დაემორჩილეთ ღვთის ნებას არა მარტო უდრტვინველად, არამედ მადლიერებითაც

დაემორჩილეთ ღვთის ნებას არა მარტო უდრტვინველად, არამედ მადლიერებითაც

შევიტყვე თქვენი დიდი მწუხარების შესახებ – მოულოდნელად ვაჟი გარდაგცვლიათ. თანაგიგრძნობთ. წმინდა მამები გვირჩევენ, დამწუხრებულთ შინ ვეწვიოთ. მაგრამ რადგან სუსტი და უძლური ვარ, თქვენი მონახულება არ ძალმიძს. ამიტომ შორიდან წერილით გაგესაუბრებით და იქნებ შეძლებისამებრ თქვენი მწუხარებაც დავშრიტო. ადამიანური უძლურების გამო შეუძლებელია, არ იგლოვონ მშობლებმა ერთადერთი ვაჟის უდროოდ დაკარგვა, მაგრამ ჩვენ ხომ წარმართები არა ვართ, რომელთაც მომავალი ცხოვრებისა არ სჯერათ. ჩვენ ქრისტიანები ვართ და გვანუგეშებს იმედი – გარდაცვალების შემდეგ საუკუნო ნეტარებაში მოხვედრისა. ამ სასიხარულო აზრით უნდა შეამციროთ გლოვა, გააყუჩოთ დიდი მწუხარება. უნდა იფიქროთ, რომ თუმცა დაკარგეთ შვილი, მაგრამ დროებით, რადგან მას მომავალ ცხოვრებაში ნახავთ და შეიძლება საუკუნოდ ერთადაც იყოთ. ამისთვის კი უნდა მოიხსენიოთ მისი სახელი უსისხლო მსხვერპლის შეწირვისას, ფსალმუნების კითხვისას და საშინაო ლოცვისას, მის სახელზე ძალისაებრ გაეცით მოწყალება. ეს არა მარტო თქვენ ვაჟს წაადგება, თქვენთვისაც კარგი იქნება. თუმცა სიკვდილმა თავს დიდი მწუხარება დაგატეხათ, მაგრამ ამ ტკივილმა შეიძლება უფრო განგამტკიცოთ ქრისტიანულ ქველმოქმედებაში, ქრისტიანულად ცხოვრებაში, სულის ქრისტიანულად განწყობაში. ნათქვამია, ღმერთი რასაც იქმს, არა მარტო სასარგებლოა, არამედ კარგია.

მართალია, ჩვენ, ყველას, სულის ხსნა და ზეციურ სამეფოში დამკვიდრება გვინდა, მაგრამ ხშირად გვავიწყდება, რომ “მრავლითა ჭირითა ჯერ არს ჩვენდა შესლვაი სასუფეველსა ღმრთისასა” (საქმე 14,22). ამიტომ ხშირად ბედნიერებას ვეძებთ მიწიერ და დროებით სიამეში, ამსოფლიურ საგნებს მიჯაჭვულნი. ამიტომაც ყოვლადმოწყალე უფალი თავისი ყოვლადბრძნული ჩანაფიქრით გაწყვეტს ამ ჯაჭვს – გონს მოსასვლელად მოგვივლენს მოულოდნელ შეჭირვებას ან მწუხარებას, რათა ჩვენი სულიერი მზერა მივაპყროთ არა დროებით სიკეთეს, არამედ საუკუნოს, რომელიც მყარია და უცვალებელი. და ამას ღმერთი ჩვენთვის მოიმოქმედებს კაცთა უსაზღვრო სიყვარულის გამო. როგორც ბრძანებს მოციქული: “რამეთუ რომელი უყვარს უფალსა, სწავლის და ტანჯვის ყოველი შვილი, რომელი შეიწყნაროს… ხოლო უკეთუ შორს ხართ სწავლასა… მწირნი ვიდრემდე ხართ და არა შვილნი” (ებრ. 6,8). დიდი მწუხარება გერგოთ, მაგრამ თავი ინუგეშეთ იმით, რომ თქვენი უსაზღვრო სიყვარულის გამო უფალმა ამ მწუხარებით ღვთისშვილთა დასში ჩაგრიცხათ. ამიტომაც გაუფრთხილდით ამ უდიდეს ქრისტიანულ პატივს, დაემორჩილეთ ღვთის ნებას არა მარტო უდრტვინველად, არამედ მადლიერებითაც. თქვენ გსურდათ ამ წუთისოფელში გენუგეშათ თქვენი ვაჟით. ღმერთი კი ისე მოიმოქმედებს, რომ მასთან ერთად ინეტაროთ საუკუნო სიცოცხლეში. დაბოლოს, უნდა გახარებდეთ ისიც, რომ თქვენს განსვენებულ ვაჟს შვილები დარჩა, რომლებიც შეგიძლიათ აღზარდოთ და ინუგეშოთ, როგორც საკუთარი შვილებით. ისინი თქვენთვის შვილიშვილებიც იქნებიან და შვილებიც. ეცადეთ, თქვენი გლოვა ქრისტიანულ საზღვარს არ გასცდეს და ყოვლად სახიერი უფალი მოიღებს წყალობას და მოგივლენთ სულიერ სიხარულს, ნუგეშს. ვინ იცის, როგორი იქნებოდა თქვენი ვაჟი, კიდევ რომ ეცოცხლა, ახლა კი სრულიად დარწმუნებით შეგიძლიათ თქვათ, რომ ის ყოველთვის კარგი იქნება. ღმერთმა გაკურთხოთ და მოგცეთ სიმშვიდე. მარად თქვენი გულწრფელი კეთილისმსურველი.

წმინდა ამბროსი ოპტელის წერილები ერისკაცებს

წყარო: karibche.ambebi.ge

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial