მოკლე კაბის ჩაცმა

მოკლე კაბის ჩაცმა

“გესმა რამეთუ ითქვა არა იმრუშო. ხოლო მე გეტყვით თქვენ, რამეთუ ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულისთქმად მას, მუნვე იმრუშა მისთანა გულსა შინა თვისსა.”
მათე 5, 27-28

ეშმაკი აწვდის ადამიანებს მრუშობის აზრებს, რომ ამ მცნების დარღვევის ცოდვაში ჩააგდოს. განსაკუთრებულად ძლიერად არის ეს აზრები, როცა მამაკაცი ხედავს ქალის შიშველ სხეულს და პირიქით.

ზაფხული, წელიწადის ეს დრო, ბევრისთვის უკვე რაღაც ხიფათის მომასწავებელ, საძულველ დროდაც კი იქცა. ამის მიზეზი ის არის, რომ ქალებისთვის ის ერთგვარ „ალიბად“ არის ქცეული, რათა სიცხის აუტანლობის მომიზეზებით ურცხვენელად გაშიშვლდნენ და ბილწად გამოფინონ თავიანთი სხეულები სიძვა-მრუშობის მყრალი და ბნელი გულისთქმებისთვის.

ჯერ კიდევ როდის წერდა ბერი პაისი ათონელი „წარმატებულ და დემოკრატიულად განვითარებულ“ საბერძნეთზე, უკვე ისეთი დრო დადგა, რომ ქალს მხოლოდ შარვალი, ან მოკლე კაბა აცვიაო.

რაც შეეხება შარვალს, აქ ორი რამ შეიძლება გამოვყოთ: 1-ლი ჩვეულებრივი მრუშული, განსაკუთრებით როდესაც სხეულზე მოტმასნული აცვიათ და მე-2 მენტალური, როდესაც ქალს შარვალი შეიძლება მაინც და მაინც გამომწვევად არ აცვია, მაგრამ იგი მისთვის მაინც დამაბრკოლებელია, რადგან მამაკაცის სამოსია.

“5. ნუ შეიმოსნ დედაკაცი სამოსელსა მამაკაცისასა, ნუცა მამაკაცი შეიმოსნ სამოსელსა დედაკაცისასა, რამეთუ საძაგელ არს უფლისა ღმრთისა შენისა ყოველივე, რომელი იქმს ეგევითარსა.” (ძველი აღთქმა (მცხეთური ხელნაწერის მიხედვით), წიგნი მეორე სჯულისა, რომელსა ეწოდების ებრაელებრ ელლე ათდებამამ, თავი 22)

პრინციპში, შარვლიანი ქალი უკვე გახდა დღევანდელი ქალის ბედუკუღმართობის სიმბოლო, სიმბოლო ქალის კაცად ქცევისა, სიმბოლო ქალის კაცის როლში შესვლისა, სიმბოლო ქალისა, რომელიც კაცივით ლუკმაპურის საშოვნელად არის გამოსული სახლიდან.

გასაგებია, რომ ამ მამაკაცურ საქმიანობაში მოწოდებულ ქალს ბუნებრივად, მოხერხებისთვის ჩაცმულობაც მამაკაცური დასჭირდება. მამაკაცურ საქმიანობაში თავით ფეხებამდე ჩართულს თუ ძალით ჩათრეულს გრძელი თმაც ხელს შეუშლის, კაბაც და ა. შ.

აღარ გავყვები ქალისა და კაცის როლების აღრევის თემას და აქედან გამოწვეულ ზიანს და კვლავ დავუბრუნდები ამ წერილის მთავარ თემას, მოკლე კაბის ჩაცმას.

ძველად და არცთუ ისე ძველად, მოკლე კაბა მხოლოდ და ძირითადად ეცვათ მეძავ ქალებს, რომლებიც მამაკაცებს ეპატიჟებოდნენ და იწვევდნენ.

შეიძლება ითქვას, ასეთ ფორმაში ისინი ახლაც დგანან ქუჩებში (წინასწარ ცნობილ ადგილებში) თუნდაც თბილისში და თუნდაც პარიზში.

თუმცა ბოლო ხანებში ეს ჩაცმულობა (თუ ამას ჩაცმულობას დავარქმევთ, უფრო გახდილობაა) მოკლე კაბა და მოკლე შარვალი ისე გავრცელდა, რომ პრაქტიკულად ყველა ოჯახისა და ძირითადად ოჯახის მამაკაცების პრობლემად იქცა.

ამ შემთხვევაში ის ქალები, ვინც მეძავობით, გარყვნილებითა და ამდაგვარი ცხოვრების წესით არიან დაკავებულნი, უფრო გულწრფელნი და მართალნი ჩანან, ვიდრე იმ ქალების უმეტესობა, რომლებიც ქმრის ყოლისა და ოჯახიშვილობის პრეტენზიის პარალელურად მეძავივით შიშვლდება.

ეს „წესიერი“ ქალბატონები თითქოსდა და აქეთ გვდებენ ბრალს მრუდე ფიქრების ქონასა და უპატიოსნობაში და ისე წარმოადგენენ თავიანთ ამ მზაკვრულ დაცემულობას (სიშიშვლეს), რომ თითქოსდა და უბრალოდ სიცხისგან თავდასაცავად ან ესთეტიკური სილამაზისთვის აცვიათ. და ისე იქცევიან, რომ თითქოსდა ამ ყველაფერს აბსოლუტურად უვნებოდ აკეთებენ და ჩვენ აქეთ უნდა გვრცხვენოდეს, რომ ასეთ რამეზე ვამახვილებთ ყურადღებას და ასეთი გაფუჭებული აზრები მოგვდის თავში.

ამ ტიპის ქალბატონების ასეთი ქცევა, რა თქმა უნდა, ორმაგი შეცდომა და ორმაგი ცოდვაა. პირველი – მრუშობისა და მეორე – ფარისევლობის, სიცრუისა.

ფარისევლობისა და სიცრუის, ტყუილის, ვინაიდან ქალი, რომელმაც იცის მამაკაცების შესაძლო მრუშული გულისთქმების შესახებ, მაინც არ უნდა გაშიშვლდეს, მიუხედავად იმისა, როგორ უვნებოდაც არ უნდა გრძნობდეს საკუთარ თავს.

საერთოდ ვინ და რითი „იმართლებს“ თავს, რა თქმა უნდა, მეორეხარისხოვანია. ფაქტი რჩება ერთი – გაშიშვლებულ, მოკლე კაბასა და მოკლე, ან მოტმასნულ შარვალში, ან მეკრდმოღეღილად ჩაცმული ქალი ნებისმიერ შემთხვევაში იწვევს ბილწ და მრუშულ ვნებებს.

და შეიძლება ასეთი „წესიერი“ ქალი ბევრად უარესიც არის მრუშ ან ქმრის მოღალატე ქალზე (თუ ამ უკანასკნელს გამომწვევად მაინც არ აცვია). ვინაიდან ასეთი ქალები შეიძლება მხოლოდ ზოგიერთ მამაკაცთან ცოდავენ, ხოლო გარყვნილად ჩაცმული ქალები ცოდავენ უკვე ნებისმიერ შემხვედრთან, ისინი ფაქტობრივად თავის გულისთქმაში ამრუშებენ ნებისმიერ მამაკაცს, რომელსაც მათკენ თვალი გაექცევა. ამრუშებენ ასევე მათ შემხედვარე არასრულწლოვანსაც და თავიანთი ბილწი უსირცხვილობით გარყვნილ აზრებში შეიძლება ჩააგდონ საკუთარი, უახლოესი სისხლით ნათესავებიც კი (ინცესტის ცოდვის მსგავსად).

აი, ასეთი ბინძური წყვდიადი და დაცემულობაა ეს ერთი შეხედვით უპრობლემო ქალთა სილაღე ჩაცმულობისას.

რაც შეეხება მამაკაცებს:

რა თქმა უნდა, ის კაცი რომელიც ეგუება მისი ცოლის მოკლე კაბითა და შორტით სიარულს, თანამონაწილეა ქალის ავხორცული, მრუშული ზრახვებისა.

რა თქმა უნდა, 99% კაცებისა, ალბათ, ამას ითმენს და უბრალოდ ცოლს ვერ ერევა, თუმცა კომპრომისის დაშვების შემდეგ, კაცს, რომელიც უკვე შეგუებულია და თავის მოკლე შორტსა და მოკლე კაბაში გაშიშვლებულ ცოლთან ერთად დაიარება ქუჩებში, პიკნიკებსა და საღამოებზე, უკვე აღარც უნდა გაუკვირდეს, რომ რომელიმე მარჯვე შემთხვევაში საკუთარი ცოლისგან რქებდადგმული (ნაღალატევი) აღმოჩნდეს. თუმცა რაღა იქნება გასაკვირი, ვინაიდან თუკი მამაკაცი გაიაზრებს (თუ ჯერ ცოლის ხელსაწმენდად ბოლომდე არ ქცეულა), იოლად მიხვდება, რომ როდესაც ის უშვებს საკუთარ ცოლს, უმზირონ მას შიშველ ნაწილებზე მამაკაცებმა, უკვე იმ ყველა მამაკაცისგან და მისი ცოლისგანაც ზუსტად იმდენ ასეულჯერ არის თავლაფდასხმული, რქებდადგმული და ნაღალატარი რამდენ ასეულჯერაც მისმა გაშიშვლებულმა მეუღლემ ბილწი გულისთთქმითი შეხედვა გამოიწვია.

იგივე სამარცხვინო სიტყვები ითქმის იმ კაცზეც, რომელიც მამაა და კადრულობს, თავის წამოხდილ ქალიშვილთან ერთად ისეირნოს საზოგადოებაში და ამით მისი მრუშული დაცემის მოწმე და ხელშემწყობი გახდეს.

მე განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ ამ შემთხვევაში კაცის ლაჩრობასა და დანაშაულს. ვინაიდან დედები, ქალები, ალბათ მათი ქალური ბუნებიდან გამომდინარე, უფრო იოლად უყურებენ მათი ქალიშვილის „მსუბუქად“ გახდილად ჩაცმას და, ალბათ, ბოლომდე ვერ აცნობიერებენ მათი შემხედვარე მამაკაცების იმ ბილწ და მრუშულ გულისთქმებს, რომლებიც მამებმა, მათი კაცური ბუნებიდან გამომდინარე, მშვენივრად იციან.

ასევე კიდევ ყველაზე უარესი სურათი ხდება, როდესაც არ აპროტესტებენ სიშიშვლეს ეკლესიებში. მე, ჩემდა საბედნიეროდ, იმ ტაძრის მრევლი ვარ, სადაც მოძღვარმა გარკვევით გამოაცხადა, რომ ქალებმა საერთოდაც და მით უმეტეს ეკლესიებში უნდა იარონ მუხლს ქვემოთ კარგად გრძლად ჩაცმული კაბით. და ეს ასეც ხდება, უიშვიათესი გამონაკლისების (ახლად მოსულების) გარდა.

თუმცა დამეთანხმებით, რომ ბევრ ტაძარში ასე არ არის. ის კი არა და ერთი შეხედვით (განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში) ადამიანი შეიძლება უცებ ვერც კი მიხვდეს სამეძაო სახლშია თუ ეკლესიაში. თან თუკი სხვა მსგავსი გარემოდან პატიოსანი კაცი გარეთ გავიდოდა და მოარიდებდა თვალს ურცხვენელ სიბილწესა და სიშიშვლეს, ეკლესიიდან გასვლა არ უნდა და საათობით უწევს დგომა ლოცვაზე გამომწვევად ჩაცმულ ქალებთან ერთად.

ის კი არადა, ზოგ შემთხვევაში ეს მეძავივით ჩაცმული ქალები, მოძღვრის ინდიფერენტულობიდან გამომდინარე, ხანდახან აქტიურადაც და გამოსაჩენადაც კი იღებენ მონაწილეობას ეკლესიის მსახურების სხვადასხვა აქტივობებში, მაგალითად გალობაში, ლოცვის დროს სანთლების წმენდა-მოწესრიგებაში და ა. შ.

რა თქმა უნდა, მთავარი პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში მოძღვრებსა და განსაკუთრებით წინამძღვარზეა.

მე – ერის კაცს, რომ მეკითხებოდეს, ისეთ მოძღვარს, რომელიც შენიშვნას არ აძლევს ქალებს, წაბილწონ მათი მრუშული ჩაცმულობით ტაძარი, აცდუნონ მამაკაცები და, პირიქით, მათ საეკლესიო დავალებებსაც კი ასრულებინებენ, მღვდელმოქმედებას თუ არ შევუჩერებდი, წინამძღვრობიდან მაინც აუცილებლად განვაყენებდი.

წერილის ბოლოს, ვინაიდან მამაკაცი ვარ, ჯერ მამაკაცებს მოვუწოდებ: – მამაკაცებო, თუკი გვაქვს პრეტენზია ოჯახის თავობისა და ა. შ. არ დავუშვათ ჩვენზე მობარებული და ჩვენი დასაცავი ქალების წახდომა.

თუ არადა მაშინ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ და უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი დუმილითა და კომპრომისით სატანის სამსახურში ვდგებით, იმ სატანისა, რომელსაც ადამიანის სულიერი და ფიზიკური დაცემა, გარყვნილება, ღალატი, ოჯახის დანგრევა და წარწყმედა სწადია.

ხოლო რაც შეეხება ქალებს, ჩვენს დედებს, დებსა და მეუღლეებს, ქალიშვილებს, ასე ვეტყოდი:

რა არის საჭირო ქალთა მართლა ბედნიერებისათვის, ეს ყველაზე უკეთ მათდამი საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ეპითეტებიდან ჩანს. ეს ეპითეტებია: სიწმინდე, სიფაქიზე, სათნოება, სინაზე, სიმორცხვე, მოკრძალება, უბიწოება, პატიოსნება, ქმრის ერთგულება, შვილებისთვის თავგანწირვა…

გურამ ფალავანდიშვილი