იდგა 65 წელი – წარმართული ღამის გათენებამდე, ჩვენი უფლის – იესო ქრისტეს შობამდე. ქართლის (იბერიის) სამხრეთ საზღვრებს, 40000-იანი არმიით, საქვეყნოდ განთქმული სარდალი, რომის იმპერიის სახელი და დიდება – გნეუს პომპეუსი მოადგა. იმჟამად, მზისქვეშეთში არ არსებობდა რომის იმპერიაზე უფრო სრულყოფილი სამხედრო მანქანა, ხოლო რომში არავინ იყო პომპეუსზე უფრო დიადი მხედარმთავარი. დიადი, ლათინურად – მაგნუსი, სწორედ ასე უწოდა ლუციუს კორნელიუს სულამ რომში ტრიუმფატორად დაბრუნებულ პომპეუსს. ის, სულ რაღაც ერთი წლის წინ (ძვ.წ. 66 წ.) დაადგინა რომის სენატმა აღმოსავლეთის ფრონტის სარდლად და ამ მოკლე დროში მან მოასწრო, ჯერ ევფრატთან, პონტოს მეფის – მითრიდატე VI ევპატორ დიდის, შემდეგ კი, სომხეთის მბრძანებლის – ტიგრან დიდის დამარცხება. ამ გამარჯვებას პომპეუსმა, როგორც ნამდვილმა რომაელმა ყოფილი მოკავშირეების ერთმანეთზე გადაკიდებით – Divide et impera (გათიშე და იბატონე) – მიაღწია. 2-3 წელიწადში დევნილი და განწირული მითრიდატე თავს მოიკლავს, ხოლო ტიგრან დიდი ყველა დაპყრობილ ტერიტორიას დაკარგავს, რის შემდეგაც ,,დიდი სომხეთი’’, როგორც ძლევამოსილი სახელმწიფო არსებობას შეწყვეტს. რომის ჰეგემონია უპირობოა.
პონტოს სამეფოს რომი თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე ებრძოდა. ეს ქვეყანა და მისი სამხრეთით მომიჯნავე კაპადოკიაც ოდითგანვე ქართველური ტომების არეალად მოიაზრებოდა. სწორედ კაპადოკიაში სახლობდნენ ძველქართული ტომები – ტაბალები (თუბალები). იოსებ ფლავიოსი, ტაბალებს – იბერთა წინაპრებად, ხოლო მესხებს კაბადოკიელებად მიიჩნევდა. პონტო ქართველთა საცხოვრისად მიაჩნდა რუფინუსსაც. კვირიელი ეპისკოპოსის თეოდოტეს განმარტებით კი, ისაიას, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა წიგნში: ,,…მოსხები – კაბადოკიელებად მიაჩნდა, ხოლო თობალები – იბერიელებად’’.
რომაელი ისტორიკოსის დიონ კასიუსის ცნობებით ,,რომის ისტორია’’-დან – ქართლის მაშინდელმა მეფე არტაგ II-მ, იგივე არტოკმა პომპეუსთან მშვიდობის დესპანი აფრინა, თუმცა თვითონვე ისარგებლა რა რომაული ანდაზით – si vis pacem, para bellum (თუ გსურს მშვიდობა ემზადე ომისთვის) – მალულად ჯარის შეგროვება დაიწყო. რადგან პომპეუსი არტაგზე უფრო ჭეშმარიტი რომაელი გახლდათ, ამ მანევრით არ მოტყუებულა. მან სასწრაფოდ დაძრა თავისი ლეგიონები და არმაზს ისე მოულოდნელად მოადგა, რომ ქართლის მეფემ ვერც მობილიზაცია მოასწრო და ვეღარც ციხე-ქალაქის დაცვა. არტაგი მტკვრის მარჯვენა ნაპირზე გადავიდა და ხიდი დაწვა. მეფისგან მიტოვებულმა არმაზისციხის გარნიზონმა რომაელებს წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია და მტერს დანებდა. არტაგმა კიდევ ერთხელ სცადა პომპეუსთან მოლაპარაკება, თუმცა უშედეგოდ, რის შემდეგაც მეფე პელორის (არაგვის) მიმართულებით გაიქცა, გადავიდა მდინარეზე და აქაც ხიდის დაწვის მეტი ვერაფერი მოახერხა. რომაელი სარდალი ვერც არაგვმა შეაჩერა და ვერც ხშირმა ტყემ, რომელსაც იბერიელი მებრძოლები აფარებდნენ თავს და იქედან ისრებს უშენდნენ მომხვდურებს. რომაელებმა ტყეს ცეცხლი წაუკიდეს და ვინც ცეცხლს გადაურჩა, მახვილით მოსრეს. აქ აღმოჩნდა, რომ მამაკაცებთან ერთად, სამშობლოს დაცვაში, იბერიელ ქალებსაც დაედოთ წილი.
მშვიდობის დასამყარებლად პომპეუსმა არტაგს შვილები მოთხოვა მძევლად. მეფეს ემძიმებოდა ამგვარი პირობა, თუმცა ბოლოს ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა. ცალმხრივი დათმობის შედეგად ზავიც გაფორმდა. გენიალური პლუტარქეს ცნობებით: ამ ომში იბერიელებიდან 9000 დაიღუპა და 10000 ტყვედ ჩავარდა. პომპეუსმა კი 14000 კაცი დაკარგა. ზავის უზრუნველსაყოფად არტაგისგან პომპეუსმა მძევლად მიიღო მისი ორი ძე, ხოლო ძღვნად ოქროს საწოლი, ოქროს ტახტი და მაგიდა. საპასუხოდ პომპეუსმა არტაგს „რომის მეგობრისა და მოკავშირის” სტატუსი მიანიჭა.
ჩვენი მეზობელი ქვეყნების უპირობო განადგურების ფონზე, იბერიისთვის მინიჭებული „რომის მეგობრისა და მოკავშირის” სტატუსი გვაფიქრებინებს, რომ რომაელმა სტრატეგმა ჯეროვნად შეაფასა ქართლის რელიეფის მრავალფეროვნება. ვიწრო ხეობები, გაუვალი ტყეები და ძნელად მისადგომი კლდეები მცირე საბრძოლო ძალებითაც მრავალრიცხოვანი მტრის შეჩერების შესაძლებლობას იძლეოდა. სწორედ იბერიელებს ხელეწიფებოდათ ჩრდილოეთიდან მოზღვავებული მომთაბარე ბარბაროსების, ყველა რჯულის – გოგის და მაგოგის მოგერიება. წინააღმდეგ შემთხვევაში ამის გაკეთება თავად რომაელებს მოუწევდათ საკუთარი იმპერიის ტერიტორიაზე. ამგვარი ქვეყანა, რომს უფრო ,,მოკავშირედ’’ აწყობდა, ვიდრე მოწინააღმდეგედ. ხოლო ის ხალხი ვინც ასეთი გააფთრებით იცავდა თავის დამოუკიდებლობას, რაც მანამდე არც მიდიელ-სპარსელებს დაუთმო და არც ბერძნებს, უფრო ,,მეგობრად’’ გამოადგებოდა იმპერიას – ვიდრე მტრად. სწორედ ამიტომ, ეს ბრძოლა ,,დიდ ბრძოლად’’ იქნა სახელდებული, პლუტარქეს სიტყვებით ,,მანამდე იბერების დამორჩილება ვერც მიდიელებმა შეძლეს და ვერც სპარსელებმა და ალექსანდრე მაკედონელიც ჰირკანიიდან უკან გაბრუნებულა’’. სცენარი აქაც რომაული ანდაზის მიხედვით განვითრადა – Ibi victoria, ubi concordia (სადაც გამარჯვებაა, იქვეა თანხმობა).
იბერიიდან პომპეუსი ეგრისში გადავიდა, რომელსაც მითრიდატე პონტოელის დანიშნული მმართველები განაგებდნენ. დაამარცხა ისინი და ეგრისის მმართველად არისტარქე დანიშნა (ძვ.წ. 64-47 წწ.), რომელიც თავს კოლხთა მეფეს უწოდებდა და ამის დასტურად საკუთარ ფულსაც ჭრიდა. შემდეგ პომპეუსი ფაზისში (ფოთში) ჩავიდა, სადაც მას რომაული სამხედრო ფლოტი ელოდა. მომდევნო ორ წელიწადში პომპეუსმა ალბანეთი, პონტო, ბოსფორი, არმენია და სირია შემოიმტკიცა, შინ დაბრუნებულს (ძვ.წ. 61 წ.) მარადიულ ქალაქში, რიგით მესამე ტრიუმფი ელოდა.
გიორგი ბაგალიშვილი