“…ურთიერთ სიყვარული, ჩვენთვის უფროა საჭირო ვიდრე რუსთათვის, ვინაიდან ამასშია ჩვენი კეთილდღეობის, ჩვენი ხსნის ერთადერთი საწინდარი. დიდ, თვალუწვდენელ რუსეთისათვის კი – ქართველის მისდამი სიყვარულის საკითხი, შეიძლება იყვეს მხოლოდ ზნეობრივი ხასიათის კეთილშობილური მზრუნველობის საგანი და მოკლებულია ყოველგვარ პრაქტიკულ მნიშვნელობას; ვინაიდან რუსეთი თავისთავად მეტად ღონიერი და ძლიერია და ამიტომ არ სჭირდება რომელიმე პატარა ხალხის თანაგრძნობაში ეძიოს თავისთვის საყრდენი, ვიმეორებ, ჩვენთვის, ქართველებისათვის ეს სიყვარული დაკავშირებულია ჩვენი ყოფნა არ ყოფნის საკითხთან.”
ილია ჭავჭავაძე, წერილი თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორ სერაფიმესადმი. [1898 წ. ნოემბერი].
(“მნათობი” №9, სექტემბერი, 1957 წ. გვ. 156.)
* * *
“რა საჭიროა დამალვა: ჩვენ უცილობელად გვიყვარს ჩვენი სამშობლო, ხოლო არც საჭიროა სიყალბე. მარტო მით რომ ჩვენ ჩვენი სამშობლო გვიყვარს, გვიყვარს რუსეთიცა. ეს ისეთი ბუნებრივია, ისე ცხადია, ისე ადვილად გასაგებია საგანთა არსების მიხედვითა. რუსეთმა დაიხსნა ჩვენი ქვეყანა წახდენისა და განადგურებისაგან, იგი დღესაც იფარავს მას ყოველ წამებისა და ტანჯვის განმეორებისაგან, მან გაუკურნა ჩვენს სამშობლოს მისი წყლულნი… ეს სიყვარული ჩვენი ჩვენის სამშობლოსი თავით თვისით წარმოადგენს იმ ნაყოფიერს ნიადაგს, რაზედაც იზრდება და ჰხარობს ჩვენი ერთგულება და სიყვარული რუსეთისა. ეს ჩვენი სიყვარული ჩვენის სამშობლოსი იგი მაგარი და შუამდგომელი ჯაჭვია, რომელიც აერთიანებს ჩვენს ზრახვასა და სასოებას უკეთესს რუსთა ზრახვასა და სასოებასთან. სწორედ ამ ჩვენის სამშობლოს სიყვარულში უნდა მოიძებნოს ნასკვი ნაწილთა დაახლოვებისა და გაერთებისა მთელთან საკეთილდღეოდ ყოველთა და ყოვლისათვის. წაართვით ადამიანს ეს სიყვარული სამშობლოსი და მის გულში ვეღარ იპოვით ამისთანა ღრმას და მაგარ ადგილს, რომ ზედ ამოიყვანოთ საფუძველი ერთგულებისა და სიყვარულისა.“
ილია ჭავჭავაძე
(თხზულებანი, ტ. XIV, თბ., 2007. გვ. 292-293)
* * *
“რუსული ენის ცოდნისკენ ვისწრაფვით და ეს ძალიან გვინდა არა მარტო იმიტომ, რომ ის ჩევნთვის აუცილებელია როგორც სახელმწიფო ენა, არამედ იმიტომაც, რომ რუსული ლიტერატურა იმდენად ძლიერია, განათლებული კაცის სულიერი წყურვილის დაოკების უნარი შესწევს. ყოველი ჩვენგანი აღზრდილია რუსულ ლიტერატურაზე, რომელიც ჩვენი მსოფლმხედველობის, რწმენისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის საფუძველსა და ძალას წარმოადგენს არა მარტო ცოდნის გასამრავლებლად, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბრძოლისთვისაც.”
ილია ჭავჭავაძე
(ილია ჭავჭავაძის თხზულებები, 1957 წელი, გვ. 490–500)
* * *
ჩემი მოკრძალებული როლი, მჟღავნდება ჩემს ცდებში ვიყვე რითიმე სასარგებლო ხალხისათვის, რომელმაც ესოდენ მრავალი შფოთისა, წამებისა და განადგურების შემდგომ მოიპოვა მშვიდობა და მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობა მსოფლიოში უძლიერესი სახელმწიფოს საფარ ქვეშ…
ქართველებს გააჩნიათ ნიადაგი, რომელზედაც წარმოიშვებიან და იზრდებიან ეს კეთილი გრძნობები, ვინაიდან მათ მტკიცედ სწამთ, რომ რუსეთი მოევლინა მას მხსნელად და დამცველად. ის სიმშვიდე, მშვიდობიანად გასრულქმნილების ის შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ რუსეთის მფარველობის ქვეშ, მეტად დიდი მონაპოვარია, რომ არ ვაფასებდეთ მას ჩვენი გულის და სულის ყველა ძალებით. რუსეთის დიდსულოვანი და უანგარო ქომაგობის ეს რწმენა მაგრად არის ფესვგამდგარი ქართველში. აქედან წარმომდგარი ღრმა მადლიერობის გრძნობა წარმოადგენს იმ დაუშრეტელ წყაროს, რომელსაც შეუძლია რუსეთისადმი კეთილგრძნობათა ყლორტები გადააქციოს სიცოცხლის მშვენიერ ხედ, რომელიც ყველას და ყოველივეს გადააფარებს თავის გაშლილ რტოებს…
1863 წლის პოლონეთის აჯანყების შემდეგ კატკოვის მსუბუქი ხელის წყალობით ფართე გასავალი მიეცა ეჭვს ქვეშ დაყენებას, სეპარატიზმისა და არაკეთილსაიმედობაში ყველა იმათ, ვინცკი არა რუსული წარმოშობისანი არიან. ყველაზე უფრო ნაკლები მიზეზი და საფუძველი იყო ეს უბედურ საქართველოსაც შეხებოდა. ამისდა მიუხედავად მას საქართველოშიაც მიეცა გასავალი და ფეხი გაიდგა, როგორც გარედან შემოტანილმა სენმა. რასაკვირველია, ჩვენდა საბედნიეროდ, არავითარი საფუძველი არ არის ამგვარ ეჭვების აღძვრაში ბრალი დაედოს დიდსულოვან რუს ხალხს, რომელიც მუდამ უანგაროდ მსხვერპლად სწირავდა თავის პირმშოთა სიცოცხლეს და ქონებას ერთმორწმუნე ხალხთა გამოქომაგების წმინდა იდეისათვის, ამ ხალხთა არა მოსპობის, არამედ შენარჩუნების მიზნით. ვერ გავკადნიერდები დავუშვა რაიმე აზრი, რომ რუსი ხალხის უზენაესი ბელადები თავის წინასწარ დასახულ გეგმებს საფუძვლად უდებენ მოსაზრებებს გამომდინარეთ ქართველთადმი უნდობლობიდან. მაგრამ დაეჭვების ფაქტი სახეზეა და ბუნებრივად იჭრება საკითხი: ვინ არის ამაში დამნაშავე?
მაპატიეთ გულახდილობისათვის, მაგრამ ვინაიდან გესაუბრებით თქვენ, როგორც ჩემ სულიერ მოძღვარს, დანაშაულებად მიმაჩნია არ გელაპარაკოთ მთელი სულით და გულით, მსასოებელი ვარ, რომ თქვენ მე გამიგეთ ისეთ ადამიანად, რომელიც ისწრაფვის ორი ერთმორწმუნე ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის, ორ ხალხის, რომელნიც ზენაარი განგების სურვილით ერთმანეთს შეხვდა მიწიერ არსებობას ერთ და იმავე გზაზე. ამიტომ ნებას მივცემ ჩემს თავს ვთქვა ჩემ სიტყვათა სამართლიანობის ღრმა რწმენით, რომ წინასწარშედგენილი აზრი ქართველთა სეპარატიზმზე და არა კეთილსანდოობაზე არის ადგილობრივი ჩინოვნიკობის ფანტაზიის ხალასი შენათხზი. ამ ჩინოვნიკობისათვის ყველაზე უფრო ხელსაყრელია უმტკიცოს ყველას, რომ ის ვულკანზე ზის იქ, სადაც ჩამი-ჩუმიც არ ისმის და მით ქვეყანას თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს მისი სამსახური ყოფილიყვეს თავგანწირული გმირობა და არა ჩვეულებრივი ლუკმა პურის დევნა. სხვა რითი-ღა ავხსნათ ის საყოველთაო ყვირილი ადგილობრივი ჩინოვნიკობისა, იმაზე, რომ მარტო ის არის მოწოდებული მაღლა ეჭიროს რუსული დროშა ამ მხარეში, სადაც ამ დროშის გამარჯვებისათვის ქართველები რუსებთან ძმურ ერთობაში თავს სდებენ ბრძოლის ველზე. რა საჭიროა ასეთი წამოძახილები აქ, ჩვენთან, მართლმადიდებელ ქართველ ხალხში, რომლის უქვეშევრდომილესი გრძნობები ასე დაუფიქრებლად შეურაცხმყოფელი ხდება დაუმსახურებელი უნდობლობით? რა საფუძველია იმისათვის, რომ ქართველი გამოირიცხება ხოლმე იმათ რიცხვიდან ვინც მოწოდებულია მაღლა ეჭიროს რუსული დროშა, რომელსაც ქართველმა ერთგულების ფიცი მისცა და რომლის ერთგული რჩებოდა მუდამ ბედის ყველა უკუღმართობათა დროსაც.
განა შეურაცხმყოფელი არ არის ქართველის ეროვნული გრძნობისათვის, მისი ასეთი უდიერი გამორიცხვა რუსეთის დროშის ერთგულ დამცველთა რიგებიდან? ეს არ ნიშნავს განა ქართველი კაცის რუსეთისადმი, რომელმაც ის იხსნა, მადლობის წმინდა გრძნობის მასხრად აგდებას, მეფისადმი და მამულისადმი მისი მოვალეობის და ერთგულების ფიცის მასხრად აგდებას? ქართველის მთელი სიამაყე, მისი ეროვნული ღირსების მთელი გრძნობა თავის შინაარს ეძიებდა და ეძიებს იმ აზრში, რომ ის ისეთივე მოქალაქეა დიდი რუსეთის სახელმწიფოსი როგორც რუსი. ამავე სახელმწიფოს მოსამსახურენი – კი უეცრად ეუბნებიან მას: არა, შენ ხარ მონა, რომელიც ძირს უშვებ რუსულ დროშას და არ ხარ მოწოდებული გეჭიროს ის შესაფერ სიმაღლეზე.
უბედური ქართველი ხალხის მომავალი თრთოლას მგვრის ვხედავ რა, რომ ადგილობრივი ჩინოვნიკობა რუსი ადამიანის სახელის ბოროტად გა მოყენებით, სრულიად დაუმსახურებლად და მეტად შეურაცხმყოფელად ბიძგის კვრით თავიდან იშორებს ქართველს. ვთრთი, რადგანაც ასეთი მდგომარეობა, ასეთი დამოკიდებულება შეურაცხყოფის მჭრელ შუბით სჭვალავს ქართველის მთელ შინაგან არსებას და ამან შეიძლება გამოიწვიოს კეთილგონიერების დაკარგვა, უაზრო და უღონო, ღმერთმა არ ქნას, აფეთქება.
სასაცილო და აბსურდულიც იქნებოდა ამ აფეთქების წარმოდგენა რაიმე საშიშროებად. რა არის საქართველო ყოვლის შემძლე რუსეთის წინაშე? ეს არის ქონდრის-კაცი გოლიათის წინაშე და მისი აფეთქება რუსეთისათვის იგივეა, რაც ნელი სიო ოკეანეში, რაც ფრთა გრიგალის წინაშე. მაგრამ რა მოუვა უბედურ ქართველ ხალხს, რომელიც აღიგვება დედამიწის პირიდან, თუ რუსეთმა წინააღმდეგ თავის ჩვეულებრივ დიდსულოვნობისა, მიმართა ჩვენ მიერ დამსახურებულ სასჯელს? მერე რაღა იქნება? ეს მშვენიერი მხარე გადაიქცევა მხოლოდ სამარედ, რომელსაც წარწერაცკი არ ექნება, რომ მასში განისვენებს ოდესღაც არსებული ქართველი. როგორც ხედავთ, ჩვენ გვაქვს მიზეზი ვთრთოდეთ და ამიტომ გასაგებია ჩვენი მუდარა, რომლითაც მივმართავთ ყოველ განათლებულ, პატიოსან რუსს: ნუ გვაცდუნებთ. ნუ შეურაცხგვყოფთ, ნუ შეურაცხგვყობთ! გარწმუნებთ, რომ სწორედ ამ მგრძნობიერი მუდარით ამოიწურება ქართველის მთელი მისწრაფება და შეგნება.”
ილია ჭავჭავაძე
წერილი თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორ სერაფიმესადმი. [1898 წ. ნოემბერი].
(“მნათობი” №9, სექტემბერი, 1957 წ. გვ. 153-156.)
* * *
ილია ჭავჭავაძე საქართველოს რუსეთთან შეერთების შესახებ – “ასი წლის წინათ (პირველად შემოსვლა რუსის ჯარის ტფილისში)”