“მასიურად ხდება წახალისება ცოდვის პროპაგანდისა” – ილია II

“მასიურად ხდება წახალისება ცოდვის პროპაგანდისა” – ილია II

“თანამედროვე ჩვენი ყოფა უფრო დამძიმდა და დასნეულდა, რადგან მასიურად ხდება წახალისება ცოდვის პროპაგანდისა. ბოროტის შემოტევის ასეთი ფართო მასშტაბები ადრე არ იყო. ადრე დევნიდნენ და აწამებდნენ მორწმუნეებს, ანგრევდნენ ტაძრებს, შეურაცხყოფდნენ სიწმინდეთ, მაგრამ ზნეობაზე სიტყვით მაინც უარს არ ამბობდნენ.

თანამედროვე ფსევდო-ლიბერალიზმს კი სურს, მოსპოს ცნება ცოდვა. მათი აზრით, ცოდვის განცდა თურმე ზედმეტად “ბოჭავს” ადამიანს და “თავისუფლებას” აკარგვინებს. ამიტომაც უნდათ, გააქრონ მორალი და მასთან ერთად სინდისის ქენჯნაც. იერიში მიტანილი აქვთ ზნეობაზე, რაც დღეს უკვე გულისხმობს ბრძოლას არა მარტო რელიგიურ მცნებებთან, არამედ საყოველთაო, ზოგადადამიანურ ღირებულებებთანაც, ფაქტობრივად, ისინი ცხოველებზე უფრო დაბალი ცხოვრების წესს სთავაზობენ საზოგადოებას და სრული სულიერი გადაგვარებისაკენ უბიძგებენ. აჩვენებენ სადიზმითა და სექსოპათიით გაჯერებულ ფილმებს და თან “გართობის” მიზნით სხვადასხვა “შოუსა” და გადაცემებში ირონიით საუბრობენ ადამიანურ ღირსებებზე, კულტურაზე, ტრადიციებზე, რათა, მათი თქმით, ხალხი “განკურნონ ნევროზისა და ფობიებისაგან.”

ეს მეთოდიკა ისეთი ფორმით ინერგება, რომ ზოგჯერ თვით ამ “სპექტაკლების” მონაწილეთაც არ ესმით, სინამდვილეში რას ემსახურებიან და რატომ აქვთ ასეთი დაკვეთები. ვითომ ორიგინალობის და სიახლის შემოტანის სურვილით აკეთებინებენ ამას, სინამდვილეში კი საყოველთაო ურწმუნოებასა და ეშმაკეულ ცნობიერებას ამკვიდრებინებენ, რითაც, რა თქმა უნდა, ღმერთს განარისხებენ:

“ვაი იმ კაცს, ვისგანაც მოდის ცდუნება. მისთვის უმჯობესი იქნებოდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვის უფსკრულში ჩაეძირათ (მთ.18,6, 18,7) – ბრძანებს უფალი.”

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
(2014 წლის სააღდგომო ეპისტოლე)

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial