რა არის ბავშვის აღზრდის ძირითადი მიზანი?
ზოგიერთი დედა უმთავრესად იმას აქცევს ყურადღებას, რომ ბავშვები კარგად იკვებებოდნენ და ჯანმრთელები გაიზარდონ. სხვები უფრო მეტად იმას ცდილობენ, რომ შვილებს კარგი განათლება მიაღებინონ. მესამენი ძალისხმევას არ იშურებენ, რომ ბავშვებში ნიჭი განავითარონ და იმაზე ოცნებობენ, რომ ისინი ნიჭიერი მუსიკოსები, მხატვრები ან მეცნიერები გამოვიდნენ.
ქრისტიან მშობლებს ეს ყოველივე არ უნდა ჰქონდეთ დასახული აღზრდის უპირველეს მიზნად. ისინი ყველაზე უწინ და ყველაზე მეტად იმისთვის უნდა ზრუნავდნენ, რომ ბავშვები მტკიცე მორწმუნეებად და ეკლესიის ცოცხალ წევრებად აღიზარდონ, რომ მათ სულში „გამოიხატოს ქრისტე“ (გალატ. 4,19), რომ ყველაზე მეტად ღმერთი შეიყვარონ, ხოლო „მოყუასი, ვითარცა თავი თვისი“ (მათ. 22,39), და ცხოვრების მიზნად დაისახონ „სული წმიდის მოხვეჭა“ (ღირსი სერაფიმე საროველის სიტყვებიდან).
თუკი მშობლები ამას მიაღწევენ, სხვა დანარჩენი – განათლება, ნიჭის განვითარება, ჯანმრთელობა – თავისით შეემატება, როგორც უფალმა ბრძანა: „ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ“ (მათ. 6,33).
ღირსი სერაფიმე საროველი ერთ დედას ეუბნებოდა: „დედავ, ნუ იჩქარებ ბავშვებს ფრანგული და გერმანული შეასწავლო, პირველ რიგში მათი სულები მოამზადე, ხოლო დანარჩენი შემდეგ შეემატებათ“.
უფალი ეძიებს ისეთ ადამიანებს, რომლებიც ბოლომდე მისი ერთგულნი იქნებიან, და დიდი მადლი მიეფინებათ იმ მშობლებს, რომლებიც შეძლებენ ასეთი შვილების აღზრდას. წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: „ვინც თავისი შვილების მიმართ დაუდევარია, ის, თუნდაც სხვა მხრივ მოწესრიგებული იყოს, დიდ სასჯელს მიიღებს ამ ცოდვისათვის“; და შემდეგ: „ჩვენთვის ყველაფერი მეორე ხარისხოვანი უნდა იყოს ბავშვებზე ზრუნვასთან შედარებით, რომ აღვზარდოთ ისინი „სწავლითა და მოძღურებითა უფლისაჲთა“ (ეფეს. 6,4)“.
წმიდა წერილში მრავალ ადგილასაა ნათქვამი მშობლების პასუხისმგებლობაზე შვილების გამო. ძველ აღთქმაში არის მაგალითები იმისა, თუ როგორ დაისაჯნენ უსჯულოდ მცხოვრები შვილების მშობლები.
ამისთვის დაისაჯა მღვდელი ელი, რომლის შესახებაც ღმერთი ეუბნება წინასწარმეტყველ სამოელს: „და უთხრა მას: რამეთუ მოვიგო შური სახლისა ჩემისა სახლსა მისსა ზედა უკუნისამდე ჟამთა უსჯულოებათათვის ძეთა მისთასა, რამეთუ ძვირსა იტყოდეს ღმრთისათვის ძენი მისნი და არა განსწავლნა“ (1 მეფ. 3,13).
ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ელი შვილების აღზრდას არ უგულებელყოფდა. ის ამხელდა მათ, ეუბნებოდა: „ნუ შვილნო! ნუ იქმთ მაგას, რამეთუ არა კეთილ არს სმენაჲ ესე, რომელი მესმის თქუენთვის, რამეთუ განაგრილებთ გონებასა ამის ერისასა არა მსახურებად უფლისა“ (1 მეფ. 2,24).
როგორც ჩანს, ელის უფრო მეტი მოეთხოვებოდა, ვიდრე მარტო მშვიდი სიტყვები. მას მოეთხოვებოდა თავგამოდება, შვილების დასჯა, მათი მოთოკვა. ამის შესახებ საუბრობს წმ. იოანე ოქროპირი: „რადგან ელიმ არ მოიმოქმედა ყველაფერი, რაც საჭირო იყო, ღმერთი აღდგა მისი და მისი შვილების წინააღმდეგ; ელიმ უდროოდ დაინდო საკუთარი თავიცა და შვილებიც და დაღუპა ისინიც და საკუთარი თავიც. ღმერთი მას მხოლოდ შვილებისადმი დაუდევრობაში ადანაშაულებდა. ელი მღვდელიც იყო და მსაჯულიც, სახელოვანიც, თორმეტი წელი უმწიკვლოდ მართავდა ებრაელ ხალხს. მაგრამ ის მეტად სამწუხაროდ დაიღუპა იმის გამო, რომ გულმოდგინედ არ ზრუნავდა შვილებზე, და მისი დაუდევრობის ცოდვამ, როგორც სასტიკმა, უზარმაზარმა ტალღამ ყველაფერს გადაუარა და ყველა მისი ნაღვაწი დაფარა. ჩვენ როგორიღა სასჯელი მოგველის, ვინც სათნოებებშიც ბევრად ჩამოვრჩებით მას, შვილებს კი არც ვმოძღვრავთ და მათ მიმართ ბარბაროსებზე უფრო სასტიკად ვიქცევით“.
ჩვენგან შეუმჩნეველ დაუდევრობას შვილების მიმართ ოქროპირი ასე ამხელს: „როდესაც შენ დაინახავ, რომ რომელიღაც მაწანწალამ შენ შვილს წამოარტყა, გაბრაზდები, აღშფოთდები და მხეცზე უფრო გამძვინვარებული მივარდები მას, ვინც დაარტყა; ხოლო როცა ყოველდღიურად ხედავ, როგორ ურტყამს შენ შვილს ეშმაკი, როგორ მიჰყავთ ის დემონებს ცოდვისკენ, შენ გძინავს, არ ბრაზდები, არ შფოთავ, არ გამოსტაცებ ვაჟს ყველაზე საშინელ მხეცს“.
მსოფლიო ეკლესიის ისტორიაში მრავალი მაგალითია იმისა, რომ შვილები პირდაპირ არიან დამოკიდებული მშობლების ღირსებაზე, რომელთა დიდი ღვთისმოსაობის შედეგი, ჩვეულებრივ, იყო შვილების მაღალი სულიერი ღირსება. ისტორიაში მოთხრობილია ოჯახების შესახებ, რომლებშიც ყველა შვილი დიდი კეთილმსახურებით გამოირჩეოდა.
მაგალითად, ასეთები იყვნენ ძველ აღთქმაში შვიდი მაკაბელი მოწამის ოჯახი (2 მაკაბ. 7), ახალ აღთქმაში – მოწამე ფელიცატას ოჯახი (ხს. 25 იანვარს ძვ. სტ.), რომლის შვიდივე ვაჟი მოწამებრივად აღესრულა; მოწამე სოფიოს სამი ქალიშვილი (ხს. 17 სექტემბერს ძვ. სტ.); წმ. ბასილი დიდის მშობლების ოჯახი, რომელშიც ათ შვილს შორის იყვნენ: სამი მღვდელმთავარი (წმ. ბასილი დიდი, წმ. გრიგოლ ნოსელი, წმ. პეტრე სებასტიელი), ღირსი მაკრინე, ნეტარი თეოზვა დიაკონისა, აგრეთვე ორი წმინდანი მეორე და მესამე თაობაში; წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის მშობლების ოჯახი; მოსკოველი ვაჭრის, პუტილოვის ოჯახი, საიდანაც შვილები სამი მონასტრის იღუმენები გამოვიდნენ; სქემმონაზონ ფილიპეს ოჯახი, რომლის სამი ვაჟი მამასთან ერთად წმ. სერგის ლავრაში დამკვიდრდა, და მრავალი სხვა.
