– მამა რაფაელ, თქვენ დიდ ყურადღებას უთმობთ თქვენს ნაშრომებში მოდერნიზმის საცთურს. რას წარმოადგენს ეს მოვლენა და რა სახისაა მისი სულიერი ფესვები?
– სიტყვა მოდერნიზმი ნიშნავს “ახალ”, “თანამედროვე” მიმართულებას. მან შეიძლება თავი იჩინოს ხელოვნებაში, ლიტერატურასა და რელიგიაში. ჩვენ გვაინტერესებს მოდერნიზმის პრობლემა თანამედროვე ეკლესიურ ცხოვრებაში. მოდერნიზმი მოასწავებს ტრადიციული ღირებულებების, ცნებებისა და ნორმებისგან მოწყვეტას, რაც გამოწვეულია კაცობრივი ცნობიერების გამიწიერებითა და ზნეობრივი ორიენტირების შეცვლით. თანამედროვე მოდერნიზმი წარმოადგენს იმ ანტიეკლესიური ავანგარდული სწავლების გაგრძელებასა და ახალ ეტაპს, რომელიც მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში რუსეთში აღმოცენდა რევოლუციის ტალღაზე. ის სქიზმაში გადაიზარდა და სახელად განმაახლებლობა ეწოდა. სამწუხაროდ, ამ მოდერნისტული რეფორმაციის გამოძახილმა დღეს ქართულ ეკლესიაშიც შემოაღწია – ბლუმის, შმემანის, ოსიპოვის და სხვა მოდერნისტების თხზულებათა თარგმანების სახით. იმ დროს განმაახლებლობა უპირატესად ეკლესიოლოგიურ ერესს წარმოადგენდა. მისი მიზანი იყო, დაემახინჯებინა და დაერღვია კანონიკური საფუძვლები, იერარქიული სისტემა და საღვთისმსახურო ტიპიკონი; მან უმალვე იჩინა თავი, როგორც ამბოხებამ და განხეთქილებამ ეკლესიაში. ამიტომაც იყო, რომ საზღვრები განმაახლებლობასა და მართლმადიდებლურ ტრადიციონალიზმს შორის მაშინვე თვალნათლივ გამოიკვეთა.
დღეს მოდერნიზმი უფრო ფრთხილად, უფრო გეგმაზომიერად და თანმიმდევრულად მოქმედებს, ყოველგვარი ხმამაღალი ლოზუნგებისა და ექსცესების გარეშე, მაგრამ ახლა მისი საბრძოლო დიაპაზონი გაცილებით უფრო ფართოა. თუკი რევოლუციის შემდგომ პერიოდში განმაახლებლობა ნაკლებად ეხებოდა დოგმატურ საკითხებს, თანამედროვე მოდერნიზმი უკვე ღრმად უთხრის ძირს მართლმადიდებლურ დოგმატიკას და, რაც ყველაზე უფრო სახიფათოა, მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მართლმადიდებლობისავე სახელით გამოდის. იგი ამტკიცებს, რომ ერთადერთი მიზანი ამოძრავებს – გაწმინდოს ტრადიციული სწავლება გვიანდელი დანაშრევებისგან. მოდერნისტების რეფორმატორობა შეიძლება დაიწყოს როგორც ფორმის დამახინჯებით, ამ დროს ვითომდა შინაარსია შენარჩუნებული, ასევე შინაარსის დამახინჯებით, სადაც დროებით შენარჩუნებულია ფორმა. პირველ შემთხვევაში ისინი ამტკიცებენ, რომ ფორმას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა, რომ აქ დასაშვებია პლურალიზმი, რომ ფორმის შეცვლა ან გამარტივება მორწმუნეთათვის შინაარსს უფრო გასაგებს ხდის. მაგრამ საღვთისმსახურო რიტუალები – ეს ეკლესიის სიმბოლური ენაა, და ეკლესიის ტრადიციული ფორმების მოშლა არა მარტო აღარიბებს შინაარსს, არამედ კიდევაც ამახინჯებს მას. მეორე შემთხვევაში იცვლება შინაარსი, ფორმა კი დროებით ხელუხლებელი რჩება, რათა მიიჩქმალოს სიყალბე და სარწმუნოებრივი ცვლილება. პირველის მაგალითია განმაახლებლების ლიტურგიკული და კანონიკური თვითნებობა; მეორესი კი – მართლმადიდებლობის უნიალური შეერთება მწვალებლობასთან. აქ იცვლება სარწმუნოების არსი და, შენიღბვის მიზნით, ხელოვნურად ჭიანურდება ფორმის ცვლილება, რათა სარწმუნოებრივი გარდაქცევა თვალსაჩინო არ გახდეს. სინამდვილეში კი საბოლოოდ დეგრადირდება ფორმაცა და შინაარსიც. აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ მართლმადიდებლობაში ფორმა და შინაარსი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია: შინაარსი ხორციელდება გარკვეულ ფორმებში, ფორმა კი შინაარსის კონსტანტად* და მცველად გვევლინება.
– რითია მცდარი სარწმუნოების მიმართ ასეთი მიდგომა?
– ახალი, გამიწიურებული დამოკიდებულებები სულიერი სამყაროსადმი და ღირებულებათა დამცრობილი სკალა მოდერნისტებში იწვევს მისწრაფებას, ქრისტიანული რელიგიის დოგმატები, ღვთისმეტყველება და რიტუალები მიუახლოვონ თანამედროვე საზოგადოების მშვინვიერ დონეს. ისინი არ ითვალისწინებენ იმას, რომ რელიგია (ვგულისხმობთ მართლმადიდებლობას) – ესაა არა კაცობრივი ტალანტის, თუნდაც გენიის ქმნილება, არამედ საღმრთო გამოცხადება, რომელიც მიეცა ადამიანებს. ამიტომ არ შეიძლება მას რაიმე დაემატოს, ის არ საჭიროებს ცვლილებას. გამოცხადება ყველა დროში უცვლელი რჩება, ის არ პროგრესირებს, არ განიცდის ევოლუციას, არ მცირდება, არ იზრდება; ის იხსნება და ადამიანებს გადაეცემა ეკლესიაში მოქმედი სულიწმიდის მეშვეობით. საღმრთო გამოცხადება დოგმატურად მსოფლიო კრებებზე განიმარტა. მსოფლიო კრებები – ეს ეკლესიური შემეცნების სისავსეა და შემოწმებული და დამტკიცებულია მთელი ეკლესიის მიერ. ეკლესიის დოგმატიკა, ლიტურგიკა, წეს-ჩვეულებები და კანონიკა თავდაპირველ გამოცხადებამდე ადის. ამ გამოცხადებამ თავისთვის პოვა მიზანშეწონილი ღრმა ფორმები, რომელთა მეშვეობითაც ღვთაებრივი სიტყვა განხორციელდა კაცობრივ სიტყვაში, ხოლო უხილავმა მიიღო ნივთიერი, ხილული და ხელშესახები სიმბოლო; გარდამოცემისგან განუყრელი ეს ფორმები თავად იქცნენ გარდამოცემის შემადგენელ ნაწილად და სათუთად არიან შემონახული საეკლესიო ტრადიციასა და ტიპიკონში.
