9 აპრილის ტრაგედია

9 აპრილის ტრაგედია

31 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, ქართველი ერის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა – მაშინდელი საბჭოთა საქართველოს დედაქალაქში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა…

parlament2_largeანტისაბჭოთა მოძრაობა საქართველოს სსრ-ში 1988 წლისთვის უფრო გააქტიურდა. საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია 1989 წლის 4 აპრილს, როდესაც ათობით ათასი ქართველი შეიკრიბა მთავრობის სახლის წინ რუსთაველის გამზირზე, თბილისში.

6 აპრილიდან თბილისში იმყოფებოდა სსრკ თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალი კოჩეტოვი.

7 აპრილს დღისა და ღამის განმავლობაში თბილისში შევიდა: საგანგებო დანიშნულების მოტომსროლელთა დივიზიის მე-4 პოლკი, საგანგებო დანიშნულების მილიციის რაზმები პერმიდან და ვორონეჟიდან.

8 აპრილს გაიმართა რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოს სხდომა, სადაც როდიონოვმა და კოჩეტოვმა წევრებს მისცეს დაპირებები, რომ ოპერაცია ჩაივლიდა უსისხლოდ. როდიონოვმა ოპერაციაზე თანხმობა თავდაცვის მინისტრ იაზოვისგან მიიღო, ხოლო სკკპ ცკ-ის გადაწყვეტილებით, ოპერციისთვის გაერთიანდა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები.

8 აპრილსვე დღის მეორე ნახევარში გავრცელდა ხმა, თითქოს შინაგან სამინისტროს სპეციალურ ქვედანაყოფებს მიტინგის დაშლის შესახებ მითითება ჰქონდათ მიცემული. ორგანიზებული წინააღმდეგობის გაწევის მიზნით ლიდერების ხელმძღვანელობით მიტინგის ადგილის ირგვლივ მდებარე ქუჩების ავტობუსებითა და სატვირთო მანქანებით ჩაკეტვა დაიწყეს. ლიდერები შეკრებილთ მოუწოდებდნენ, არ წასულიყვნენ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამხედრო ნაწილები გამოჩნდებოდნენ. მათ ყურად არ იღეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოწოდება, რომელმაც მომიტინგეებს ქაშვეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძარის ტერიტორიაზე გადასვლა და იქ პარაკლისის გადახდისკენ მოუწოდა…

9 აპრილს, დილის 4 საათზე საბჭოთა არმიის ნაწილებმა მთავრობის სახლის წინ შეკრებილი მომიტინგეები არნახული სისასტიკით დაარბიეს, რის შედეგადაც დაიღუპა 21 მშვიდობიანი მოქალაქე, უმეტესობა ქალები, მათ შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც. დაღუპულთა გარდა იყვნენ დაჭრილები, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე მომიტინგე და ადგილობრივი მაცხოვრებელი.

9_aprili2აქციის დარბევისას გამოყენებულ იქნა მომაკვდინებელი იარაღი: ქიმიური საშუალებები, სასანგრე ბარები, ცეცხლსასროლი იარაღი, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები.

ცალკე უნდა აღინიშნოს მილიციის გმირობის ტოლფასი მოქმედება, როდესაც მათ, ბრძანების საწინააღმდეგოდ, მთავრობის სასახლის მიმდებარე ქუჩების მეშვეობით მომიტინგეებს რუსთაველის პროსპექტის დატოვების საშუალება მისცეს. რომ არა ეს ქმედება მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნებოდა.

9aprili

Ia_mchedlishvili-41

9 აპრილს დაღუპულთა სია

– აზა ადამია, 22 წლის
– ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლის
– ეკა ბეჟანიშვილი, 16 წლის
– ნატო გიორგაძე, 23 წლის
– თამუნა დოლიძე, 28 წლის
– თინა ენუქიძე, 70 წლის
– ნინო თოიძე, 25 წლის
– ზაირა კიკვიძე, 61 წლის
– მანანა ლოლაძე, 33 წლის
– თამარ მამულიშვილი, 50 წლის
– ვენერა მეტრეველი
– მამუკა ნოზაძე, 22 წლის
– ნანა სამარგულიანი, 41 წლის
– შალვა ქვასროლიაშვილი
– მარინა ჭყონია-სამარგულიანი, 31 წლის
– ელისო ჭიპაშვილი, 25 წლის
– თამარ ჭოველიძე, 16 წლის
– ნოდარ ჯანგირაშვილი, 40 წლის
– მზია ჯინჭარაძე, 43 წლის
– მანანა მელქაძე, 23 წლის
– გია ქარსელაძე, 25 წლის