მართლმადიდებლური ხატის შესახებ – არქიმანდრიტი რაფაელ კარელინი (I ნაწ.)

მართლმადიდებლური ხატის შესახებ – არქიმანდრიტი რაფაელ კარელინი (I ნაწ.)

მათლმადიდებლური ხატი ეკლესიის თვითგამოხატვისა და თვითგამოვლენის განსაკუთრებული სახეა, ესაა სულიერი ველი ფიზიკურ სივრცეში, სადაც თავს იყრიან დოგმატიკის, მისტიკის, სოტერიოლოგიისა და ესთეტიკის (ვგულისხმობ მშვენიერებას, როგორც ღვთაების ასპექტს) რადიუსები. ქრისტიანული დოგმატიკის (სარწმუნოების განყენებული ჭეშმარიტებების) თვალსაზრისით ხატი არის მოწმობა, რომ ძე ღმრთისა გახდა ძე კაცისა, ღმრთაებრივმა სიტყვამ ხორცი შეისხა, ღმრთაებრივი ჰიპოსტასი კი ღმერთკაცის კონკრეტულ და განუმეორებულ პიროვნებად იქცა. ღმერთმა საუკუნოდ მიიღო კაცობრივი ბუნება, რათა გაეხსნა ადამიანისთვის მისკენ უსასრულო აღმასვლის გზა და თავისი ქმნილება თავისუფლებისა და აბსოლუტური მყოფობის ზიარად გაეხადა.

სოტერიოლოგიის (სწავლება ცხონების შესახებ) თვალსაზრისით ხატი გვიჩვენებს სამყაროს მომავალ ფერისცვალებას, ხელთუქმნელი ღმრთაებრივი მადლით განსულიერებული მატერიისა და ნივთიერების ახალ თვისებებს. ესქატოლოგიურ პლანში (სწავლება ისტორიის დასკვნითი ეტაპის შესახებ) ხატი არის მოწმობა, რომ სოფელი დროის დასასრულს კი არ გაქრება, არამედ თავისი იდეალური არსით გამჟღავნდება, ცოდვის დანალექისაგან, ინერტულობის წყვდიადისგან გათავისუფლებული მატერია მშვენიერი და სულის მაგვარი გახდება. მისტიკის (რელიგიის, როგორც საიდუმლოსა და ღმერთთან პირადი შეხვედრის განცდა) პლანში ხატი არის მასზე გამოსახული წმინდანების ძალისა და ენერგიის, უფრო სწორად კი სიყვარულის გამჟღავნება და გამოვლინება. ხატი არის სულიერი სფეროს მკვიდრთა მხადყოფნა მათთან ურთიერთობისათის, ვინც ჯერ კიდევ ხორცშია. ხატი მისტიური შეხვედრაა, წმინდანის მიმართვაა ადამიანის გულისადმი და სულის უმაღლესი, ,,ზეცის“ სამყაროსადმი მიმართვის საშუალება. ხატი ყოველთვის გულახდილი დიალოგია, სულიერი ნათლის არხი. ხატი არის მოწმობა, რომ მას, ვინც სული წმინდის წიაღშია დამკვიდრებული, ძალუძს იმინოს მისდამი ქვეყნის ყოველი კუთხიდან აღვლენილი ლოცვა. ხატი არის საიდუმლო, რომელიც ლოცვითა და სულიერი ხედვით შეიცნობა. ამიტომ ხატმებრძოლური კამათების დროს ხატების ყველაზე მტკიცე დამცველნი ასკეტი ბერების იყვნენ, ქრიასტიანული ესთეტიკის პოზიციიდან ხატი უმაღლეს ზეციურ მშვენიერებაზე მიგვითითებს, იგი შეუძლებელია ადექვატურად გადმოიცეს ხაზებისა და ფერების საშუალებით, მაგრამ არსებობს და ჟღერს სიმბოლოებში. იეროგლიფის ხაზებში სოფლისათვის უცნობი ძველი ტექსტებია მოქცეული. ასევე ხატში, რომელიც ნახევრად გამოცანასა და ნახევრად ხატს წააგავს (სადაც სიმბოლოები ბოლომდე კი არ გვიმჟღავნებენ სათქმელს, არამედ მხოლოდ გადაკვრით მიგვანიშნებენ), უხილავი ნათელი ბრწყინავს და ზეციურ გუნდთა უხმო გალობა ისმის. ხატი ხელოვნების განსაკუთრებული სახეა, მისი განუმეორებელი იდიომა, რომელიც მთელი მართლადიდებელი ეკლესიის ლოცვით-მისტიური გამოცდილების საფუძველზე შეიქმნა.

VIII-IX საუკუნეებში ბიზანტიაში გაჩნდა ხატმებრძოლთა მოძრაობა, მას მხარს უჭერდა მაშინდელი მთავრობა და სამვღდელოების გარკვეული ნაწილი. ამ მოძრაობას საფუძვლად ედო ყალბი სპირიტიულიზმი და დუალიზმი, რომელიც სულსა და მატერიას შორის თვალშეუდგამ უფსკრულს ხედავდა. ხატმებრძოლობის უშუალო საბაბი გახდა ბიზანტიელ იმპერატორთა მისწრაფება, ერთ რელიგიურ თემად შეეკრათ ქრისტიანები და მაჰმადიანები. ამ ფანტასტიური გეგმის დამარბკოლებელ მიზეზად მეფეებს – ლეონ ისავრიელს, კონსტანტინე კოპრონიმოსსა და თეოფილეს პირველ ყოვლისა ხატების თაყვანისცემა მიაჩნდათ, რომელსაც ისლამი კატეგორიულად კრძალავს.

ყურანის ერთ-ერთ სურაში მუჰამედი მოგვითხრობს, რომ ალაჰი ჰკითხავს მხატვარს, შეუძლია თუ არა სიცოცხლე შთაბეროს თავის გამოსახულებებს – ცხადია, მაჰმადიანი მხატვრები ამას ვერ შეძლებდნენ. ქრისტიანული ხატი კი მკვდარი გამოსახულება როდია, მისი საშუალებით ცხოველი ღმრთაებრივი მადლის სხივები გადმოდიან. ხატი მადლის მიერ არის შეერთებული იმ წმინდანთან, რომელიც ხატზეა გამოსახული. ხატის მეშვეობით მჟღავნდება წმინდანის ჰიპოსტასი, ამიტომ ხატი ცოცხალი წმინდანის ცოცხალი სიმბოლოა – არა როგორც ორგანული სიცოცხლის, არამედ როგორც ცხოველმყოფელი ნათლის მატარებელი. ხატმებრძოლები ხაზს უსვამდნენ ღმრთაების მიღმურობასა და ტრანსცენდენტურობას. ღმერთი გამოუთქმელია და მიუწვდომელი, მაშასადამე, მათი აზრით, შეუძლებელია მისი ვიზუალური სახით გამოხატვა, წმინდანებიც სულიერ სფეროში იმყოფებიან და, შესაბამისად, არც მათი გადმოცემა შეიძლება გამომსახველობითი ხელოვნების საშუალებით. ამაზე მართლმადიდებლები მიუგებენ, რომ ღმრთაებრივი სული – დაუსაბამო და გარეშემოუწერელი – განხორციელდა, სიტყვა გახდა ძე ქალწულისა, მან თავისი თავი ისტორიას დაუმორჩილა. ქრისტე ცხოვრობდა კაცთა შორის, როგორც კაცი, მის სახეს ხედავდნენ, მის სამოსელს ეხებოდნენ, მისი ხმა ესმოდათ. ხატზე მისი კაცობრივი ბუნებაა გამოსახული და არა ღმრთაებრივი – უფრო სწორად, გადმოცემულია ქრისტეს პიროვნება მისი კაცობრივი ბუნების მეშვეობით. ღმერთი გაუთქმელია, მაგრამ მის შესახებ გვიამბობს საღმრთო წერილი; მისმა სიტყვამ ქვეყანა შექმნა, მაგრამ ეს სიტყვა ბიბლიის ფურცლებზე ჟღერს. ხატი კი იგივე წიგნია, მაგრამ ფერებით და არა ასოებით დაწერილი. მომავალი საუკუნო ცხოვრება განსხვავდება მიწიერი არსებობისგან, ხოლო მომავალიფერნაცვალები ცა – კოსმოსისაგან. მაგრამ ზეციურისა და მიწიერს შორის მსგავსებებიც არსებობს. მიწიერი რეალიები მომავლის სარკისებური ასახვა კი არა, სიმბოლოებია. ხატმებრძოლების შეცდომა იქიდან მომდინარეობს, რომ მათ არ ესმოდათ განსხვავება ხატსა და სურათს შორის; ისინი ხატს სულიერი სამყაროს პორტრეტულ ასახვად აღიქვამდნენ. სინამდვილეში ხატიპორტრეტი კი არა, წმინდანის ყოფნაა მის პირობით სიმბოლურსა და იმავდროულად რეალურ გამოსახულებაში.

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial