მისიონერ პეტრე ს-ს – რა არის სულიწმიდის გმობა

მისიონერ პეტრე ს-ს – რა არის სულიწმიდის გმობა

შენ წაიკითხე სახარებაში ქრისტეს სიტყვები: „ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ყოველი ცოდვაჲ და გმობაჲ მიეტეოს კაცთა, ხოლო სულისა წმიდისა გმობაჲ არა მიეტეოს კაცთა. და რომელმან თქუას სიტყუაჲ ძისა კაცისათჳს, მიეტეოს მას; ხოლო რომელმან თქუას სულისა წმიდისათჳს, არა მიეტეოს მას არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა მას (მათე 12,31-32) და კითხულობ, თუ რა არის სულიწმინდის გმობა.

ეს არის სულიწმიდის ძრახვა. უღმერთო, მოძულე და მადევარი უფლის ჭეშმარიტებისა აძაგებს სულს. თვითმკვლელი, სიცოცხლის მოძულე და საკუთარ თავში მისი მკვლელი აძაგებს სულს. რამეთუ სულიწმიდა იწოდება ჭეშმარიტების სულად და სიცოცხლის მომნიჭებელად. სახარებაში იოანესაგან დაწერილია, რომ უფალმა იესო ქრისტემ სამჯერ უწოდა სულიწმიდას ჭეშმარიტების სული (იოანე 14,17; 15,26; 16,13). ვინც განდგომილი აბუჩად იგდებს ჭეშმარიტებას, იგი განეშორება სულიწმიდას და დასცინის მას, რამეთუ იგია – სული და ჭეშმარიტება. რატომ არ მიეტევება ეს ცოდვა, კითხულობ შენ, მაშინ როდესაც სხვა ცოდვები მიტევებადია? განა არ მიეტევა ზაქეს ვერცხლისმოყვარება, მეძავს – ხორციელი ცოდვანი, ჯვარცმულ ავაზაკს – ძალმომრეობა, და სხვათაც მიეტყვათ ცოდვები, რატომღა არ არის მიტევებადი ჭეშმარიტების უარყოფა, ურწმუნოება და ღმერთის სულის დაცინვა? იმიტომ, რომ იმ ცოდვების ადამიანებს რცხვენოდათ და ინანიებდნენ, აქ კი ეს არ ჩანს. იქ ადამიანები სცოდავდნენ, მაგრამ სირცხვილითა და შიშით იყვნენ შეკრულნი ღმერთთან. აქ კი, ღმერთთან კავშირი გაწყვეტილია და უღვთო ადამიანი უსასრულოდ შორს, მთლიანად განერიდა უფალს. იქ – სისუსტეა, აქ – ნების სიჯიუტე. იქ სული წყვდიადში დაეხეტება, მაგრამ სინათლეს დაეძებს, აქ წყვდიადში მოხეტიალე სული უკუნს უწოდებს ნათელს. როცა ადამიანს გადარჩენის სურვილი არ აქვს, ღმერთს მისი ძალით გადარჩენა არ სურს.

თვითმკვლელობა – საკუთარ თავში სიცოცხლის სიძულვილიც სულიწმიდის გმობაა, რადგანაც სულიწმიდა იწოდება სიცოცხლის მომნიჭებელად. როდესაც ადამიანი სიცოცხლეს იღებს ცხოველი სულისაგან და იმის არცოდნით, თუ საიდან მიეცა ეს საჩუქარი, არ მადლობს ღმერთს, ეს მიეტევება მას. ხოლო თუკი ვინმე, სულისაგან მიღებულ სიცოცხლეს ზიზღით უარყოფს, არ მიეტცვება არც ამ საუკუნეში და – არც მომავალში. ამას რომ ჩავწვდეთ, გავერკვეთ, თუ რას ნიშნავს „მიტევება“. მიუტევო ცოდვილს ცოდვანი – ნიშნავს დაუბრუნო მას მთელი მთლიანობა ცხოვრებისა, ახლიდან აჩუქო სიცოცხლე. მაგრამ, თუკი ვინმეს ცხოვრება არ სურს, ეზიზღება და სძულს სიცოცხლე, უფალს მეტი არაფერი აქვს მისთვის მისაცემი და იგი შლის მას სიცოცხლის წიგნიდან.

ევედრე უფალს, დაგიფაროს შენ და შენი ახლობლები სასიკვდილო ცოდვისაგან – გიჟური ამბოხისაგან შექმნილისა შემოქმედის წინააღმდეგ.

ჯანმრთელობა და წყალობა შენ უფლისაგან.

წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

„მისიონერული წერილები“ (წერილი 43), თბილისი, 2005 წ.

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial