ბავშვები თუ ფეისბუქი?

ბავშვები თუ ფეისბუქი?

ფსიქოლოგების, ექიმებისა და ინტერნეტის მკვლევართა რჩევები მშობლებს სოციალურ ქსელებთან დაკავშირებით

19206235_1014021465368266_435474258_n

ტექსტის შედგენისას გამოყენებულია სხვადასხვა ქვეყნის ექიმების, ფსიქოლოგების, ჟურნალისტების, კომპიუტერული ფირმების, მთავრობების, ინტერნეტის მკვლევრებისა და მშობლების ნაშრომები, განცხადებები და წერილები.

1. რა მატერიალური საფრთხეები არსებობს ინტერნეტის მოხმარებისას?

ინტერნეტის მოხმარებას თან ახლავს შემდეგი სახის საფრთხეები: ზნეობრივი, ფიზიკური და მატერიალური. ზნეობრივ და ფიზიკურ საფრთხეებზე ქვემოთ გვექნება საუბარი. რაც შეეხება მატერიალურ მხარეს, არსებობს საშიშროება, რომ ე.წ. ჰაკერებმა ისარგებლონ ინტერნეტის საფრთხეების შესახებ ჩვენი უცოდინრობით, შემოაღწიონ ჩვენს კომპიუტერში ან ტელეფონში და მოიპოვონ პაროლები, რითიც მოახერხებენ ჩვენი საბანკო ანგარიშებიდან თანხის მოპარვას, ან სხვადასხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვებას. არსებობს აგრეთვე ისეთი „ვირუსები“, რომლებსაც შეუძლიათ კომპიუტერში წაგვიშალონ ჩვენთვის ძვირფასი ინფორმაცია ან თვითონ მყარი დისკიც დააზიანონ. ყოველივე ამის თავიდან ასაცილებლად გვირჩევენ, არ შევიდეთ საეჭვო ინტერნეტ-გვერდებზე, არ გადავიდეთ უცნობების მიერ ფოსტით ან ფეისბუქით გამოგზავნილ ინტერნეტ-მისამართებზე, არ გავხსნათ უცნობების მიერ გამოგზავნილი წერილები, განსაკუთრებით კი ამ წერილების თანმხლები ფაილები, არ დავაყენოთ უცნობი, არალიცენზირებული პროგრამები, არ დავუჯეროთ ვებ-გვერდებზე (საიტებზე) გამოჩენილ ან ფოსტით მიღებულ წერილებს, რომლებიც ჩვენგან ითხოვენ რაიმე სახის ინფორმაციას (ტელეფონის ნომერს, სახლის მისამართს, ბანკის ანგარიშის ნომერს, პაროლს…) ან ინტერნეტ-მისამართზე შესვლას, თითქოსდა იმისთვის, რომ რაღაც ჯილდო მოვიგეთ ან თანხას გვჩუქნიან და ა.შ. ეს ყველაფერი სატყუარებია ჩვენთვის ზიანის მიყენების მიზნით. ფეისბუქის გვერდზე არ განათავსოთ ისეთი ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა ვინმემ ბოროტი მიზნებისთვის გამოიყენოს (მისამართი, ტელეფონის ნომერი, დღის განაწესი, ბავშვის სასწავლებლის იდენტიფიკაცია და ა.შ.). ეს ეხება ოჯახის ყველა წევრს, განსაკუთრებით არასრულწლოვანებს. დაარწმუნეთ ბავშვები, რომ ფეისბუქის (ან სხვა სოციალური ქსელის) მეგობრებში უცნობი ადამიანები არ დაიმატონ, არ შეავსონ რაღაც კითხვარები და დღიურები, არ ჩაერთონ თამაშებში. გააფრთხილეთ, რომ სასწრაფოდ გაცნობონ, თუკი ვინმე ინტერნეტში დაემუქრა, რაიმე დავალება მისცა, შეხვედრა სთხოვა და ა.შ.

2. რა საფრთხეებს შეიცავს ბავშვებისთვის ინტერნეტით სარგებლობა

როგორც მეცნიერები ამბობენ, ბავშვებისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს სოციალური ქსელები (ფეისბუქი, ინსტაგრამი, იუთუბი, ოდნოკლასნიკი, ვკონტაქტე და ა.შ.), მაგრამ მანამდე, ვიდრე ის სოციალურ ქსელში ჩაერთვება, როგორც წესი, უკვე მეტ-ნაკლებად ინტერნეტ-დამოკიდებულია. სამწუხაროდ, ჩვენთან ეს დამოკიდებულება 3-4 წლის ასაკიდან იწყება, როდესაც მშობლები იმისათვის, რომ ბავშვებისგან დაისვენონ, მათ გასართობად ტელეფონს აძლევენ. ხშირად ეს გართობა საათობით გრძელდება. ბავშვები ამ დროს ელექტრომაგნიტურ დასხივებასაც იღებენ, მხედველობასაც იზიანებენ და ინტერნეტზე დამოკიდებულებიც ხდებიან (ჯერ საბავშვო თამაშები და მულტფილმები, მერე ფეისბუკი, ვიდეორგოლები, თამაშები, აზარტული თამაშები და ა.შ.).

ინტერნეტის ბერძენი მკვლევარი ათანასე კოლიოფუტისი წერს: „ტერმინში „ჩვევა“ ჩვენ ვგულისხმობთ სუბიექტის ლტოლვას გარკვეული კმაყოფილების შეგრძნებისაკენ. ამასთანავე, სუბიექტი ვერ ახერხებს გაუმკლავდეს ამ სწრაფვას, ის გრძნობს გარკვეული მოქმედების აკვიატებულ სურვილს, რომელიც შესაძლოა საზიანო იყოს როგორც სუბიექტისთვის, ასევე გარშემომყოფებისთვის. დამოკიდებულების ყველა ფორმას, ისევე როგორც ჩვენს მიერ განსახილველ ინტერნეტ-დამოკიდებულების შემთხვევას, ახასიათებს კმაყოფილების შეგრძნების ძიება, ამ შემთხვევაში – ინტერნეტით სარგებლობისას. შედეგად, იზრდება დრო, რომელიც ამ შეგრძნების მისაღწევად იხარჯება. ამასთანავე, ინტერნეტის უქონლობა შესაძლოა სტრესული სიტუაციის ტოლფასი იყოს… დამოკიდებულება ჩნდება იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანის მოქმედება, რომელიც მიმართულია სიხარულის გრძნობის მიღწევისკენ და რაიმე ფსიქოლოგიური ტვირთისგან განთავისუფლებისკენ, მისი კონტროლიდან გამოდის. ადამიანი თანდათანობით კარგავს თავისი მოქმედებისა და ინტერნეტისკენ ლტოლვის კონტროლს, მიუხედავად მისი ზემოქმედების უარყოფითი შედეგისა“.

ამერიკაში, პენსილვანიის შტატში გაიხსნა საავადმყოფო ინტერნეტ-დამოკიდებულთა სამკურნალოდ. მკურნალობა იწყება იმით, რომ ავადმყოფებს 3 დღე-ღამის განმავლობაში ეკრძალებათ კომპიუტერისა და ტელეფონის მოხმარება. ვაშინგტონის შტატის დასახლება ფოლ სიტიში ფუნქციონირებს ცენტრი, რომელშიც ინტერნეტზე დამოკიდებულ ბავშვებს მკურნალობენ სპეციალური პროგრამით „რესტარტი“. ჩინეთში არსებობს სამხედრო ტიპის ცენტრები, სადაც თერაპევტები, ფსიქოლოგები და მწვრთნელები ინტერნეტ-დამოკიდებულ ბავშვებს ფიზიკური ვარჯიშებით, მკაცრი რეჟიმით და საუბრებით მკურნალობენ.

გამოკვლევების მიხედვით ჩანს, რომ ფეისბუქ-დამოკიდებულების მთავარი გამომწვევი მიზეზებია ზედმეტი თავისუფალი დრო, დეპრესიული განწყობა, პოპულარობის წყურვილი და ცნობისმოყვარეობა. პოპულარობის წყურვილი ძირითადად გამოხატულებას ჰპოვებს საკუთარი (ან ოჯახის წევრების) ფოტოებისა და „სტატუსების“ აფიშირებაში „მოწონებებისა“ და კომპლიმენტების მოლოდინით.

საფრთხეები, რომლებზეც მკვლევრები საუბრობენ, ემუქრება როგორც უფროსებს (ინტერნეტ-მეგობრებთან ურთიერთობის შედეგად ზოგჯერ საკმაოდ მყარი ოჯახებიც ინგრევა), ასევე ბავშვებს, თუმცა ბავშვი ბევრად მეტ ზიანს იღებს გარკვეული მიზეზების გამო. ფიზიკური და სულიერი საფრთხეებიდან ასახელებენ:

როგორც ფსიქოლოგები აღნიშნავენ, უკონტროლო, მრავალფეროვანი ინფორმაცია ბავშვის ფსიქიკაზე უარყოფით გავლენას ახდენს. ინტერნეტში შეზღუდვები არის მხოლოდ ფიქტიური, ფაქტიურად კი უყურადღებოდ დატოვებულ ბავშვს წვდომა აქვს ნებისმიერ ინფორმაციაზე; მას არ შეუძლია დაახარისხოს ეს ინფორმაცია და ამიტომ ყველაფერს ისრუტავს, რაც ნელ-ნელა მას ფსიქიკას უზიანებს.

ძალიან იოლია ბავშვი ინტერნეტით აზარტულ თამაშებში ჩაებას, რაც მას სერიოზულ ფსიქიკურ ზიანს მოუტანს, მის ოჯახს კი მატერიალურ ზიანს. ზოგჯერ ასეთი თამაშები დიდი ტრაგედიებითაც მთავრდება…

არსებობს დიდი საფრთხეა იმისა, რომ ბავშვს ინტერნეტთან ურთიერთობამ ყველაზე ძნელად გამოსასწორებელი ზიანი ზნეობრივი მხრიდან მიაყენოს. საშიშია არა მხოლოდ პორნოგრაფია, სადიზმი და სხვა აშკარა გადახრები, არამედ ძალიან ბევრი თამაში, მუსიკალური „კლიპი“ და მულტფილმიც კი საფრთხის შემცველია. მშობლების უმეტესობამ ალბათ არც იცის, რომ მაშინაც კი, როცა მათი შვილები ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელში (იუთუბი) უყურებენ ვიდეოსიუჟეტებს ბუნებაზე, რელიგიაზე, ისტორიაზე, მუსიკაზე, როგორც წესი, შეთავაზებებს შორის ჩნდება პატარა ფანჯარა, რომელიც მაყურებელს უხამს, განსაკუთრებით ბავშვისთვის შეუფერებელ ვიდეორგოლს სთავაზობს, ხშირად წარწერით 18+, თითქოს გაფრთხილების მიზნით, რომ არასრულწლოვანებმა არ უყურონ, რეალურად კი ეს უფრო რეკლამის როლს თამაშობს. ზოგადად, ინტერნეტში ძალიან ცოტაა ისეთი პოპულარული გვერდები, რომლებიც არ ავრცელებენ ვნებების აღმძვრელ, უზნეო, სულის დამაზიანებელ ინფორმაციას ტექსტების, ფოტოების და ვიდეოების სახით.

ათანასე კოლიოფუტისი წერს: „საერთაშორისო კვლევების მიხედვით, გამოკითხული ბავშვების 74,4% პასუხობს, რომ ნებისმიერ სასურველ დროს შეუძლიათ ინტერნეტში შესვლა ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, ხოლო 9,7% კითხვარში აღიარებს (არა მშობლებთან), რომ თავს დასხმიან პედოფილები – „ჩათში“, ელ. ფოსტაში და სხვადასხვა სოციალურ ქსელში. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კვლევების მიხედვით, პორნოგრაფიასთან პირველი შეხების საშუალო ასაკად ითვლება 11 წელი. პორნოგრაფიის ყველაზე მეტი მოხმარება ხდება 12-17 წლის ასაკში, ამასთანავე ასი ათასი ინტერნეტსაიტი მომხმარებელს სთავაზობს ბავშვთა პორნოგრაფიის დიდ რაოდენობას. 15-17 წლის მოზარდთა 80% აღიარებს, რომ არაერთხელ უნახავთ ინტერნეტში სექსუალური ძალადობის სცენები. ბავშვების 90% 8-16 წლის ასაკში უყურებდა პორნოგრაფიულ ფილმებს იმ დროს, როცა როცა სასკოლო დავალებებს ასრულებდა. პორნოგრაფიული შინაარსის საიტების დათვალიერების გარდა ბავშვები ხშირად სწავლობენ აზარტულ თამაშებს, უჩნდებათ მიდრეკილება ნარკოტიკების მოხმარებისკენ, მონაწილეობენ საშიშ თამაშებში და ზოგჯერ თვითმკვლელობამდეც მიდიან. ასევე უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს ქსელური თამაშები, რომლებშიც ძალადობის სიმრავლეა; ამ თამაშების გავლენით იშვება სიძულვილი, სადიზმი და სიკვდილისკენ ლტოლვა. გარდა ამისა, ინტერნეტის საშუალებით შეიძლება განხორციელდეს პორნოგრაფიული ხასიათის სხვადასხვა მოქმედება. ახალგაზრდები შედიან გარკვეულ საიტებზე, ყიდულობენ სხვადასხვა საქონელს შესაბამის მაღაზიებში, ეცნობიან მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს და გარყვნილ ადამიანებს“.

(თავდაცვა: მშობელი რაღაც დონემდე უნდა ერკვეოდეს ინტერნეტის შესაძლებლობებში და უნდა აუხსნას ბავშვს, როგორ გაფრთხილდეს; მუდმივად უნდა აკონტროლოს, რას ნახულობს ბავშვი ინტერნეტში; არ მისცეს მცირეწლოვანს ისეთი ტელეფონი (სმარტფონი), რომლითაც ის ინტერნეტში შესვლას შეძლებს. კომპიუტერისგან განსხვავებით, ბავშვი სმარტფონის საშუალებით ყოველგვარი კონტროლის გარეშე შევა ინტერნეტში სადაც უნდა და რამდენ ხანსაც უნდა. ბავშვები ხშირად ამას გაკვეთილებზეც ახერხებენ.)

ავსტრალიის მთავრობამ ინტერნეტში გამოაქვეყნა მიმართვა მშობლებისადმი, სადაც ჩამოთვლილია სოციალური ქსელებიდან მომდინარე საფრთხეები. ამ ჩამონათვალში არის მუხლი, რომელშიც ნათქვამია, რომ სოციალურ ქსელებში ბავშვები ხშირად პაროლებით ესაუბრებიან ერთმანეთს, რათა მშობლებმა ვერ გაიგონ საუბრის შინაარსი. შემდეგ ჩამოთვლილია ძირითადი პაროლები და მათი მნიშვნელობები. ეს პაროლები რამდენიმე ასოსგან შედგება და ძირითადად გარყვნილების სხვადასხვა სახეს აღნიშნავს.

როგორც გამოკვლევებმა გვიჩვენა, მსგავსი სიტუაციაა ქართული ფეისბუქის გარკვეულ ჯგუფებშიც. მშობლების უმეტესობას წარმოდგენაც არა აქვს, რომ მათი შვილების გვერდებზე განთავსებული მასალის დიდ ნაწილს შეიძლება მხოლოდ შერჩეული მეგობრები ხედავდნენ, რომ შეიძლება ბავშვები სხვა, ანონიმური სახელებით გაწევრიანებულები იყვნენ საეჭვო ფეისბუკ-ჯგუფებში; ქართულენოვან ფეისბუქში უამრავი პირადი გვერდი და საერთო დახურული ჯგუფი ეწევა მოზარდებში გარყვნილების, ნარკომანიის, აზარტული თამაშების, მაგიის, სუიციდის პროპაგანდას. მშობლებმა არც ის იციან, რომ უამრავი უცხოელი პედოფილი (ძირითადად არაბული ქვეყნებიდან) ცდილობს მიმოწერა გააბას მცირეწლოვან ქართველ გოგონებთან.

3. რა შეუძლია მშობელს?

პირველ რიგში, მშობელი უნდა ეცადოს, რომ ბავშვი იყოს მაქსიმალურად დაკავებული: სწავლით, სპორტით, მუსიკით, ხელსაქმით, შრომით, მეგობრებთან, ნათესავებთან რეალური ურთიერთობით. მან ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ბავშვი ვერ შედიოდეს ინტერნეტში მშობლის კონტროლის გარეშე. არსებობს სპეციალური პროგრამები, რომლებიც მშობელს საშუალებას აძლევს აკონტროლოს, თუ რას აკეთებს ბავშვი ინტერნეტში. ყველაზე სასურველია, თუ ბავშვს ექნება ისეთი ტელეფონი, რომლითაც მხოლოდ დარეკვას და მესიჯების გაგზავნას შეძლებს, ინტერნეტში კი ვერ შევა.

ინტერნეტში იმ ბავშვებისთვის, ვინც არ არის გაწევრიანებული ფეისბუკში, ყველაზე დიდი საშიშროებაა შეუფერებელი ვიდეოები, ფორუმები და გამიზნულად უზნეობის გამავრცელებელი ვებ-გვერდები. ამ ყოველივესთან შეხება ემუქრება ინტერნეტის ნებისმიერ მომხმარებელს, მით უმეტეს ბავშვს, რადგან ის გონებრივადაც და ფსიქოლოგიურადაც სუსტია ზრდასრულებთან შედარებით. მას აკლია მავნებელისა და სასარგებლოს, ტყუილისა და სიმართლის, პატიოსნისა და თაღლითის გარჩევის გამოცდილება; უჭირს ასევე ემოციებისა და ვნებების მოთოკვა. ამიტომ მშობელმა ბავშვი რეალური საქმიანობით უნდა დატვირთოს, რომ დრო აღარ რჩებოდეს ინტერნეტში მავნებელი გართობისათვის, ამავე დროს მუდმივად უნდა აკონტროლოს რას აკეთებს ბავშვი კომპიუტერში. კომპიუტერის მოხმარებას სმარტფონთან შედარებით ის უპირატესობა აქვს, რომ მშობელს ადვილად შეუძლია პაროლი დაადოს მას, რათა ბავშვმა მისი ნებართვის გარეშე ვერ ჩართოს. აგრეთვე ყოველთვის შეძლებს შეამოწმოს, რომელ გვერდებზე შედიოდა ბავშვი ან რა ვიდეოებს ნახულობდა. ამაში გარკვევა, სურვილის შემთხვევაში, ადვილად შეიძლება კომპიუტერის ანბანის მცოდნე ადამიანის დახმარებით.

რაც შეეხება ფეისბუქს, ყველაზე უკეთესი და მეტისმეტად სასურველია, ბავშვი სრულწლოვანებამდე მას საერთოდ არ გაეკაროს. თუ მშობელი ამას ვერ მიაღწევს, მაშინ მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ბავშვის გვერდის პაროლი, რომ შეეძლოს შემოწმება, ვინ უმეგობრდება მის შვილს, რა იწერება, რა ფოტოები ან ვიდეოები იდება მის გვერდზე, ვისთან აქვს მიმოწერა მესიჯებში. უკეთესი იქნება, თუ ბავშვი ისარგებლებს მშობლის ფეისბუკ-გვერდით, თუკი ფეისბუკით სარგებლობა დასჭირდება. ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ უამრავი საფრთხისა და იმის მიუხედავადაც, რომ თვითონ ფეისბუკი უკრძალავს 13 წლამდე ბავშვებს მასში გაწევრიანებას, ხოლო 18 წლამდელებს შეზღუდვებს უწესებს, მრავალი პედაგოგი მოწაფეებს ფეისბუკით აძლევს დავალებებს, ანუ უბიძგებს კანონი დაარღვიონ, მოატყუონ ფეისბუკის ადმინისტრაცია და შექმნან საკუთარი ფეისბუკ-გვერდი ან ჯგუფი.

გარდა პირადი გვერდისა, ფეისბუკში უამრავი საერთო ჯგუფია, რომლებში გაწევრიანებაც ხშირად დიდ საფრთხეებთან არის დაკავშირებული. ხშირად ამ ჯგუფებში ბავშვები გაწევრიანდებიან ხოლმე ყალბი გვერდებით, რომ მშობლებს და ახლობლებს დაუმალონ თავიანთი საქმიანობა ვირტუალურ სივრცეში. ძირითადად სწორედ ასეთ ჯგუფებში ხდება მოზარდების მიდრეკა სუიციდისკენ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ფეისბუკის მუდმივი მომხმარებელი ბავშვები ხშირად საიდუმლო დათქმული ნიშნებით ესაუბრებიან ერთმანეთს – ისე, რომ უცხო ადამიანი ვერ მიხვდება, რაზე საუბრობენ. საერთოდ, ბავშვი თუ მოინდომებს, ადვილად შეძლებს მშობლის მოტყუებას, რადგან, როგორც წესი, ისინი მშობლებზე ბევრად უკეთესად ერკვევიან ინტერნეტის და ფეისბუკის საიდუმლოებებში. ამიტომ ყველაზე უკეთესი გამოსავალია, ბავშვს არ ჰქონდეს სმარტფონი, არ რჩებოდეს ზედმეტი დრო და მშობელი სიყვარულით ასწავლიდეს მას კეთილისა და ბოროტის გარჩევას, მუდმივად მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდეს მასთან, რათა ბავშვი არ გამოვიდეს მისი გავლენიდან, არ მოექცეს უზნეო ადამიანების ზემოქმედების ქვეშ და მშობლებისგან ფარულად სულისა და ხორცის დამღუპველ ვირტუალურ ცხოვრებაში არ ჩაეფლოს.

თუ მშობელი (ან ნათესავი, მეგობარი) შენიშნავს, რომ ბავშვის (ან მისი ფეისბუკ-მეგობრების) გვერდზე გამოჩნდა დეპრესიული შინაარსის „სტატუსები“, იმ ბავშვების ფოტოები, ვიდეოები ან გამონათქვამები, ვინც ცხოვრება თვითმკვლელობით დაამთავრა, ზოგადად, ამ თემატიკასთან დაკავშირებული მასალა (დასერილი ხელები, სახურავიდან, ხიდიდან გადახტომის სცენები, დასისხლიანებული სახე, სხეული, სადისტური სცენები), ანდა თუ ბავშვმა თვითდაზიანება მიიყენა, უმიზეზოდ ავლენს აგრესიას, მარტოობას ესწრაფვის, ცუდად სძინავს, შეშინებულია… სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები ბავშვის დასახმარებლად, რადგან ეს ყოველივე ცუდი ნიშნებია: ბავშვი ან დეპრესიაშია, ან რაღაც ჯგუფი მასზე ძალიან საშიშ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს. ამ შემთხვევაში აუცილებელია დიდი სიფრთხილე, ბავშვთან სიყვარულით საუბარი და სპეციალისტების დახმარება, რადგან იყო შემთხვევები, როდესაც პირდაპირ აკრძალვას (ტელეფონის წართმევა, ინტერნეტის გათიშვა) გამოუსწორებელი შედეგი მოჰყვა. როდესაც სუიციდის რისკი მაღალია, არ შეიძლება ბავშვის მარტო დატოვება.

ყველა მშობელმა, ვისაც სურს, სულიერად და ხორციელად ჯანმრთელი შვილები ჰყავდეს, უნდა იცოდეს, რომ დღევანდელ რეალობაში მოზარდებისთვის ერთ-ერთი მთავარი საფრთხეა ინტერნეტში უკონტროლოდ დროის გატარება. დიდი რაოდენობის გაუფილტრავი ინფორმაციის ზემოქმედება გახლავთ ეკლესიისგან მოზარდების მასიური ჩამოშორების მთავარი მიზეზიც. ნურც ერთი მშობელი თავს ნუ მოიტყუებს იმით, რომ მისი წესიერი შვილი ინტერნეტში – ინფორმაციის უკიდეგანო და უკონტროლო ოკეანეში – მარტო დარჩენილი, ამ ოკეანის ყველა ზვიგენსა და ვეშაპს გაუმკლავდება, არ დაზარალდება არც სულიერად და არც ხორციელად, და იქიდან მხოლოდ სასარგებლო ინფორმაციას მიიღებს.

შეადგინა ლადო წამალაშვილმა

(იბეჭდება შემოკლებით)

დამატებით იხილეთ: http://zneoba.ge/4546