– მაშასადამე, გამოდის, რომ მოდერნიზმი თავს ესხმის თვით ქრისტიანობის არსს?
– დიახ, სწორედ ასეა. ქრისტიანობა ის ლამპარია, ამა სოფელს რომ დაჰნათის თავს; იგი არ აძლევს საშუალებას ჩვენს ნახევრადწარმართულ სამყაროს, მთლიანად დაინთქას ზნეობრივ და სულიერ წყვდიადში. მოდერნისტებს სურთ სიყალბე ჩაიდინონ: მოარგონ ქრისტიანობა ადამიანურ ვნებებს, ცრუ ცნებებს, გამიწიერებული გონების ხორციელ წარმოსახვებს და წარმოადგინონ ქრისტიანობის სუროგატი, როგორც ერთგვარი პროგრესი, როგორც ცთომილებათაგან გაწმენდილი, მათ მიერ აღორ-ძინებული ქრისტიანობა. ისინი ამბობენ, რომ ქრისტიანობა ყველასთვის გასაგები უნდა გახადონ, ამისთვის კი ის კაცობრივი გონების საზომებში უნდა მოამწყვდიონ, ისე, რომ მხოლოდ აზრობრივი ძალით ჩასწვდნენ მიუწვდომელს. მაგრამ ქრისტიანობა – ესაა ცხოვრება სულ სხვა განზომილებებში. ქრისტიანობაში უნდა ჩაერთო, უნდა შეისისხლხორცო იგი და რწმენის მეშვეობით უნდა დაუმორჩილო მას საკუთარი გონება, ვნებებისგან განწმენდილი გულის მეშვეობით კი – გრძნობები. მოდერნისტები გვთავაზობენ დაცემული ადამიანისთვის მოსახერხებელ ქრისტიანობის რეფორმას და გვპირდებიან ცათა სასუფეველს ღვაწლის, შრომის, ვნებებთან ბრძოლის გარეშე, მხოლოდ იმაზე დაყრდნობით, რომ ღმერთს უყვარს ადამიანი და ამიტომ აცხოვნებს მას. სწორედ ამით იზიდავს მოდერნიზმი სუსტი ნებისყოფისა და დაჩლუნგებული რელიგიური ინტუიციების მქონე ადამიანებს.
მოდერნიზმი გრანდიოზული უტოპიაა. მისი სჯერა მხოლოდ იმას, ვისაც არ სურს საკუთარ ვნებებთან განშორება, ვისაც არ სურს რეალურად დაინახოს კაცობრივი გონების შესაძლებლობები და საზღვრები, ვინც ჰუმანური სულისკვეთებითაა აღზრდილი და თვლის, რომ შობის უფლების ძალით ადამიანი ღვთის ძეა; ვინც ლიბერალიზმის შხამითაა მოწამლული და მართლმადიდებლობა მიაჩნია არა პიროვნების სულიერ და ზნეობრივ განახლებად, არამედ აკრძალვების სისტემად. მოდერნიზმი – ესაა კულტის დაქვემდებარება კულტურისადმი, სულისა – სამშვინველისადმი, გამოცხადებისა – ადამიანური თვითნებობისადმი. უფრო თამამად რომ ვთქვათ, მოდერნიზმი მიწიერს ზეციურზე მაღლა აყენებს, ადამიანს კი – ღმერთზე მაღლა.
– მამა რაფაელ, შეიძლება, რომ მიგვითითოთ მოდერნიზმისთვის დამახასიათებელ კონკრეტულ თავისებურებებზე, მის “გამომაჩინებელ”, ასე ვთქვათ, განმასხვავებელ ნიშნებზე?
– ასეთი თავისებურებების მთელი რიგი შეგვიძლია ჩამოვთვალოთ. ამასთან, სულაც არ არის აუცილებელი, რომ რომელიმე მოდერნისტის სტატიაში ან ლექციაში ყველა ეს პუნქტი იყოს წარმოდგენილი: საკმარისია ერთი მათგანიც კი, რომ მივხვდეთ – აქ საქმე რეფორმატორობასთან გვაქვს. არ არის აუცილებელი რთულ ფორმულაში ყველა ციფრის შეცვლა: საკმარისია შეიცვალოს მხოლოდ ერთი – და უკვე მთელი ფორმულა გაუქმდება; საკმარისია მხოლოდ ერთი ღრმა ჭრილობის მიყენება ადამიანის სხეულზე – და ის სისხლისგან დაიცლება. ამიტომ ჩამოთვლილი შეცდომები მოდერნისტებს შეიძლება ჰქონდეთ ნებისმიერ კომპოზიციაში, ანდა ისიც შესაძლებელია, რომ მხოლოდ ერთი მათგანით შემოიფარგლონ.
1. მოდერნისტები უარყოფენ ადამის ცოდვის გადაცემას მის შთამომავლობაზე.
2. უარყოფენ გამოხსნას, ანდა ამახინჯებენ მის არსს.
3. სკეპტიკურად არიან განწყობილი ბიბლიასა და წმინდანთა ცხოვრებებში აღწერილი სასწაულების მიმართ.
4. უარყოფენ წირვაზე წმინდა ძღვენის გარდაქცევას.
5. მტრულად არიან განწყობილი სიტყვა “მისტიკისადმი” და შეგნებულად ურევენ ერთმანეთში მართლმადიდებლურ მისტიკასა და ცრუ მისტიციზმს.
6. ისწრაფიან ენობრივი რეფორმისკენ: სურთ ძველი საღვთისმსახურო ენა შეცვალონ თანამედროვე ენით, რომელიც ნაკლებად პასუხობს ლოცვის დინამიკას.
7. ღვთის სიყვარულს ღვთის სამართლისაგან მოწყვეტილად განიხილავენ, რითაც ღვთაებრივ სიყვარულს ყველანაირი ზნეობრივი თავისუფლების გასამართლებელ საბუთად აქცევენ.
8. ამახინჯებენ ეკლესიის ცნებას, კერძოდ, დოგმატს: “მრწამს ერთი, წმიდაჲ, კათოლიკე და სამოციქულოჲ ეკლესიაჲ”. ისინი ამტკიცებენ, რომ ცხონება სხვა კონფესიებშიც არის შესაძლებელი და, ასევე, თვით რწმენის არარსებობის შემთხვევაშიც კი. უგულებელყოფენ ეკლესიაში მყოფი სულიწმიდის მოქმედებას, უარყოფენ როგორც ეკლესიის სიწმინდეს, ასევე მისი სწავლების სიწმინდესაც. ეკლესიის კრებსით ცნობიერებას ისინი საკუთარი მოსაზრებებითა და გამონაგონით ცვლიან.
9. ცდილობენ, რაციონალური გახადონ როგორც ღვთისმეტყველება, ასევე – ღვთისმსახურებაც; ზოგადად, ცივად ეპყრობიან ღვთისმსახურებას და ცხონების საქმეში მას მეორეხარისხოვნად მიიჩნევენ.
10. ნიჰილისტურად არიან განწყობილი წმინდა გარდამოცემის, ტრადიციისა და მემკვიდრეობითობის მიმართ.
11. მოდერნისტების აზრით, კლასიკური ორთოდოქსალური ღვთისმეტყველება – ეს, არც მეტი, არც ნაკლები, “უსულო გვამია, ეს რაღაც აუტანელი მოწყენილობაა”.
12. იმისთვის, რომ თავიანთი ანტიმართლმადიდებლური მიმართულება დამალონ, მოდერნისტები ერთ ადგილას ასაბუთებენ იმას, რასაც უარყოფენ სხვაგან და უარყოფენ იმას, რასაც ადრე თვითონვე ამტკიცებდნენ. ამასთან, თუ მოდერნისტს ვინმე მწვალებლური აზრის გამო ამხილებს, ის თავისი გამონათქვამებიდან რომელიმე სხვა ადგილს დაიმოწმებს და იტყვის, რომ მისი შეხედულებები ცალ-ცალკე კი არ უნდა განვიხილოთ, არამედ მთლიანობაში. მაგრამ რას ნიშნავს ეს მთლიანობა – გაუგებარია. ამგვარ ხერხს მოდერნისტები იმისთვის მიმართავენ, რომ მართლმადიდებელთა ცნობიერებაში არეულ-დარეულობა შეიტანონ.
13. ბევრი მოდერნისტი ცდილობს ორიგენეს სწავლების რეაბილიტაციას და მას ლამის მართლმადიდებლობის აპოლოგეტთა – მსოფლიო კრებების მამათა – ცდომილების მსხვერპლად წარმოაჩენენ. მოდერნისტებისთვის ორიგენე არაკანონიზირებული წმინდანია.
14. მოდერნისტები ქადაგებენ საყოველთაო ცხონებაზე, რაც ღმერთს უკვე წინდაწინ აქვს გადაწყვეტილი, ანუ გარდაუვალ ცხონებაზე; თანაც ისინი არა მარტო იმეორებენ ორიგენეს აპოკატასტასისს* და გვთავაზობენ მის სხვადასხვა ვარიანტებს, არამედ ზოგჯერ გაცილებით უფრო შორსაც კი მიდიან. თუკი, ორიგენეს სწავლების მიხედვით, ცოდვილმა განმწმენდელი ტანჯვა აქვე, დედამიწაზე უნდა დაითმინოს, ზოგიერთი მოდერნისტის აზრით, საკმარისია ცოდვილმა მხოლოდ ისურვოს ცხონება, და ის უკვე ცხონდება.
15. მოდერნისტები აკნინებენ როგორც ანგელოზთა ძალების, ასევე დემონურ ძალთა მნიშვნელობას კაცობრიობის ისტორიაშიც და თითოეული ადამიანის ზნეობრივ ცხოვრებაშიც. ისინი მიდრეკილი არიან იქითკენ, რომ დემონური განსაცდელები ემოციურ აფექტებსა და ფსიქიურ აშლილობებს მიაწერონ.
16. მოდერნისტები ცდილობენ შელახონ ეკლესიის ავტორიტეტი და სახელი გაუტეხონ რელიგიურ წიგნებს.
17. ისინი ლავირებენ სამყაროსა და ადამიანის შექმნის შესახებ არსებულ ევოლუციონისტურ და კრეაციონისტურ სწავლებებს შორის და საჯაროდ გამოდიან თავიანთი კომპრომისული ჰიპოთეზებით.
18. მართლმადიდებლურ სწავლებაზე თავიანთ კრიტიკულ, უხეშ გალაშქრებებში მოდერნისტები მიმართავენ სიყალბეს: საკუთარ ნააზრევს ფაქტებად ასაღებენ, მერყევ დასაბუთებებს კი – მყარ მტკიცებულებებად.
19. მამათა ნაწერებიდან ამოგლეჯილი ციტატების მონტაჟისა და ფრაგმენტების მანიპულაციის გზით ისინი წმინდა მამებს მიაწერენ იმ მოსაზრებებს, რომლებიც თავად აწყობთ და არავითარ ანგარიშს არ უწევენ არც საეკლესიო ეგზეგეტიკას და არც ჰერმენევტიკის* წესებს.
20. გამოთქვამენ რა თავიანთ მოსაზრებებს, მოდერნისტები ცდილობენ, ბოლომდე არ გახსნან ისინი, რათა არ გამოაშკარავდეს მათი ანტიმართლმადიდებლური არსი. ამიტომაცაა, რომ ისინი თავიანთ კონცეპტუალურ შეხედულებებს ნაწყვეტ-ნაწყვეტად გადმოგვცემენ და მათ დასრულებული სახით არ გვთავაზობენ.
21. მოდერნისტები რწმენის დეფიციტს აზრთა სიუხვით ნიღბავენ. ისინი სპეკულაციას ეწევიან სიტყვებით: “მეცნიერება”, “განათლება” და “პროგრესი”.
22. მოდერნიზმი არა მარტო წყალს უსხამს ადამიანურ ვნებებსა და ამსოფლიურ გემოვნებას, არამედ ზოგჯერ სიწმინდის მიმართ ცინიკურ დამოკიდებულებამდეც კი მიდის. მოდერნისტები მეტაფიზიკურ საკითხებზე ხუმრობითა და ქირქილით საუბრობენ, რაც განაქარვებს მოწიწების გრძნობას სარწმუნოებრივი საგნებისადმი. ღვთაება – ის ცეცხლია, რომელთანაც არ შეიძლება სინანულისა და მოკრძალების გარეშე მიახლება. ზოგიერთი ღვთისმეტყველი კი ისე იქცევა, თითქოს მოლა ნასრედინის დიდებას მიელტვოდეს.
– მაინც რა უბიძგებს ეკლესიურ ადამიანს მოდერნიზმისკენ?
– უბიძგებს ის, რის შესახებაც გვაფრთხილებს ჩვენ სახარება: გონების სიამაყე, ავხორცობა და ამასოფლის საცდურები – თავისი ნახევრადწარმართული სულისკვეთებითა და ტკბობის კულტით. ეს გახლავთ სურვილი, ერთმანეთთან შეთავსდეს შეუთავსებელი: სიწმინდე – ცოდვასთან, ქრისტეს სიყვარული – ამასოფლის ვნებებთან, ტაძარი – ბაბილონის გოდოლთან, საღმრთო გამოცხადებები – კაცობრივი, შეზღუდული გონების ნააზრევსა და წარმოდგენებთან, – გონებისა, რომელიც სიამაყითაა დასნებოვნებული და ეგოიზმისა და ვნებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. ეს გახლავთ სურვილი – არა შენ დაემორჩილო გამოცხადებას, არამედ ის დაგემორჩილოს შენ; ეს გახლავთ გარდამოცემისადმი იმგვარი დამოკიდებულება, თითქოს ხელთ ნედლი მასალა გაპყრას და შეგეძლოს გამოძერწო ნებისმიერი ფორმა, შემდეგ კი ეს ფორმა სხვადასხვაგვარად ცვალო საკუთარი ვნებებისა და სურვილების კარნახით. ერთი საერო პოეტის სიტყვებით რომ ვთქვათ:
“თეთრი ვარდი შავ გომბეშოზე
მსურდა ამქვეყნად მე დამეწინდა”.
მოდერნისტების აზროვნების ვექტორები მიწისკენ მიემართება და ისტორიას ექვემდებარება. მათთვის რელიგია მარადისობის დროში გაცხადება და მისკენ სავალი გზა როდია, არამედ – მიწიერი კეთილდღეობის ერთ-ერთი გარანტია.
– რატომაა ასე გამძაფრებული ეს საცდური მაინცდამაინც ჩვენს დროში?
– ჩვენი დრო იმ სოციალური და ზნეობრივი რევოლუციების ეპოქაა, მთელ მსოფლიოს რომ აზანზარებენ. იზრდება რევიზიისა და რეფორმაციის პროცესი საზოგადო, კულტურული და ზნეობრივი ცხოვრების ყველა სფეროში; მიმდინარეობს მორალის გადასხვაფერება, მსოფლმხედველობის რღვევა, ადამიანურ ურთიერთდამოკიდებულებათა მსხვრევა, ოჯახების კატასტროფული ნგრევა, ადამიანების ემოციური ურთიერთგაცივება; მიმდინარეობს ზნეობის გახრწნა და ცოდვის აპოლოგია ხელოვნების, ლიტერატურისა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებების გზით. ზნეობა და უბიწოება აღიქმება, როგორც ბუნების წინააღდგომა, რისთვისაც ის, ბუნება, შურს იძიებს ნევროზებითა და ფობიებით. სატელევიზიო გადაცემები გარყვნილების, სისასტიკისა და სიამაყის ინექციებადაა ქცეული. ადამიანთა ცნობიერება უფრო და უფრო სეკულარული ხდება. ყოველმხრივ ნებადართული ხორციელი ვნება გონების ყოველმხრივი თავისუფლების მხარდამხარ მიიწევს წინ (ამასთან, გონება გაიგივებულია მის ერთ-ერთ ძალასთან – აზროვნების უნართან). ამის შედეგად ჩლუნგდება რელიგიური ინტუიციები, სული საკუთარ თავში იკეტება და თითქოსდა საღათას ძილით სძინავს; ადამიანი ისეთ მდგომარეობაში იმყოფება, რომელსაც ვერც სიცოცხლეს უწოდებ, ვერც სიკვდილს. მაგრამ გულის სიღრმეში მას მაინც რჩება მარადისობის საიდუმლოს ერთგვარი შეგრძნება, რომლის დაკმაყოფილება არც ცრუ სწავლებას შეუძლია, არც ათეიზმს. ამიტომ ადამიანი მთლიანად არ წყვეტს კავშირს რელიგიასთან, ეძებს კომპრომისებს, რომლებიც გასაქანს მისცემენ მის ინტელექტუალურ თავნებობას, არ შეეწინააღმდეგებიან სულისა და ხორცის ვნებებს და, ამავე დროს, გარკვეულწილად დააკმაყოფილებენ მის რელიგიურ გრძნობასაც. სულიერების საერთო დაცემა ნოყიერი ნიადაგი აღმოჩნდა მოდერნიზმისთვის, რომელიც გვპირდება ახალი, ლიბერალური და ჰუმანური ქრისტიანობის შექმნას; ეს ქრისტიანობა იქნება ნებისყოფისთვის – შემსუბუქებული, ვნებებისთვის – მოსახერხებელი, ამაყ გონებას კი არ შეავიწროებს დოგმატებითა და კანონებით. და აი, კაცს შეუძლია დაესწროს ღვთისმსახურებებს, ილოცოს და, ამავდროულად, დაკავდეს აღმოსავლეთიდან ნასესხები იოგათი, მედიტაციებით; იყოს როკ-კონცერტების მუდმივი სტუმარი; მიიღოს მონაწილეობა მონასტრებთან არსებული ლიტერატურული და სპორტული წრეების ჩამოყალიბებაში და, ამ ყველაფერთან ერთად, თავი მიიჩნიოს მართლმადიდებელ ქრისტიანად, თანაც, რასაკვირველია, საკუთარ თავს უწოდოს არა ღვთის მონა, არამედ ღვთის ძე.
ასეთ ადამიანებს სახარებისეული სწავლება და მაღალი იდეალები ეჩვენებათ არა სულისთვის მშობლიურად და ბუნებრივად, არამედ რაღაც მიუწვდომელ, ლამაზ აბსტრაქციად, რომლის ცხოვრებაში განხორციელებაც შეუძლებელია; ზოგჯერ კი – იძულებად ადამიანის ბუნებაზე, რომელიც ამ იძულებას ავადმყოფური კომპლექსებითა და პათოლოგიებით პასუხობს. მოდერნისტები ისწრაფიან შეცვალონ ასკეტიზმი დაცემული კაცობრივი ბუნებისთვის დამახასიათებელი ტკბობისმოყვარეობით; ამ აზრით მოდერნიზმი ვნებების აპოლოგია და ქრისტიანობის მათზე მორგებაა. მოდერნისტებს სურთ შექმნან უნიალური ქრისტიანობა, სადაც სიკეთე მშვიდად შეეთვისება ბოროტებას; მათ სურთ ქრისტეს ლოგოსი ჰერაკლიტეს ლოგოსით შეცვალონ. ერთი ცნობილი დეკადენტი წერდა:
“მინდა ყველგან დაცურავდეს ნავი თავისუფალი
მინდა ორთავ განვადიდო – ეშმაკიც და უფალიც” (ბრიუსოვი).
ახლა, ჩვენს დროში, როცა მიმდინარეობს ზნეობრივი დეგრადაცია და ცდილობენ იმის დამკვიდრებას, რაც ადრე სიმახინჯედ და სირცხვილად ითვლებოდა, ქრისტიანული ცხოვრება უკვე ღვაწლია. ზნეობა რელიგიის ერთ-ერთი ორგანული ელემენტია. ზნეობის დაცემასთან ერთად რელიგია უკვე აღარ არის ადამიანის შინაგანი ცხოვრება და გადაინაცვლებს მისი ცნობიერების პერიფერიაზე. ამ ყველაფერს შეიძლება რამდენიმე სხვადასხვაგვარი დასასრული ჰქონდეს.
პირველი: ბრძოლა ზნეობისათვის, დაპირისპირება სოფლის საცდურებთან, როგორც ვნებების კონცენტრატთან, იმ გარემოსთან, რომელშიც ცხოვრობს ადამიანი და რომელიც ავხორცობით, სიამაყითა და ეგოცენტრიზმითაა გაჟღენთილი.
მეორე: გნოსტიციზმი* და სკეპტიციზმი, როგორც უარყოფის სისტემები, როგორც მოხერხებული საშუალება საკუთარი სინდისისგან და ადამიანის ცხოვრების არსზე ფიქრისგან თავის დაღწევისა; ამასთან, რელიგიური სწავლება და ზნეობრივი პრინციპები აღიქმება, როგორც რელატივისტური* ცნებები.
მესამე: დამახინჯებული მისტიკური გრძნობის დაკმაყოფილება აღმოსავლური პანთეისტური რელიგიებისა და ოკულტიზმის მეშვეობით.
მეოთხე: ლიბერალური ქრისტიანობა – კომპრომისი ქრისტიანობასა და ამასოფელს შორის, რაც ადამიანს მორალური პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს. ესაა არა სულიერი სიხარულის, არამედ კარგი განწყობის ქრისტიანობა. იგი იმ მედიცინას ჰგავს, რომელიც კი არ კურნავს ავადმყოფს, არამედ ამშვიდებს მას, ეუბნება – ჯანმრთელი ხარო, და უმალავს, რომ მთელ მის შიგნეულობას კიბო ჭამს. ესაა ქრისტიანობა შამფურზე წამოგებული მწვადებით – დიდმარხვაში, და კონცერტებით – ვნების შვიდეულში; ქრისტიანობა, სადაც ცასა და დედამიწას ადგილები აქვთ გაცვლილი.
სახარება არა ამის სოფლისაგანია, იგი ზეციდანაა; ესაა მარადისობის ხმა, რომელიც განგვიცხადებს, რომ თვით ადამიანიც მარადისობისთვისაა შექმნილი. სახარება ამხილებს ამა სოფელს თავის ცოდვებში, ამიტომ სოფელმა მოიძულა ქრისტეცა და მისი მიმდევრებიც.
მოდერნიზმი – ეს ცრუ ქრისტეების მწარმოებელი სახელოსნოა, მღებავის ქვაბია, რომელშიც საეკლესიო შესამოსელი ნებისმიერ ფერად შეიძლება შეიღებოს. მოდერნიზმს არ გააჩნია არავითარი სამეცნიერო, კულტურული და საღვთისმეტყველო საფუძველი. ეს გახლავთ სეკულარიზმის აგრესიის წინაშე გამოკიდებული თეთრი დროშა. ამასთან, ის საზოგადოების უმეტესი ნაწილის განწყობას შეესაბამება და მას ყოველგვარი განსჯის გარეშე ღებულობენ, – ღებულობენ იმიტომ, რომ სურთ მკაცრი რეალიების ნაცვლად ვარდისფერი უტოპიისა იწამონ.
– ამჟამად მართლმადიდებელთა გარკვეულ ნაწილში ერთობ გავრცელებულია სკეფსისი – საეკლესიო გადმოცე-მებთან, საღვთისმსახურო ტრადიციებთან და თვით ამა თუ იმ სარწმუნოებრივ საკითხთან მიმართებაში. თანაც ეს სკეფსისი საკმაოდ აგრესიულად ინერგება ცნობიერებაში როგორც “განსწავლულობა”, როგორც “განათლებულობა” და როგორც “პატიოსნებაც” კი. რა შეიძლება ითქვას ამ მოვლენის შესახებ?
– მოდერნიზმის წინამორბედად და უცვალებელ მოკავშირედ ჰუმანიზმი გვევლინება. ეს გახლავთ ღირებულებათა ამობრუნებული შკალა, სადაც უმაღლეს ადგილს ემპირიული, განუახლებელი, ცოდვილი ადამიანი იკავებს. ჰუმანიზმი – ეს არა მხოლოდ ადამიანის ღმერთზე მაღლა დაყენებაა, არამედ მის მიერ ღვთაების დამონებაც. ამაყი კაცობრივი გონება უარყოფს, უკუაგდებს წმინდა გარდამოცემას, ფეხქვეშ თელავს, დასცინის მას – ისევე როგორც გამარჯვებული აქცევს ხოლმე ნაფლეთებად დამარცხებულის დროშას. რელიგიისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულება იმალება ბუნდოვან და ამორფულ ტერმინს მიღმა – “განსწავლულობა”. მოდერნიზმში წარმოიქმნება უფსკრული წარსულსა და აწმყოს შორის. რწმენა იცვლება ღვთაების შესახებ ახალი წარმოდგენებით, რომლებიც არ ემთხვევა არსებულ საღვთისმეტყველო სისტემებს, ეკლესიოლოგია კი – სწავლებით, რომელიც უარყოფს საეკლესიო გარდამოცემას და ცვლის მას ახლადშექმნილი თემის ტრადიციებით. ეგრეთ წოდებული “სამეცნიერო მეთოდი”, რომელიც თან ერთვის რელიგიას, – უარყოფათა რიგია. იგი არაფერს იძლევა და წმინდა გარდამოცემის ადგილას მხოლოდ სიცარიელეს ტოვებს. ეს მეთოდი ანგრევს ჭეშმარიტების ყველა მყარ კრიტერიუმს, უგულებელყოფს ეკლესიაში სულიწმიდის მყოფობას, რომელიც აცოცხლებს და იცავს ეკლესიას. და აი, ეკლესია იცვლება სწავლულთა კოლეგიით, რომელთაც უმეტეს შემთხვევაში დაჩლუნგებული რწმენა და საკუთარ თავზე გაბერილი წარმოდგენა აქვთ. ისინი ისე უყურებენ ეკლესიას, მისი გადმოცემებითა და ტრადიციებით, როგორც ცარიელ ადგილს, სადაც ნებისმიერი შენობის აგება შეიძლება. მეცნიერული მეთოდი, რელიგიურ ცნობიერებას რომ დაერთვის, პანკრიტიციზმში გადაგვარდება; ყველაფერი, რაც გარდამოცემას მიეკუთვნება, კაცობრივი გონების ფილტრში გაივლის, – გონებისა, რომელსაც ძალა არ შესწევს ჩასწვდეს სულიერი ანუ ზელოგიკური სამყაროს მოვლენებს. რელიგიას თავს ახვევენ სხვა, მისთვის უჩვეულო ჭეშმარიტების შესამოწმებელ მეთოდს (თუკი ტექნიკურ და გამოყენებით მეცნიერებებში სამეცნიერო მეთოდის საფუძვლად ექსპერიმენტი გვევლინება, – რელიგიური გამოცდილება, რომელშიც მადლი მონაწილეობს, დაპროგრამებულ ექსპერიმენტში არ მეორდება). მოდერნისტები ეჭვქვეშ აყენებენ ჩვენამდე მოღწეულ ლიტერატურულ თუ მატერიალურ ძეგლებში დაცულ ცნობებს, ობიექტური უტყუარობა კი იცვლება პირადი წარმოდგენებითა და გემოვნებით. ფაქტები კრიტიკის ქარცეცხლში ტარდება, ხოლო მათი ნარჩენები განსაზღვრულ სისტემას მოერგება, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ხელოვნური მონტაჟი. შერჩეული ფაქტებისა და საკუთარი წარმოდგენების საფუძველზე ყალიბდება ერთმანეთთან შეუთავსებელი და ურთიერთსაწინააღმდეგო თეორიები. უმეტესწილად, ჯერ თეორია აღმოცენდება ხოლმე და შემდეგ იწყება ფაქტების გამოძებნა, და ეს ყველაფერი მეცნიერების სახელით კეთდება. შეიძლება ითქვას, მოდერნისტულ წრეებში გამოყენებული სამეცნიერო მეთოდი კაზუალობის, ანუ შემთხვევითობის პრინციპია (შემთხვევით გადარჩენილი ხელნაწერი, შემთხვევით ნაპოვნი ფილა წარწერით და სხვა), რომელიც შერწყმულია სამეცნიერო ფანტასტიკასთან. აი ასე, ჩვენს თვალწინ აღმოცენდება, ვითარდება, იცვლება და იმსხვრევა სამეცნიერო თეორიები და ჰიპოთეზები.
გარდამოცემის თვისება სიმყარე და უცვალებლობაა, სამეცნიერო მეთოდისა – შიშველი რაციონალიზმი, ეფემერული თეორიების აგება, რომლებიც ისევე აღმოცენდებიან და კვდებიან, როგორც ინთება და ქრება ფეიერვერკის ნაპერწკლები. მაგრამ ამ “სამეცნიერო მეთოდს” თანამედროვე საზოგადოების მნიშვნელოვან ნა-წილში თავისი ფსიქოლოგიური საფუძველი აქვს, კერძოდ: დაუოკებელი რწმენა კაცობრივი გონებისადმი, როგორც ჭეშმარიტების შეცნობის უნივერსალური ინსტრუმენტისადმი; სულიერი ფენომენების მიმართ უნდობლობა და მათი მატერიალური მიზეზებით ახსნის სურვილი. ხატოვნად რომ ვთქვათ, ეს გახლავთ მეტაფიზიკის შემოწმება ფიზიკის მეშვეობით, უსასრულო და მარადიული სამყაროსი – შეზღუდული კაცობრივი გონების მეშვეობით. შეიძლება ითქვას, რომ რელიგიაზე დართული სამეცნიერო მეთოდი – ეს ფანტასტიკისა და რაციონალისტური ნიჰილიზმის სფეროა.
– რა არის ამ მოვლენის მიზეზები?
– რწმენის მოკლება სულში ერთგვარ ვაკუუმს ქმნის და ადამიანი მის შევსებას ცდილობს რეფორმატორობით, ცრუ ინტერპრეტაციითა და კრიტიკული მიდგომებით, რაც მეცნიერების მსგავს სუროგატსა და ეკლექტიკას* წარმოადგენს. აქ ნაკლულევანება ელიტარობად და ინტელექტუალიზმად საღდება.
უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესია არის “სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისაჲ” (1 ტიმ. 3,15), და ყოველივე ის, რაც საეკლესიო სწავლებით არ დასტურდება – საეჭვოა, ხოლო ის, რაც მას ეწინააღმდეგება – სიცრუე. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ წმინდა გარდამოცემა მამათა ნაწერებიდან არ ამოკრებილა, არამედ თავიდანვე ეკლესიაში მყოფობდა; მამათა ნაწერებში ის თავის გამოხატულებას პოულობდა. აქ სულიწმიდის მადლი გამოარჩევდა და ინახავდა ყველაფერ იმას, რაც სულიერ ჭეშმარიტებას შეესაბამებოდა. ოთხი სახარება გამორჩეული და გამოყოფილია სახარებების სხვა, არასარწმუნო ან დამახინჯებული ვარიანტებისაგან – აპოკრიფებისგან, და დაცულია ეკლესიის მიერ. რომ არა საეკლესიო გარდამოცემა, საზღვრები ღვთივშთაგონებულ ნაწერებსა და აპოკრიფებს შორის წაშლილი იქნებოდა. როდესაც წმინდა მამები მსოფლიო კრებებზე მართლმადიდებლობას ამტკიცებდნენ, პირველ რიგში წმინდა გარდამოცემას მიმართავდნენ. ამგვარად, ეკლესიის მიერ მიღებული დოგმატები ყოველთვის მყოფობდნენ ეკლესიაში, მსოფლიო კრებებზე კი მათ მხოლოდ გამოაკრისტალებდნენ ხოლმე გარდამოცემიდან.
სატაძრო მსახურებაც, ასევე, მოციქულთა ტრადიციებიდან იღებს დასაბამს. მოდერნისტები უარყოფენ იმას, რაც ეკლესიამ მიიღო და შეითვისა, და კრებსით აზროვნებასა და წმინდა გარდამოცემას კაცობრივი, ეფემერული აზრების ქაოსით ცვლიან.
– მამა რაფაელ, რა შეიძლება ვურჩიოთ იმ მართლმადიდებლებს, რომლებიც აწყდებიან მოდერნიზმისა და სკეპტიციზმის ამგვარ გამოვლინებებს, მაგალითად, სასწავლო დაწესებულებების სტუდენტებს, რომელთაც მსგავსი რამ ესმით ლექციებზე?
– კრიტიკულად განეწყონ სამეცნიერო კრიტიციზმისადმი, რომელმაც საკუთარ თავს უკვე გაუწია დისკრედიტაცია ბაუერ-შტრაუსის ანტიბიბლიურ, “შედარებით-ისტორიულ” სკოლაში; უნდობლობით მოეკიდონ მათ, ვინც არ ენდობა წმინდა გარდამოცემას, – გარდამოცემას, არქეოლოგიასა და არქეოგრაფიაში უხვად რომ ჰპოვებდა და ახლაც ჰპოვებს თავისი უტყუარობის დასტურს. მათ, ვისაც სურს სერიოზულად დაკავდეს მართლმადიდებლური ღვთისმეტყველებით, გულმოდგინედ უნდა შეისწავლონ ღვთისმეტყველების კლასიკა: XIX საუკუნის ღვთისმეტყველთა ნაშრომები, პირველ რიგში კი – პატრისტიკა. კლასიკური ღვთისმეტყველების მიმართება თანამედროვე მოდერნიზმთან პირობითად შეიძლება შევადაროთ კლასიკური მუსიკის მიმართებას თანამედროვე როკ-მუსიკასა და “მძიმე მეტალთან”. კიდევ ვურჩევდი, რომ ილოცონ შინაგანი ლოცვით, განსაკუთრებით – იესოს ლოცვით, რომელიც მართლმადიდებლად აქცევს არა მარტო გონებას, არამედ გულსაც, და ადამიანი უკვე თავად შეიგრძნობს თანამედროვე მოდერნისტების თხზულებებში დაუსრულებელ დისონანსებსა და სიყალბეს.
– არსებობს კი მოდენრიზმის “წამალი”?
– ეს წამალი გახლავთ გონების სიმდაბლე და სულის უბიწოება. ჯერ კიდევ ძველმა ფილოსოფოსებმა თქვეს: “ადამიანი არის ის, რასაც იგი ჭამს”. ისინი ამაში გულსხმობდნენ არა მარტო ნივთიერ, არამედ სულიერ და ინტელექტუალურ საკვებსაც. იმისთვის, რომ ადამიანმა შეინარჩუნოს გონების მართლმადიდებლობა, დიდი წინდახედულობით უნდა შეარჩიოს საკითხავი წიგნები. ყოვლადბრძენმა სოლომონმა თქვა: “სუ წყალი ჯურღმულთაგან შენთა წყაროჲსა” (იგავ. 5,15). ეს ჯურღმული წმინდა მამათა ნაწერებია, წყარო – ეკლესია. იმისთვის, რომ გონება დავიცვათ არა მარტო მოდერნიზმისგან, არამედ სხვადასხვა ცდომილებებისგანაც, მათ შორის ოკულტიზმისგან, სული უნდა დავიცვათ ცოდვილი სურათებისგან, მაცდუნებელი შთაბეჭდილებებისგან – ეშმაკის რადიაციისაგან. თუკი ადამიანი ამ რადიაციას ნებაყოფლობით მიიღებს, ის შერყვნის მის გრძნობებს, დაანაგვიანებს მეხსიერებას და შეარყევს მის აზრებს. ხოლო თუ იგი სულის უბიწოებას დაიმარხავს, მაშინ მისი რელიგიური ინტუიცია, როგორც შინაგანი ხმა, თვითონვე მიუთითებს მას, სადაა სიმართლე და სად – სიცრუე.
– თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რა და რა საფრთხეები ემუქრება უკვე გაეკლესიურებულ ადამიანს სულიერ ცხოვრებაში? და როგორ გავექცეთ ამ საფრთხეებს?
– ქრისტიანი, განსაკუთრებით თავისი ეკლესიური ცხოვრების დასაწყისში, უნებლიეთ აიგივებს ეკლესიას ღვთისმსახურებთან. ამიტომ ღვთისმსახურის ცუდი მაგალითი, მისი უღირსი ქცევები და თვით ხმებიც კი მის ნაკლოვანებებზე შეიძლება იქცეს უნდობლობისა და გულგატეხილობის მიზეზად არა მარტო კონკრეტული პირისადმი, არამედ მთელი ეკლესიის მიმართაც. ღვთისმსახური მუდამ უნდა ფრთხილობდეს, რომ სიტყვით ან საქმით არ დააბრკოლოს თავისი სამწყსოს წევრები. ის მარტო ქადაგებით როდი მოძღვრავს მათ, არამედ თავისი ცხოვრების მაგალითითაც: თუ მაგალითი ცუდია, მაშინ მრევლს ვერანაირი ქადაგება ვერ დაეხმარება.
გულგატეხილობის სხვა მიზეზი გახლავთ მარტოობის განცდა და იმის შეგრძნება, რომ ეკლესიაში არავის სჭირდები: როცა მღვდელი არ ინტერესდება თავისი მრევლის სულიერი ცხოვრებით, როცა მოძღვარი და სულიერი შვილები დაშორებული არიან ერთმანეთს და მრევლი ერთ ოჯახად არ არის ქცეული.
კიდევ არსებობს ერთი მიზეზი, განსაკუთრებით სახიფათო ინტელიგენციისთვის: სურვილი, ერთბაშად მიიღო ყველა სულიერი ნიჭი. სიამაყეს, თავდაჯერებულობას, საკუთარი გონების ძალმოსილებაში ეჭვშეუტანლობას, ელიტარობას, როგორც რჩეულობას, შეუძლიათ შვან ცრუ, გაუკუღმართებული მისტიციზმი – ნაცვლად ქრისტიანული მისტიკისა, რომელიც სიმდაბლესა და მორჩილებაზეა დაფუძნებული. ამიტომ სულიერ ცხოვრებაში საჭიროა ხელმძღვანელობა. თუ მოძღვარი არ გყავს, უფროსებსა და გამოცდილებს მაინც ჰკითხე რჩევა. ადამიანმა სულიერი ცხოვრება სინანულითა და ცოდვებისგან განწმენდით უნდა დაიწყოს. ვინც ფიქრობს, რომ სინანულის გარეშე მიიღებს ღვთის სიყვარულის ნიჭს (რომელზედაც ბევრი ლაპარაკობს, მაგრამ ცოტას თუ გააჩნია იგი), იმ კაცს ჰგავს, თავისი სახლის შენებას სახურავიდან რომ იწყებს. სულიერ ცხოვრებაში აუცილებელია თანდათანობითობა და თანმიმდევრულობა. აქ ძალზე სახიფათოა პირადი მოსაზრებები და აღმოჩენები, რაც სულიერ გასხივოსნებად გვეჩვენება.
– რატომ ხდება, რომ ეკლესიური ადამიანები სარწმუნოების მიმართ ცივდებიან? შეიძლება თუ არა, ხელახლა გააღვივო რწმენის ნაპერწკალი საკუთარ სულში?
– რწმენა მაშინ განელდება, როცა ადამიანი ღვთის მცნებებით კი არა, საკუთარი ვნებების კარნახით ცხოვრობს; როცა ის შემოიფარგლება მარტოოდენ რიტუ-ალების შესრულებით და ივიწყებს, რომ გული უნდა განიწმინდოს ცოდვისაგან; როცა ფიქრობს, რომ მხოლოდ გონების ძალისხმევით შეძლებს ჩასწვდეს სარწმუნოების საიდუმოებებს და არა მთელი თავისი ცხოვრების ღვაწლით, განსაკუთრებით კი – ლოცვითა და სინანულით. წმინდა მამები ამბობენ, რომ მადლი ბრუნდება იმავე გზით, რა გზითაც ის წავიდა. საჭიროა სულიერი ხელმძღვანელის დახმარებით გაირკვეს, რატომ განელდა რწმენა, რა შეცდომები დაუშვა ადამიანმა. რწმენა განანათლებს გონებას დოგმატების მეშვეობით, გულს – სატაძრო ღვთისმსახურებით, საიდუმლოებებში მონაწილეობითა და საშინაო ლოცვით, ხოლო ნებისყოფას განამტკიცებს სახარებისეული მცნებების შესრულებით.
ხშირად გაცივების მიზეზია ქრისტიანისთვის აუცილებელი ლოცვების შემოკლება, შემდეგ კი მათი მიტოვებაც. ამიტომ წმინდა თეოფანე დაყუდებული გვირჩევს: “მოიზღუდე თავი წესებით”. ამ წესებში უნდა შედიოდეს დილა-საღამოს ლოცვები, სახარების, სამოციქულოსა და ფსალმუნების კითხვა. უმჯობესია, თუკი მორწმუნე თვითონ არ დაიდგენს წესებს, არამედ იხელმძღვანელებს სულიერი მოძღვრის ან იმ მღვდლის რჩევებით, ვისთანაც ამბობს აღსარებას.
უნდა ვიცოდეთ, რომ ზოგჯერ ცხოვრებაში დგება ისეთი პერიოდებიც, როცა გაცივება ღვთის განგებულებით ხდება. ასეთ დროს ღმერთი თითქოსდა ტოვებს ადამიანს, და ეს იმისთვის, რომ არ დაივიწყოს, რომ მხოლოდ თავისი ძალებით, მადლის გარეშე, ცოდვის ჩადენის გარდა სხვას ვერაფერს შეძლებს. ეს სიმდაბლის გაკვეთილია, რომელიც მას მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა ახსოვდეს.
ბოლოს, მოჩვენებითი გაცივების კიდევ ერთ მიზეზს დავასახელებ. სულიერი ცხოვრების დასაწყისში მადლი განსაკუთრებით ცხადად და ძლიერად მოქმედებს კაცის სულში, თითქოს ხელის გულზე დაატარებს მას. მაგრამ შემდეგ, სულიერი ზრდის კვალდაკვალ, მადლი თითქოსდა განშორდება, იმისთვის, რომ ადამიანი არ გაზარმაცდეს, რომ სულიერ ცხოვრებაში უფრო და უფრო მეტად იმოქმედოს მისმა ნებამ. ასეთ გარდაუვალ პერიოდებში ადამიანი მოწყინებაში კი არ უნდა ჩავარდეს, არამედ უნდა გააგრძელოს ლოცვა და ტაძარში სიარული.
– რა რჩევას მისცემდით მათ, ვინც თავს იდებს სახალხოდ გამოთქვას საკუთარი აზრი ღვთისმეტყველებასა თუ სულიერ ცხოვრებაზე?
– ამ ადამიანებს შემიძლია ვურჩიო, რომ დაეკითხონ სულიერ მოძღვარს, აიღონ მისგან ლოცვა-კურთხევა; ხოლო თუ მოძღვარს მისი ნაწერების წასაკითხად არ სცალია, მაშინ ისეთ ადამიანს მიანდოს ისინი გადასახედად, ვინც გარკვეულია ღვთისმეტყველებაში და სწორი სულიერი ორიენტაცია გააჩნია.
მოდერნიზმის წამალი – საუბარი არქიმანდრიტ რაფაელთან (კარელინი)
ZNEOBA.GE-ს რედაქცია
– – –
* კონსტანტა – მუდმივი სიდიდე.
* აპოკატასტასისი – ცრუ სწავლება, რომლის მიხედვითაც მეორედ მოსვლის შემდეგ ღვთის ყველა ქმნილება, ადამიანიცა და ეშმაკიც, ცხონდება.
* ჰერმენევტიკა – მეთოდი, რომლითაც ადგენენ ლიტერატურული ძეგლების, ძველი ხელნაწერების ნამდვილობას, მათ წარმოშობას, ისტორიას.
* გნოსტიციზმი – პირველი საუკუნეების ცრუსწავლება, რომელიც ცდილობდა გაეერთიანებინა ქრისტიანული, წარმართული და იუდაური რელიგიები.
* რელატივიზმი – იდეალისტური მიმართულება, რომელიც უარყოფს ობიექტურ ჭეშმარიტებას.
* ეკლექტიკა – სხვადასხვაგვარ შეხედულებათა, თეორიათა, იდეურ მიმარ-თულებათა ნებისმიერი, უპრინციპო შეერთება.