სასულიერო პირები ახალ კანონს აპროტესტებენ

სასულიერო პირები ახალ კანონს აპროტესტებენ

სასულიერო პირები ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ კანონში ცვლილებებს აპროტესტებენ. სასულიერო პირები კონკრეტულად იმ მუხლით არიან უკმაყოფილო, სადაც სოციალურ აგენტს ბავშვის ოჯახიდან განრიდების უფლება ენიჭება.

“აქ არის ისეთი ბუნდოვანი მუხლები, რომლის გამო შესაძლოა, მერე მშობელს ისე ჩამოართვან შვილი რომ არ იმსახურებდეს ეს მშობელი. შესაძლოა, ადამიანი თავისი მრწამსის გამო რამეს არ ეთანხმებოდეს. მაგალითად სკოლაში არ ატაროს და შეიძლება სოციალურმა აგენტმა განაცხადოს, რომ შენ შვილს არ აძლევ სათანადო განათლებას და წაიყვანონ ეს ბავშვი“, – განაცხადა დეკანოზმა დავით ნოზაძემ.

პარლამენტმა ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო, რომლის მიხედვითაც სოციალურ მუშაკს უფლებამოსილება მიენიჭება, რომ თუ მშობელი უგულვებელყოფს უფლებებს ან ძალადობს შვილზე, გამოცალკევების შესახებ იქნას გადაწყვეტილება მიღებული.

იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტი იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დღეს უნდა განეხილათ, თუმცა, სხდომის დაწყებამდე სასულიერო პირები იუსტიციის მინისტრის მოადგილეს გაესაუბრნენ. ალექსანდრე ბარამიძემ მათ საკუთარი წინადადებების წარდგენა და საკითხის განხილვის მომავალი კვირისთვის გადადება შესთავაზა.

წყარო: frontnews.ge