განხეთქილების ფსიქოლოგია – არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

განხეთქილების ფსიქოლოგია – არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

განხეთქილება ეკლესიის ცხოვრებაში არა ოდენ ეკლესიოლოგიურ, არამედ უფრო ფსიქოლოგიურ  მოვლენას წარმოადგენს, რომელსაც ფესვები გადგმული აქვს ადამიანის გულის სიღრმეში, თავად პიროვნების ცნობიერებისთვის არცთუ იშვიათად დაფარული ბნელი ვნებების და დემონური განცდების წიაღში. განდგომილნი, წმინდა მამათა სიტყვებით, დაცემული არქისტრატეგოსის ცოდვას იმეორებენ. რამ აიძულა მთავარანგელოზი, აღდგომოდა შემოქმედს და ზეციური ეკლესიიდან მოეწყვიტა ანგელოზთა მესამედი?

წმინდა მამები ამბობენ, რომ ამ უგუნური საქციელის მიზეზი სიამაყე იყო. ლუციფერი მოხიბლა საკუთარმა სილამაზემ და დიდებამ, დაავიწყდა, რომ მისი სრულყოფილება მხოლოდ უფლის საჩუქარია, თავად კი ღვთის ნებით არმყოფობიდან გამოხმობილი არარაობაა; მან თავი ღვთის თანასწორად ჩათვალა და სინათლის ანგელოზიდან ბნელეთის ანგელოზად იქცა. ამრიგად, განხეთქილების მიზეზია სიამაყე. როგორც სინათლე იშვა ფერთა სპექტრად, ისე სიამაყე ნაწევრდება და ვლინდება მრავალ ვნებად, რომლებიც ერთი ჯაჭვის რგოლებს შეადგენენ. ესენია: ურჩობა, ძალაუფლების მოყვარება, ქედმაღლობა, თავმომწონება, მეოცნებეობა, და ბოლოს, სრული დემონური მედიუმური მდგომარეობა, რასაც წმინდა მამები ხიბლს უწოდებენ. აქედან სიგიჟემდე ერთი ნაბიჯია.

სატანა ცოდვით დაცემამდე ღვთისადმი მგზნებარე სიყვარულით აღსასვსე ანგელოზი იყო, რაც მის სახელშიც აისახა – ლუციფერი „ნათლითშემოსილს“ ნიშნავს. როდესაც მან თავად მოისურვა ღმერთად გახდომა, უფლისადმი ადრინდელი სიყვარულის ძალა გადაექცა საკუთარი თავისადმი ისეთივე აუღწერელ და შეუდარებელ სიყვარულად. ეგოცენტრიზმმა იგი სიმარტოვისთვის გაწირა და მთელი მსოფლიოსთვის უხილავჰყო სიამაყის გაუმტარი საფარველით. მას ისეთივე ძალით სძულს ღმერთი, როგორითაც უყვარდა; ეჯავრება ადამიანი, როგორც ხატი ღვთისა, ეზიზღება ისინი, ვინც უკვე თავისი ძალაუფლების ქვეშ მოაქცია. მასთან ურთიერთობა მიუღწეველია – იგი არავის უსმენს. მან დაკარგა სიყვარული – ერთადართი საშუალება მარადიული წყვდიადიდან  და მარტოობიდან თავის დასაღწევად. არ არსებობს ვინმე ან რამე, მას რომ არ სძულდეს. ამასთან, სატანისა და სხვა დაცემულ სულთა ინტელექტი, მართალია, ცოდვით დაცემით არის დაზიანებული, მაგრამ მაინც შენარჩუნებულია. ამ შემთხვევაში  სიამაყე ვლინდება, როგორც თვითჩაკეტილობა და საკუთარი თავის მიმართ უსაზღვრო რწმენა.

ღირსი ამბა დოროთე წერს: „საკუთარი აზრის ნდობის გარდა მონაზვნის დაცემის სხვა მიზეზი მე არ ვიცი“. უნდა აღინიშნოს, რომ ფსიქიურ დაავადებათა ყველა ფორმას – ისტერიიდან შიზოფრენიამდე – ერთი რამ აერთიანებს ბნელი სულების მდგომარეობასთან. ეს არის შინაგანად ყველასგან გამიჯვნა და მარტოოდენ  საკუთარი აზრებისა და წარმოდგენების რწმენა. სულით ავადმყოფი თავისთავში იკეტება და აღარ ეხმაურება გარშემო მყოფთა სიტყვებს, უგრძნობლად და უგულოდ ეპყრობიან ნათესავებს. ისინი მოგვაგონებენ შავ ფერს, რომელიც სხივებს შთანთქავს და არ ირეკლავს – არც ამ სნეულთ ძალუძს სიყვარულის ასახვა და გამოსხივება, თუმცა ისტერიის ზომიერი ფორმით დაავადებულთ სიყვარულის თეატრალური თამაშისა და მაღალფარდოვანი სიტყვების წარმოთქმის უნარი შესწევთ.

ვინც უპირობოდ ენდობა თავის აზრებს, ემართება ის, რაც ხშირად მოსდით ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი სიზმრების სჯერათ. სატანა მათ თავიდან დახვეწილი მსჯელობებით, გონებამახვილური შედარებებითა და ბრწყინვალე იდეებით დაუტვირთავს გონებას და დაარწმუნებს, რომ სხვებზე უპირატესია, ამის შემდგომ დაუწყებს თავისი დამღუპველი ფარული აზრების ჩიჩინს და ამ შხამნარევ თაფლს შეუმჩნევლად მიაწვდის მას. თუ ასეთი ადამიანი თავის გულისსიტყვებს გაუმხელს მოძღვარს, ეშმაკი აღმოჩნდება მოულოდნელად დაჭერილი ქურდის როლში, რადგან სულიერი მამა, რომელიც გამოსაცდელი პიროვნების სულიერ ვნებებთან არ არის დაკავშირებული, ხშირად უკეთ დაინახავს მტრის დაგებულ მახეებსა და ფარულ ხრიკებს. სულიერ მამასთან რჩევისა და კურთხევისთვის მისვლა თავმდაბლობის გამოვლინებაა, მადლი კი გულით მდაბალთ ეძებს. თუ ადამიანი ფარავს თავის გულისსიტყვებს – ამ გველებს უბეში ზრდის და ანებივრებს, სჯერა მათი, როგორც საღვთო განცხადებისა, მაშინ იგი თანდათანობით წყვდიადის ძალთა ტყვე ხდება.

განხეთქილებაც საკუთარი თავის რწმენიდან იწყება: თავმომწონეობისა და თვითკმაობის დემონური გრძნობა ურჩობას ბადებს. „ახლა ვის უნდა დავემორჩილო?“ – ამრეზით კითხულობს მომავალი განდგომილი. თავიანთი თავმდაბლობის სრულყოფისთვის წმინდა მამები მუდამ ეძებდნენ შემთხვევას, აღესრულებინათ მორჩილება, მოეკვეთათ საკუთარი ნება. ღირსი ანტონი დიდი, როდესაც საქმე პირადად მას ეხებოდა, თავისთავს არ ენდობოდა და რჩევას მოწაფეს ეკითხებოდა. მეორე ღირსი მამა – მაკარი ეგვიპტელი – ამბობდა: „როდესაც ადამიანს შევხვდები, არ ვიშორებ გულისსიტყვას: „ეს ჩემი ბატონია და მას უნდა დავემორჩილო“, თუ ბავშვს გადავეყრები, აგრეთვე ვფიქრობ: „ეს ჩემი ძეა და ამიტომ უნდა დავემორჩილო“, ასე ვინარჩუნებ გულში სიმშვიდეს“. ღირსი ამბა დოროთე მოგვითხრობს, ერთი მონაზონი როგორ უარობდა, რომ იღუმენს დამორჩილებოდა. მისი სიტყვებით, ამას გააკეთებდა, თუ ამ იღუმენის ადგილას თებაიდან ან სკიტეს მოღვაწენი იქნებოდნენ. „მაკარი დიდი რომ ყოფილიყო, დავემორჩილებოდი“- განაცხადა მან. გავიდა დრო და ამავე ძმამ თქვა, რომ შესაძლოა, მაკარიც შეცდეს და ამიტომ დაემორჩილებოდა მხოლოდ გრიგოლ ღვთისმეტყველსა და ბასილი დიდს. შემდეგ გადაწყვიტა, რომ მარტოოდენ მოციქულთა თავთა – პეტრესა და პავლეს მორჩილება შეიძლებოდა, შემდეგ, სიამაყით უფრო და უფრო შეპყრობილმა, დაასკვნა: მოციქულებიც ადამიანები არიან, მე მარტო თავად წმინდა სამებას შემიძლია დავემორჩილო“. ეს იმით დამთავრდა, რომ ის მთლად შეიშალა.

როდესაც მონაზონი ამაყად კითხულობს: „ახლა ვის უნდა დავემორჩილო?“, ამ სიტყვათა ფარული შინაარსი ასეთია: „რატომ უნდა გისმინოთ თქვენ ყველას, ჩემთან შედარებით ასეთ არარაობებს?.. აზრებს ღმერთი უშუალოდ თავად მომაწვდის“.

ისეთი მონაზონი, რომელზეც ღისრი დოროთე საუბრობდა, ალბათ იტყოდა: „ადრე სულიერი მამები იყვნენ, ახლა სად ჩანან ისინი? – აღარ არიან“. ამაზე დემონი უპასუხებდა: „არიან: მე ვარ შენი სულიერი მამა“.

სულიერებაში არსებობს კანონი: „მსგავსი ეძიებს მსგავსს“. ამაყი დემონი ამპარტავნებაში საკუთარი თავის ასახვას პოულობს, ამიტომაც შედის ასეთი ადამიანის სულში, როგორც პატრონი საკუთარ სახლში.

მონაზვნისთვის ურჩობის ცოდვა ფიცის გატეხის ცოდვის ტოლფასია, რადგან ის აღთქმას დებს ჯვრისა და სახარების წინაშე, რომ მოიკვეთს საკუთარ ნებას და დაემორჩილება იღუმენსა და ძმობას. ჯოჯოხეთი – ეს ღვთისადმი მარადიული ურჩობაა, განხეთქილება – ეკლესიის მიმართ ურჩობას ნიშნავს.

სიამაყე ძელაუფლების სიყვარულს ბადებს. სატანამ მოისურვა გამხდარიყო მეორე ღმერთი და მიეთვისებინა პატივი და სახელი, რაც მას არ შეეფერებოდა. განხეთქილებანი, რომელთა ერთ-ერთი მიზეზიც ძალაუფლების სიყვარულია, უკვე მოციქულთა დროიდან იწყება. იოანე ღვთისმეტყველი თავის მესამე ეპისტოლეში წერს განხეთქილებაზე, რომელიც მის დროს არსებობდა: მივწერე ესე ეკლესიისა, არამედ მთავრობის მოყუარე იგი მათი დიოტროფე არა შემიწყნარებს ჩვუენ (3 ინ.1,9). ძალაუფლების მოყვარეობის ცოდვა ცბიერია და მზაკვარია. იგი შთააგონებს ადამიანს, რომ ძალაუფლება იძლევა საშუალებას, ხალხს მოუტანო სიკეთე და ბედნიერება, მტკიცე ხელით დაიცვა მართლმადიდებლობა ყოველგვარი გამრუდებისა და ერესისაგან. იგი ადამიანს გულში უნერგავს ცრუ თავდაჯერებულობას, თითქოს მას, თავისი საცოდავი ადამიანური ძალებით შეეძლოს ღვთის ნების განხორციელება ამქვეყნად, თუკი საამისოდ ძალაუფლებას გამოიყენებს. ასეთ შემთხვევაში პიროვნებას ძალაუფლების მიღების ყველა საშუალება ნებადართული ეჩვენება. ადამიანს არ ესმის, რომ ამოძრავებს სიამაყის ვნება, მისი აზრით – გინდოდეს, იყო უპირატესი ეკლესიაში, ნიშნავს, სრულად მიუძღვნა თავი ღვთისა და ადამიანთა მსახურებას (სატანამ თავის ყველა ანგელოზს აღუთქვა სერაფიმების ხარისხში აყვანა). ასე რომ, პირველობისა და ძალაუფლების სურვილი განხეთქილების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია.

წმინდა მამები სატანას უწოდებენ პირველ მეოცნებეს. მან თავისი წარმოსახვებისა და ფანტაზიის წყალობით თავი ღმერთის თანასწორად, საღვთო ძალისა და ხელმწიფების მფლობელად იხილა. უფალმა სამყარო თავისი სიტყვით შექმნა, სატანა კი წარმოსახვითი სამყაროსა და განუხორციელებელ უტოპიათა შემოქმედია. თუ სატანას თავი ღმერთად წარმოუდგენია, განდგომილს თავის ოცნებებში საკუთარი პიროვნება ეკლესიად ესახება. მაგრამ ეს მხოლოდ ილუზიაა, ამიტომ წმინდა იუდა მოციქული, ძე იოსებ დამწინდველისა, თავის კათოლიკე ეპისტოლეში მათ, ვინც არ დაიცვა სარწმუნოების ერთიანობა, უწოდებს მეოცნებეებს (იხ. იუდ. 1,8) და უწყლო ღრუბლებს, რომელთაც დედამიწის მორწყვა არ შეუძლიათ წვიმით; ადარებს შემოდგომის ხეებს (იხ. იუდ. 1,12), რომლებიც თავიანთი გაშიშვლებული ტოტებით ჩონჩხის ძვლებს ჰგვანან – მგზავრი ამაოდ დაიწყებს მასზე ნაყოფის ძებნას. განდგომილები იუდა მოციქულს აგონებენ გამძვინვარებული ზღვის ტალღებს (იხ.იუდ. 1,13), ანუ ზვირთებს ქარიშხლის დროს: გგონიათ, რომ იგი ყველაფერს წალეკავს, მაგრამ წამიც და, უკვალოდ გაქრება.

განდგომილი საკუთარი ილუზიების სამყაროშია, მაგრამ უტოპიას, როგორც ყველა სიცრუეს, ადამიანი სიკვდილისკენ მიჰყავს.

მღვდელთმთავარი დიმიტრი როსტოველი წერს, რომ დემონმა უგუნურება ჩაიდინა. აღუდგე  ღმერთს, შეედარო მას, ებრძოლო ყოვლისშემძლე ძალას – ეს სიგიჟეა, ასეთი კი სატანა სიამაყემ გახადა. უკვე ვერაფერი შეცვლის ოდესღაც ნათელ არქისტრატეგოსს – ვერც საკუთარ და ვერც თანამოაზრეთა დაცემა, ვერც ჯოჯოხეთის უკუნი სიბნელე, ვერც მარადიული სიკვდილის საშინელება – მასში ყველაფერი შთანთქა ღვთისადმი სიძულვილმა და სურვილმა, თავადაც გამხდარიყო ღმერთი. მიუხედავად მთავარანგელოზის ინტელექტისა, სატანა შეშლილია.

რატომ არის ძნელი განდგომილის დარწმუნება? იმიტომ, რომ განხეთქილება, ისე როგორც ყოველი ცოდვა, ლოგიკას არ ექვემდებარება. სიამაყე ადამიანს აკარგვინებს ობიექტური აზროვნების უნარს. საკუთარი გონების ძალასა და სიმართლეში დარწმუნებული კაცის ფსიქიკა განსაკუთრებულად არის მოწყობილი; იგი სქელ ფილტრს ჰგავს, რომელიც ცნობიერებამდე არ უშვებს ყოველივეს, რის მიღებაც ადამიანს გულით არ სურს. განდგომილს ჯერ არ აქვს მოსმენილი თავისი თანამოსაუბრის არგუმენტები, რომ უკვე უარყოფს მათ. იგი ნებისმიერ დასაბუთებას  უგულებელყოფს, თავისი თვალსაზრისის მტკიცებას განაგრძობს და ყურადღებას არაფერს აქცევს. აქ ლოგიკა საერთოდ არ არსებობს –  სახეზეა მხოლოდ საკუთარ სიმართლის დაჯერება. ფსიქიურად ავადმყოფებს ვერაფრით დაარწმუნებ, რადგან თავიანთ შინაგან სამყაროს – ვიზუალურ წარმოდგენებს, გაგონილ ხმებს – უზენაესი სინამდვილის სამყაროდ აღიქვამენ და მიაჩნიათ, რომ, იგი მიუღწეველია „უმეცართათვის“ , რომლებსაც მათი არ ესმით.

განხეთქილებაშიც ასევე ვხედავთ ერთგვარ ინელექტუალურ იზოლაციას, საკუთარი წარმოდგენების სამყაროში გარიდებას. განდგომილს არ ძალუძს და არც სურს სხვისი გაგება. სიამაყეს არ შეუძლია არც მორჩილება და არც მოსმენა, ამიტომ განდგომილებთან საუბრისას არცთუ იშვიათად გეუფლება გრძნობა, რომ ელაპარაკები მძინარეს ან ყრუს.

სიამაყის ერთ-ერთი გამოვლინებაა განკითხვა. ყველა განხეთქილება განკითხვასა და უარყოფაზე არის აგებული. ჩვენ გვეკრძალება მოძმის განკითხვა, განხეთქილება კი მთელი ეკლესიის დაუსრულებელ განკითხვაზე არის აგებული. სიტყვა „ეშმაკის“ სინონიმია ცილისმწამებელი. წმინდა მამები ამას იმით ხსნიან, რომ ეშმაკი თავად ანგელოზებს სწამებდა ცილს. განხეთქილება, უპირველეს ყოვლისა, განიკითხავს იერარქებს, რომელთაც იოანე ღვთილსმეტყველი თავის გამოცხადებაში სიმბოლურად უწოდებს ეკლესიის ანგელოზებს.  განხეთქილებას სიცოცხლისუნარიანობას სწორედ განკითხვის ცოდვა აძლევს. ამ ვნებით შეპყრობილ ადამიანებს განხეთქილების წყალობით მუდამ ეძლევათ საშუალება, მიეცნენ განკითხვის ცოდვას და ეს სიმართლისთვის ბრძოლად წარმოაჩინონ. წმინდა გრიგოლი ღვთისმეტყველი წერს: დაცემულ ადამიანს ყველაზე მეტად სიამოვნებს, როდესაც მის მანკიერებებს სათნოებებს უწოდებენ. განხეთქილებაში მყოფთ კი მიაჩნიათ, რომ განკითხვა ნუგბარია, თუმცა სინამდვილეში იგი სულიერი კაციჭამიობის სახეს უფრო წარმოადგენს. განხეთქილების ფსიქოლოგიზმი განხეთქილების დემონიზმში გადადის.

იუდა მოციქული წერს: ანგელოზნი, რომელთა-იგი არა დაიმარხეს თჳსი იგი სამთავროჲ, არამედ დაუტევეს სამკჳდრებელი მათი საშჯელად დიდისა მის დღისა საკრველებითა მით სამარადისოჲთა, წყვდიადსა ქუეშე დაჰმარხნა. ეგრეთვე მგავსად ესენიცა საჩუენებელსა იხილავენ, ჴორცთა შეიბილწებენ, უფლებათა შეურაცხჰყოფენ, დიდებათა ჰგმობენ (იუდ. 1,6,8). ანგელოზებმა ვერ შეინარჩუნეს თავიანთი ღირსება – ღვთისადმი ერთგულება, განდგომილებმა კი ვერ შეინარჩუნეს ეკლესიისადმი ერთგულება. მოციქულის სიტყვების თანახმად, მათ ერთი ხვედრი ელით.

წმინდა მოციქული იუდა განხეთქილების კიდევ ერთ მხარეს გვიმხელს: ამ დროს ხდება სულიერების სრული დაკარგვა და მისი ჩანაცვლება მშვინვიერით – ადამიანური ვნებებით, რომელთა საშუალებითაც მოქმედებენ დემონური ძალები. სული ადამიანის გნოსტიკურ ძალთაგან ყველაზე ძლიერია – მისი წყალობით ხორციელდება ღმერთთან ურთიერთობა. სული ღმერთისკენ არის მიქცეული, სამშვინველი – მიწისკენ, სული –  უხილავისა და მარადიულისკენ, სამშვინველი – წარმავალისკენ. ადამიანის სულში ჩადებულია რელიგიური გრძნობა – სულიერი სამყაროს შინაგანი ხედვა და საკუთარი თავის მის ნაწილად აღქმა; ღმერთთან ურთიერთობის უნარი – მასთან ერთობის განცდა პირადი სულიერი გამოცდილებით. სულში ძევს ადამიანის შინაგანი, სულიერი ლოგოსი – უშუალო შემეცნება, რასაც ზოგჯერ გამოხატავენ სიტყვით „ინტუიცია“. მხოლოდ ეკლესიაში  დავანებული მადლის საშუალებით ხდება სულის ძალთა  გამოღვიძება და მათი განთავისუფლება სამშვინველის ტყვეობიდან.

სულიერის დაკარგვა და მისი ჩანაცვლება მშვინვიერით ნიშნავს სწორი შინაგანი გამოცდილების დაკარგვას და მის შეცვლას სულიერის ფალსიფიკაციით, რომლის დროსაც რეალობას ცვლის რელიგიური ფანტაზია, ხოლო წარმოსახვები და ვნებები სატანის შთაგონებებს უერთდებიან. იუდა მოციქული წერს: ესენი არიან, რომელნი განიშორებენ თავთა  თჳსთა, მშჳნვიერნი, რომელთა სულ არა აქუს. ესენი არიან მდრტჳნავნი, მაბრალობელნი, გულის თქუმისაებრ თჳსისა მავალნი და პირი მათი იტყჳს გარდარეულსა. თუალთ-აღებენ პირსა სარგებელისა მიზეზითა (უიდა 1,19,16).

ბუშტი შესაძლოა მოზრდილი ჩანდეს, მაგრამ შიგნით ცარიელია; ასევე არაფრისმთქმელია განდგომილთა სიტყვები, რადგან მათ სულის ძალა არ გააჩნიათ, ამიტომაც რაოდენი არა იციან, ჰგმობენ (იუდ. 1,10). ეკლესიის მიმართ მათი ბოროტმეტყველება ეფუძვნება უმეცრებას, მაგრამ ეს ნებაყოფლობითი უმეცრებაა – მათ არ უწყიან იმიტომ, რომ არ სურთ, იცოდნენ.

განხეთქილების თვითიზოლაციას ჩვენ ვადარებთ სულით ავადმყოფების სწრაფვას სიმარტოვისკენ. ასეთი სნეული მუდამ თავისთავშია ჩაკეტილი, ყბედიც რომ იყოს. მაგრამ აქ შედარება მთლად ზუსტი არ არის: ავადმყოფი ბნელი ძალების ან თავისი ფსიქიური დაავადების მსხვერპლია. მას წართმეული აქვს ნება და არ შეუძლია საკუთარი საქციელის შეფასება. ამიტომ შეშლილი ადამიანი არ არის განწირული მარადიული დაღუპვისთვის, ეს უფრო ტანჯვაა, რისთვისაც მას ჯილდო მიეგება.

განდგომილმა კი თავად აირჩია გზა და ნებაყოფლობით გახდა შეშლილი, მან თავად ჩაიხშო სინდისის ხმა, დასცინა მას, როგორც ბავშვურ შიშს, ამაყად აღუდგა ეკლესიას და ამით თვითონ დაეხმარა სატანას, დაჰპატრონებოდა მის სულს.

დემონი ნათლის ანგელოზის სახით შეიძლება მოგვევლინოს, განდგომილი ჩვეულებრივ სარწმუნოების სიწმინდის თავგამოდებით დამცავი მოშურნის ნიღაბს არის ამოფარებული. პავლე მოციქული ტიმოთესადმი ეპისტოლეში ასეთ ადამიანებზე წერს: აქუნდეს ხატი ღმრთის მსახურისაჲ და ძალსა მისსა უარყოფდნენ (2 ტიმ. 3,5). განხეთქილებაში მართმადიდებლობა მხოლოდ უტრირებულ ფორმასა და თეატრალურობას ინარჩუნებს. ღვთისმსახურების ძალა სულიწმინდის მადლია და არა ადამიანური ნიჭნი და შესაძლებლობანი. საიდანაც მადლი განიდევნა, იქ ბელიარის სული მკვიდრდება. პავლე მოციქული იმავე ეპისტოლეში წერს: ვითარცა იგინი იანე და იამბრე უჴდებოდეს მოსეს, ეგრეცა ესენი უჴდებიან ჭეშმარიტებასა (2 ტიმ.3,8). ხოლო სახელი „სატანა“ ღვთის მოწინააღმდეგეს, წინააღმდგომელს ნიშნავს.

კაცნი გახრწნილნი გონებითა (იქვე) ისინი არიან, რომელთა ცნობიერებაზეც ბატონობს ვნებათა უსაშინლესი – სიამაყის ვნება. პავლე მოციქული მათ რწმენის უმეცართ უწოდებს: მართალია, ეს ადამიანები სწავლობდნენ ღვთისმეტყველებას და იცნობდნენ წმინდა წერილს, მაგრამ მადლის დაკარგვით რწმენის უმეცარნი გახდნენ. მათთვის უცნობია ის, რაც ეუწყება სულს და იმარხება ეკლესიაში. როდესაც სინათლე ჩაქრება, ყველაზე მახვილი მზერაც ვეღარ არჩევს გზას, ადამიანი ბრმას ემსგავსება და ორმოში ვარდება. იციან კი განდგომილებმა, ბნელეთის რა ხატს ეთაყვენებიან?!

არქიმანდრიტი რაფაელ კარელინი

წიგნიდან: “სიტყვა ნუგეშინისცემისა”

მთარგმნელები: რუსუდან ბუაჩიძე, ნინო ბელთაძე, ლონდა ჯიქია

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial