იულიუსის კალენდრის სიზუსტისათვის – არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

იულიუსის კალენდრის სიზუსტისათვის – არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

ერთ-ერთი სამეცნიერო ცრურწმენა, რომელიც, შეიძლება ითქვას, სკოლის მერხიდან შევითვისეთ, არის შეხედულება, რომ იულიანური კალენდარი დროის ზუსტ ათვლას წელიწადში 11 წუთით ჩამორჩება. იმის საჩვენებლად, რომ ჩვენი აზროვნების შტამპად ქცეულ ამ მეცნიერულ სილოგიზმს ცრუ საფუძველი აქვს, მივმართავთ იულიანური კალენდრის სტრუქტურასა და რიცხობრივ მახასიათებლებს.

კალენდარული სისტემების ქრონოლოგიისა და ისტორიის მკვლევარები გაკვრით მიანიშნებდნენ, რომ იულიანური კალენდრის წელი წარმოადგენს თითქმის საშუალო სიდიდეს მზისა და ვარსკვლავურ წლებს შორის. თუმცაღა ჩვენთვის ცნობილ ქრონოლოგიურ ნაშრომებში ამ ფაქტებისათვის სერიოზული ყურადღება არავის მიუქცევია. ეს მით უფროა უცნაური, რომ იულიანურ კალენდრამდე კარგა ხნით ადრე მზისა და ვარსკვლავური წლები მსოფლიოს სხვადასხვა ხალხებთან დიდი სიზუსტით განისაზღვრა (ჰიპარქეს ცხრილი, ყუმრანული კალენდარი და სხვ.). ნიშანდობლივია, რომ ბევრ კალენდარს წლის ისეთივე ხანგრძლივობა ჰქონდა, როგორიც იულიანურ კალენდარს. ნუთუ ეს მხოლოდ დამთხვევაა? დამთხვევის, შემთხვევითობისა და შეცდომის დამოწმება – ეს არის საშუალება ინტელექტუალური უსუსურობისა და ასევე – გაჩენილ პრობლემაში გაურკვევლობის სურვილისა. ეს არის ისტორიული ფაქტების იგივე დისკრედიტაცია, რითაც რაციონალისტური მეცნიერება, ან გნებავთ, ბოლო ასწლეულის ანტიმეცნიერული პანკრიტიციზმი იყო დაკავებული.

უწინდელების აზროვნება იმაზე ბევრად მთლიანი და მოცულობითი იყო, ვიდრე თანამედროვე ადამიანის აზროვნება, რომელიც მხოლოდ ფაქტის დაფიქსირებას ცდილობს მისი ფილოსოფიური და რელიგიური გააზრების გარეშე. ნიშანდობლივია, რომ ძველი ჩინური კალენდრის წელი, რომელიც თითქმის ემთხვევა იულიანურ კალენდარს, ხელშეუხებლად ითვლებოდა, და როცა ქრისტეშობიდან 11-ე საუკუნეში საიმპერიო ხელისუფლებამ მოინდომა ამ ტრადიციული კალენდრის შეცვლა მახასიათებლებით გრიგორიაგულ კალენდართან ახლო მდგომი მზის კალენდრით, ის ჩინეთის იმპერიის ყველა საზოგადოებრივი ფენის წინააღმდეგობას წააწყდა, რამაც აჯანყების საფრთხე წარმოშვა და კალენდარული რეფორმის პროექტი გადაიდო.

თანამედროვე მკვლევარები ფაქტების საწინააღმდეგოდ თვლიან, რომ იულიანური კალენდრის ავტორმა, დიდმა ალექსანდრიელმა ასტრონომმა სოზიგენემ არ იცოდა თავისი არანაკლებ ცნობილი წინამორბედისა და თანამემამულის ჰეპარქეს ცხრილები, რომლებიც წარმოადგენდა სახელმძღვანელოს მომდევნო ასწლეულების ასტრონომებისათვის. იულიანური კალენდრის კრიტიკოსები თავიანთი შეხედულების დასაცავად წავიდნენ პროვოკაციაზე – ალექსანდრიელ ასტრონომებსა და იულიუს კეისრის საკალენდარო კოლეგიას უმეცრებაში დასდეს ბრალი.

ევოლუციონიზმის თეორია ისტორიის ვექტორებს სწორხაზოვნად განიხილავს: პითეკანტროფისაგან წარმოიშვა თანამედროვე ადამიანი, მეცნიერული მუტაციის შედეგად სოზიგენედან – გალილეი და ა.შ. მაგრამ ჩვენთვის ანტიკური ხანა, არა ველურობის, არამედ განსაკუთრებული კულტურისა და ადამიანის განსაკუთრებული აზროვნების პერიოდია, რომელიც სინთეტიური მთლიანობითაა გამორჩეული. ძველი მოაზროვნის გენია მიემართებოდა ზოგადიდან კერძოსკენ, სამყაროს ჰარმონიიდან კონკრეტული ფენომენებისა და კანონებისაკენ. თანამედროვე ადამიანი კერძოდან ზოგადისაკენ წასვლას ცდილობს, ამიტომ აგებს ჰიპოთეზებს და როგორც ბავშვი სათამაშო კუბებით აგებულ სახლს, მათ თავადვე ანგრევს.

იულიანურმა კალენდარმა კოსმიური ორიენტირების შეხამებით საკუთარ თავში კოსმოსის ჰარმონია ასახა. იულიუსის კალენდრის ამოსავალი წერტილი იყო წელიწადის განსაზღვრა 365 დღე-ღამითა და 6 საათით, სადაც აღებულია საშუალო სიდიდე მზისა (ტროპიკულსა) და ვარსკვლავურ (სიდერიულ) წლებს შორის. ეს სიდიდე ფილოსოფიურად იქნა გააზრებული და შეგნებულად შეცვლილი (1 წუთამდე) იმისათვის, რათა კალენდარში ასახულიყო მთვარის ფაზების გამეორება – 19 წლიანი მეტონური ციკლი, ასევე კვირის დღეების დამთხვევა თვის რიცხვებთან 28 წლიან პერიოდში.

იულიანური კალენდარი შეიცავს ვარსკვლავურ, მზისა და მთვარის ორიენტირებს. მისი მთავარი მიღწევა, რასაც შეიძლება გენიალური უწოდო, არის არის მკაცრი ციკლურობა, რომელიც უწყვეტია და უსასრულო.თითოეული კალენდრის სიზუსტე აუცილებლად უნდა განიხილებოდეს მის პარადიგმასთან მიმართებაში. იმისათვის, რომ განისაზღვროს იულიანური კალენდრის მათემატიკური სიზუსტე, საჭიროა ავიღოთ მზისა და ვარსკვლავური წლების საშუალო სიდიდე, შემდგომ შევადაროთ გადახრას კოორდინატიდან, რაც გააკეთა სოზიგენემ რათა თავისი კალენდრის უწყვეტი ციკლურობა და პერიოდულობა შეენარჩუნებინა.

ჩვენთვის მთავარია განვსაზღვროთ პრინციპი, ამიტომ რიცხვებს რამდენადმე ვამრგვალებთ. ვარსკვლავურსა და მზის წლებს შორის სხვაობა 20 წუთსა და 24 წამს შეადგენს. იულიანური კალენდარული წელი ვალსკვლავურ წელზე ნაკლებია 9 წუთითა და 10 წამით; ხოლო მეტია მზის წელიწადზე 11 წუთითა და 14 წამით. აქედან გამომდინარე მზისა და ვარსკვლავური წლების საშუალო სიდიდისაგან გადახრა (5 საათი, 58 წუთი, 58 წამი) უდრის 1 წუთსა და 2 წამს და არანაირად 11 წუთსა და 14 წამს, როგორც თვლიან ისინი, ვინც იულიანურ კალენდარს თავს ახვევს მზის წელიწადის ორიენტირს, ანუ სხვა პარადიგმას. მოვიყვანოთ უმარტივესი გათვლა: 365 დღე-ღამე, 5 საათი, 48 წუთი, 46 წამი (მზის წელიწადის ხანგრძლივობა) + 365 დღე-ღამე, 6 საათი, 9 წუთი, 10 წამი (ვარსკვლავური წელიწადის ხანგრძლივობა) ჯამში შეადგენს 730 დღე-ღამეს, 11 საათს, 57 წუთს, 56 წამს. ჯამი გაყოფილი 2-ზე არის 365 დღე-ღამე, 5 საათი, 58 წუთი, 58 წამი – ეს არის ვარსკვლავურისა და მზის წლების საშუალო სიდიდე. 365 დღე-ღამეს, 6 საათს, (იულიანური წლის ხანგრძლივობას) გამოკლებული 365 დღე-ღამე, 5 საათი, 58 წუთი, 58 წამი = 1 წუთსა და 2 წამს. ამგვარად იულიანური კალენდრის გადახრა თავისი კოორდინატებიდან 325 წლიდან (I მსოფლიო კრებიდან) მოყოლებულ 1 675 წლიან პერიოდში 2000 წლამდე, შეადგენს არა 13 დღე-ღამეს, როგორც თვლიან მომხრეები სოზიგენეს ბედნიერი შეცდომის ჰიპოთეზისა, რამაც მოულოდნელად შექმნა მისი კალენდრის უზადო ჰარმონია, არამედ 1 დღე-ღამესა და 5 საათს. ამგვარად მათემატიკური სიზუსტის მხრივაც კალენდარი, რომელიც 1 394 წლის განმავლობაში 1 დღე-ღამით იხრება, სავსებით პასუხობს ასტრონომიულ მოთხოვნებს.

მაშ ასე, ვიმეორებთ: იულიანური კალენდარი ახალი დროის ასტრონომების, მათ შორის პაპ გრიგორი XIII-ეს (16-ე ს.) კალენდარული კომისიის მიერ განიხილებოდა არა ვარსკვლავურისა და მზის წლის ორიენტირის მიხედვით, არამედ უბრალო ტროპიკული წლის მისთვის უცხო პარადიგმაში. უსაფუძვლობაზე შეხედულებისა, რომელიც ტროპიკულ წელიწადს ეტალონად მოიაზრებს, მოწმობს ვარსკვლავური, მზის, მთვარის, მზისა და მთვარის, პლანეტურის და სხვა სახის კალენდრების არსებობა.

თუკი იულიანური კალენდრის კოორდინატებად მივიღებთ იმას, რასაც მისი რიცხვითი ტექსტი და ფილოსოფოსებად წოდებული ძველი ასტრონომების (სტრაბონის) მენტალიტეტი გვკარნახობს, დავინახავთ იულიანური კალენდრის აღმატებულობას სხვა კალენდარულ სისტემებზე.

გრიგორიანულმა კალენდარმა ტრაგიგული სიტუაცია შექმნა საეკლესიო ლიტურგიკაში – დაანგრია პასქალია და მოახდინა დეფორმირება საღვთისმსახურო წესდებისა; მან აურდაურია და უწესრიგობაში მოიყვანა ისტორიული ქრონოლოგიები, რომლებსაც კალენდრების თანამედროვე მკვლევარმა ასტრონომმა იდელსონმა მათემატიკური აბსურდი უწოდა (იდელსონი – კალენდრის ისტორია). ნიშანდობლივია, რომ ბოლო დროის ყველაზე დიდი ასტრონომი, თანამედროვე ასტრონომიის მამად წოდებული ნიუკომბი იულიანურ კალენდართან დაბრუნების მომხრე გახლდათ.

დანართი – ცხრილი

ტროპიკული (მზის წელი) – 365 დღე, 5 საათი, 48 წუთი, 46 წამი.

ვარსკვლავური (სიდერული) წელიწადი – 365 დღე, 6 სთ. 9წთ. 10 წმ.

იულიანური წელიწადი – 365 დღე, 6 საათი.

გრიგორიანული წელიწადი – 365 დღე, 5 სთ. 49 წთ. 12 წმ.

იულიანური წელიწადი მზის წელიწადზე 11 წუთითა და 14 წამით გრძელია.

იულიანური წელიწადი 9 წთ-ით და 10 წმ.-ით ნაკლებია ვარსკვლავურ (სიდერალურ) წელიწადზე.

სხვაობა ვარსკვლავურ (სიდერალურ) და მზის წელიწადებს შორის 20 წთ. და 24 წმ.-ია.

ვარსკვლავური და მზის წელიწადების საშუალო სიდიდე 365 დღე, 5 სთ. 58 წთ. 58 წმ.

იულიანური წელიწადის გადახრა ვარსკვლავური და მზის წელიწადების საშუალო სიდიდიდან არის 1 წთ. 2 წმ.

(365 დღე, 6 სთ-ს გამოკლებული 365 დღე, 5 სთ, 58 წთ. 58 წმ. = 1 წთ. 2 წმ.)

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

წყარო: http://karelin-r.ru/stories/78/1.html