აფხაზეთი – 1993 წლის 16-17 მარტის წარმატება ანუ დაკარგული გამარჯვება

აფხაზეთი – 1993 წლის 16-17 მარტის წარმატება ანუ დაკარგული გამარჯვება

24 წელი გავიდა 1993 წლის 16-17 მარტის გუმისთის ბრძოლებიდან.

1993 წლის 16 მარტს ღამის 3 საათზე გუმისთის ხაზზე მყოფ ქართულ ბატალიონებს რუსულმა ავიაციამ ცეცხლი გაუხსნა, სანგრებს ამუშავებდა არტილერიაც. საავიაციო და საარტილერიო დამუშავების შემდეგ დილის 5 საათზე აფხაზთა ქვეითი ნაწილები შეტევაზე გადმოვიდნენ. აფხაზებმა შეტევაში იმ დროს მათ ხელთ არსებული ყველა ძალა ჩართეს. ქართული პოზიციების მასირებული იერიში რვა კილომეტრიან მონაკვეთზე ერთდროულად დაიწყო. დარტყმის ძირითადი მიმართულება სარკინიგზო სადგურთან და აჩადარასთან შეიქმნა. თუ აფხაზები ხიდებს აიღებდნენ ისინი შეტევაში ჯავშან ტექნიკასაც ჩართავდნენ. განსაკუთრები მძიმე მდგომარეობა სარკინიგზო ხიდთან და აჩადარასთან შეიქმნა. სანგრებში ხელჩართული ბრძოლა მიმდინარეობდა. ქართულმა ნაწილებმა ფლანგებზე შეტევას გაუძლეს. დილის 7 საათზე ცენტრში პოზიციებზე ფრონტის ხაზი მაინც გაირღვა. აფხაზურმა ფორმირებებმა ქალაქის გარეუბანში შეაღწიეს. გუმისთაზე განლაგებულ ბატალიონებს ალყაში მოქცევის საშიშროება დაემუქრათ, თუმცა გარღვევა მალე შეაჩერეს. წინა ხაზზე რეზერვიდან გადასროლილმა ნაწილებმა გარეუბანში შემოსული მოწინააღმდეგე ალყაში მოაქცია და მთლიანად გაანადგურა.

16 მარტს განსაკუთრებული როლი არტილერიამ ითამაშა. იერიშზე გადმოსულ სეპარატისტთა უკანა ეშელონი ქართული ქვემეხების ცეცხლში მოჰყვა. აფხაზებმა უდიდესი დანაკარგი განიცადეს. აშკარა გახდა, რომ აფხაზთა შტურმი მიზანს ვერ აღწევდა. დაახლოებით 15:00 საათისთვის სეპარატისტებმა უკან დახევა დაიწყეს. დღის ბოლოს გუმისთა აფხაზებისგან მთლიანად გაიწმინდა.

მარტო დაღუპულების სახით აფხაზურმა მხარემ 1000-მდე კაცი დაკარგა. აფხაზებმა იმდენად დიდი დანაკარგი განიცადეს, რომ მათ რიგებში პანიკა წარმოიშვა. თუმცა ქართული მხარე იერიშზე არ გადასულა. ჯარი კონტრ-შეტევის ბრძანებას ამაოდ ელოდა. ამის გამო 16 მარტის გამარჯვება მხოლოდ ომის ერთ-ერთ ეპიზოდად დარჩა. მნიშვნელოვანმა სამხედრო წარმატებამ კონფლიქტის მიმდინარეობაზე გავლენა მაინც ვერ მოახდინა.