ფანატიზმი – არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

ფანატიზმი – არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

ადამიანური სიტყვა ურთიერთობისა და თვითგამოხატვის საშუალებაა. მაგრამ ჩვენ ლექსიკონში არის სიტყვები, რომლებსაც უკვე აღარ აქვს მკაცრად განსაზღვრული აზრობრივი დატვირთვა და საქმის არსს, ნაცვლად ცხადყოფისა, უფრო ბუნდოვანს ხდიან. ზოგი მათგანი იქცა იარლიყად ან მეტსახელად, რომელთაც განუკუთვნებენ მათ, ვინც არ ეთანხმება რაიმე აზრს ან ვინმეს პოზოციას. ერთ-ერთი ასეთი სიტყვა, რომლის შინაარსიც ადამიანებს მთლად ცხადად არ ესმით, არის დღეს ესოდენ მოდური გამოთქმა „ფანატიზმი“. ურყევი შეხედულებების მქონე პიროვნებას ხშირად ფანატიკოსს უწოდებენ მხოლოდ იმიტომ, რომ მას გააჩნია მყარი მსოფლმხედველობითი პოზიცია, რომლის შეცვლა არც სურს და არც ზნეობა აძლევს ამის ნებას. გავიხსენოთ ის დრო, როდესაც ფანატიკოსებად მოიხსენიებდნენ საერთოდ ყველა რელიგიურ ადამიანს; როდესაც მორწმუნეს ეძახდნენ გონებადაბნელებულს, ამაოდ მორწმუნეს, სურდათ, თავად ღვთისადმი რწმენა უმეცრებად, ფანატიზმად ან თვალთმაქცობად წარმოეჩინათ. და ახლა, ჩვენს დროში, სიტყვა „ფანატიზმს“ ისევ იყენებენ, რათა გარკვეულწილად სახელი გაუტეხონ, ჩირქი მოსცხონ ადამიანს, რომელსაც საკუთარი შეხედულებები აქვს და მათ ხელთათმანებივით არ იცვლის, არც ქამელეონივით იღებს სხვა ფერს გარემო პირობების მიხედვით. ამიტომაც გვმართებს, გავერკვეთ, რა არის ფანატიზმი და რა – პრინციპულობა.

მე ფანატიზმი მესმის, როგორც საკუთარ თავზე ორიენტირებული სულიერი სიამაყე, რწმენა მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი აზრის მართებულობისა და არა ჭეშმარიტებისა. ფანატიზმი არის სხვებისადმი სიყვარულის დეფიციტი, მისი არარსებობაც  კი. იგი თვითდარწმუნებაა, გარკვეული პოზა, როდესაც არ არსებობს სხვისი გაგების სურვილი. ფანატიზმი გაუმტარი სულიერი გარსია, რაც საშუალებას არ აძლევს ადამიანს, სხვა რამ დაინახოს; ფანატიზმი გარკვეული თვალსაზრისით თვითრელიგიაა, ხოლო მის მაღიარებელთა მრწამსია: „ჩემი აზრი მუდამ სწორია!“

რაც შეეხება რწმენასა და პრინციპულობას, ეს სულ სხვა რამ არის. საკუთარი რელიგიური შეხედულებების მქონე ადამიანს ძალუძს მათი ახსნა და დაცვა; ხელეწიფება უპასუხოს, თუ მაინცდამაინც ისინი რატომ მიაჩნია ჭეშმარიტებად და ცხოვრებად. პრინციპულ ადამიანს, ოღონდ არა ფანატიკოსს, ზუსტად შეუძლია მიუთითოს საკუთარ შეხედულებათა არსზე, მათ საფუძველზე. მათი შეუორგულებლად შენარჩუნება, ჭეშმარიტების არჩანაცვლება სარგებლით ანუ პრაგმატიზმით ფანატიკოსობას სულაც არ ნიშნავს. პირადა მე მიმაჩნია, რომ მცნებები „ჭეშმარიტება“ და „სარგებელი“ შორეულ მომავალში ურთიერთს შეერწყმის. ჭეშმარიტებას შინაგანი წინააღმდეგობები არ გააჩნია, მისი მაღიარებელი აროდეს შერცხვება, მისი მსასოებელი აროდეს შეცდება, არც მოტყუვდება. ხოლო ადამიანი, რომელსაც ჭეშმარიტებას წუთიერი სარგებელი ურჩევნია, ვერასდროს მიაღწევს მაღალ მიზნებსა და შედეგებს. საკუთარი შეხედულებების უარყოფით მიღებული მსწრაფწარმავალი სიკეთე გარკვეული დროის შემდგომ შესაძლოა ტრაგედიად იქცეს. ამ მოჩვენებით სარგებელს დაანგრევს და გააცამტვერებს მასში ჩადებული ტყუილები და წინააღმდეგობები, რადგან ყოველი სიცრუე ცენტრისკენული მიმართულებით ხასიათდება. იგი შეიცავს ხრწნისა და დაშლის ელემენტებს. ჭეშმარიტება კი უნაკლოა და უხრწნელი.

რელიგიის მიმართ შინაგანად გულგრილი ადამინები, რომლებიც ქრისტიანობას მხოლოდ ტრადიციულად მიეკუთვნებიან, წმინდა მართმადიდებლობის ურყევ  მხარდამჭერებს აღიქვამენ ფანატიკოსებად, რომელთაც არ სურთ მიმოიხედონ და დაინახონ, რომ არსებობს მრავალი რელიგია. ასეთ ადამიანებს ვერ წარმოუდგენიათ, რომ მართმადიდებლობა შეიძლება არჩეული იქნეს, როგორც არა ერთ-ერთი და არც უმაღლესი ჭეშმარიტება, არამედ როგორც ერთადერთი და უნივერსალური ჭეშმარიტება. თვალსაზრისი, რომ მართმადიდებლობა – უნივერსალური ჭეშმარიტება გადარჩენისა და ღმერთთან რეალური ერთობის ერთადერთი გზაა, მიუღებელია რელიგიის მიმართ ამ გულგრილი ადამიანებისათვის. ისინი ასეთ შეხედულებას მსოფლიო კულტურის ისტორიისა და ცივილიზაციის უარყოფად აღიქვამენ. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ვნახოთ, რა დამოკიდებულება ჰქონდა მართმადიდებლობასთან წმინდა მამებს.

ეკლესიის ყველა მამა, ყველა მსოფლიო და ადგილოვრივი კრება მუდამ ასწავლიდნენ, რომ ჭეშმარიტება ერთია – არ არსებობს ჭეშმარიტებათა პლურალიზმი და ზნეობრივი რელატივიზმი. მართმადიდებლური ეკლესიისგან პატივდებული ყველა წმინდა მამის სწავლება, კრებათა მიერ მიღებული ყველა დადგენილება – მართმადიდებელი ეკლესიის „კონსტიტუცია“ – ეფუძვნება პრინციპს, რომლის თანახმად მართმადიდებლობა არის ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია. კრებათა ერთ დადგენილებასაც ვერ ვიპოვით, სადაც თუნდათ მინიშნებით იყოს ნახსენები, რომ არსებობს რამდენიმე ჭეშმარიტება და სხვა გადამრჩენი რელიგიები  მართლმადიდებლობის გარდა. ამიტომ, თუ ფანატიკოსის პოზიციად მივიჩნევთ მართმადიდებლობის მხარდაჭერასა და აღიარებას იმისა, რომ მხოლოდ მისი წყალობით მიიღწევა  ჭეშმარიტი ხსნა, მსოფლიო და ადგილობრივ კრებათა დადგენილებები ფანატიზმის ნაყოფად უნდა ჩავთვალოთ, რადგან ყველა მათგანში საუბარია ერთ ჭეშმარიტებაზე.

მსოფლიო და ადგილობრივ კრებათა დადგენილებებში იგრძნობა განსაკუთრებული შეშფოთება რწმენისა და მართმადიდებლობის სიწმინდის დასაცავად; წმინდა მამათა უჩვეულოდ ფრთხილი დამოკიდებულება საეკლესიო გადმოცემიდან ყოველი გადახრის მიმართ; მითითებულია საშიშროებაზე, რასაც გამოიწვევს ეს გამრუდება – მას კი შეიძლება შეიცავდეს რომელიმე არასწორი ან არაზუსტი განმარტება. ჩვენ ვიცით, რაოდენ ზედმიწევნით შეისწავლებოდა მსოფლიო კრებებზე ყველა ის მასალა, რომელთა საფუძველზეც ყალიბდებოდა კრების წესები, განსაკუთრებით დოგმატური დადგენილებები და კანონები. კრებების მონაწილეთა შორის ზოგჯერ თავს იჩენდა უთანხმოება თუნდაც ერთი სიტყვის გამო, რასაც შეიძლება განმარტება ორაზროვანი გაეხადა.

თუ რწმენას იმისა, რომ ხსნა მხოლოდ მართლმადიდებლობაშია, ფანატიზმად მივიჩნევთ, მაშინ მსოფლიო კრებათა დადგენილებანი არასაკმარისად განსწავლულ და ქრისტიანულ სიყვარულს მოკლებულ ადამიანთა ნაშრომად უნდა განვიხოლოთ. მაშინ კრებების ეს უმნიშვნელოვანესი დადგენილებანი ჩვენთვის სავალდებულოდ არ უნდა ჩავთვალოთ. და რაღა დარჩება ჩვენი მართმადიდებლობიდან? „ლიბერალურ“ მართმადიდებლობას ეკლესია საერთოდ არ ცნობს – იგი აღიარებს მხოლოდ ერთ მართმადიდებლობას – რომელსაც ჩვენამდე მოაქვს მოციქულთაგან წამოსული საეკლესიო გადმოცემის სიტყვა და სული. არ არსებობს არც „ლიბერალური“ და არც „თეოსოფიური“ მართმადიდებლობა. ყალბია და მიუღებელი რელიგიური „თანასწორობა“, რომლის თანახმად გადარჩება ყველა მორწმუნე და არ აქვს მნიშვნელობა, რა სწამს მას.

მართმადიდებლობისთვის არსებობს ერთადერთი, განუმეორებელი და მარადიული ჭეშმერიტება.  მისი სიმრავლის დაშვება ნიშნავს – არ გწამდეს არც ერთი  მათგანი. თუ ჩვენ რწმენას მივუდგებით, როგორც ფანატიზმს, ხოლო რწმენისადმი განურჩევლობას ქრისტიანული სიყავრულის გამოვლინებად შევაფასებთ, მაშინ ისეთი წმინდა მამა, როგორიც არის კვიპრიანე კართაგენელი, რომელმაც თქვა: „ვისთვისაც ეკლესია არ არის დედა, მისთვის არც ღმერთია მამა“, რომელ მხარეს უნდა მივაკუთვნოთ – ადამიანებს, ვისი პირითაც სულიწმინდა ლაპარაკობდა თუ გონებაშეზღუდულ ბოროტ ფანატიკოსებს? ვინ გამოდის მღვდელმთავარი ნიკოლოზ მირონლუკიელი, რომელმაც ასეთი სიფიცხე გამოავლინა არიანელებთან პაექრობაში? ის, ვისაც მოციქულთა დარად უყვარს ქრისტე, თუ ისევ ფანატიკოსად, რომელსაც სხვისი აზრის გაგება და მიღება არ ძალუძს? ჩვენ ვერ დავასახელებთ ვერც ერთ წმინდანს, ეკლესიის მამას ან მასწავლებელს, რომელსაც ჭეშმარიტებათა სიმრავლის არსებობაზე ესაუბრა. და თუ ამ ღმერთშემოსილ მამებს ფანატიკოსებს დავუძახებთ, მაშინ რას უნდა ნიშნავდეს თავად ეს სიტყვა?

კონსერვატიზმი ფანატიზმი არ არის და მას მხოლოდ უარყოფითი დატვირთვა არ აქვს, როგორც ამას ხშირად მიიჩნევენ საერო ცხოვრებაში. კონსერვატიზმი ნიშნავს „დაცვას“. მართმადიდებელი ეკლესია, კათოლიკურისგან განსხვავებით, ევოლუციას არ ექვემდებარება. წმინდა მართმადიდებლობა ამტკიცებს, რომ დოგმატურ სფეროში ევოლუცია არ არსებობს; ხოლო წმინდა მამები და მსოფლიო კრებები იღებდნენ თავდაპირველი გამოცხადებით უკვე ცნობილ დოგმატებს, რომელთათვისაც მათ თვისობრივად ახალი არაფერი შეუძენიათ – მხოლოდ ცხადყვეს, გამოავლინეს და განმარტეს ყოველივე, რაც უკვე არსებობდა. ევოლუციის თეორიას საფუძვლად უდევს მარტივიდან რთულისკენ, პრიმიტიულიდან და უმდაბლესიდან – უმაღლესისკენ განვითარების პრინციპი. ხოლო დოგმატურ სფეროში ევოლუციის კანონზომიერების დაშვება მუდამ შესაძლებელს ხდის, ვივარაუდოთ, რომ სამომავლოდ გამოჩნდებიან რაღაც ახალი მოძღვრებანი, დოგმატები და გამოცხადებანი. რაც შეეხება მართმადიდებელ ეკლესიას, იგი გვასწავლის, რომ ჩვენ მოვდივართ არა სიღატაკიდან, არამედ სიმდიდრიდან, რომელიც თავისი გამოცხადებით უკვე სრულად მოგვცა უფალმა იესო ქრისტემ. მთელი ეს თავდაპირველი საუნჯე ჩაიდო უპირატესი ეკლესიის სწავლებაში.

წმინდა მამებმა და მსოფლიო კრებებმა მართლაც ტიტანური, კოლოსალური შრომა გასწიეს. რა სამუშაო შაესრულეს? მათ უზადო სიტყვიერი ფორმით ჩამოაყალიბეს წმინდა გადმოცემა და წმინდა წერილში ჩადებული დოგამტური  განსაზღვრებანი ისე, რომ მათში ახალი არაფერი შეუტანიათ. ამ იდეალურ განმარტებებს უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდა ზუსტად მაშინ, როდესაც ეკლესიას ემუქრებოდა ზოგი საეკლესიო – მართმადიდებლური ჭეშმარიტების არასწორად  გააზრების საფრთხე. ამიტომაც ზემოხსენებულ განმარტებათა შედგენის უშუალო მიზეზი ძალზე ხშირად ერეტიკოსთა მიერ წმინდა წერილისა და წმინდა გადმოცემის გამრუდებული გაგება იყო.

ქრისტიანული სარწმუნოების სწავლებაში საერთოდ არ შეიძლება ახალი ელემენტების შეტანა, რადგან ღმერთმა უკვე მოგვცა მთელი ჭეშმარიტება. უფალმა, ხატოვანი გამოთქმით, თავისი კეთილუწყების დასაწყისში გვიბოძა ერთგვარი შეკუმშული ენერგია, რომლითაც ივკებება ეკლესია მთელი თავისი ისტორიის მანძილზე. ჩვენ იმაზე მეტი არ ვიცით, რაც ეკლესიამ იცოდა ათასი წლის წინ; არც მაშინდელ ეკლესიას ჰქონდა მოციქულთა ეპოქის ცოდნაზე მეტი. ეკლესია მუდამ თავისთავადია – ახალი არაფერი ემატება, იგი მხოლოდ ცხადყოფს სიმბოლოებს… თავად ღვთისმეტყველება არის ეკლესიის მარადიული დოგმატების გადმოცემა თანამედროვე ადამიანებისთვის გასაგებ ენაზე. მაგრამ ღვთისმეტყველება, ვთქვათ, ფიზიკა ან ქიმია არ არის, რომ რაიმე ახალი აღმოაჩინოს. როდესაც რელიგიურ პრობლემებს ვახსენებთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მთლად ზუსტი განსაზღვრება არ არის – ეკლესიაში არ არის და ვერც იარსებებს რაიმე რელიგიური პრობლემატიკა. შესაძლოა მხოლოდ გარკვეული სირთულეების გამოჩენა უკვე ცნობილი საეკლესიო ჭეშმარიტებების ცხადყოფის პროცესში ზუსტ სიტყვიერ განმარტებათა ძიებისას.

საეკლესიო ჭეშმარიტებანი დისკუსიის ან პოლემიკის დონეზე არ წყდება. ამ ჭეშმარიტებებით ვლინდება ეკლესიის სწავლება, რომელიც მუდამ არსებობდა. მაგალითად, XIV საუკუნეში გაჩაღდა ე.წ. პალამიტური პაექრობანი – ამბობდნენ, თითქოს ეკლესიამ შეიწყნარა „ახალი“ დოგმატი საღვთო არსებისა და საღვთო ენერგიების შესახებ. მაგრამ თუ პარტისტიკას მივმართავთ, დავინახავთ, რომ წმინდა გრიგოლამდე „პალამიტები“ იყვნენ ღირსი მამები: მაკარი დიდი, სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, გრიგოლ სინელი და მრავალნი სხვანი, რაც ნიშნავს, რომ ეს სწავლება მუდამ ჰქონდათ აღმოსავლეთის ეკლესიის მამებს. ჯერ კიდევ ბასილი დიდი ასწავლიდა საღვთო თვისებებსა და საღვთო არსებაზე. მის წიგნში „ევნომიუსის წინააღმდეგ“ არის  მოძღვრება საღვთო ბუნებასა და საღვთო სახელთა შესახებ. მართალია, მღვდელმთავარმა გრიგოლ პალამამ ჩამოაყალიბა მართმადიდებლური სწავლება, რომელიც  დაამტკიცა კონსტანტინოპოლის ორმა კრებამ, მაგრამ იგი ქრისტიანული დოგმატიკის განვითარებაში ახალი ნაბიჯი ან ეტაპი არ ყოფილა – მასში ღვთისმეტყველების თვალსაზრისით სწორად გამოვლინდა უკვე არსებული და ცნობილი საეკლესიო ჭეშმარიტებანი. პირადი ფანატიზმის გამოვლინებად ვერ განიხილება პოზიცია, რომლის თანახმად არ  შეიძლება გაერთიანება მათი, რომელთა  შეერთებაც არ შეიძლება – მართმადიდებლობას აქვს ჭეშმარიტების სისავსე და არ სჭირდება გარეშე „ჭეშმარიტის“ შემოერთება. ამ პოზიციას ადასტურებს ეკლესიის ისტორია, წმინდა მამათა მაგალითები და მსოფლიო და ადგილობრივ კრებათა დადგენილებანი, რომლებიც ეკლესიას არ გაუუქმებია და ამას არც გააკეთებს, რადგან ამ შემთხვევაში გაუქმდება თავად წმინდა მართმადიდებლობა.

სხვა საკითხია: გარკვეულწილად შემოინახა თუ არა ჭეშმარიტება სხვა აღმსარებლობებში და რაოდენ გამრუდებულია იგი ამა თუ იმ კონფესიაში? პავლე მოციქული ამბობს: გარეშეთა არ განვიკითხავთ (იხ. 1 კორ. 5,12). ამიტომაც ვფიქრობ, რომ ჩვენთვის მთავარია გავიგოთ: გადარჩენა შესაძლებელია მხოლოდ მართმადიდებელ ეკლესიაში, ჩვენთვის უცხოა სხვა აღმსარებლობა და რჯული. და გარეშენი იგი ღმერთმან განიკითხნეს (1 კორ. 5,13).

წიგნიდან: სიტყვა ნუგეშინისცემისა

მთარგმნელები: რუსუდან ბუაჩიძე, ნინო ბელთაძე, ლონდა ჯიქია

წყარო: qadageba.ge

ფოტოს ავტორი: სოსო ლიპარტია