ერთხელ საჰარის უდაბნოსთან შორიახლო მდებარე პატარა სოფელში მოეწყო უჩვეულო სასამართლო. შეიკრიბა სოფლის ყველა მცხოვრები, ჩამოვიდნენ მეზობელი სოფლის უხუცესებიც. მოხუცებულნი ღრმად ჩაფიქრებულნი ისხდნენ მიწაზე. სახელმწიფო მოხელე გაცხარებით და მკვეთრი ჟესტიკულაციით ხმამაღლა კითხულობდა საბრალდებო სიტყვას. ის ხან უხუცესებს მიმართავდა მოწიწებით, ხან კიდევ – ბრალდებულს, ბოძზე მიბმულ თხას. ამ დროს მისი ხმა რისხვისაგან კანკალებდა და მითითებით, დაჟინებით მოითხოვდა პასუხს ბრალდებულისაგან. ბოძზე მიბმული თხა კი მშვიდად ძოვდა ბალახს; ხანდახან თავს აწევდა და ხმამაღლა კიკინებდა. ტომთა ბელადები ჩუმად ესაუბრებოდნენ ერთმანეთს და თანხმობის ნიშნად თავს უკრავდნენ ბრალმდებელს.
სახელმწიფო მოხელემ თავისი სათქმელი შორიდან დაიწყო. ის ყვებოდა იმის შესახებ, რომ საჰარა ოდესღაც ყველაზე მდიდარი და აყვავებული მხარე იყო დედამიწაზე. დამშრალ მდინარეთა კალაპოტები, ნახატები გამოქვაბულთა კედლებზე, გრანდიოზულ დასახლებათა ნანგრევები, ძველ მჭედელთა ნაკეთობანი მოწმობდნენ, რომ აქ ოდესღაც ცხოვრება დუღდა, რომ მთელი უდაბნო ოაზისი იყო. იქ, სადაც ახლა გადაჭიმულია ქვიშის უსიცოცხლო სივრცე, რომელიც მკვდარი ზღვის მღელვარე ზედაპირს ჰგავს, ხარობდა ბალახი, ყვაოდა პალმისა და ბანანის ხეები, ტყეები სავსე იყო ფრინველებით და სოფლის ქუჩებში მოშინაურებული ანტილოპები დარბოდნენ. ახლა საჰარა გადაიქცა მდუმარე სასაფლაოდ. ჯერ კიდევ რამდენიმე ათასწლეულის წინ ეგვიპტე მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი და ცივილიზებული სახელმწიფო იყო, ხოლო რომის იმპერიის დროს – უმდიდრესი პროვინცია, მთელი იმპერიის ბეღელი.
– ვინ დაღუპა აფრიკა? მტრების შემოსევამ? წყალდიდობებმა, მიწისძვრებმა, ეპიდემიებმა?
– არა, აი ვინ! – და მოხელემ ხელი თხისკენ გაიშვირა. ხალხი აჩოჩქოლდა. თხამ დაიკიკინა, შემდეგ კი კვლავ ჩაღუნა თავი და გააგრძელა ბალახის ძოვა.
მთავრობის წარმომადგენელი განაგრძობდა: “გარეული ცხოველები და ანტილოპები, რომლებიც აძლევდნენ ხალხს ხორცსა და რძეს, არ თელავდნენ ბალახს, მინდვრებს არ აქცევდნენ უდაბნოებად, ზიანს არ აყენებდნენ ხეებს; მაგრამ ადამიანთათვის თხის შენახვა უფრო ადვილი და მომგებიანი იყო, თუმცა ის როგორც კალია, აჩანაგებდა აფრიკას. ბალახის გარეშე დარჩენილი მიწა ქარს მიჰქონდა და რჩებოდა უნაყოფო ქვები. თხები ქერქს აცლიდნენ ხეებს, ხეები ხმებოდნენ, წყაროები შრებოდნენ, ხალხი ჩრდილოეთისაკენ იხევდა, უდაბნო მას ფეხდაფეხ მიჰყვებოდა. ხალხს, ანადგურებდა რა მცენარეებს, თავად მიყჰავდა გზა უდაბნოსკენ.”
– რა ჩაიდინე ბოროტმოქმედო?! – მიმართა მოხელემ თხას.
– რა სასჯელის ღირსია ეს ჩვენი ქვეყნის დამღუპველი?! – და თავადვე უპასუხა: – სიკვდილით დასჯისა.
ხალხი თანხმობის ნიშნად თავს უქნევდა. მხოლოდ ერთმა შენიშნა დაბალი ხმით, რომ ციკნის ხორცი ძალიან გემრიელია.
– ეს გასასამართლებელი საბუთი არ არის, – თქვა მოხელემ, – სამაგიეროდ მან მთელი აფრიკა გადაჭამა.
– გამომაქვს განაჩენი, სიკვდლით დასჯა!
ბელადებმა უპასუხეს:
– იყოს ასე!
მოხელემ სტაცა ხელი თხას უკანა ფეხებში და მიაბა ბოძზე.
– შენი უკანასკნელი სიტყვა, უბედურო!
შეშინებულმა თხამ დაიკიკინა. დანის ერთი მოსმით მოხელემ თხას ყელი გამოღადრა. დაკლეს კიდევ რამდენიმე თხა და სანამ სადილს ამზადებდნენ, მოხელე საუბრობდა სოფლის მცხოვრებლებთან იმის შესახებ, რომ თხები ანადგურებდნენ ხეებს და ბუჩქებს (ერთადერთ დამცავებს ქვიშისგან) და თუ უარს არ იტყვიან მათ მოშენებაზე, მაშინ რამდენიმე წლის შემდეგ ეს სოფელი, მეზობელ სოფლებთან ერთად, ქვიშის საფარქვეშ მოექცევა…
თუ ჩვენ მიუკერძოებლად შევხედავთ თანამედროვე რელიგიურ ცხოვრებას, დავინახავთ, როგორ გვიახლოვდება უდაბნო, როგორ ქრება სულიერების უკანასკნელი ოაზისები, როგორ ხდება მსოფლიოს გადაქცევა უზარმაზარ უსიცოცხლო საჰარად. ვინ არის ამაში დამნაშავე? რა არის ამისი მიზეზი? დამნაშავე, როგორც უჩინარი, მრავალსახოვანი და მოუხელთებელია. მიზეზი კი ბევრია, მაგრამ ჩვენ გავჩერდებით ერთზე, რომელიც შემოიჭრა ჩვენს ყოფაში, ჩვენს სახლში, ჩვენს ხორცსა და სისხლში. ეს არის ტელევიზორი და ვიდეოფილმები.
ობსკურანტიზმში (1) ბრალი რომ არ დაგვდონ, ვილაპარაკებთ არა ტექნიკურ გამოგონებაზე, არამდე იმის შესახებ, როგორ ვიყენებთ მას.
ტელევიზორმა შეუფერებლი ადგილი დაიკავა ჩვენს სახლში. იყო რა ინფორმაციის მოკრძალებული საშუალება, ჩვენს სახლებში შემოიჭრა, როგორც დამპყრობელი, როგორც აგრესორი. მან ჩვენი სულიერი ცხოვრების მონოპოლიზაცია (2) და უნიფიკაცია (3) მოახდინა.
ძველად ოჯახის ცენტრი კერია იყო. ციცერონი მოუწოდებდა რომაელებს, დაეცვათ უდიდესი სიწმინდეები: კერია, საკურთხეველი და წინაპართა საფლავები. შემდგომში ოჯახის ცენტრი გახდა მაგიდა, რომლის გარშემო, მძიმე შრომის შემდეგ, იკრიბებოდა ოჯახის ყველა წევრი. იქ ისინი არა მარტო ტრაპეზობდნენ (4), არამედ კითხულობდნენ წმინდა წერილს. ამჟამად მათი ადგილი ტელევიზორმა დაიკავა; მაგრამ ტელევიზორი კი არ აერთიანებს, არამედ აშორებს ოჯახის წევრებს. თითოეული მოხიბლულია ცისფერი ეკრანით, ერთმანეთთან კონტაქტი არა აქვთ. ნიშანდობლივია, რომ ტელევიზორს ოთახში ის ადგილი უკავია, სადაც ადრე სახატე იყო.
ძველი ბერძნები ყვებოდნენ ხოლმე სახლის სულის შესახებ, დაიმონზე ან გენიაზე, რომელიც ადამიანებს ჩააგონებდა აზრებს; გლეხები – სახლის სულზე, რომელიც ოჯახის წევრებს აწვალებდა ღამეული კოშმარებით. ჩვენი დროის სახლის სული მთლიანად მატერიალიზებული და განივთებულია. ეს არის ტელევიზორი, ჩვენი ცხოვრების თანამგზავრი და თანამოსახლე, რომელიც ხან შეუმჩნევლად გვახვევს თავის აზრებს, ხან კიდევ აშკარად გვაწვალებს კოშმარებით.
წმინდა მამებს უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდათ თეატრისადმი და სანახაობებისადმი, რომლებიც ავითარებენ წარმოსახვის ძალას და მჭიდროდ არიან დაკავშირებული ვნებებთან. იოანე ოქროპირი თეატრს ვნებების სასწავლებელს უწოდებდა, თუმცა, ჩვენი გაგებით, ძველი ბერძნული ტრაგედია ზნეობრივია. წმინდა მამები თეატრალურ დადგმებს არ ყოფდნენ სასარგებლოდ და საზიანოდ. ისინი გმობდნენ თვით მეთოდს, ჭეშმარიტების იმიტირებას, სინამდვილის გათამაშებას.
ტელევიზორმა, შემოიჭრა რა ჩვენს ოჯახებში, დაგვაკარგვინა საკუთარი სახლები, გადააქცია რა ისინი თეატრალურ დარბაზებად, სადაც ადამიანები საათობით სხედან სცენის წინ. წარმოდგენები მიმდინარეობს შესვენებების გარეშე, პიესების შერჩევის გარეშე, ინფორმაცია იღვრება უწყვეტ, გაუკონტროლებელ ნაკადად. ჩვენ კი, ისე რომ ვერც კი ვამჩნევთ, გადავიქეცით ტელევიზორის მონებად. ტელევიზორის მწყობრიდან გამოსვლისას, ხშირად, უფრო სწრაფად ვრეაგირებთ, ვიდრე ახლობელი ადამიანის ავადმყოფიბის დროს.
ბიბლიაში წერია: “ყველას ნუ შემოუშვებ შენს სახლში”. ტელევიზორმა მოარღვია ჩვენი სახლის კარი. ჩვენთან მოდის და ჩვენგან მიდის ხალხის ბრბო, გადამთიელნი ყველა პლანეტიდან, ფანტაზიორების მიერ შექმნილი მოჩვენებანი; მოდიან უკითხავად, დაკაკუნების გარეშე; არ კითხულობენ, ვინ არის სტუმარი და ვინ – მასპინძელი; მოდიან კოვბოები და განგსტერები; მოდის ხალხი, რომელთანაც სურვილიც კი არ გვაქვს, რაიმე საერთო გვქონდეს. სახლი გასასვლელ ეზოდ, გზაჯვარედინად იქცა. ამგვარად, ტელევიზორმა წაგვართვა საკუთარი სახლი.
ტელევიზორმა ახალი სახის ადმიანი შექმნა – “ჰომომედიუმი”, ადამიანი, გამოფიტული განუწყვეტელი სანახაობებით, ისევე როგორც განუწყვეტელი ლოთობით; ადამიანი, აგზნებული ნერვული სისტემითა და სულიერი მოშლილობით, რომელსაც არ შეუძლია ზღვარი დაუდოს, გაფილტროს გარედან მოსული ინფორმაცია და ითვისებს მას, ასე ვთქვათ, უმად, არაკრიტიკულად, არადიფერენცირებულად, მხოლოდ უდაბლესი მექანიკური მეხსიერებით. ჩლუნგდება აზრობრივი მეხსიერება, ქვეითდება აზრობრივი შემოქმედებითი ძალები, ადამიანი გახდა ნივთის მონა. მექანიზმი მონობიდან ბატონად გადაიქცა. ტელევიზორი წინ აღუდგა ადამიანს და ხელისუფლების უზურპაცია (5) მოახდინა.
ტელევიზორმა გამოიწვია სულიერი რეგრესი, ადამიანის სულის დაშლა და დეგენერაცია. ადამიანი სიტყვის საშუალებით აზროვნებს. პატრისტიკაში (6) ადამიანს მეტყველი არსება ეწოდება, ტელევიორი კი წარმოდგენებით აზროვნებას ასწავლის კაცს. ლოგიკური აზროვნება თრგუნავს გამოსახულებათა და წარმოდგენათა ნაკადს.
ტელევიზორმა ადამიანებში აღზარდა განცხრომა, სიბარიტობა (7), ზმანებისადმი და ოცნებისადმი მიდრეკილება. ის ახდენს ადმიანის ნების პარალიზებას. სული განებივრებული, მგრძნობიარე და ისტერიული ხდება. ტელევიზორი წარმოადგენს ვნებათა კონცენტრაციას. ვნება განუყოფელია ვნებიანი გამოსახულებებისგან. ვნებებთან ასკეტური ბრძოლა – ეს არის სულის განწმენდა ფანტაზიისა და წარმოდგენებისაგან. ტელევიზორი ვნებათა სხვადასხვა ფორმებს გვთავაზობს.
ტელევიზორი ასუსტებს ადამიანის ინტელექტუალურ ძალებს. გონება უნდა ვარჯიშობდეს, ეძებდეს, ლახავდეს სიძნელეებს ისე, როგორც ათლეტი ავარჯიშებს თავის კუნთებს. ტელევიზორი უხვ, რაფინირებულ, მზამზარეულ საკვებს იძლევა; რის შედეგადაც გონება ხდება მოდუნებული, უძლური, დამოუკიდებელ აზროვნების უნარს მოკლებული, როგორც გადამეტებული კვებით მოდუნებული და დაბერებული სხეული.
ყოველგვარი სანახაობა შესაბამის განცდას მოითხოვს. ჩვენ ვერთვებით ვნებების ველში, ეს ველი ინდუქცირებას (8) უკეთებს და კვებავს ჩვენს ვნებებს. ყველა შემეცნებაში არის სიმპატიის, ერთობის ელემენტი. ცოდვის სახე, რომელიც ჩვევად იქცევა, აღარ არის ამაზრზენი.
ტელევიზორმა უკანონოდ ხელყო სულიერი სფერო. სულიერ სფეროში არის იერარქიის და ღირებულებების მკაცრი სისტემა. ფშვინვიერს არ შეუძლია გაიგოს სულიერი; ფანტაზია სულიერი ცხოვრების შესახებ შობს სიყალბეს, რომელსაც წმინდა მამები ხიბლს უწოდებენ. სულიერი სამყაროს ვიზუალურად (9) წარმოდგენა შეუძლებელია. ეს ნიშნავს სულიერი სამყაროს პროფანირებას (10) მასზე, ნებსით თუ უნებლიეთ, სიცრუის თქმას; ეს ნიშნავს იმყოფებოდე ვნებიან მოჩვენებებთან და ამპარტავან აჩრდილებთან ჩაკეტილ წრეში, რომელიც საკუთარი წარმოდგენებით არის გამოწვეული.
ტელევიზორი ახდენს ადამიანის პიროვნების ნიველირებას (11). ყოველი ადამიანი – წმინდა მამების სწავლებით – პატარა სამყაროა; თითოეული ადამიანი არის განუმეორებელი ინდივიდუალობა. ტელევიზორი უნიფიცირებას უკეთებს, პიროვნულობას უკარგავს ადამიანს.
ჯერ კიდევ უძველესმა ფილოსოფოსებმა თქვეს: “ადამიანი არის ის, რასც ის ჭამს.“ რა თქმა უნდა, მხედველობაში ჰქონდათ არა ნივთიერი, არამედ სულიერი საზრდო, ის, რასაც კითხულობს, ვისთანაც ურთიერთობა აქვს, საითკენაც მიისწრაფვის. ტელევიზორი ერთსა და იმავე საკვებს სთავაზობს ათეულ მილიონობით ადამიანს. ამიტომ ადამიანები ერთმანეთს დაემსგავსნენ არა სულიერი სიყვარულის ერთობით, არამედ ერთფეროვნული ერთობით. ადამიანები ერთმანეთის მიმართ ინტერესს კარგავენ.
ტელევიზორი ჰიპნოზირებას ახდენს. მომხიბვლელი ვნებებით გაჟღენთილი გამოსახულებების ნაკადი (ერთდროულად მხედველობითი და სმენითი) ამონებს ფსიქიკას, ცნობიერება მუხრუჭდება, ადამიანი ხდება ტელევიზორის მედიუმი, მისი შთაგონებების შემთვისებელი.
ტელევიზორი ავითარებს ანტიქრისტიანობას. რელიგია არის სულის კავშირი ღმერთთან. რელიგია გამოიმუშავებს ჭვრეტით აზროვნებას, ყურადღების კონცენტრაციას. ყურადღებას ამახვილებას მცირედზე, მაგრამ ყველაზე მთავარზე, ყველაზე ონტოლოგიურ (12) ობიექტზე. ტელევიზორი დიამეტრულად (13) საწინააღმდეგოა. (შთაბეჭდილებების ცვლა, რომლის დროსაც კონტროლი იკარგება სენსორულ (14) მოქმედებაზე).
რელიგიური გრძნობა მისტიკური გრძნობაა, ნატიფი და ნაზი, როგორც ყვავილის ფურცლები. ის მხოლოდ მდუმარებაში ისმის და არა ქუჩის ხმაურში…
ტელევიზორი ავრცელებს ნერვულ და ფსიქიურ დაავადებებს. ადამიანის ფსიქიკის შესაძლებლობანი უსაზღვრო არ არის. რამდენიმე საათის განმავლობაში ადამიანი ტელევიზორისგან იმდენ შთაბეჭდილებას ღებულობს, რამდენსაც ადრე მთელი თვის განმავლობაში. ადამიანის ნერვული სისტემა ცვდება და ვერ უძლებს რა მძიმე დატვირთვას, თავდაცვის მიზნით, ავადმყოფდება.
ტელევიზორი ადამიანებს სისასტიკეს ასწავლის. ეს ეხება არა მარტო მკვლელობებისა და ძალადობის სურათებს, რომლებიც ტელეგადაცემებში ზოგჯერ თაყვანისცემისა და გმირობის ატმოსფეროთია გარემოცული, არამედ ეხება არანაკლებ საშიშს:
ტელევიზორთან ადამიანის განცდები იმდენად ინტენსიური და მძაფრია, რომ ემოციურად აცარიელებს მას და ის ყოველდღიურ ცხოვრებაში გულგრილი, ცივი და განდგომილი ხდება.
ტელევიზორი აშორებს ერთმანეთისგან ერთ სახლში, ოჯახში მცხოვრებ ადამიანებს, ცვლის რა მათ ურთიერთობებს ეკრანულ მოჩვენებათა აჩრდილებით. ადამიანმა დაკარგა რა ცოცხალი ადამიანის შეგრძნება, დაკარგა მისი სიყვარული და თანაგრძნობა. იგი აღარ ითვლება პიროვნებად, ხდება მისი ინსტრუმენტად გადაქცევა.
ამბობენ, რომ ტელევიზორი შეიძლება გახდეს საწყისი რელიგიური განათლებისა, მაგრამ ის კლავს მთავარს, რელიგიის გულს – ლოცვას, სულის მისტიკურ საუბარს ღმერთთან. გადატვირთულ, შთაბეჭდილებების ნაკადით სავსე სულს არ ძალუძს განეწყოს ლოცვისთვის. ლოცვის სიტყვებს ედება ფენა ლოცვისთვის უცხო, ვნებით სავსე წარმოდგენებისა.
ლოცვა სულიერი ცხოვრების ცენტრია. ადამიანი სულს უძრავი ცენტრიდან ცვალებადი წარმოდგენების მბრუნავ წრეზე აგდებს. ლოცვისა და ჭვრეტის გარეშე შეუძლებელია ღვთის შინაგანი განცდა. ტელევიზორი რომც გახდეს რელიგიური გადაცემების არხი, ის მაინც მოსწყვეტს რელიგიას მთავარს – სიღრმესა და მისტიკას, შეჩერდება რა კატეხიზატორობაზე, სიტყვის საჯაროდ გამოცხადების დონეზე და არა ძალისა. რელიგიური ინტუიციის გარეშე, მდუმარებაში მომწიფებულ ასეთ გამოცხადებას არ მიიღებენ, ან მიიღებენ სულიერ-კულტურულ ღირებულებათა დონეზე. საჭიროა ზნეობრივი მომზადება, საჭიროა რელიგიური ძიებანი, აუცილებელია ბრძოლა ვნებებთან და ამპარტავნებასთან, რომ მოვემზადოთ ქრისტიანობის მისაღებად, რომ ვიგრძნოთ მისი განმაცოცხლებელი ძალა; სხვაგვარად, ქრისტე დაკეტილ კარზე დააკაკუნებს…
ფილმები სექსზე განსაკუთრებით დამღუპველად მოქმედებს ბავშვებზე, რომლებიც მშობლების მდუმარე თანხმობით სხედან მათთან ერთად. (წინააღმდეგ შემთხვევაში მშობლები იძულებული იქნებოდნენ, გამოერთოთ ტელევიზორი ან ბავშვები რამდენიმე საათით გაეძევებინათ სახლიდან. ამიტომ მშობლები ამჯობინებენ მიიღონ სახე , თითქოს ისინი ვერ ამჩნევენ მათ ზურგს უკან ტელევიზორის მაყურებელ ბავშვებს). ბავშვებს უფროსებზე უფრო ნაკლებად შესწევთ უნარი საკუთარი გრძნობების რეგულირებისა, ამიტომ ტელევიზორთან სულიერი გახრწნის შემდეგ ქრისტიანობას აღიქვამენ, როგორც აკრძალვით სისტემას;
ჩვენ შეიძლება შეგვეკამათონ, რომ ზოგიერთი სატელევიზიო გადაცემა წმინდა და ზნეობრივია; მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. გადაცემაში მხოლოდ მორალს რომ ქადაგებდნენ, ტელევიზორს საერთოდ არავინ იყიდდა. დააკვირდით ტელევიზორთან მსხდომთ – რა იწვევს მათ განსაკუთრებულ ინტერესს – მორალი თუ განგსტერები და ძიუდოს ილეთები? თუ ყვავილისა და სარეველას თესლს ერთმანეთში ავურევთ და მიწაში ჩავყრით, შეიძლება დარწმუნებული ვიყოთ, რომ სარეველა მოაშთობს ყვავილს. ტელევიზორთან გაზრდილი ადამიანი სულიერად დათრგუნულია. უკეთეს შემთხვევაში, ის რელიგიას აღიქვამს, როგორც კულტურულ-ზნეობრივ და ისტორიულ ღირებულებას, რაც არსებითად არის რელიგია ღვთის გარეშე. ამიტომ ტელევიზორი ასახიჩრებს ბავშვების სულს. ტელევიზორი ბავშვებს ბავშვობას ართმევს, ყრმობიდან პირდაპირ მოხუცებულებად აქცევს, ბავშვებად, რომელთაც არა აქვთ ბავშვობა და სიწმინდე!..
რელიგია საიდუმლოა, ტელევიზორი კი საიდუმლოს რეკლამად აქცევს. ლიტურგია არ შეიძლება აღქმული იყოს, როგორც ვიზუალური წარმოდგენა. ეს არის მისტიკური განმეორება გოლგოთის მსხვერპლისა, რომლის სახილველად და რომელშიც მონაწილეობის მისაღებად, ძველ დროში, მხოლოდ განსაკუთრებული მომზადების შემდეგ დაიშვებოდნენ მხოლოდდამხოლოდ ეკლესიის წევრები, რომელთაც არ ჰქონდათ ეპიტიმია (15).
ვოლუნტარიზმის (16) დროს ეკლესია ჰგავდა ტყვე ქალიშვილს, რომელსაც კონკებს აცმევდნენ, აიძულებდნენ ჩუმად ყოფილიყო და შეესრულებინა დამამცირებელი სამუშაო. სატელევიზიო გადაცემებმა კი იგი შეიძლება გადააქციონ იმ ქალიშვილად, რომელიც დაჰყავთ ქალაქებში, როგორც სილამაზის კონკურსზე; აიძულებენ კითხვებზე პასუხი გასცეს და ბრბოს დასანახად ტანთ გაიხადოს კიდეც…
ლიტურგია არის სულიწმინდის გარდამოსვლა და ადამიანის სულის ფერიცვალება; ნუთუ ტელევიზორს შეუძლია დააფიქსიროს მადლის გარდამოსვლა?!.
ტელევიზორმა მორწმუნე ადამიანის სახლებში შემოიტანა მკრეხელური ფილმები ქრისტე მაცხოვარზე. მსახიობის ხელოვნება გარდასახვაა, საკუთარი თავის დავიწყების უნარი, გაიგივება იმასთან, ვისაც თამაშობს. საჭიროა ყოველგვარი რელიგიური გრძნობის უქონლობა ან დამახინჯებული დემონური რელიგიურობა, რათა ქრისტესთან გააიგივოს თავი.
სატანამ თქვა: “მე ღმერთი ვარ!“ ადამმა თქვა: “მე მინდა ვიყო ღვთის გარეშე, როგორც ღმერთი!“ მსახიობი ამბობს: “მე მსურს ჩემი საშუალებით ვაჩვენო მსოფლიოს ქრისტე მაცხოვარი!“ ესე იგი მსახიობი დარწმუნებულია, რომ მას შეუძლია იფიქროს ისე, როგორც ქრისტემ, უყვარდეს ისე, როგორც ქრისტეს, იმოქმედოს ისე, როგორც ქრისტემ, ეს ბევრად უფრო საშიში ღვთისგმობაა, ვიდრე პრიმიტიული და უხამსი ანტირელიგიური პროპაგანდა.
სიწმინდე არ შეიძლება ნაჩვენები იყოს, როგორც თეატრალური სანახაობა. დღეს მსახიობი თამაშობს განგსტერს, ხვალ – მოციქულს, ზეგ შეიძლება ითამაშოს რეიგანი ან ამხანაგი კამო!.. მაგრამ ჩვენი ფსიქიკა ქვეცნობიერად აღიქვამს რა თეატრის მიერ უხამსებელ სახეს, აზროვნება – ასოციაციისა (17) და ანალოგიის (18) კანონებით – ამ ყალბ სახეს როგორც დაღს ადებს სიწმინდეს. სახარებისეული სახე ქრისტესი ჩვენთვის მსახიობის სახესთან იქნება დაკავშირებული. მაშასადამე, თეატრი ჯერჯერობით ცრუობს და სიცრუეს ასწავლის. არის ასეთი ანდაზა: “რისი გაკეთებაც ეშმაკს არ შეუძლია, ქალი გააკეთებს“. შეიძლება სხვაგვარადაც ითქვას: “რისი გაკეთებაც ანტირელიგიურ პროპაგანდას არ შეუძლია, შეუძლიათ გააკეთონ ვიდეოფილმებმა რელიგიურ თემაზე, შებღალონ ქრისტე მაცხოვრის სახე!”…
შეიძლება აღარაფერი ითქვას ბალეტებზე ქრისტეს შესახებ. ისინი ძლიერ მოგვაგონებენ “მხტუნავთა“ სექტის კრებას. ეს არის თანამედროვე ინტელიგენტური “ხლისტობის“ ნაირსახეობა.
ტელევიზორი მტერია, რომელთანაც მოლაპარაკება არ შეიძლება. მის აგრესიას არა აქვს საზღვარი და საზომი. თუ საჰარის უდაბნო წელიწადში ხუთი კილომეტრით ფართოვდება, ტელევიზორი გამარჯვების მარშით მიაბიჯებს მთელ პლანეტაზე, აშრობს რა უკანასკნელ ნაკადულებს და წყაროებს, აჭუჭყიანებს და თელავს სულიერების უკანასკნელ ოაზისებს…
მალე ადამიანს აღარ დასჭირდება მეგობრების მონახულება, კონფერენციებზე სიარული, სკოლაში წასვლა გაკვეთილებზე დასასწრებად. ის ამის გაკეთებას შესძლებს სატელევიზიო სისტემის მართვით, სახლიდან გაუსვლელად. ადამიანი დარჩება სამყაროში, როგორც უდაბნოში, ყველაფრისადმი გულგრილი და ყველასადმი უცხო!
ამინ!
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
ZNEOBA.GE-ს რედაქცია
– – –
(1) ლათ. მეცნიერებისა და სწავლა-განათლებისადმი, კულტურული პროგრესისადმი მტრული დამოკიდებულება.
(2) ბერძ. მონოპოლიის დამყარება რამეზე. მონოპოლია – უპირატესობა, პირველობა რაიმე საქმეში.
(3) ფრანგ. საერთო ნორმაზე გადაყვანა.
(4) ტრაპეზი – ბერძ. 1. საკურთხეველი; 2. მაგიდა, სუფრა; 3. სადილი, წვეულება.
(5) ლათ. უკანონოდ ხელში ჩაგდება.
(6) საღვთისმეტყველო მეცნიერება, რომელიც სწავლობს ეკლესიის წმინდა მამათა ცხოვრებას.
(7) სიბარიტი – ბერძ. ფუფუნებით განებივრებული ადამიანი.
(8) ინდუქცია – ლათ. 1. აზროვნების მეთოდი. კერძო ფაქტებიდან, ცალკეული დებულებებიდან ზოგადი დასკვნების გამოტანა. 2. ფიზ. რაიმე გამტარში ელექტრონული დენის აღძვრა.
(9) ვიზუალური – ლათ. მხედველობითი.
(10) პროფანაცია – ლათ. შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება საყოველთაოდ აღიარებული მოვლენის (იდეის, მოძღვრების) მიმართ, მისი დამახინჯება, შებღალვა.
(11) ფრანგ. განსხვავების მოსპობა.
(12) ბერძ. ფილოსოფიური მოძღვრება ყოფიერების შესახებ.
(13) ბერძ. უკიდურესი, საწინააღმდეგო.
(14) ლათ. გრძნობის ორგანოებთან დაკავშირებული, მგრძნობელობითი.
(15) საეკლესიო სასჯელი, რომლის მიზანია ცოდვაში ჩავარდნილი ადამიანის გამოხსნა ცოდვისაგან.
(16) ლათ. იდეალისტური მსოფლმხედველობა, რომლის მიხედვითაც ყოველივე არსებულის, მთელი სინამდვილის განვითარების საფუძველს ნებისყოფა წარმოადგენს.
(17) ლათ. ისეთი კავშირი წარმოდგენათა შორის, როდესაც ერთი წარმოდგენა იწვევს მეორის მსგავსებას, კონტრასტის ან მეზობლობის მიხედვით.
(18) ბერძ. მსგავსება საგნებს, მოვლენებსა და მცნებებს შორის.