2012 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით, არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) წმიდანად შეირაცხა, ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი-სალოსის სახელით. მისი ხსენების დღედ დაწესდა ახ. სტ. 2 ნოემბერი.
* * *
2012 წლის 20 დეკემბრის წმინდა სინოდის განჩინება
(ამონარიდი)
“II. მრავალი ადამიანია მომსწრე არქიმანდრიტ გაბრიელის (ურგებაძე) ცხოვრების დროინდელი და მისი გარდაცვალების შემდგომ აღსრულებული სასწაულების. მათ მიმართეს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს არქიმანდრიტ გაბრიელის კანონიზაციის საკითხზე. წმინდა სინოდმა იმსჯელა და დაადგინა: 1. წმინდა სინოდი ითვალისწინებს მის ცხოვრებას, სასწაულებს, რომლებიც აღესრულება მის საფლავზე და საყოველთაო სიყვარულსა და აღიარებას და ერთხმად ადგენს: არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) აღიარებულ იქნას წმინდანად და ეწოდოს – ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი-სალოსი; 2. გაიხსნას მისი საფლავი და გადასვენებულ იქნას სამთავროს ტაძარში. დაიწეროს მისი ხატი, მისი ცხოვრება და ტროპარ-კონდაკი. 3. ხსენების დღედ დაწესდეს მისი გარდაცვალების დღე – 20 ოქტომბერი (2 ნოემბერი).”
ტროპარი
ვითარცა ქრისტე მეუფემან ბუნებაჲ ღმრთაებრივი კაცობრივითა დაჰფარა და მით უჩინო ჰყო წინაშე ჩვენსა გამოუთქმელი დიდებაჲ მისი, გამსგავსებთ შენცა, რომელმან დიდებაჲ შენი სალოსობითა დაჰფარენ და ნიშითა აღმსარებლობისათა სულთა მწყემს ექმენ, მამაო ღირსო გაბრიელ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
კონდაკი
მიუწვდომელ არს მოწყალებაჲ მისი, რომლისა მადლითა ქმნულებაჲ განღმრთობილ ვიხილეთ, რომელმან შემოქმედისა ხატებაჲ განიმტკიცა, აღიყვანა რა მსგავსებად ღმრთისა ბუნებაჲ თვისი, ამისთვის გადიდებთ მამაო გაბრიელ ქებისა ღირსო, რომელი ქვეყანასა იყავ საყვირად სიმართლისა, მტრედად სიწმიდისა და მცხოვრები საკვირველითა სიმდაბლითა აჟღერებდი ჩანგსა სიბრძნისასა და ორღანსა სიყვარულისასა, ხოლო აწ ცათა შინა ხარ მეოხი ჩვენისა ცხოვრებისა და შუამდგომელ მადლისა ღმრთისა.
ZNEOBA.GE-ს რედაქცია