წმიდა სინოდის განჩინება მოუნათლავად გარდაცვლილ ჩვილთა და მუცელში მოწყვეტილთა ცხოვნების საკითხზე (2000 წ.)

წმიდა სინოდის განჩინება მოუნათლავად გარდაცვლილ ჩვილთა და მუცელში მოწყვეტილთა ცხოვნების საკითხზე (2000 წ.)

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის
წმიდა სინოდის სხდომის ოქმი

14 დეკემბერი, 2000 წელი, თბილისი

 

“V. წმიდა სინოდმა განიხილა მოუნათლავად გარდაცვლილ ჩვილთა და მუცელში მოწყვეტილთა ცხოვნების საკითხი.

წმიდა სინოდმა განაჩინა: პიროვნების სულის ცხოვნების შესახებ ეკლესიური მოძღვრება გვასწავლის, რომ ცხოვნებისათვის აუცილებელია ცოდვების მიტევება. წმ. იოანეს სახარებაში წერია: “უკეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ხელეწიფების ხილვად სასუფეველი ღმრთისა” (იოანე 3.3).

მეორედ შობა ნიშნავს ახალი ადამიანის სულიერ დაბადებას. სარწმუნოების სიმბოლოს IX მუხლის მიხედვით, ცოდვათა მიტევება შესაძლებელია ნათლისღებით: “აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა” – კართაგენის საეკლესიო კრების 110-ე მუხლის თანახმად ჩვილებიც ნათელს იღებენ ცოდვათა მისატევებლად”. ამ კანონით კართაგენის საეკლესიო კრება გვახსენებს, რომ ყოველ პიროვნებას, გარდა პირადი ცოდვებისა, გააჩნია აგრეთვე ადამისმიერი ანუ პირველქმნილი ცოდვაც. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ჩვილებიც, რომელთაც არ გააჩნიათ პირადი ცოდვები, საჭიროებენ ნათლისღებას, რათა განიწმიდონ პირველქმნილი ცოდვისაგან.

სახარების მიხედვით ნათლისღებაში იგულისხმება ასევე ჯვარცმა და სიკვდილი. უფალი ბრძანებს: “სასუმელი სამე ჩემი შესუათ, და ნათლისღება, რომელი მე ნათელ ვიღო, ნათელ-იღოთ…” (მათე 20,23). ამიტომ, ქრისტესათვის წამებულნი, რომელთაც არ ჰქონდათ მიღებული წყლით ნათლობა, ღვთის მადლით განიწმინდებიან ცოდვათაგან, ანუ იშვებიან მეორედ და ისევე, როგორც ნათელღებულნი, დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს ანუ ცხონდებიან.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მეორედ შობის ანუ ცოდვათაგან განწმენდის გარეშე სასუფევლის დამვკიდრება ანუ სულის ცხონება შეუძლებელია.”

წყარო: patriarchate.ge

 

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial