მარაბდის ბრძოლა

მარაბდის ბრძოლა

16 აგვისტოს (03.08 ძვ. სტ.) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ცხრა ძმა ხერხეულიძის დედით და დით და მათ თანა ცხრაათასი ქართველის, მარაბდის ბრძოლის ველზე მომწყდართა ხსენებას აღასრულებს.

* * *

Marabda
მარაბდის ველი

წინაპირობა
ქართლ-კახეთის აჯანყების (1625) ჩასაქრობად შაჰმა აბას I-მა მარტყოფის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ ახალი დიდი ჯარი გაგზავნა საქართველოში თავისი სიძის ისახან ყორჩიბაშის სარდლობით.

ირანის ჯარში ძირითადი ნაწილის გარდა იყო ყორჩების ღოლამთა გვარდიული ნაწილები, მეთოფეთა რაზმები და არტილერია. ისა-ხანს დაუქვემდებარეს შირვანის მმართველის ყაზან-ხან ჩერქეზისა და ერევნის ბეგლარბეგის შაჰ-ბენდე-ხანის ლაშქარი. ლაშქარი გაიგზავნა ჩრდილოეთ და ცენტრალური ირანიდანაც. შაჰი აბას I სამხრეთ აზერბაიჯანიდან ხელმძღვანელობდა სამხედრო ოპერაციებს. ირანელთა არმია 1625 წლის ივნისის ბოლოს საქართველოში შემოვიდა და მდინარე ალგეთის ხეობაში, მარაბდის ველზე, დაბანაკდა.

სამზადისი
თეიმურაზ I-მა და გიორგი სააკაძემ დიდი სამზადისი ჩაატარეს და 20-ათასიანი არმიით კოჯორ-ტაბახმელის მიდამოებში დაბანაკდნენ. გიორგი სააკაძემ დახმარებისათვის ოსმალეთს მიმართა, მაგრამ უშედეგოდ. ქართველთა ბანაკში იმყოფებოდა სამცხიდან მოსული ათაბაგი მანუჩარ III 300 მებრძოლით. ირანელები აზერბაიჯანის ბეგლარბეგის შაჰ-ბენდე-ხანის ლაშქარს ელოდნენ და ბრძოლის დაწყებას არ ჩქარობდნენ. ქართველთა სარდლობაში კი აზრთა სხვადასხვაობა იყო. გიორგი სააკაძე მოითხოვდა დაეცადათ, სანამ მტერი თვითონ არ გადმოვიდოდა შეტევაზე, რადგან დიდი სიცხის გამო ქართველთა ჯარს, განსაკუთრებით ქვეითებს, მარაბდის დაბალ ველზე ბრძოლა გაუჭირდებოდა, თანაც კოჯორ-ტაბახმელის ვიწროხევებიან მიდამოებში მტერს მთელი გაშლისა და გამოყენების საშუალება არ ექნებოდა. სამხედრო თათბირმა სააკაძის გეგმა უარყო. გადაწყდა ბრძოლა მეორე დღეს, 1625 წლის 1 ივლისს, დაეწყოთ.

ბრძოლა
გათენდა 1625 წლის 1 ივლისი. საზიარებლად გაემზადა ქართველთა ლაშქარი: წესისამებრ, მეომრები ომის დაწყების წინ ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს ეზიარებოდნენ ცოდვათა მისატევებლად და ბრძოლაში წარმატების საწინდრად.

მეომართა გვერდით იარაღით შეჭურვილი სამღვდელოებაც დამდგარიყო, რადგან ესეც წესად იყო დადებული: ყოფნა-არყოფნის ზღვართან მყოფ საქართველოს ჯვრით და მახვილით იცავდა ერი და ბერი. მროველი ეპისკოპოსი დომენტი ავალიშვილი წარდგა ლაშქრის წინაშე წმიდა ბარძიმით ხელში. ლაშქარმა ერთხმად შესძახა: „უკუეთუ დღეს აღიღებ მახჳლსა ბრძოლად, უბრძანე, რათა გვაზიაროს სხუამან, და უკუეთუ არა, უმჯობეს არს შენ მიერ“. მროველი ჩაფიქრდა და თქვა: „დღეს ბრძოლა არს სარწმუნოებისა და ქრისსტეს მცნებისა და არა ჩემ ზედა, ამისათჳს არა ვყო, უკუეთუ უწინარეს თქუენსა არა დავსთხიო სისხლი ჩემი მახჳლის ამღებმან“.

რუისელმა ეპისკოპოსმა დალოცა მხედრობა, თვითონაც, აბჯრით შეჭურვილი, მეწინავე რაზმში ჩადგა. გორგასლიან-დავითიან-თამარიან დროშას ცხრა ძმა ხერხეულიძე დაუყენეს დარაჯად.

შეტევა გარიჟრაჟზე დაიწყო. წინ რჩეული ცხენოსანი ჯარი წავიდა, უკან ქვეითი მიჰყვა. იგრიალა თორმეტი ათასმა სპარსულმა თოფმა და ზარბაზანმა, მაგრამ მამულისათვის და ქრისტესთვის მებძოლ რაინდთა შეჩერება ვერავინ შეძლო – ქართველები მტრის ბანაკში შეიჭრნენ, ლაშქარს დაერივნენ და შეიქნა შუბთა ძგერება, „ჴმალთა და ლახტთა მუზარადებზედ ჴეთქინება“.

მცირერიცხოვან ქართველთა სიმამაცემ ყიზილბაშები უკუაქცია, მაგრამ გამოცდილმა მთავარსარდალმა ისა-ხან ყორჩიბაშმა არ დათმო ბრძოლა. ამასობაში აზერბაიჯანის ბეგლარბეგი შაჰ-ბენდე-ხანიც მივიდა მაშველი რაზმით… ქართველები შედრკნენ. ამას ზედ დაემატა ერთი საბედისწერო შემთხვევაც: მტრის ხელით მკერდშელეწილი დაეცა თეიმურაზ მუხრანბატონი. „განჴდა ჴამდა ჰგონეს ყოველთა კახთ-ბატონის სიკუდილი და ივლტოდენ კახნი და ქართველნი“, მეფის სიკვდილი ხომ ომის დასასრულს ნიშნავდა. გვიან მიხვდნენ ქართველები საბედისწერო შეცდომას. შეთხელდა ივერიელთა რიგები. გულგანგმირულნი დაეცნენ: დავით ჯანდიერი, აღათანგ ხერხეულიძე, ბაადურ ციციშვილი, ეპისკოპოსნი – რუსთველი და ხარჭაშნელი.

9dzmaცხრა ძმა ხერხეულიძის ხელში გადაინაცვლა ქართულმა დროშამ, ცხრა ძმა გმირულად დაეცა მარაბდის ველზე, შემდეგ ნაბოლარამ – ერთადერთმა დამ იპყრა ხელთ დიდგორსა და ბასიანში გამოვლილი დროშა და როცა იმანაც ჩაიმუხლა, დედამ აღმართა ქართველთა უკვდავების სიმბოლო.

მზის ჩასვლამდე იბრძოდა თეიმურაზ მეფე, რომელმაც იმ დღეს „დაამტვრია ყოველი საბრძოლო იარაღი და არღარა შემორჩომოდა რა. ბეჭდებიცა დაემტვრია მუშტის ძგერებით“. დაღლილი, სიცხისაგან არაქათგამოცლილი ქართველობა გმირულად იბრძოდა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, მაგრამ უშედეგოდ, გარიჟრაჟზე დაწყებული ბრძოლა გვიან ღამით ქართველთა მარცხით დამთავრდა.

ბრძოლის ველზე მკერდგანგმირული იწვა ქრისტეს და მამულისთვის თავდადებული ცხრა ათასი ქართველი, მათ შორის: დავით ჯანდიერი, აღათანგ ხერხეულიძე, თეიმურაზ მუხრანბატონი, ბაადურ ციციშვილი, ეპისკოპოსები – რუსთველი და ხარჭაშნლი, ცხრა ძმა ხერხეულიძე, დედა მათი  და ერთადერთი და, ცხრა მაჩაბელი, შვიდი ჩოლოყაშვილი… საქართველოს ეკლესიამ წმიდანებად შერაცხა რჯულისა და მამულისათვის თავდადებული მამულიშვილები.

შედეგები
ქართველთა ჯარი დამარცხდა. ბრძოლის ველზე 9 ათასი ქართველი და 14 ათასი ყიზილბაში დაეცა.

დამარცხების მიუხედავად, ქართველებმა მეორე დღეს კოჯრის მიდამოებში განაგრძეს ბრძოლა. 10 დღის შემდეგ მტერმა თბილისი და მისი მიდამოები დაიკავა, მაგრამ შაჰ-აბას I-მა თავის მიზანს – მთლიანად მოეთხარა ქართლ-კახეთი – მაინც ვერ მიაღწია. ქართველები პარტიზანულ ბრძოლებს განაგრძობდნენ.

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial