საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი რუსეთის პატრიარქს (17.11.19)

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი რუსეთის პატრიარქს (17.11.19)

მის უწმინდესობას, მოსკოვისა და სრულიად
რუსეთის პატრიარქ კირილეს

თქვენო უწმინდესობავ,

მოგესალმებით, ქრისტესმიერი სიყვარულით და მოგმართავთ შემდეგი საკითხის გამო, ჩვენ გულისტკივილით ვადევნებთ თვალს ცხინვალის რეგიონში, რუსეთის მხრიდან საზღვრის გადმოწევის და საზღვრისპირა ზონიდან ადამიანების გატაცების ფაქტებს, რასაც პერმანენტული ხასიათი აქვს. ამჯერადაც ყველა შეშფოთებულია აღიარებული ქირურგის, ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალის იზოლატორში დაკავების გამო. ასეთი ვითარება ჩვენ საზოგადოებაში სამართლიან დიდ უკმაყოფილებასა და პროტესტს იწვევს.

ამ ფონზე მეტად უარყოფითად იმოქმედა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში, ყირგიზეთსა და არქტიკაში მყოფ რუსულ სამხედრო ნაწილებში 3 წლით ჯარის მეთაურების დამხმარეებად სურთ მოავლინოთ სასულიერო სასწავლებლების ახლად კურსდამთავრებული მოძღვრები.

რუსეთის ეკლესია ყოველთვის აღიარებდა და აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას, როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში. ამიტომაც ჩვენთვის გაუგებარია ამგვარი განაცხადი და იგი მძიმე მდგომარეობაში გვაყენებს ყველას.

საეკლესიო კანონიდან გამომდინარე, მიუღებელია ჩვენს ტერიტორიაზე ჩვენი ნებართვის გარეშე სხვა რომელიმე მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა გამოგზავნა. როგორც სამხედრო, ისე ჩვეულებრივ საერო სივრცეში სამოღვაწეოდ. ასეთი ქმედება ძაბავს და ამწვავებს ვითარებას.

ვიმედოვნებთ, შესაძლებლობისამებრ მიიღებთ ზომებს ჩვენს სახელმწიფოთა, ხალხთა და ეკლესიათა შორის ურთიერთობების ნორმალიზებისათვის.

გისურვებთ ჯანმრთელობას და შემდგომ წარმატებებს თქვენს მაღალ მსახურებაში.

პატივისცემით,

ილია II

სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი,
ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი

17.11.2019

წყარო: საქართველოს საპატრიარქო

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial