კაცის ტანსაცმლით სიარული ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენს ქალის ბუნებაზე

კაცის ტანსაცმლით სიარული ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენს ქალის ბუნებაზე

ერთხელ მამა პორფირის* წმ. კონსტანტინეს ტაძრის (ომონიაზე) სიახლოვეს მოუწია გავლა და ტაძარში შევიდა ხატების მოსალოცად. ტაძრიდან რომ გამოვიდა, მასთან ცოლ-ქმარი მივიდა გოგონასთან ერთად. მეუღლეებმა ჰკითხეს, ხომ არ დაუთმობდა მათ ერთ წუთს. მამა პორფირიმ მიუგო, რომ ის ამ ტაძრის მღვდელმსახური არ იყო. არა უშავს, – მიუგეს მათ, – ჩვენ მხოლოდ ერთი შეკითხვის დასმა გვინდოდა. ეს ხომ არ იქნება ძალიან დამამძიმებელი?

ჩვენ გვყავს ქალიშვილი, – წამოიწყო საუბარი ქმარმა, – და ჩემმა ცოლმა დაიჟინა, რომ ბავშვმა შარვალი უნდა ჩაიცვას. მე არ ვეთანხმები და არ მსურს, რომ მან შარვლით იაროს. ჩვენი შეხედულებები ურთიერთსაწინააღმდეგოა. ამგვარად, გადავწყვიტეთ მივიდეთ მღვდელთან, ნებისმიერ მღვდელთან, მოვუყვეთ ჩვენი კამათის შესახებ და ისე გადავწყვიტოთ, როგორც ის გვეტყვის.

მამა პორფირიმ მაშინვე უთხრა, რომ ეს უბრალო საკითხი არაა. შემდეგ აუხსნა, რომ პასუხის მოძებნა შეიძლება წმიდა წერილში და ეკლესიის წმიდა კანონებში. პასუხს თვით ბუნებაც გვკარნახობს, რადგან ქალის ბუნება განსხვავდება კაცის ბუნებისაგან, როგორც სულიერად, ისე ხორციელადაც. ეს განსხვავება სამოსითაც აღინიშნება. ბერმა აგრეთვე ურჩია, წაეკითხათ „მეორე სჯულისა“ (22,5), სადაც წერია, რომ მამაკაცებს ეკრძალებათ დედაკაცის სამოსის ჩაცმა, ხოლო დედაკაცებს – მამაკაცისა.

მამა პორფირიმ აუხსნა მათ, რომ კაცის ტანსაცმლით სიარული ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენს ქალის ბუნებაზე და ძალიან ხშირად ქალი იწყებს კაცივით მოქცევას. ბუნებრივია, გადახრა ხდება მაშინაც, როდესაც ყმაწვილები ან კაცები ქალის ტანსაცმელს ატარებენ.

ბერი კიდევ დიდხანს საუბრობდა. ის შეეხო ამ საკითხის ყველა ფსიქოლოგიურ და პედაგოგიურ ასპექტს, იმის ასახსნელად, თუ რატომ არ შეიძლება ქალისთვის კაცის სამოსით სიარული, ხოლო კაცისთვის – ქალის სამოსით. ცოლ-ქმარი დაეთანხმა მამა პორფირის სიტყვებს და დიდი სარგებელი მიიღეს ამ თითქოსდა შემთხვევითი, მაგრამ საკვირველი შეხვედრით.

წიგნიდან: Старец Порфирий Кавсокаливит, Цветослов советов. Афон, 2008.

წყარო: martlmadidebloba.ge


* მამა პორფირი კავსოკალივიტი (ბაირაქტარისი) კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წმინდა სინოდმა 2013 წელს წმინდანად შერაცხა (რედ.)