ნაღდი ფულის აკრძალვა და ციფრული ვალუტები

ნაღდი ფულის აკრძალვისა და ციფრული ვალუტების შემოღების საკითხზე საუბრისას გასათვალისწინებელია არსებული ზოგადი ტენდენცია, რაც მსოფლიოში მიმდინარე ციფროვიზაციის ფონზე ნაღდი ფულის გამოყენების არეალის შემცირებას იწვევს და საქმე ისე მიდის, რომ არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში, ციფრული ვალუტა სრულად ჩაანაცვლებს ნაღდ ფულს, რაც ადამიანებზე პლანეტარული მასშტაბის დიქტატურის დამყარების დასაწყისი იქნება.

როდესაც საუბარი ნაღდი ფულის აკრძალვას ეხება, რიგით მოქალაქეს ეს წარმოუდგენლად მიაჩნია და, ხშირ შემთხვევაში, ღიმილს ჰგვრის, რადგან ასეთ საუბრებს „შეთქმულების თეორიების“ სფეროს მიაკუთვნებს.

რეალურად კი საქმე ცოტა უფრო სხვანაირადაა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება წარმოვიდგინოთ და ნაღდი ფულის გამოყენების კანონმდებლობით შეზღუდვის პროცესი (რაც, როგორც არ უნდა შეიფუთოს, იგივე აკრძალვაა) დიდი ხანია დაწყებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

ნაღდი ფულის აკრძალვის კუთხით დღეს ევროპა ლიდერობს.

ქვემოთ მოყვანილია კონკრეტული ქვეყნების მაგალითები 2026 წლის მდგომარეობით:

● საბერძნეთი: ევროკავშირში ყველაზე მკაცრი შეზღუდვა ნაღდი ფულის გამოყენებაზე მოქმედებს საბერძნეთში – ნაღდი ფულით შეგიძლიათ გადაიხადოთ მხოლოდ 500 ევრომდე. 500 ევროზე მეტი ღირებულების ნებისმიერი შენაძენი დაშვებულია მხოლოდ საბანკო ბარათით, ან საბანკო გადარიცხვით.

● ესპანეთი: ლიმიტი შეადგენს 1000 ევროს რეზიდენტებისთვის, ხოლო უცხოელი ტურისტებისთვის (არარეზიდენტებისთვის) – 10000 ევროს.

● საფრანგეთი: ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის ლიმიტია 1000 ევრო, ხოლო ტურისტებისთვის – 15000 ევრო.

● ნიდერლანდები: მოქმედებს აკრძალვა ნაღდი ფულით ანგარიშსწორებაზე 3000 ევროს ზემოთ ბიზნესისთვის.

● პორტუგალია: ადგილობრივი მოსახლეობისთვის (რეზიდენტებისთვის) ნაღდი ფულით ანგარიშსწორების ლიმიტია 3000 ევრო. ტურისტებისთვის (არარეზიდენტებისთვის) კი 10000 ევრო.

● იტალია: ნაღდი ფულით გადახდის მაქსიმალური ზღვარია 5000 ევრო.

ნაღდი ფული, ამა თუ იმ ოდენობით და ფორმით, შეზღუდულია ევროპისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც: ბელგიაში, ლიტვაში, სლოვენიაში, ლატვიაში, კვიპროსზე, მალტაზე, ჩეხეთში, პოლონეთში, ხორვატიაში, ინდოეთში, თურქეთში, მექსიკაში, ურუგვაიში და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა დაამტკიცა ერთიანი საყოველთაო ევროპული ლიმიტი ნაღდი ანგარიშსწორებისთვის 10000 ევროს ოდენობით (რეგულაცია EU 2024/1624), რომელიც ძალაში შევა ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში 2027 წლის 10 ივლისიდან. ერთიანი რეგულაციის ამოქმედებამდე (ისევე როგორც მისი ძალაში შესვლის შემდგომაც – გამკაცრების კუთხით), თითოეული ქვეყანა ინდივიდუალურად ადგენს საკუთარ ლიმიტს ნაღდი ფულით ანგარიშსწორებაზე.

თითქმის ყველგან ნაღდი ფულის აკრძალვის ძირითად მიზეზად სახელდება ეკონომიკის არალეგალურ სექტორთან და ფულის გათეთრებასთან ბრძოლა, თუმცა, როგორც არ უნდა იყოს, საქმე გვაქვს ფულის ხუთი ფუნქციიდან უმთავრესი ფუნქციის შეზღუდვასთან – მოქალაქეებისთვის იზღუდება ნაღდი ფულის, როგორც გადახდის საშუალების გამოყენების შესაძლებლობა.

ციფრული ვალუტების შემოღება ამ კონტროლს სრულიად ახალ ხარისხსა და მასშტაბში აიყვანს.

სამწუხაროდ, საქართველოშიც დადგა დღის წესრიგში ციფრული ვალუტის (ციფრული ლარის) შემოღების საკითხი, რომელიც მოსახლეობაში სამართლიანად იწვევს საფრთხის განცდას, ვინაიდან:

– ციფრული ვალუტა რეალურად არის არა ფული, არამედ ტალონი, რომლითაც შევძლებთ მხოლოდ იმის შეძენას, რაზეც იქნება დაპროგრამებული ეს ტალონი.

– 100% კონტროლი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე – ჩვენი ნებისმიერი ნაბიჯი, შენაძენი, გადარიცხვა მოექცევა სრული კონტროლის ქვეშ.

– ციფრული ვალუტა (CBDC), ადამიანებზე პლანეტარული მასშტაბის დიქტატურის დამყარების მხრივ, კაცობრიობის ისტორიაში აქამდე არსებული ყველაზე საშიში მექანიზმია.

ამ საფრთხეების ნიველირების კუთხით, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ნაღდი ფულით ანგარიშსწორება კანონით არის დაცული, ხოლო ზოგიერთმა ქვეყანამ ეს უფლება უმაღლეს საკანონმდებლო დონეზე ან კონსტიტუციაშიც კი გაამყარა.

მაგალითად, შვეიცარიამ ნაღდი ფულის მიწოდება და შვეიცარიული ფრანკის სტატუსი კონსტიტუციის დონეზე განამტკიცა – მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარია ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა ციფრული გადახდების კუთხით, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ქაღალდის ფულს ფინანსური თავისუფლებისა და კონფიდენციალურობის სიმბოლოდ მიიჩნევს, რაც შესაბამისად აისახა კანონმდებლობაშიც: 2026 წლის 8 მარტის საყოველთაო რეფერენდუმით მოქალაქეებმა ხმა მისცეს ნაღდი ფულის კონსტიტუციით დაცვას.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვთხოვთ ხელისუფლებას გააუქმოს ციფრული ლარის შემოღება, ხოლო ნაღდი ფულის გამოყენების გარანტია დაფიქსირდეს კონსტიტუციის დონეზე:

ა) საქართველოში მოქმედი ყველა სახელმწიფო, კომერციული, არაკომერციული სუბიექტი თუ კერძო პირი ვალდებული უნდა იყოს, გამოიყენოს ლარი, როგორც ნაღდი ანგარიშსწორების საშუალება და არ ჰქონდეს უფლება, უარი თქვას მის მიღებაზე;

ბ) დაუშვებელია ლარის, როგორც ნაღდი ანგარიშსწორების საშუალების გამოყენებაზე რაიმე სახის შეზღუდვის ან ლიმიტირების დაწესება.

დავით ლორთქიფანიძე

2026 წ.

პ.ს.
აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, მკითხველს შეუძლია მოიძიოს და მოუსმინოს ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) პრეზიდენტის კრისტინ ლაგარდის 2023 წლის ინტერვიუს, რომელშიც იგი ციფრული ევროს შემოღებაზე საუბრობს:

2023 წლის მარტში პრანკერებთან ჩაწერილ საუბარში კრისტინ ლაგარდმა, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ ვლადიმირ ზელენსკის ელაპარაკებოდა, საკმაოდ გულახდილად და დეტალურად ისაუბრა ციფრული ევროს (Digital Euro) კონტროლის მექანიზმებზე, ფულად შეზღუდვებსა და გეოპოლიტიკურ მიზნებზე.

პრანკერებმა ლაგარდს ევროპის ეკონომიკურ კრიზისზე, ინფლაციასა და უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერაზე დაუწყეს საუბარი. თუმცა, ყველაზე რეზონანსული აღმოჩნდა მისი განცხადებები ციფრულ ევროზე (Digital Euro):

ლაგარდმა საუბარში აღიარა, რომ ციფრული ვალუტის დანერგვის პროექტში „კონტროლის“ მექანიზმი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.

მან აღნიშნა, რომ ციფრული ევრო მომხმარებლებს მისცემს გარკვეულ თავისუფლებას, თუმცა ეს იქნება „შეზღუდული კონტროლი“ (limited control).

ლაგარდმა ახსნა, თუ რატომ ვერ იქნება ციფრული ვალუტა სრულად ანონიმური, როგორც ნაღდი ფული, და პარალელი საფრანგეთის ტერაქტებთან გაავლო:

ევროპის ცენტრალური ბანკი განიხილავდა მექანიზმს, სადაც ძალიან მცირე თანხებზე, დაახლოებით 300-დან 400 ევრომდე, კონტროლი საერთოდ არ იქნებოდა.

იქვე ლაგარდმა დაამატა: “ეს შეიძლება საშიში იყოს. 10 წლის წინ საფრანგეთში მომხდარი ტერაქტები მთლიანად დაფინანსდა ზუსტად ასეთი მცირე, ანონიმური საკრედიტო ბარათებით, რომელთა შევსებაც აბსოლუტურად ანონიმურად იყო შესაძლებელი”.

საუბრისას ლაგარდმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპაში ნაღდი ფულის ბრუნვა ისედაც მკაცრად იზღუდება:

“ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, საფრანგეთსა და იტალიაში, 1,000 ევროზე მეტი ღირებულების შესყიდვისას ნაღდი ფულით გადახდა უკვე შეუძლებელია. თუ ამას მაინც აკეთებ, ე.წ. “ნაცრისფერ ბაზარზე” ხარ. რისკზე მიდიხარ – თუ დაგიჭერენ, დაგაჯარიმებენ ან ციხეში ჩაგსვამენ.”

მისი ლოგიკით, რადგან ნაღდი ფული ისედაც იზღუდება, ციფრული ევრო უბრალოდ ამ პროცესის თანამედროვე გაგრძელებაა…