შეიძლება ისეთი მაგალითების მოძებნაც, როდესაც უღირსი მშობლების შვილები კეთილმსახურნი იყვნენ (მაგ. დიდმოწამე ბარბარე), მაგრამ ძნელია ისეთი შემთხვევების პოვნა, როდესაც ორივე მშობლის ღვთისმოსაობას არ მოჰყვა შედეგად ღირსეული შვილები.
შვილებზე ზრუნვა, როგორც აღზრდის საფუძველი, ებრაელებს ძველი აღთქმის წიგნებიდან ემცნოთ. „განსწავლე შვილი შენი და შუენიერ იყო მის თანა, რაჲთა არა გინებულებითა მით მისითა შენცა სცთე“ – ნათქვამია ისუ ზირაქის სიბრძნის წიგნში (30,13).
ახალ აღთქმაში წმ. პავლე მოციქული ასე ახასიათებს მშობლების შრომას: „ვითარცა მამაჲ თვისსა შვილსა, ეგრეთ გლოცევდით თქუენ და ნუგეშინის-გცემდით და გიწამებდით“ (1 თესალ. 2,11-12).
„წყეულ იყავნ ქუეყანა საქმეთა შინა შენთა… ეკალსა და კუროჲსთავსა აღმოგიცენებდეს შენ“, – გაიგონა ადამმა ღვთისგან ცოდვით დაცემის შემდეგ (დაბ. 3,17-18). და ჩვენც ვიცით, როგორი ძალით ცდილობენ აღმოცენებას ეკლები ჩვენი შვილების სულებში – ბოროტი მიდრეკილებებისა და ვნებების ეკლები. შეუპოვარი, ხანგრძლივი შრომაა საჭირო როგორც მატერიალური, ასევე სულიერი მიწის დასამუშავებლად, და უწყვეტად, შეუნელებლად უნდა ხდებოდეს მისგან სწრაფად მზარდი ეკლების ამოგლეჯა. აღზრდაში დაუდევრობა არ ჩაივლის უშედეგოდ: ბავშვის სულში წამოზრდილი ცოდვის ეკლები მოაშთობენ სათნოების ჯანსაღ ყლორტებს.
შრომა და ბრძოლა საჭიროა ბავშვის აღზრდის საქმეში როგორც „დიდში“, ასევე „მცირეში“, რადგან „მცირესგან“ შედგება „დიდი“, და თუკი „მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ“ (მათ. 25,21). „ცოტას წაუძინებ, ცოტა ხანს იწვები“ და შეემთხვევი სულიერ სიღარიბეს, სათნოების სიღატაკეს, რწმენის დასუსტებას, სიყვარულის შემცირებას შენშიც და შვილებშიც.
„სასუფეველი ცათაჲ იიძულების, და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი“ (მათ. 11,12).
როდის უნდა დაიწყონ მშობლებმა შრომა ბავშვის სულისთვის? ყველაზე ადრეული ასაკიდან.
ბავშვები უნდა შემოვზღუდოთ ბრძნული ზრუნვით, ყურადღებით; როცა საჭიროა – ალერსითა და ტკბილი სიტყვით, და ამასთანავე, საჭირო დროს – შეგონებითა და სიმკაცრით. ბავშვი დააფასებს ზრუნვასა და ყურადღებას, ნებისმიერი ფორმით გამოვლენილს, თუკი „ყოველივე თქუენი სიყვარულით იქნება“ (იხ. 1 კორ. 16,14), თუკი ყველა ჩვენს სიტყვაში ის სიყვარულს იგრძნობს. ბავშვის გული მგრძნობიარე და გულისხმიერია, და როცა ჩვენ ჩვენს გულს, უფლის მცნებების გულისთვის, ვაძლევთ ბავშვებს, ისინი თავის გულს მოგვცემენ.
ოჯახი ციხესიმაგრეა, რომელსაც „ადამიანთა მტერი“ დაუღალავად უტევს. საშინელია ოჯახის დაყოფა. მაცხოვარი ამბობს: „და უკუეთუ სახლი სახლსა განევლთას, ვერ ხელ-ეწიფების სახლი იგი დამტკიცებად“ (მარკ. 3,25). მთავარი პირობა ოჯახის ერთიანობისა და ბავშვებში ჩანერგილი სულიერი საფუძვლების სიმტკიცისა არის ოჯახის წევრების ურთიერთკავშირი, სიყვარული. გავუფრთხილდეთ ოჯახის ერთობას სიყვარულში, გვახსოვდეს და უპირველესად ოჯახში აღვასრულოთ მნიშვნელობით უპირველესი და დროით უკანასკნელი მცნება უფლისა: „იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ“ (იოან. 13,34).
რა სიხშირით უნდა ვაზიაროთ ბავშვი? უფალი მოგვიწოდებს ზიარებისთვის ყოველ წირვაზე: „მიიღეთ და ჭამეთ…“ თუკი ჩვენ, ზრდასრულები, ჩვენი უღირსებისა და მოუმზადებლობის გამო ვერ ვბედავთ ხშირად ვეზიაროთ ქრისტეს სისხლსა და ხორცს, უდანაშაულო ბავშვებისთვის ეს წინააღმდეგობა არ არსებობს. „რაც შეიძლება ხშირად აზიარეთ ბავშვები ქრისტეს წმიდა საიდუმლოს“, – გვირჩევს წმ. ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული. ამიტომ ბავშვები უნდა ეზიარონ ყველა წირვაზე, რომელზედაც მშობლები შეძლებენ დასწრებას, და თუ შესაძლებელი იქნება, სულ მცირე, ყოველ დღესასწაულზე და ყოველ კვირა დღეს.
სუნთქვის რიტმის მიხედვით მსჯელობენ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, და როგორ ეშინიათ მშობლებს, როცა ბავშვის სუნთქვა გაძნელებულია და მას სულის შეხუთვა ემუქრება. მაგრამ გაცილებით მეტად უნდა გვეშინოდეს, როდესაც ბავშვებს არ გააჩნიათ ან შეუწყდებათ სულიერი ცხოვრების სუნთქვა – ლოცვა. ამას რომ შევეწინააღმდეგოთ, საჭიროა ბავშვს ლოცვა დავაწყებინოთ ყველაზე მცირე ასაკიდან და განვავითარებინოთ იგი, გამუდმებით შევეშველოთ ლოცვის გაღრმავების საქმეში. როგორც კი ბავშვში ცნობიერება გაიღვიძებს, დაახლოებით ორი წლის ასაკიდან, უნდა ვესაუბროთ ღმერთის შესახებ, რომ იგია წყარო სიცოცხლისა და ყოველგვარი სიკეთისა, ამასთანავე უნდა ვასწავლოთ ლოცვა. დაე ბავშვმა გაითავისოს მთელი ცხოვრებისთვის, რომ გაღვიძების შემდეგ პირველ რიგში პირჯვარი უნდა გამოისახოს, პირველი სიტყვები შემოქმედის დიდება უნდა იყოს (დიდება შენდა, ღმერთო, დიდება შენდა); პირველი საუბარი – ლოცვა – დაწესებული ლოცვის კანონის აღსრულება; პირველი საჭმელი დღის განმავლობაში – ზიარება, ან ნაკურთხი წყალი და სეფისკვერი.
როდესაც ბავშვი წამოიზრდება, პირველი საკითხავი დღის განმავლობაში უნდა იყოს სახარება, და პირველი წასასვლელი დღესასწაულზე – ღვთის ტაძარი.
