შესაძლებელია თუ არა რელიგიური და მეცნიერული წარმოდგენების შეთავსება?

შესაძლებელია თუ არა რელიგიური და მეცნიერული წარმოდგენების შეთავსება?

თავი I

“თუკი ნათქვამში შენ აქამომდე რაიმე სარწმუნოდ გეჩვენება,
მაშინ განკვირვებით მიიქეცი ღვთის სიბრძნისაკენ,
რომელმაც ყოველივე ასე მოაწყო. რამეთუ გაკვირვება დიადი
საგნების მიმართ არ მცირდება, როცა ცნობილი ხდება ხერხი,
რის საშუალებითაც მოხდა რაიმე არაჩვეულებრივი,
და თუ არც არის ცნობილი, მაშინ რწმენის სიწრფელე იყოს
უმტკიცესი გონებით მტკიცებულებაზე”
(წმ. ბასილი დიდი “საუბრები ექვს დღეზე”)

 

მეცნიერების თითქმის მთელი ისტორიის მანძილზე ამ კითხვას მხოლოდ ღიმილის გამოწვევა შეეძლო. სხვა რა ამოცანა უნდა ჰქონდეს მეცნიერებას, თუ არა სამყაროს არსებული კანონზომიერებების გამოკვლევა? ხოლო ჩვენ, რადგან ვიწყებთ ბუნების კანონების შესწავლას, თავითავად ვგულისხმობთ ამ კანონების არსებობას. მთელი მეცნიერული გამოცდილება ამტკიცებს ამ მოსაზრების სისწორეს, მოწმობს რა ბუნებაში გაბატონებულ სილამაზეზე, გონიერებასა და ჰარმონიაზე. ამიტომ მსჯელობა ბრძენი კანონმდებლის შესახებ უფრო სინამდვილედ გვესახება, ვიდრე მსჯელობა ბუნების უდიდესი მშვენიერების შემთხვევით წარმოშობაზე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუკი არსებობს ბუნების კანონები და ეს კანონები გონივრულია (რაშიც ჩვენ მთელი მეცნიერული გამოცდილება გვარწმუნებს), მაშინ აუცილებლად არსებობს კანონმდებელი, და ეს კანონმდებელი ასევე გონიერია, “რამეთუ უხილავი იგი მისი დაბადებიდან სოფლისაჲთ ქმნილთა მათ შონა საცნაურად იხილვების, და სამსარადისოჲ იგი ძალი მისი და ღმერთეებაჲ” (რომ.1,20).

სწავლული ათეისტი ხომ უხეირო მეთევზეს ჰგავს, რომელიც, ერთი მხრივ, დარწმუნებულია, რომ მდინარეში თევზი არ არის და მაინც ისვრის ანკესს, ან მეორე მხრივ – ყოველ წუთში იჭერს თევზს და მაინც ამტკიცებს, თევზი არ არსებობსო.

მეცნიერებისთვის შესაქმის საიდუმლოებებისადმი მოკრძალებული მიდგომა და შემოქმედის უმაღლესი ჩანაფიქრის წვდომა ყოველთვის ჭეშმარიტი მიზანი და უდიდესი სიამოვნება იყო. ამ მიზანს მთალიანად უძღვნიდნენ თავს ისეთი მეცნიერები, როგორებიც იყვნენ: ნიუტონი, პასტერი, კაპლერი, პლანკი, კოპერნიკი, ლომონოსოვი, პასკალი, ჯოული, ბოილი, მენდელი, კიუვე, გალილეი და სხვა მრავალი. ამ ჩამონათვალში ათეისტები იმდენად იშვიათია, რამენადაც ცნობილ მუსიკოსებს შორის სმენადაკარგული ადამიანები. მრავალსაუკუნოვანმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ყოველთვის, როცა ბუნებისმკვლევარნი ეწინააღმდეგებოდნენ ბიბლიურ წარმოდგენებს, ვინც ისწრაფვოდა ბიბლია მითად გამოეცხადებინა ან მასში ალეგორიული აზრი მოეძებნა, გარკვეული დროის შემდეგ შერცხვენილნი რჩებოდნენ. წინააღმდეგობის ნამდვილ მიზეზს ყოველთვის წარმოადგენდა ან უზუსტობა, ან მეცნიერული ცოდნის არასრულყოფილება, ხოლო ათასობით წლის წინათ შექმნილი ტექსტები კი კვლავ განცვიფრებას იწვევდნენ სამყაროს ფიზიკური სურათის აღწერილობის უტყუარობითა და პოეტურობით.

უდიდესი სულიერი კრიზისი დაუდგა მეცნიერებას გასულ საუკუნეში. ამ კრიზისის საკვანძო მომენტად შეიძლება ჩაითვალოს 1859 წელს ოცწლიანი ორჭოფობის შემდეგ ეკლესიის მამასახლისის ჩარლზ დარვინის მიერ გამოქვეყნებული საკუთარი ნაშრომი – “სახეობების წარმოშობა ბუნებრივი შერჩევის გზით”. იმ პერიოდის წამყვანმა სპეციალისტებმა ბიოლოგიისა და პალეონტოლოგიის დარგში ეს ნაშრომი მძაფრი კონსტრუქციული კრიტიკის ქვეშ მოაქციეს. უფრო მეტიც, თვით დარვინსაც კი ძალიან კარგად ესმოდა, საკუთარი ნაშრომი ფანტაზიის ნაყოფს რომ წარმოადგენდა და დაუმტკიცებელ ხასიათს ატარებდა. “თქვენ დიდ საგონებელში ჩავარდებით ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ, ის იქნება წარმოუდგენლად ჰიპოთეზური”, – წერდა “წარმოშობის” ავტორი ერთ-ერთ თავის კოლეგას 1858 წელს, – “უფრო სწორად, მისგან სხვა სარგებლობას ვერ მიიღებ, გარდა რამდენიმე ფაქტის კრებულისა. მაგრამ, ვფიქრობ, მივაგენი საკუთარი მიდგომის გზას სახეობათა წარმოშობის საკითხისადმი, თუმცა ავტორი ხშირად ასე არწმუნებს ხოლმე საკუთარ თავს თავისი მოსაზრებების ჭეშმარიტებაში”. დარვინს სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ეჭვი ეპარებოდა მის მიერ გაკეთებული დასკვნების სისწორეში: “მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ წიგნში საეჭვოა მოიძებნოს ერთი პუნქტიც კი, რომელსაც არ მოერგებოდა ისეთი ფაქტები, ჩემი აღმოჩენის საწინააღმდეგო დასკვნებამდე რომ არ მიგვიყვანდა”. მართლაც, ასზე მეტი წლის განმავლობაში მეცნიერებამ ვერ დაადასტურა ამ გახმაურებული ნაშრომის ვერც ერთი დებულება.

რადგან მკვლევარი-მოყვარულის ნაშრომი ზუსტად მიესადაგებოდა იმ დროისთვის მომწიფებულ სოციალურ ტენდენციებს, დარვინის თეორიის მიმდევრები განსხვავებით ავტორისა, აღარ დაინტერესებულან, შეეფერებოდა თუ არა მათ მიერ საფუძვლად აღებული თეორია ისეთი ელემენტარულ მეცნიერულ ფაქტებს, როგორიცაა, მაგალითად, ნამარხების მატიანეში გარდამავალი ბიოლოგიური ფორმების არარსებობა, ანდა ვთქვათ პრაქტიკული დაკვირვების შედეგების მიხედვით სახეოებების არა განვითარება და გაჩენა (წარმოშობა), არამედ პირიქით – მათი დეგრადაცია და გადაშენება ბუნების ძირითადი კანონების შესაბამისად.

შემთხვევით პროცესებზე დაფუძნებულმა სამყაროს მექანისტური ხედვის სისტემამ, უკვე გასული საუკუნეების ბოლოს, იმდენად ფართო განზოგადება ჰპოვა, რომ ხშირად ტერმინებს “ათეისტური” და “მეცნიერული” იყენებდნენ როგორც სინონიმებს. როდესაც მეცნიერების არსენალიდან გამორიცხეს ღვთაებრივი განგებულება, მეცნიერებმა განიძარცვეს თავი არა მხოლოდ მეთოდოლოგიურად, არამედ სულიერადაც. უსულო მეცნიერების პარალელურად კი იზრდებოდა და ვითარდებოდა არასულიერი ხოლოვნება, არასულიერი განათლება, არასულიერი წარმოება, არასულიერი მედიცინა.

თუმცა მატერიალისტურ მსოფლმხედველობას მხოლოდ პირობითად შეიძლება ვუწოდოთ ათეისტური. თვით მატერიის ამგვარი გაგება, რომ ის უსასრულოა სივრცესა და დროში, რწმენის საგანია და არა ცოდნისა. რა პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს იმ ადამიანებისთვის, ვინც ბავშვობიდანვე იზუთხავდნენ იდეოლოგიურ თეზისს ათეიზმის უპირატესობაზე რელიგიურ შეგნებასთან მიმართებაში, რწმენა ღმერთის არარსებობისა ისეთივე რელიგიური აზროვნების სახეა, როგორიც რწმენა ღმერთის არსებობაზე. ერთიც და მეორეც მხოლოდ და მხოლოდ რწმენაა, რადგან ძირითადად, ეს ორივე მდგომარეობა ექსპერიმენტულად დაუმტკიცებელია. მატერიალიზმი იდეალისტური მსოფლმხედველობის ისეთივე ფორმაა, როგორც ყველა სხვა, რომელიც ადამიანის გონებით განჭვრეტილს ეფუძნება. ევოლუციონიზმი არანაკლებ ჰიპოთეზურია, ვიდრე კრეაციონიზმი (საბუნებისმეტყველო-მეცნიერული სწავლება სამყაროს შექმნაზე), იმდენად, რამდენდაც შეუძლებელია და ჩვენ დღევანდელი ექსპერიმენტული მონაცემების გააზრების საფუძველზე შეგვიძლია ამა თუ იმ საკითხზე მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა.

ამგვარად, ღვთის რწმენისა და მატერიალიზმის დაპირისპირება სრულებით არ არის რელიგიისა და მატერიალიზმის დაპირისპირება. ეს არის ორი რელიგიის დაპირისპირება. ერთი მათგანი ეფუძნება ღვთის გამოცხადებას – ბუნებრივსა (სამყაროს შექმნის საფუძვლების შეცნობას გამოცდილებით) და ზებუნებრივს (წმინდა წერილის საშუალებით); მეორე – მატერიალიზმი მოკლებულია ყოველნაირ საფუძველს. იგი ეყრდნობა მხოლოდ ადამიანის საკუთარ ნააზრევს და ამიტომ სხვას არაფერს წარმოადგენს, თუ არა ცრურწმენას. ჭეშმარიტი მეცნიერება კი ექსპერიმენტული ფაქტების ობიექტურ ასახვას ეყრდნობა და არანაირად არ უნდა იყოს მეცნიერის პირად შეხედულებებზე დამოკიდებული.

მაშ რატომ მოხდა, რომ მთელი გასული საუკუნის მანძილზე ყველა შესაძლო რელიგიური შეგნების ფორმებიდან სწორედ ათეიზმი, მატერიალიზმი და ევოლუციონიზმი დომინირებდა? როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს, არ შეიძლება არ ვაღიაროთ, რომ ამ მიმართულებებს აერთიანებდა ადამიანის პირადი უპასუხისმგებლობა, როგორც უშუალოდ თავის მოღვაწეობაზე, განზრახვებსა და მოქმედებებზე, ასევე მათ მომავალ შედეგებზე. ამჟამად, XX საუკუნის დასასრულს, ჩვენ სიმწრით ვიმკით იმ ნაყოფს, რომელიც მოუტანა კაცობრიობას მეცნიერებამ ღვთის გარეშე, ე.ი. უღვთო მეცნიერებამ. ამასთანავე, მეცნიერები, რომლებიც თავს ათეისტებად აცხადებენ, ვერც კი ამჩენევენ, რომ, როცა ისინინ აღიარებენ მათ მიერ შესწავლილი ბუნების კანონების უეჭველ არსებობას, ისინი, გონიერი შემოქმედის უგულებელყოფით, იძულებულნი ხდებიან გონივრულობისა და მიზანშეწონილობის თვისებები თვით ბუნებას მიაწერონ, რითაც ყველაზე უფრო პრიმიტიული ფორმის რელიგიური მსოფლმედველობისკენ – პანთეიზმის პოზიციებისკენ იხრებიან. “რომელთა-იგი გარდაცუალეს ჭეშმარიტებაჲ ღმრთისაჲ სიცრუვედ და პატივ-სცემდეს და ჰმსახურებდეს დაბადებულთა, და არა დამბადებელსა”. “იტყოდეს თავთა თჳსთა ბრძენ და განცოფნეს. და ცუალეს დიდებაჲ იგი უხრწნელისა ღმრთისაჲ მსგავსებად ხატისა მის განხრწნადისა კაცისა და მფრინველთა და ოთხფერჴთა და ქუეწარმავალთა…” (რომ. 1,25 და 22-23).

მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მიზეზების გამო მატერიალიზმის, ევოლუციონიზმისა და ათეიზმის იდეები მყარად დამკვიდრდა საზოგადოებრივ ცნობიერებაში, განათლების სისტემაში, პოლიტიკაში, წარმოებაში, საქონლის განაწილებაში, მეცნიერება ამ ასი წლის განმავლობაში ადგილზე არ მდგარა და დააგროვა ინფორმაციის უზარმაზარი არსენალი, რომელიც მსგავს თეორიებს ადგილს არ უტოვებს.

– კოსმოლოგია მივიდა მყარ დასკვნამდე, რომ ჩვენი მატერიალური სამყარო არ არსებობდა მუდამ. ის წარმოიშვა მყისიერად დროის კონკრეტულ საწყის მომენტში;

– თერმოდინამიკამ დაადასტურა იგივე, დაადგინა რა, რომ სისტემაში სასარგებლო ენერგია დროთა განმავლობაში გარდაუვლად მცირდება და ზღვარი მიისწრაფვის ნულისკენ. სამყაროში კი ამ ენერგიის ჯერ კიდევ საკმარისი რაოდენობით არსებობა ამტკიცებს მის ბოლოს მქონე და შედარებით ახალგაზრდა ასაკს. წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი ხნის წინათ დადგებოდა სამყაროს ეგრეთ წოდებული სითბური სიკვდილი და კოსმოსს ქაოსი მოიცავდა;

– ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა მივიდა იმ დონემდე, როცა მატერიის ფორმები (ნივთიერება და ველი) ერთმანეთსგან განურჩეველი ხდება და მჟღავნდება მატერიალური თვისებების მეორეულობა იდეალურ თვისებებთან დამოკიდებულებაში, რომელიც აღწერილია მხოლოდ ინფორმაციული ტერმინებით (გახსოვთ? “პირველითგან იყო სიტყუაჲ” (იოან. 1,1); “ცანი იყვნეს პირველითგან და ქუეყანაჲ წყალთაგან და წყალთა მიერ შეიქმნა სიტყჳთა ღმრთისათაჲ” (2 პეტ. 3,5); “წარმუნოებით გჳცნობიეს დამყარებად საუკუნეთა სიტყჳთა ღმრთისაჲთა, არა – საჩინოჲსაგან ხილულად შემქნულად” (ებრ. 11,3) და სხვა);

– მიკრობიოლოგიამ საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია ე.წ. უმარტივესი” ერთუჯრედიანი ორგანიზმების აგებულების შესწავლაში, რაც მას საფუძველს აძლევს დარწმუნდეს ასეთი რთული და დაწყობილი მექანიზმის შემთხვევით წარმოშობის შეუძლებლობაში;

– პალეონტოლოგიამ აღმოაჩინა და შეისწავლა უძველესი ორგანიზმებსი ნამარხების მილიონობით ნარჩენი და სახეობების განვითარების გარდამავალი ფორმის ვერც ერთი (!) მაგალითი ვერ იპოვა;

– გენეტიკამ შეძლო დემონსტრირება იმისა, რომ მუტაციები გენეტიკურ დონეზე მხოლოდ დეგენერაციულ ხასიათს ატარებს. ამასთანავე, დნმ-ის ერთ მოლეკულაში ინფორმაციის რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ყველაზე ოპტიმისტური შეფასებითაც მის შემთხვევით წარმოშობას მილიარდჯერ მეტი დროც კი არ ეყოფოდა, ვიდრე ჩვენი სამყაროს ასაკია.

– სისტემატიკამ დაადგინა, რომ ბუნებრივი გადარჩევა პირველ რიგში მიმართულია სახეობების არა ახალი, არამედ ძველი ნიშან-თვისებების შესანარჩუნებლად (წინააღმდეგ შემთხვევაში თვით სისტემატიკა იქნებოდა შეუძლებელი).

თანამედროვე მეცნიერების ყველა ეს და სხვა მრავალი მიღწევა ნებას გვაძლევს თანამედროვეობის გამოჩენილი ფიზიკოსის, ნობელის პრემიის ლაურეატის, კვანტური ფიზიკის ფუძემდებლის მაქს პლანკის კვალდაკვალ ვაღიაროთ:

“რელიგია და მეცნიერება სრულებით არ გამორიცხავს ურთიერთს, როგორც ამას ადრე ფიქრობდნენ და რისიც ეშინია დღეს ბევრ ჩვენს თანამედროვეს; პირიქით, ისინი თანხვდებიან და ავსებენ ერთმანეთს”. შემდეგ: “ორივენი – რელიგია და საბუნებისმეტყველო მეცნიერება – თავიანთი დასაბუთებისათვის საჭიროებენ ღვთის რწმენას, მაგრამ პირველისთვის (რელიგიისთვის) ღმერთი დგას საწყისში, მეორისთვის (მეცნიერებისთვის) – მთელი აზროვნების ბოლოში. რელიგიისთვის ის წარმოადგენს ფუნდამენტს, მეცნიერებისთვის – მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების გვირგვინს”.

მაგრამ მსგავსი შეხეულების აღიარებას გარდაუვალად მოსდევს მორალურ-ზნეობრივი ხასიათის განსაზღვრული გადაწყვეტილებების მიღება. შეიძლება კიდეც, შიში ამ გადაწყვეტილებების მიღების წინაშე წარმოადგენდეს იმის მთავარ მიზეზს, რომ ბევრი მეცნიერი, არსებული მონაცემების სიცხადის მიუხედავად, დღემდე ირჩევს თავის თავში ატაროლს მაიმუნის ხატება, ნაცვლად ღმრთის ხატებისა.

მოდით შევეცადოთ, ერთი ხელის მოსმით არ უგულებელვყოთ ესა თ ის ვერსია მხოლოდ იმ ფართოდ გავრცელებული არგუმენტის გამო, რომლის თანახმადაც “ეს შეუძლებელია, რადგან ეს არასდროს არ არის შესაძლებელი” და შევეცადოთ ავხსნათ, რა სახით ეთანხმება თანამედროვე მეცნიერების მიღწევებს ბიბლიის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი – მსოფლიო წარღვნის ისტორია.

darwinasmonkey
ჩარლზ დარვინი
“არაბუნებრივი ისტორიის”
დამაარსებელი.
ჟურნალი Hornet, 1871

სერგეი გოლოვინის წიგნიდან “მსოფლიო წარღვნა: მითი, ლეგენდა თუ რეალობა?”

– – –
სარჩევი
თავი I – შესაძლებელია თუ არა რელიგიური და მეცნიერული წარმოდგენების შეთავსება?
თავი II – მშვიდობა თუ კატასტროფები?
თავი III – წარღვნამდელი დედამიწა
თავი IV – რის გამო დათვრა ნოე?
თავი V – წარღვნის “მექანიზმი”
თავი VI – კიდობანი
თავი VII – სად გაქრა წყალი?
თავი VIII – წარღვნა და დედამიწის რელიეფი
თავი IX – დედამიწა წარღვნის შემდეგ
თავი X – გეოლოგია, პალეონტოლოგია და ევოლუცია
თავი XI – წარღვნა და გეოლოგიური სვეტი
თავი XII – დინოზავრები ადამიანთა თანამედროვენი არიან?
თავი XIII – დინოზავრები და ბიბლია
თავი XIV – გადაშენდნენ კი დინოზავრები?
თავი XV – წარღვნა და დედამიწის მოსახლეობა
თავი XVI – კატასტროფები წარღვნის შემდეგ
თავი XVII – გამყინვარების პერიოდი
თავი XVIII – გამოქვაბულის ადამიანები
თავი XIX – შესაძლებელია კი ახალი მსოფლიო წარღვნა?
თავი XX – ნუთუ ეს მნიშვნელოვანია?
თავი XXI – ავტორის შესახებ