17 მაისი – ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღე!

17 მაისი – ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღე!

2014 წელს პატრიარქმა 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა:

“მივიღეთ ასეთი განჩინება, ყოველი წლის 17 მაისს იყოს ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების მოხსენიების, მშობლების პატივისცემის დღე. ამ დროს მთელი ერი უნდა გამთლიანდეს – მშობლები და შვილები. უნდა აღვავლინოთ ლოცვები, ერთი პირით, ერთი ძალით და ერთი გონებით. სამღვდელოებას ეძლევა ლოცვა-კურთხევა, ამ დღეს 12 საათზე ჩაატარონ პარაკლისები ტაძრებში და ნაკურთხი წყლით აპკურონ ტაძარი, ოჯახები, ქუჩები, ასევე ლოცვა-კურთხევა ეძლევა საერო ადამიანებს, რომ ნაკურთხი წყლით აკურთხონ ოჯახი და საკუთარი თავი. პირველი ასეთი დღესასწაული იქნება 17 მაისს. თქვენ ნახავთ, როგორ გაძლიერდება თქვენი სული, გონება, სხეული და როგორ გაძლიერდება საქართველო.”

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

* * *

ქრისტიანულ სწავლებაში სხვა დატვირთვა შეიძინა ოჯახურმა ურთიერთობამაც:

“ცოლი როდია თავისი სხეულის უფალი, – არამედ ქმარი; არცა ქმარია თავისი სხეულის უფალი – არამედ ცოლი” (I კორინთ.7.4), – გვასწავლის მოციქული და დასძენს:

“ვითარცა ეკლესია დამორჩილებულ არის ქრისტესა, ეგრეთცა ცოლნი-თასთა ქმართა ყოვლითა. ქმართა გიყუარდეთ ცოლნი თვისნი, ვითარცა ქრისტემან შეიყუარა ეკლესია და თავი თავისი მისცა მისთვის” (ეფ. 5.24-25).

ქმარი არის ოჯახის თავი, რადგან მას ღვთისგან დაკისრებული აქვს პასუხისმგებლობა, საჭიროებისამებრ ყოველთვის დაიცვას ცოლი და შვილები, იყოს ერთგული წინამძღოლი და მასაზრდოებელი;

ქალსაც არანაკლები დანიშნულება აქვს. მისი მთავარი ფუნქციაა შვილთა ყოლა, მათი აღზრდა და ოჯახზე ზრუნვა, რაც მის საზოგადოებრივ აქტიურობას არ გამორიცხავს.

როდესაც მეფე-დედოფალი ჯვარს იწერს, ისინი მღვდელთან ერთად სამჯერ გარშემო უვლიან ანალოღიას, რომელზეც სახარებაა დაბრძანებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მზად არიან მთელი ცხოვრება ერთმანეთს და ღმერთს დაუკავშირონ.

ქრისტიანული ოჯახი ეფუძნება მღვდელმოქმედებით მადლს, რაც ქორწინების საიდუმლოს გულისხმობს; აქ ხდება ეგოისტური “მეს”-გან სრული დაცლა, რადგან ერთი პიროვნება მთლიანად უძღვნის თავს მეორეს. ისინი სიყვარულით ერთიანდებიან ქრისტეში, რათა ერთად იზრუნონ ცხონებისათვის და მეუღლეობის საკვრელით დაკავშირებულნი წარდგნენ ყოველთა მეუფის წინაშე.

დიდი ბედნიერებაა ოჯახის შექმნა სიყვარულით, მაგრამ მთავარია ამ მადლის შენარჩუნება და გამრავლება.

როდესაც ადამიანი შეყვარებულია, იგი მისთვის სასურველ პიროვნებაში ხედავს ისეთ თვისებებს, რასაც შესაძლოა სხვები ვერ ამჩნევდნენ. ამ დროს ხდება მეორე ადამიანში დაფარული შინაგანი მშვენიერების აღმოჩენა.

“რა კარგი უნდა იყოს ერთი იმედით, მსახურებითა და რწმენით ორი გულის შეერთება, – წერს ტერტულიანე. ჭეშმარიტად, ისინი ორნი არიან ერთ სხეულად განმთლიანებულნი, ხოლო სადაც ერთი სხეულია, იქ ერთსულოვნებაა. ისინი ერთად ლოცულობენ, ერთად იდრეკენ მუხლს, ერთად მარხულობენ, ერთმანეთს ამხნევებენ. თანასწორნი არიან ღმერთის წინაშე. თანაბრად ინაწილებენ დევნასა და ნუგეშს, არაფერს უმალავენ და არც ამძიმებენ ერთმანეთს…, ხედავს რა მათ ერთობას, უფალი ხარობს, სახლს მშვიდობას მოჰფენს და მკვიდრობს მათთან ერთად”.

ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში შემდგომი ეტაპი არის შვილიერება. ბავშვების დაბადება და მათზე მზრუნველობა სრულყოფის კიბეზე ამაღლების ახალი შესაძლებლობაა, რადგან მეუღლეთა ურთიერთსიყვარული, ამ შემთხვევაში, გრძნობის ხელახალ გადანაწილებას ითხოვს; ადამიანი კიდევ უფრო მეტად ემიჯნება ეგოისტურ ,,მეს” და კიდევ უფრო მეტად ფართოვდება მსახურების არეალი, რაც ღვთის სათნო ცხოვრებას განამტკიცებს.

როგორი სიფაქიზით გვწრთვნის უფალი! როგორ ნელ-ნელა და თანდათანობით ავყავართ მას უმაღლესი სიყვარულის საფეხურებზე, ყველა პირობას გვიქმნის, რომ ჩვენი დაცემული მდგომარეობისაგან გვიხსნას და მარადიული ნეტარებისთვის მოგვამზადოს.

ასეთი ოჯახი, ასეთი ერთობა ქალისა და კაცისა, სიმბოლურად “მცირე ეკლესიად” იწოდება, რომლის სიმტკიცეც დაურღვეველია.

უწმინდესის 2015 წლის საშობაო ეპისტოლედან

ZNEOBA.GE-ს რედაქცია