოს და ყოველივე სისაძაგლე და სიმახინჯე აკეთებინოს. ის გველურად „გვმოძღვრავს“ და ზეციური ნიჭის მიწაში ჩაფვლას გვასწავლის, ცხონების წყურვილს ხრწნადი გულისთქმებით გვიცვლის, ხოლო საუკუნო ნეტარებისკენ სწრაფვას წუთიერი სიამოვნების ჟინად აქცევს.

უმაღლესი, ღვთაებრივი, სულიერი სილამაზისადმი მისწრაფება და ზეციური ნიჭი სიყვარულისა ჩვენში მხოლოდ მომხიბლავი სხეულისადმი ლტოლვად ქცეულა. და აი, „კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისჴმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ“ (ფსალმ. 48, 20). სიძვის სენი ისე შეისისხლხორცა ადამიანმა, ისე შეეზარდა მის გულს, რომ დამღუპველი უფსკრულისაკენ მიმავალ პირდაპირ და ფართო გზად იქცა, ხოლო ავხორცული სიამტკბილობებით მტრის მახეში ადვილად შეტყუებული ურიცხვი მსხვერპლი გეენიის მკვიდრი გახდა. სულ უფრო და უფრო ცოტანი დარჩნენ, ვინც სიძვის ჯადოქრის მორჩილება არ მოისურვეს, იშვიათად შეგხვდება დინების საწინააღმდეგოდ მოცურავე ცხოვრების გემი. და რომელი მენიჩბე გადაურჩება ყოვლისწამლეკავი, აზვირთებული ვნების აქოჩრილ ტალღას?

სატანა, ნაბუქოდონოსორის მსგავსად, მსახურებს აგზავნის, რათა ათაყვანოს კაცობრიობა „ოქროს კერპს“ – უფრო სწორად, მოჩვენებითი, მიწიერი ფუფუნებით გამშვენიერებულ უხეშ, ტლანქ სხეულს. და აი, უკვე მთელ დედამიწაზე ხალხი მორჩილად ეთაყვანება გაკერპებულ ხორციელებას და სხვადასხვა საკრავის ხმას რომ გაიგებენ, პირქვე ემხობიან კერპის წინაშე. ხოლო ურდეკთა და ურჩთათვის ბოროტმა ბრძანა „შვიდმაგად უფრო მეტად“ გაეხურვებინათ ვნებების ცეცხლოვანი ღუმელი, შეშად ეხმარათ მზაკვრული მომხიბლაობის მქონე „თანამედროვე კულტურა“, რათა აემოძრავებინა ადამიანთა ყველა გულისთქმა. ასე რომ, ბოლო ჟამის ქრისტიანები, რომლებმაც პატიოსნად დაიმარხეს ქალწულება, ჭეშმარიტად მიემსგავსებიან იმ სამ ყრმას, უვნებელნი რომ დარჩნენ ბაბილობის სახმილში. მაგრამ მათაც მხოლოდ ღვთის სასუფევლის მადლიანი კალთა დაიფარავს ამ ყოვლისდამწველი ალისაგან (იხ. წიგნი დანიელ წინასწარმეტყველისა, თ. 3).

ქრისტიანებო!

ქრისტიანო ქალბატონებო, მანდილოსნებო, ჭაბუკებო, მამაკაცებო! გონს მოეგეთ! თქვენ საით? ნუთუ ვერ ხედავთ, არ გესმით, რა „კულტურა“ წალეკავს ქვეყანას? გაიხსენეთ წმიდა მოციქულისა და მახარებლის იოანე ღვთისმეტყველის „გამოცხადება“; რა არის იქ ნათქვამი ბოლო ჟამზე, იმ 144 ათას გამოსყიდულზე, ღმრთის ტახტის წინაშე რომ წარმდგარან, ანუ იმათზე, ვინც სატანის მახეს გადაურჩება და ცხონდება. წმიდა იოანეს ზეციდან ხმა შემოესმა: „ესენი არიან, რომელნი-იგი დედათა თანა არა შეიგინნეს, რამეთუ ქალწულ არიან…“ (გამოცხ. 14, 4). არ გენიშნათ, რომ გამოსყიდულთა მთავარი ნიშანი სწორედ სიძვის ცოდვისაგან შეუბილწავი ქალწულებრივი სისპეტაკეა? (რომელშიც, რა თქმა უნდა, ერთგული ცოლ-ქმრობაც იგულისხმება). როგორც ჩანს, ბოლო ჟამის ადამიანები სიძვის ეშმაკით ცდუნდებიან!

დღესდღეობით საკმაოდ მრავალნი შეგნებულად თუ შეუგნებლად თანამონაწილენი გამხდარან ამ ახალი „ბაბილონის სახმილის“ განხურვებისა! მაგრამ, განაღა არ ვიცით, რა ელის მოყვასის დამაბრკოლებელს? ნუთუ უფლის სიტყვანი დაგვვიწყებია: „რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთაგანი მორწმუნეთაჲ ჩემდა მომართ, უმჯობეს არს მისა, გამო-თუმცა-იბა ქედსა მისსა წისქვილის ქვაჲ ვირით საფქველი და შთავარდა ზღუასა“? (მარკ. 9, 42). აგრეთვე: „ვაჲ სოფლისა ამის საცთურთა მათგან, რამეთუ უნებლიადცა მომავალ არიან საცთურნი; ხოლო ვაჲ მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცთური“ (მათ. 18, 7).

ვაი შენდა, დედაკაცო, როცა გამომწვევად გამოწყობილი მამაკაცთა საზოგადოებაში ჩნდები! თავს ნუ იტყუებ: როცა თითქმის შიშველი დადიხარ ან ტანზე მჭიდროდ მოტმასნილ ტანსაცმელს იცვამ და ცდილობ შენი სხეულის მშვენიერებანი უკეთ წარმოაჩინო, იცოდე, რომ შენში აშკარად სიძვის ვნება ჩაბუდებულა, შენ ხარ საცთური, რადგან ცდილობ, კაცების გულში ბილწი გულისთქმა გამოიწვიო, და ამისათვის ვაი შენდა!

ამ შემთხვევაში, შესაძლოა, სხვისი განგებ ცდუნების განზრახვა არ გქონია, მაგრამ ეს დანაშაულს არ ამსუბუქებს. შეფარული, თითქმის გაუცნობიერებელი ბილწი გულისთქმაც კი შხამია, რომელიც წამლავს ჩვენს გულებს, ხოლო საქციელში გამჟღავნებული ეს სიძვის ვნება ცდუნების საბაბი ხდება მოყვასისათვის. ადამიანის სულის მოშხამვა მცირე ცოდვა როდია. უფალი ამბობს: „ყოველი, რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულისთქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თჳსსა“ (მათ. 5, 28). ე.ი. შეიძლება ითქვას: შენ, დედაკაცო, ეროტიკულად მიმზიდველ ტანსაცმელში გამოწყობილი გახვედი გარეთ, ქალაქში ნახევრად შიშვლად მოსიარულემ ხორციელი სილამაზე მრავალს უჩვენე და შენი მომხიბლავი გარეგნობით უამრავი მზერა დაატკბე. მაშ იცოდე, დღეს შენ მრავალთან იმრუშე! და ვაი შენდა, რადგან ცდუნება შენი სახით მიმოდიოდა ქუჩებში დღეს!

უდიდეს ცოდვას სჩადის, ვინც ეროტიკულ და პორნო-ფილმებს გვიჩვენებს ტელევიზიით! რადიოგადაცემები, პერიოდული გამოცემები თუ მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებანი დაუსრულებლად სიძვის ცოდვაზე ქადაგებენ. ადამიანის სულის გამხრწნელი და უხამსი ჟურნალ-გაზეთების გავრცელებაში არა მარტო გამომცემლებს და თანამშრომლებს მიუძღვით ბრალი, არამედ მათ გამყიდველებს, მყიდველებსა და ხელმომწერებსაც.

ყოველი ქრისტიანი, ვინც ამ პროდუქციას ათვალიერებს, სულს იბინძურებს, სასიკვდილო შხამით ივსებს გულს, რომლის განწმენდა საგანგებო წამლობითაც კი გაჭირდება. თავს ნუ იტყუებთ, თითქოს „ჩვენ მხოლოდ მაყურებლები ვართ და ცხოვრებაში არ ვაპირებთ ამდაგვარი რამის კეთებას, ეს ყოველივე ეკრანზე წარმოდგენილი ინსცენირებაა მხოლოდ და მხოლოდ“. როგორც ცნობილი აპოლოგეტი ტერტულიანე ამბობდა: „ის, რაც სინამდვილეში მიუღებელია, არ უნდა იყოს მიღებული ნაწარმოებში“. თუკი ჩვენს თვალწინ დემონსტრირებული, ბრჭყვიალა, მომნუსხველ ჩარჩოში ჩასმული ცოდვა, როგორც გვგონია, არ გვაიძულებს გული გვითქვამდეს მისთვის, მაშ რა პრინციპებს ეფუძვნება ეს რეკლამა, რომელზედაც სხვადასხვა ფირმები ურიცხვ მილიონ დოლარს ხარჯავენ? ჩვენთვის ხომ კარგად არის ცნობილი, რომ შეფარული, გონებით გაუკონტროლებელი რეკლამაც კი იჭრება, იბეჭდება ქვეცნობიერში და აიძულებს ადამიანს გული უთქვამდეს რეკლამირებული ნივთის მიმართ. ამ სურათებით რეკლამირებულმა რაღაც მომენტში ჩაგდებულმა ცოდვის მარცვალმა და სიტკბოების მძაფრმა სურვილმა, შესაძლოა, იმწუთასვე არ გამოიღოს შხამიანი ნაყოფი. ცოდვის წარმოსახვით ერთხელ უკვე დამტკბარი სული, თითქოსდა ნარკოტიკებით მთვრალი, დაეძებს ამ შეგრძნების გამეორებას. და უკვე მძიმე ცოდვით დაცემულთ, შესაძლოა, არც კი გვახსოვდეს და ვერც კი მივხვდეთ, სად და როდის შეგვეყარა ეს სასიკვდილო სენის ბაცილა.

უადგილო არ იქნება, თუ ე.წ. „სილამაზის კონკურსების“ მოყვარულებს, რომლებიც შიშველ ქალებს უსირცხვილოდ სინჯავენ თვალით, შევახსენებთ პირველმოწამე წმიდა თეკლეს ცხოვრებიდან ერთ-ერთ ეპიზოდს. ეს ქრისტიანი წმიდა ქალწული არნახული სილამაზით განირჩეოდა. წარმართებმა დიდხანს აწამეს ქრისტიანობის ეს მამაცი აღმსარებელი, და ბოლოს, სრულიად გაშიშვლებული მისი ნორჩი სხეული მთელი ხალხის სანახაობად აქციეს. „მხოლოდ სირცხვილი დარჩენოდა მას შესამოსლად“, – მოგვითხრობს მისი ცხოვრების აღმწერელი, – თვითონ მოწამე კი დავით წინასწარმეტყველის სიტყვებს იმეორებდა: „სირცხვილმან პირისა ჩემისამან დამფარა მე“ (ფს. 43, 16). მას გალიებიდან გამოშვებული მშიერი, გამძვინვარებული მხეცები, ლომები და დათვები მიუსიეს. გაშიშვლებული ქალწულის დანახვისას მხეცებმა თავები მიწამდე ჩაღუნეს, თვალები ძირს დახარეს და თითქოს ქალის სიშიშვლისაგან დარცხვენილებმა უკან დაიხიეს! ასე აღმოჩნდნენ პირუტყვი ცხოველები სანახაობის მაყურებელთა მსაჯულ-მამხილებელნი: ბუნებით მტაცებელმა მხეცებმა უმანკო ადამიანის თვისება გამოავლინეს, ხოლო გონიერი არსება – ადამიანი მტაცებელ პირუტყვს მიემსგავსა.

საკუთარი სხეულის გაშიშვლებითა და აღვირახსნილი საქციელით კაცი ღმერთის ნებას ეწინააღმდეგება და პროტესტს აცხადებს ადამიანის მოდგმისათვის კანონიერად მისჯილი ეპიტიმიის მიმართ (გავიხსენოთ „ტყავის სამოსელი“, რომელიც ღმერთმა თვითონ მისცა ადამსა და ევას), არ აღიარებს დანაშაულს, უარს ამბობს საკუთარი დაცემისა და გარყვნილების დანახვაზე და უარყოფს სიმდაბლეს. ბრბოს ყურადღების მიქცევის სურვილი, მისი იძულება, დატკბეს შენი „მომხიბვლელობით“ – სულიერი თვალსაზრისით უსჯულოება და სხვისი ცდუნებაა, რაც საძულველია ღვთისათვის, ვინაიდან სინანულის კანონს ეწინააღმდეგება.

მოციქული მოგვიწოდებს: „გლოცავ თქუენ, ძმანო, მოწყალებათათჳს ღმრთისათა, წარუდგინენით ჴორცნი ეგე თქუენნი მსხუერპლად ცხოველად, წმიდად, სათნოდ ღმრთისა მეტყუელი ეგე მსახურებაჲ თქუენი“ (ჰრომ. 12, 1). და რამდენმა სულით და ხორცით მშვენიერმა ქალწულმა და ჭაბუკმა, სპეტაკ შროშანთა თაიგულის დარად მიიტანა თავისი ქალწულებრივი, უბიწო, ულამაზესი, კეთილსურნელი სხეული ცოცხალ და წმიდა, ღმრთისათვის სათნო მსხვერპლად. და იყვნენ ისინი ამა სოფლის დემონური სულით შეპყრობილი ურჩხულის მტაცებელი ყბებით დაფქვილნი. უკიდურესი სისასტიკით წამებულნი, საკუთარ სისხლში შეღებლნი, კიდევ უფრო დამშვენდნენ და ძვირფასი ქვებით შემკობილებმა ეს სილამაზე უკვდავჰყვეს. ეს ის ქალწულნი არიან, რომლებმაც საკუთარი სილამაზის უმაღლესი ფასი შეიცნეს და გამწმენდ ცეცხლში გამოწრთობილნი ახლა ბრწყინავენ ენით უთქმელი და უმწიკვლო შარავანდედით. „არა უწყითა, – ამბობს მოციქული, – რამეთუ ჴორცნი ეგე თქუენნი ტაძარნი თქუენ შორის სულისა წმიდისანი არიან, რომელ-ეგე გაქუს ღმრთისაგან, და არა ხართ თჳსთა თავთანი? რამეთუ სასყიდლით სყიდულ ხართ. ადიდეთ უკუე ღმერთი ჴორცითა მაგით თქუენითა, რომელი-იგი არს ღმრთისაჲ“ (1 კორ. 6, 19-20).

და აი: სამყაროს მოევლინა ქრისტიანობა, თან მოიტანა ჭეშმარიტი კულტურის სხივი, ახალი ერის განთიადი, აღთქმული მიწის ნაყოფი, ზეთისხილის რტო საუკუნო ცხოვრების რწმენისა, გადაუარა მხცოვან მიწას წითელმა მზემ, გაათბო შემუსვრილი და დამდაბლებული გულები, გამოაცოცხლა სასუფეველს მოწყურებულები, ჰორიზონტისკენ გადაიხარა, გარკვეულ დრომდე მიიმალა და არჩევანის თავისუფლება დაგვიტოვა. ჩვენ გვაქვს თავისუფლება, გვაქვს ცოდნა, ყოველ ჩვენგანს ესმის ძახილი: გვიხმობს უფალი – „ნათელი მხიარული“ ზეციურ სიხარულში. გვიხმობს სატანაც – დაცემული ანგელოზი, ჯოჯოხეთის ჯურღმულისაკენ და წყვდიადის უფსკრულისაკენ გვეპატიჟება. ესეც ჩვენი თავისუფლება! თავისუფლება – ალაგმო შენი გულისთქმები, თავისუფლება – ვნების დამჭერი ეს აღვირი ჩამოიგლიჯო და მასთან ერთად დამღუპველი ლტოლვის სამოსი, თავისუფლება – იმხიარულო, იცინო, პირად ცხოვრებას წაეთამაშო, ფეხქვეშ გათელო, გახრწნა ყოველი, კიდევ თუ შენში ღირსეული და ლამაზი დარჩა რაიმე ამ წუთიერ და სწრაფწარმავალ სიცოცხლეში და საუკუნო ტანჯვითა ზღავდე ნეტარების ამ უბადრუკი მოჩვენებისათვის, თავისუფლება – ხანმოკლე დროში დაითმინო ვნებათა ცეცხლი, ცდუნების ალი, არ მოტყუვდე ტკბილი სიცრუით და სირინოზის მომნუსხველი სიმღერით და უბადრუკი, წუთიერი „სიამოვნება“ არ გაცვალო შენს საკუთარ პირმშოობაზე! თავისუფლება – აირჩიოთ მარადიული სიცოცხლე ან საუკუნო სიკვდილი!

სწორედ ამ თავისუფლების წინაშეა საცთური, „რამეთუ უნებლიადცა მომავალ არიან საცთურნი“, რათა ჩვენი არჩევანი გამოიცადოს, მაგრამ მიუხედავად ამისა:

„ვაჲ მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცდური“.

არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)