ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული საიდუმლო გეგმა

ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული საიდუმლო გეგმა

დღეს ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში ერთ-ერთი მთავარი როლი ენიჭებათ მართულ ტელევიზიებს, საქართველოში კი ასეთი აბსოლუტური უმრავლესობაა, მათ შორის – ცენტრალურებიც. ეკლესიის ავტორიტეტის დამამცრობელ ცილისმწამებლურ გადაცემებსა და სიუჟეტებს ბოლო არ უჩანთ. უნებლიედ გვახსენდება 2004 წლის შემოდგომა, როდესაც ჩვენ იმ დროს სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე სანდო პირებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია საიდუმლო გეგმის შესახებ, რომელიც იმ დროინდელმა ხელისუფლებამ დასავლეთის შეკვეთით შეიმუშავა ეკლესიის დისკრედიტაციისათვის. ამ გეგმის განხორციელებაში მონაწილეობა უნდა მიეღოთ დასავლეთიდან ფინანსირებულ ორგანიზაციებსა და გამოსოროსებულ სხვა იურიდიულ თუ საერო პირებს. გეგმის განხორციელება მაშინდელი I არხის საშუალებით უნდა მომხდარიყო.

ჩვენმა ორგანიზაციამ დროულად ამხილა ეს ბოროტგანზრახვა და საზოგადოება გააფრთხილა მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ. ჩვენი პუბლიკაცია დაიბეჭდა იმდროინდელ გაზეთ “Georgian Times”-ში, #044 (307), 2004, წლის 11 ნოემბერს სათაურით: “ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული საიდუმლო გეგმა”, ასევე “მიმართვა მასმედიის თანამშრომლებისათვის” და “საიდუმლო გეგმით განსაზღრული გადაცემების ჩამონათვალი”. მხილებამ და გაფრთხილებამ შედეგი გამოიღო: მოქმედებები I არხიდან “რუსთავი 2”-ზე გადაიტანეს, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ ერთი ცილისმწამებლური გადაცემის გაკეთება მოახერხეს.

დღევანდელი სიტუაცია ძალიან მოგვაგონებს მაშინდელს, ერთი განსხვავებით: ამ შეტევისთვის ანტიეკლესიური ძალები და ტელევიზიები უფრო საფუძვლიანად არიან მომზადებულები. მაშინ დისკრედიტაცია ცალკეული პირებისა თუ ჯგუფების წინააღმდეგ უნდა მიმართულიყო, საზოგადოდ ეკლესიის ქების ფონზე. ამჯერად უკვე ეკლესიის კრიტიკაც მიმდინარეობს, ჯერჯერობით პატირიარქის ქების ფონზე. თუმცა, თუ ასე გაგრძელდა, მალე ტოტალურ კრიტიკასა და დისკრედიტაციასაც უნდა მოველოდეთ: მთავარმა მესიჯმეისტერმა ხომ ესეც მოგვი–მესიჯა!

ვფიქრობთ, ინტერსმოკლებული არ იქნება, გავაცნოთ საზოგადოებას ნაცხელისუფლების გარიჟრაჟზე ჩაფიქრებული და ბოლომდე ვერ განხორცილებული საიდუმლო გეგმის შესახებ.

ავთანდილ უნგიაძე

წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის კავშირი

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი

* * *

ჯორჯიან თაიმსი“, #044 (307), 04.11.04

ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული საიდუმლო გეგმა

საქართველოში მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია საქართველოს სამოციქულო ეკლესიის, მისი საჭეთმპყრობელისა და იმ სასულიერო თუ საერო პირების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ დაიცავან მართლმადიდებლობისა და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის სიწმინდე. ჩვენთვის ცნობილი გახდა იმ საიდუმლო გეგმის შესახებ, რომლის მიხედვითაც ტელევიზიის პირველი არხით ეკლესიისა და მის დამცველთა წინააღმდეგ უნდა გადაიცეს რიგი ცილისმწამებლური გადაცემებისა. (ამ გადაცემათა ჩამონათვალი პრესრელიზს თან ერთვის). მითითების თანახმად, ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანია უნდა წარიმართოს ეკლესიის (პატრიარქის) ქების ფონზე. მაგრამ სრულიად აშკარაა, რომ მისი ძირითადი მიზანია ეკლესიის დისკრედიტაცია, ეკლესიაში და მრევლში ეკუმენისტურ-მოდერნისტული და მწვალებლური სწავლებების დანერგვა, პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მმართველობის შეზღუდვა, შემდგომ მისი გადაყენება და ეკლესიის მართვის სადავეებთან ლიბერალურ-ეკუმენისტური ძალების მოსვლა. ამ გეგმის განხორციელება უკვე დაიწყო: 11 სექტემბერს პირველი არხით გადაიცა გადაცემა ვითომ ტერორიზმის, სინამდვილეში კი მართლმადიდებლობისა და მართლმადიდებელთა წინააღმდეგ.

ანტიმართლმადიდებლური კამპანიის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს სასულიერო პირთა, სემინარია-აკადემიის სტუდენტთა და მათ თანამოაზრეთა გარკვეული ჯგუფის აქტიური პროეკუმენისტური და პროპაპისტური კამპანია, რომლის მიზანია საქართველოს ეკლესიის დაბრუნება მსოფლიო ეკუმენისტურ მოძრაობაში, ახალ სტილზე გადასვლა, უწმინდესის მმართველობის დამხობა, ეკლესიისა და მართლმადიდებლობის ერთგულთა დასჯა და სხვა. ეს სასულიერო პირები იარაღად იქცნენ ისეთი ორგანიზაციების ხელში, როგორიცაა ანტიქართული, ანტიმართლმადიდებლური და სექტანტთა დამცველი ორგანიზაცია “თავისუფლების ინსტიტუტი”, “კავკასიის სახლი”, კომკავშირის მემკვიდრე “კმარა” და სოროსის სხვა შვილობილი ორგანიზაციები. რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დაცვის საბაბით ეს ორგანიზაციები ცდილობენ შელახონ რელიგიური უმრავლესობის უფლებები და ღირსებები, ხელი შეუწყონ პაპიზმისა და სექტანტობის აღორძინებასა და აგრესიულ პროზელიტიზმს საქართველოში. ისინი ასევე ცდილობენ, რომ ქრისტიანული ზნეობა და ეროვნული ცნობიერება სკოლებიდანაც ამოძირკვონ და იქ სექსუალური განათლება დანერგონ, გაუღონ სკოლის კარი ეკუმენიზმის, მწვალებლობისა და სექტანტობის სულის წარმწყმედ სწავლებებს, წაართვან საქართველოს მართლმადიდებლური ზნეობის, ეროვნული სულისა და ცნობიერების მატარებელი შთამომავლობა.

ამგვარად, საქართველოში მიმდინარეობს მართლმადიდებელთა დევნა, საინფორმაციო საშუალებებით გახშირდა ღია მოწოდებები მათი დასჯის შესახებ. ამ კამპანიაში ჩაერთო სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ზოგიერთი მოხელე. მზადდება პროვოკაციები მართლმადიდებლური ცნობიერების მქონე სასულიერო და საერო პირების წინააღმდეგ მათი დისკრედიტაციისა და განადგურების მიზნით, რათა შეკვეთა – აღიგავოს პირისაგან მიწისა მართლმადიდებლობა და ეროვნული ცნობიერება საქართველოში – დაუბრკოლებლად განხორციელდეს. ამ მიზანს ემსახურება ფაქტობრივად სახელმწიფო იდეოლოგიის განმსაზღვრელი ნეობოლშევიკური ორგანიზაცია “თავისუფლების ინსტიტუტის”, ასევე სოროსის მიერ მართული სხვა ორგანიზაციებისა თუ პიროვნებების საქმიანობა, მათი საკანონმდებლო ინიციატივები, როგორიცაა, მაგალითად, I არხის საზოგადოებრივ ტელევიზიად გარდაქმნა. სოროსის “შვილების” ცინიზმს საზღვარი არა აქვს. მათ სურთ, რომ საზოგადოებრივი ტელევიზიით ეკლესიისა და მის დამცველთა წინააღმდეგ ტელეკამპანია აწარმოონ და ეს საქმიანობა ჩვენვე დაგვაფინანსებინონ.

მოგმართავთ ყველას, ვისაც შერჩენია ქრისტიანობა და ეროვნული ცნობიერება – გააცნობიერეთ ის საფრთხე, რომელიც ემუქრება ჩვენს ეკლესიას, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ერს, ჩვენს ოჯახებსა და ჩვენს შვილებს. ნუ დავუშვებთ ღვთისმგმობთა საქმიანობას საქართველოში. ღვთისმშობლის წილხვედრობა, უპირველეს ყოვლისა, პასუხისმგებლობაა, იგი მოვალეობაა ღვთის წინაშე, რათა თუნდაც სიცოცხლის ფასად დავიცვათ მართლმადიდებლობა და მასზე დაფუძნებული ეროვნული ცნობიერება. ივერიის გაბრწყინების ერთადერთი გზაც ეს არის!

წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის კავშირი

მიმართვა მასმედიის თანამშრომლებისადმი

ძვირფასო თანამემამულენო, ძმებო და დებო!

ჩვენი ერის ისტორიაში ხშირად იყო ჟამი, როდესაც ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდებოდა. ქართველთმოძულე მტერმა ხრიკები დახვეწა და ახლა ქართველთა მოდგმას არა იმდენად ფიზიკური, რამდენადაც სულიერი გადაგვარებითა და განადგურებით ემუქრება, ძირითად სამიზნედ კი ქართველთა სულიერებისა და ზნეობის დამცველ-შემნახავი საქართველოს სამოციქულო ეკლესია და მართლმადიდებლობის სიწმინდის დამცველი სასულიერო და საერო პირები ამოირჩია. მათ წინააღმდეგ მიმართული დევნის კამპანია მასმედიის (ტელევიზიის, ჟურნალ-გაზეთების, რადიოარხების) საშუალებით ხორციელდება.

მოგმართავთ თხოვნით, ნუ მიიღებთ მონაწილეობას მართლმადიდებელთა წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიაში. ამ საქმეში მონაწილეობისათვის აღებული ფული იგივე იუდას 30 ვერცხლია და მისი ამღები ყოველი პიროვნება იუდას სულიერი მემკვიდრეა. ასეთთათვის კი ღვთის რისხვა და სასჯელი გამზადებულია ამ წუთისოფელშიც და იმ მარადიულ სოფელშიც.

საყვარელო დებო და ძმებო! ყოველ ჩვენთაგანზეა საქართველოს მომავალი დამოკიდებული. ვიყოთ ჩვენი სახელოვანი წინაპრების, მეტეხის ხიდზე მომწყდარი ასიათასი წმინდანის ღირსეული შთამომავალნი და მემკვიდრენი, ღვთისმშობლის ხატს “ფეხს” ნუ დავაბიჯებთ, მუდამ გვახსოვდეთ, რომ საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა – ის იფარავს ჩვენს სამშობლოს, ეკლესიას, მართლმადიდებელ ერს, ჩვენს ოჯახებსა და შვილებს. ღმერთი შეგეწიოთ და მოგცეთ მხნეობა!

წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის კავშირი

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial