ნუთუ სოდომი ჩვენი მომავალი სახლია? – არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

ნუთუ სოდომი ჩვენი მომავალი სახლია? – არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

სოდომიტების აღლუმები მხოლოდ ლოკალური შეტაკებებია, დაზვერვაა ბრძოლით, როგორც უხორცო, ისე ხორციელი დემონური ძალების ფართომასშტაბიანი შეტევის ეპიზოდები და ფრაგმენტები – ესაა შეტევა სარწმუნოებისა და ზნეობის წინააღმდეგ, იმის წინააღმდეგ, რაც კაცს ღვთის ხატად და მსგავსებად ხდის, თვით ადამიანურობის წინააღმდეგ ადამიანში. არსებობს ფსიქიკური ავადმყოფობის განსაკუთრებული სახე: მანიაკალური სწრაფვა სიბინძურისაკენ, როცა შეშლილი საკუთარ ფეკალიებს ნთქავს. ასე დაასრულა სიცოცხლე ცნობილმა მწერალმა მოპასანმა – ლიტერატურულმა ცინიკოსმა და ბილწსიტყვაობის ოსტატმა. დღეს კი რაღაც ძალებს სურთ, სიბინძურის ჭამა ადამიანის ქცევის წესად, კანონითა და პოლიციელთა ხელკეტების ძალით დაცულ უფლებად წარმოგვიდგინონ. რისკენ მიისწრაფვის გარყვნილების აღვირახსნილი პროპაგანდა? ქრისტიანული სარწმუნოებისა და, პირველ ყოვლისა, მართლმადიდებლობის განადგურებისკენ. შეუძლებელია სოდომისა და იერუსალიმის შეერთება! ძველ დროში სოდომი დაეცა, დღეს კი რევანში – იერუსალიმის შტურმი მზადდება. სიბინძურისა და სიმახინჯის კულტის გასამართლებლად აუცილებელია, რომ ქრისტიანობა ან ფანატიკურ, კაცთმოძულე სექტად წარმოადგინონ, როგორც ამას თავის დროზე რომის ავხორცი იმპერატორები სჩადიოდნენ, ან თვითონ ქრისტიანობა ჩაანაცვლონ რაღაც რელიგიური სუროგატით, მოსპონ მისი ზნეობრივი და სულიერი საფუძვლები, თეატრალურ წარმოდგენად აქციონ იგი, ქრისტიანობა ფსევდოქრისტიანობით შეცვალონ, ქრისტეს კვართი კი – ჯამბაზის ტანისამოსით.

გარყვნილება ეკლესიასთან ბრძოლის იარაღია. შეუნანებელ ცოდვილს სიბნელე უყვარს – იქ იგი საკუთარი სინდისის ნათელს ემალება. გარყვნილებით დაზიანებული სული ბრმა და ყრუ ხდება სულიერი იმპულსების მიმართ. ბრმა, მზის სხივებშიც რომ იყოს გახვეული, ვერავითარ სინათლეს ვერ ხედავს, ასევე ვერც შეუნანებელი ცოდვილი აღიქვამს ეკლესიაში ყოფნისას მთავარს – მადლს. ძველ დროში სოდომიტებს მხოლოდ ზიარებისგან კი არ განაყენებდნენ ხოლმე, არამედ კარგა ხანს მას შემდეგ, რაც შეინანებდნენ, ტაძარში შესვლის ნებასაც არ აძლევდნენ: მათ ეკლესიის კართან, როგორც ზეცათა სასუფევლის დაკეტილ კარიბჭესთან მდგომებს უნდა ელოცათ. თუ სოფელს გარყვნილება მოიცავს, ტაძრების მშენებლობა აღარ იქნება საშინელი ბნელი ძალებისთვის, თვითონ ტაძრები კი წარსული, უკვე დაკარგული სულიერების საფლავის ქვებივით შემორჩებიან ქვეყანას. სულიერი სიბნელე მხოლოდ სინათლის არარსებობა როდია – ესაა აგრესიული სტიქია, რომელმაც ადამიანი შეიპყრო, ესაა ქვესკნელის მეტაფიზიკური ბნელეთი.

გარყვნილება ოჯახის მოსპობაა. ოჯახი ურთიერთსიყვარულსა და პატივისცემას ემყარება, გარყვნილება კი ადამიანებში გაუცხოებას იწვევს – სიბინძურეს გაერთიანება არ შეუძლია. რაც არ უნდა დაეცეს კაცი, ის გრძნობს ცოდვის სიმყრალეს, საკუთარი ხორცის სიმყრალეს, პარტნიორის სიმყრალეს. ოჯახს თავისუფალი სექსი ცვლის – რაღაც ძაღლების დაგრილების მსგავსი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ძაღლები გარყვნილებას არ ეწევიან. გარყვნილება ხელს უშლის შვილთა სხმას, ამიტომ ერისა და კაცობრიობის ფიზიკურ გადაშენებას იწვევს. ადამიანის მთელი ცხოვრება მის გენებში აისახება და კოდის სახით იდება, შესაბამისად, მემრუშეთა შთამომავლები უკვე სულიერად ნაკლულები არიან, დეგრადაციას განიცდიან. გარყვნილება შლის ზღვარს ორ სქესს შორის: მამაკაცი აღარ არის მამაკაცი, რომელიც მამაკაცის ფსიქიკურ კომპლექსს ფლობს, ქალი კი ქალობას კარგავს.

შუა საუკუნეებში ინკვიზიტორებმა დაწერეს წიგნი – „კუდიანების ჩაქუჩი“, სადაც დაწვრილებითაა განხილული საიდუმლო სექტების რიტუალები. წიგნში აღწერილია, როგორ ამყარებს დემონი სექსუალურ კავშირს ადამიანებთან და ამ დროს მუდმივად იცვლის სახეს – ხან ქალად წარმოსდგება, ხან კაცად, ამიტომაა, რომ ტრანსსექსუალი დემონს ემსგავსება. აქ მამაკაცური ვაჟკაცობა და ქალური სილამაზე მიწად და ტალახად იქცევა. ძველი ფილოსოფოსებისთვის ადამიანში მთავარი გონება იყო, ქრისტიანებისთვის – გული, თანამედროვე ჰედონისტებისთვის კი – გენიტალიები. ტრანსსექსუალიზმი ახალი განცდების ძიებაში დასაშვებად მიიჩნევს სექსუალურ კავშირს ადამიანსა და ცხოველს შორის, რადგან მათ შორის განსხვავებას ვერ ხედავს. გარყვნილები ახლა უკვე ცხოველებთან სექსუალური კავშირის თავისუფლებას აცხადებენ, ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ თუ ეს შაბაში არ შეწყდება, ადამიანებსა და ხმელეთის ოთხფეხა მკვიდრებს შორის „ქორწინების“ რეგისტრაციის საკითხიც დადგება.

ამბობენ, თვალები სულის სარკეაო. ჩახედეთ მემრუშეს თვალებში და დაინახავთ მათ სიღრმეში მოტივტივე ჭუჭყს – სულში დაგროვილი სიბინძურის ანარეკლს. სილამაზეს მისტიური მნიშვნელობა აქვს და სწორედ ამ აზრით იხსნის ის სოფელს. სილამაზე ღვთაების ერთ-ერთი ასპექტია, სიმახინჯე კი დემონის თვისებაა. და მაინც, სოდომიტები ბოროტი სულები კი არა, ადამიანები არიან – ჩვენი გენეტიკური ძმები და დები. ამიტომ მათი ცოდვისადმი ზიზღთან ერთად ამ ადამიანების მიმართ სიბრალულსაც უნდა ვგრძნობდეთ იმის გამო, რომ მათ საკუთარ თავს სულიერი სიხარული და სულიერი სილამაზე წაართვეს. ჩვენ მხოლოდ გარყვნილებას კი არა, დემონურ ძალებსაც უნდა ვებრძოდეთ ამ უბედური ადამიანების სულებისათვის, თვითმკვლელებს რომ ჰგვანან.

და როგორ მოვახერხოთ ეს? ქრისტიანი თავისი ცხოვრებით სისუფთავისა და უმანკოების მაგალითს უნდა იძლეოდეს. ის უნდა ებრძოდეს ცოდვას – და ეს საქმე საკუთარი გულიდან უნდა დაიწყოს: უნდა მოიხვეჭოს ღვთის მადლი, რომელიც სულ უფრო შორდება ამა სოფელს. ამას მოწმობს მადლის უხილავი ძალა და თვალსაჩინო მაგალითი: ბევრი სოდომიტი ხომ გრძნობს თავის სულიერ კატასტროფას, უმძიმს საკუთარი მდგომარეობა, მაგრამ ისე ემორჩილება ცოდვას, როგორც ზოგიერთი არსება – გველის მზერას. შეუნანებელი ცოდვა ხშირად სასოწარკვეთილებად იქცევა, ადამიანს აღარ სჯერა, რომ მისთვის შესაძლებელია ცხონება, რომ შეუძლია შეიცვალოს, და კიდევ უფრო თავგამეტებით ეძლევა ცოდვის მორევს. მხოლოდ კეთილ სიტყვას ძალუძს გაალღოს და გააღვიძოს ცოდვილის გული, ცარიელი ლანძღვა-გინება და ყვედრება კი უმეტესწილად მხოლოდ გაბოროტებას იწვევს.

უნდა გვახსოვდეს, რომ მიწიერის გარდა სხვა – სულიერი, მეტაფიზიკური პლანიც არსებობს, რომელშიც დედამიწაზე მომხდარი სიკეთე და ბოროტება ჯამდება, მერე კი ეს სიკეთე და ბოროტება უკან გვიბრუნდება და თითქოს ხორცს ისხამს ისტორიულ მოვლენებში, ხან კურთხევას რომ ჰგვანან და ხანაც წყევლას. ამიტომ აუცილებელია ლოცვა, განსაკუთრებით იესოს ლოცვა, რომელიც უხილავ ფონსა და სულიერ ატმოსფეროს ქმნის მადლის მოქმედებისათვის.

აპოკალიფსი უნდა აღსრულდეს. ისტორიის შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ ბოროტების შეჩერება კი შეიძლება. ქრისტიანი ყოველთვის ქრისტიანად უნდა რჩებოდეს და ეცადოს, რომ მისი გული იყოს ის წერტილი, სადაც ზეცა მიწას უერთდება. ერთი ქრისტიანი მოღვაწის მეშვეობით დემონური ძალები სუსტდება და დედამიწის გარშემო ჩამოწოლილი მეტაფიზიკური წყვდიადი ნათდება.

ქრისტიანი მისთვის ხელმისაწვდომი ყველა საშუალებით უნდა ებრძოდეს გარყვნილებას. ის წინ უნდა აღუდგეს ადამიანების მასობრივ გარყვნას, მათ შორის სოდომელთა აღლუმებს, რომლებიც თავიანთი მარშებით ქრისტიანულ ქვეყნებში მოწამეთა სისხლით მორწყულ მიწას ბღალავენ. ქრისტიანის რელიგიური და მოქალაქეობრივი ვალია დაიცვას თავისი ოჯახი და ერი ზნეობრივი გახრწნისაგან. გარყვნილება ბავშვობის წლებიდან შეიძლება დაიწყოს, ამიტომ სოდომელებისგან, როგორც გადამდები სულიერი სენისგან, განსაკუთრებით ბავშვები უნდა დავიცვათ. უნდა გამოვთქვამდეთ პროტესტს კანონის ფარგლებში, უნდა ვამხილებდეთ გარყვნილების, კერძოდ, სოდომური ცოდვების დემონურ არსს, უნდა ვიყოთ ქრისტიანობის მქადაგებელნი, ოღონდ ჩვენს სიტყვებს ჩვენი ცხოვრების მაგალითით უნდა ვამტკიცებდეთ – მხოლოდ მაშინ ექნებათ მათ სულიერი ძალა. ხოლო თუ სოდომიზმის მხურვალე მამხილებელი მერე წავა, მშვიდად მიუჯდება კომპიუტერს და პორნოგრაფიულ სურათებს დაუწყებს თვალიერებას, მისი სიტყვები იმ ჭექა-ქუხილს დაემსგავსება, რომელსაც წვიმა არ მოსდევს და რომელიც სხვა ადამიანის გამომშრალ სულს ვერ დაარწყულებს.

ცოდვა მხოლოდ ადამიანის პირადი საქმე როდია, როგორც ამას ზოგიერთები ჩაგვაგონებენ. იგი უხილავად ვრცელდება, რაღაც შავ წრეში აქცევს კაცს და ამძიმებს მასთან ურთიერთობაში მყოფი ადამიანების სულიერ მდგომარეობას. შენიშნულია, რომ კაცის განცდებზე მცენარეებიც კი რეაგირებენ, როკ-მუსიკისა და მძიმე მეტალის სატანური ბგერები დამღუპველად მოქმედებენ ცოცხალ არსებებზე – თითქოს მომაკვდინებელ რადიაციას ასხივებენ, და პირიქით: ტაძრებისა და მონასტრების მახლობლად დარგული ხეების ნაყოფი განსაკუთრებით გემრიელია, იმ წყაროებს კი, წმინდა ადგილებში რომ მოედინებიან, მაკურნებელი ძალა აქვთ. როცა ადამიანთან ვურთიერთობთ, მისი ენერგიის უხილავ ველში შევდივართ. ამიტომაა, რომ ზოგიერთთან საუბარი ძალას გვმატებს, თითქოს სულსა და ხორცს განაახლებს, სხვებთან ურთიერთობა კი გვთრგუნავს და გვაცარიელებს. ადამიანის ქცევა, მისი სულიერი მდგომარეობა მის გარემოზეც აისახება. ზოგიერთი ბინა სულზე დამამშვიდებლად მოქმედებს, მის კედლებში კაცი თავს იმდენად კარგად გრძნობს, რომ იქიდან წასვლა აღარ უნდა. ზოგიერთ შენობაში კი ადამიანს განგაშის გრძნობა ეუფლება: უნდება, რომ დაუყოვნებლივ დატოვოს იქაურობა, უკანმოუხედავად გაიქცეს, თითქოს იქ მოჩვენებები სახლობდნენ ანდა ეს ადგილი რაღაც წყევლით იყოს აღბეჭდილი. ამიტომაც სოდომიტების აღლუმები, ძლევამოსილ მსვლელობებს რომ მოგაგონებთ, მისტიური მნიშვნელობით ქუჩებისა და ქალაქების რიტუალურ შებღალვად შეიძლება განვიხილოთ.

ჰომოსექსუალიზმი ადამიანის სხეულის, მისი თესლის შეგინებაა. რატომ იყო, რომ ძველ აღთქმაში ასე ფასდებოდა შვილთა სხმა, რატომ ითვლებოდა უშვილობა ოჯახის უბედურებად? იმიტომ, რომ შვილთა სხმა მესიის მოლოდინს უკავშირდებოდა. რას ნიშნავდა წინადაცვეთის წეს-ჩვეულება? შთამომავლობის ღვთისადმი შეწირვას. შთამომავლობის დაფიცება ერთ-ერთი საშინელი და გაუტეხელი ფიცი იყო.

ადამიანის თესლი სიცოცხლის კონცენტრატია, ესაა სასწაული, რომელსაც კაცის გონება ვერ ჩასწვდა და ვერც ვერასოდეს ჩასწვდება, ესაა საიდუმლო, ვერავითარი მეცნიერება ბოლომდე რომ ვერ ამოხსნის. ბნელი ძალა თითქოს შურს იძიებს კაცობრიობაზე სოფლად ქრისტეს მოსვლისათვის – დემონი თავისი ადეპტებისგან მოითხოვს, რომ შვილები მის ნებას დაუმორჩილონ. სატანურ სექტებში არსებობს მომავალი შვილის სატანისათვის მიცემის წეს-ჩვეულება. კუდიანების შაბაშებზე გარყვნილება აუცილებელი რიტუალური მოქმედება იყო, ჩანასახებს კი მსხვერპლად სწირავდნენ ეშმაკს და მათგან ჯადოქრებისა და კუდიანებისათვის საჭმელი მზადდებოდა. ამიტომ მეტაფიზიკურ პლანში გარყვნილება თესლის რიტუალური წაბილწვა და ადამიანის დემონიზაციაა.

ზოგიერთი გარყვნილების გასამართლებლად ამბობს, რომ ჰომოსექსუალიზმი ჰორმონალურ დარღვევას უკავშირდება და ამიტომ სოდომიტს ისე უნდა შეხედო, როგორც ავადმყოფს. მაგრამ ეს ასე როდია. უმეტესად ჰორმონები კი არ მოქმედებენ ფსიქიკაზე, არამედ ფსიქიკური მდგომარეობა მოქმედებს ჰორმონების გამოყოფაზე; მაგალითად, საფრთხის ან მრისხანების დროს სისხლში ჰორმონალური სურათი იცვლება, მაგრამ ამით ძალადობის ან მკვლელობის გამართლება ხომ არ შეიძლება.

ჰომოსექსუალისტებად არ იბადებიან – ჰომოსექსუალისტები ხდებიან. ეს ცოდვა ბუნების წინააღმდგომია, უცხოა ადამიანის ბუნებისათვის, ესაა ჯანყი ღვთის ნებისა და განგების წინააღმდეგ, საუკუნო სიკვდილის არჩევა, საიდუმლო კავშირი, რომელსაც კაცი სატანასთან კრავს. ამიტომ სოდომიტების აღლუმები სრულიადაც არ არის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დეკლარაცია – ესაა გარყვნილების პროპაგანდა, ძალადობა ერის ზნეობისა და სინდისის წინააღმდეგ.

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial