ჯერ პატარა ადამიანი ვარ, ფეტვის მარცვლის ოდენა, ემბრიონს მიწოდებენ. გული და თვალები ჩამოყალიბებული მაქვს. თანდათან ვიზრდები, დედა ჩემს არსებობას ჯერ კიდევ ვერ გრძნობს და მგონია ორმაგად გავახარებ, როცა ჩემს არსებობას გაიგებს. მერე კიდურებიც იწყებს ჩამოყალიბებას, მალე დედის სხეულის კედლებზეც “მივუკაკუნებ” და გავახარებ… გადის კიდევ ხანი და უკვე დროა ჩემი თავი გავაცნო – შორიდან ვუგდებ ყურს დედაჩემის რეაქციას…
რატომღაც გაღიზიანებული მეჩვენება, იქნებ ჩემმა უფროსმა და-ძმამ გააბრაზა…
ერთ საღამოს ოჯახურ თათბირზე გადაწყდა ჩემი ბედი, უნდა მოვიშოროო – თქვა დედაჩემმა. ყურს არ დავუჯერე, როგორ შეუძლია მისი სხეულის ნაწილი ასე გამიმეტოს, ალბათ, სმენის ორგანო ჯერ კიდევ არ მაქვს განვითარებული იმდენად, რომ კარგად აღვიქვა მოსმენილი… მაგრამ მეორე დღეს დედაჩემმა ვიღაც ქალს რომ სთხოვა ჩემი თავი მოეცილებინა, გარკვევით გავიგონე. უნდა გენახათ, რა მომივიდა. მეგონა ახლადჩამოყალიბებული კიდურები აღარ მქონდა, ვერც სხეულს ვგრძნობდი და შიშისაგან თითქოს გულისცემაც შემიჩერდა. ჯერ ორი თვისაც არ ვარ. ნუთუ გამწირავს დედა… რაღაც ჩხაკუნის ხმა მომესმა. მერე ჩემთვის გაუსაძლისი პაუზა და ახლავე ხალათს გამოვიცვლიო, ჩამესმა მეორე ხმა. დედას სხეულზე ეტყობა, ცახცახებს – ეშინია იმისი, რაც უნდა მოხდეს?
საგონებელში ვარ ჩავარდნილი, როგორ ვუშველო თავს, როგორ დავიხსნა ჩემი სიცოცხლე. სხეულის კედლებს ვაწყდები და აღსასრულს ველი, მერე დედას კვნესასავით ხმა აღმოხდა, გავინაბე, მუცლის კედლებს ავეკარ და რას ვხედავ, რაღაც თეთრი, გრძელი რკინა შემოძვრა ჩემს სამყოფელში. პირველი დარტყმა ვიგრძენი, უსაშველოდ მტკივნეული, ყრუ დარტყმა, ამიტირდა დაღლილი ნუგეში. გვერდი ავუქციე რკინას, სიღრმისაკენ გავლასლასდი. მაინც მომხვდა იმ ურჯულო ჯალათის ხელში მყოფი ლითონი. ესეც მეორე დარტყმა. მაინც მოღალატე დედას უხმობდა გული: “ვაი დედა!” მინდოდა მეთქვა მაგრამ სურვილი სხეულის სიღრმეში იფანტებოდა. ძალა გამომელია, წინააღმდეგობის უნარი აღარ მაქვს. მაინც ვიბრძვი სიცოცხლისათვის, აუხელელი თვალიდან ცრემლი მდის და მინდა ვიყვირო, მაგრამ არ შემიძლია, ჩემს გულში ღამე ურჩ სულს ღაფავს…
რას მერჩი დედა, რა დაგიშავე… მესამე დარტყმა და იმ ბოროტმა ხელმა ბასრი პირით აქნა ჩემი სხეული… უკვე აღარაფერს ვგრძნობ. რკინის იარაღი ხმაურით ვარდება ძირს…
ადუღებული და უკვე ჩამქრალი ტანჯვა…
გადამისროლეს…
რას მერჩოდი, დედა? ასე როგორ გამიმეტე?
მეც ვისწრაფოდი მზისაკენ, სინათლისაკენ, შენ კი…