ეკლესიიდან დაბრუნების შემდეგ ბავშვებს უნდა ავუხსნათ ის, რაც მოსმენილიდან ვერ გაიგეს. ზადონელი დაყუდებულის, გიორგის დედას ჩვეულებად ჰქონდა, ეკლესიიდან სახლში დაბრუნების შემდეგ ეკითხა პატარა გიორგისთვის, რა წაიკითხეს წირვის დროს სახარებიდან და სამოციქულოდან. ის აქებდა ბავშვს, როდესაც მისი პასუხებიდან იგებდა, რომ ის ეკლესიაში ყურადღებით იყო, ხოლო უყურადღებობის შემთხვევაში მსუბუქად სჯიდა.
წმ. ეპისკოპოსი თეოფანე გვასწავლის, რომ დღის განმავლობაში ყველა საქმეს უნდა ვაკეთებდეთ ღმერთზე ფიქრით, გულში უნდა გვქონდეს გრძნობა, რომ ღმერთზე ვართ დამოკიდებულნი, გონებით განუწყვეტლივ უნდა ვლოცულობდეთ და მუდმივად უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ღვთის წინაშე ვიმყოფებით.
ბავშვებსაც უნდა ვასწავლოთ, რომ მუდმივად ილოცონ. მაგალითად, ასე იყო განსწავლული ბავშვობიდან ღირსი მაკრინე – ბასილი დიდის და (ხს. 19 ივლისს). მის ცხოვრებაში მოთხრობილია, რომ გოგონას ბაგეებიდან მთელი დღის განმავლობაში გალობა ისმოდა: „ლოგინიდან დგებოდა თუ რაიმე საქმეს აკეთებდა, სადილობდა თუ სუფრიდან დგებოდა, შუადღე იყო თუ საღამო, ის მუდმივად ფსალმუნებს გალობდა“.
ბავშვები ადრეული ასაკიდან უნდა მიეჩვიონ ლოცვას ჭამის წინ და მის შემდეგ, სწავლის დაწყების წინ და მის შემდეგ, სახლიდან გასვლისას, ნებისმიერი საქმის დაწყებისას.
წმ. ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული მშობლებს ასეთ რჩევას აძლევს:
„ბავშვი ისე უნდა ვკვებოთ, რომ სხეულის განვითარებასთან ერთად, როდესაც მის სიმტკიცესა და სიჯანსაღეს შევეწევით, არ აღვაგზნოთ მის სულში გემოთმოყვარება. იმას ნუ შევხედავთ, რომ ბავშვი პატარაა; საჭიროა პირველივე წლებიდან მოითოკოს სხეულის არაჯანსაღი მიდრეკილება და უნდა შევაჩვიოთ ყმაწვილი, დაიმორჩილოს თავისი სხეული, რომ ახალგაზრდობაშიც და მის შემდეგაც ადვილად მართოს ხორციელი მოთხოვნილება.
პირველი დვრიტა ძალიან ძვირფასია. ჩვილის კვებაზე ბევრი რამაა დამოკიდებული მომავალში. შესაძლებელია შეუმჩნევლად განვითარდეს გემოთმოყვარება და უზომო ჭამა – ნაყროვანების ორი სახეობა, ეს სხეულისა და სულის დამღუპველი მიდრეკილებები, რომლებიც კვებაზე არიან დახვეულები.
კვების დადგენილი წესიდან აუცილებლობის გარეშე არ უნდა გადაუხვიოთ. ეს აჩვევს ბავშვს, რომ საჭმელი არ ითხოვოს ყოველთვის, როცა კი ჭამა მოუნდება, არამედ დაელოდოს განსაზღვრულ დროს. აქაა პირველი ძალისხმევები იმისათვის, რომ უარი ვუთხრათ საკუთარ სურვილებს.
სადაც ჩვილს აჭმევენ ყოველთვის, როდესაც ატირდება, შემდეგ კი ყოველთვის, როცა ჭამას მოითხოვს, იქ ისე ასუსტებენ მას, რომ შემდეგ საკვებისგან თავშეკავება მის დასნეულებას გამოიწვევს. ამასთანავე ბავშვი ეჩვევა თავნებობას იმიტომ, რომ აღწევს გამოითხოვოს ან ტირილით მოიპოვოს ყველაფერი, რაც სურს“.
არ უნდა დავუთმოთ ბავშვის ახირებებს და მხოლოდ ის არ უნდა ვაძლიოთ, რაც მას უყვარს. საზიანოა აგრეთვე ბავშვის მიჩვევა ძალიან გემრიელ და განსაკუთრებულ საკვებზე. საკვები უბრალო უნდა იყოს; „შიმშილი საუკეთესო მზარეულია“, ამბობს ფრანგული ანდაზა.
სულიერი შვილების მარხვისადმი ბრძნული დამოკიდებულების მაგალითად მოგვყავს ამბავი წმ. პახუმი დიდის ცხოვრებიდან:
როდესაც წმინდანმა მის მიერ დაფუძნებული ერთ-ერთი მონასტერი მოინახულა, მოისმინა ახალგაზრდა მონაზვნის საჩივარი იმის შესახებ, რომ ბოლო დროს მათ ცხელ კერძს აღარ უხარშავდნენ. ღირსმა პახუმიმ გაარკვია, რომ ეს იყო მთავარი მზარეულის ბრძანება, რომელიც მზარეულებს აიძულებდა, საჭმლის მომზადების ნაცვლად ჭილობები დაეწნათ. ღირსი მამა ძალიან დამწუხრდა ამ თავნებობის გამო და ბრძანა დაეწვათ მზარეულების მიერ დამზადებული 500 ჭილობი. მან უთხრა მზარეულს, რომ მას, პირიქით, სხვადასხვაგვარი კერძები უნდა მოემზადებინა და ყველანაირი ნაყოფი მოეხარშა, რომ ძმებისთვის საშუალება მიეცა, საკუთარი ნებით შეეკავებინათ თავი მათგან და საკუთარი სურვილების მოთოკვა ესწავლათ; წმინდანის თქმით მას ყველაზე უფრო ის აწუხებდა, რომ ძმები მოწყინებაში არ ჩავარდნილიყვნენ მათთვის უჩვეულოდ მკაცრი ცხოვრებით, ხოლო სუსტები ხორციელად არ დაუძლურებულიყვნენ.
მოსიყვარულე ბავშვი ასეთად იზრდება ურთიერთსიყვარულის ატმოსფეროში. ის მშვიდი და სიხარულით აღვსებული იქნება, თუკი ეს გრძნობები ბატონობენ მის ოჯახში. მასში არანაირი ეჭვი არ ჩაისახება, თუკი მშობლების რწმენა ძლიერია. ბავშვს სხვისი ტანჯვის მიმართ თანამგრძნობი გული ჩამოუყალიბდება, თუკი ის მუდმივად იქნება მოწმე, შემდეგ კი მონაწილე მოწყალების საქმეებისა, თუკი მისი მშობლები სიკეთის მოქმედნი და ხელგაშლილნი, დამხმარენი და თანამგრძნობნი იქნებიან ტანჯულთა მიმართ.
ასეთი სულისკვეთებით აღზრდილი ბავშვები, როგორც წესი, დიდი სიხარულითა და მონდომებით ეხმარებიან მშობლებს ამგვარ მსახურებაში მოყვასის დასახმარებლად, მათაც შეაქვთ წვლილი საკუთარი შრომით. გავიხსენოთ, როგორი გულმოდგინებით ეპატიჟებოდა შვიდი წლის ყმაწვილი ბართლომე (მომავალი ღირსი სერგი რადონეჟელი) უცნობ ბერს მშობლების სახლში, რადგან იცოდა მათი სიყვარული მწირების მიმართ.
მშობლების მუდმივი და გულმოდგინე ლოცვის მაგალითით მათი შვილებიც სწავლობენ ლოცვას. ასევე ცოცხალი მაგალითებით სწავლობენ ბავშვები სხვა სათნოებებს: ღვთის შიშს, სიმდაბლეს, სიმშვიდეს, მოთმინებასა და თავშეკავებას (საუბარში, საკვებში და ა.შ.). აი ასეთ პირობებში მიბაძვის კანონის საფუძველზე შეიძლება მომწიფდეს ჩვენს ბავშვში „დაფარული იგი გულისა კაცი, უხრწნელითა მით მშვიდისა მის და მყუდროჲსა სულისა წესითა“ (1 პეტ. 3,4). უფალმა ბრძანა: „სული წმიდაჲ რომელი მოავლინოს სახელითა ჩემითა მამამან, მან გასწაოს თქუენ ყოველი“ (იოან. 14,26). და თუკი მშობლები იზრუნებენ გულის განწმენდისათვის და სული წმიდის მოხვეჭისათვის, სული ღვთისა განაბრძნობს მათ, უხელმძღვანელებს აღზრდის საქმეში და ცხონებამდე მიიყვანს მშობლებსაც და მათ შვილებსაც.
ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი შვილები იზრდებოდნენ სულიერი ადამიანების გარემოში. დაე ჩვენი სახლის კარი ფართოდ იყოს გაღებული ყველა ღვთისმოყვარისთვის, რომ შვილებმა შეძლონ ბავშვობიდანვე გაიცნონ სულიერი მშვენიერების ყველა სახე და გაიგონ მოღვაწეობათა და ქრიტესთვის ჯვრისმტვირთველობათა მრავალფეროვნება.
რა მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის ბავშვობაში გაგონილ სიტყვებს და როგორ უნდა დავიცვათ შვილები უკეთური ზემოქმედებისა და საუბრისაგან, ამის შესახებ მოწმობს გლეხის ოჯახში აღზრდილი ღირსი სილუან ათონელის მონათხრობი საკუთარი თავის შესახებ:
„ერთხელ ჩვენთან წიგნებით მოვაჭრე მოვიდა. მე მაშინ ოთხი წლისა ვიყავი და ყურადღებით ვუსმენდი მის საუბარს მამაჩემთან. ვაჭარი უმტკიცებდა მამას, რომ ქრისტე ღმერთი არ არის და რომ ღმერთი საერთოდ არ არსებობს. მე განსაკუთრებით მომწყლა სიტყვებმა: „აბა სად არის ღმერთი?“ მე გავიფიქრე: „როცა დიდი გავიზრდები, მთელ ქვეყნიერებას შემოვივლი ღმერთის მოსაძებნად“.
როცა სტუმარი წავიდა, მამას შევეკითხე: „შენ ლოცვას მასწავლიდი, ის კი ამბობს, რომ ღმერთი არ არსებობს“. მამამ მიპასუხა: „ჭკვიანი კაცი მეგონა, ის კი სულელი აღმოჩნდა. არ დაუჯერო მას“. მაგრამ ამ პასუხმა ვერ აღმოფხვრა ეჭვი ჩემი სულიდან. სანამ 19 წელი შემისრულდებოდა, წიგნის მოვაჭრის ნათქვამი ტვირთად მაწვა და სადღაც სულის სიღრმეში გადაუწყვეტელი რჩებოდა.
ის გადაწყდა ერთი გლეხი ქალის მოწმობის შედეგად. ქალმა მოილოცა დაყუდებული მოღვაწის, იოანე სეზენოვსკის საფლავი და მოგვიყვა სასწაულებზე, რომლებიც იქ ხდებოდა, ამასთანავე ზოგიერთმა დამსწრე მოხუცმაც დაამოწმა ამის შესახებ. მაშინ გავიფიქრე: „თუკი ის წმინდანია, მაშინ ღმერთი ჩვენთანაა და აღარ მჭირდება ქვეყნიერების შემოვლა მის მოსაძებნად“. ამ აზრთან ერთად ჩემი გული ღვთის სიყვარულით აინთო“.
ჩვენ, ცხადია, ვზრუნავთ, რომ ჩვენი შვილები მშივრები არ იყვნენ და მათი საკვები ყუათიანი და ხარისხიანი იყოს, მაგრამ ამასთან ერთად ვზრუნავთ კი საკმარისად იმისთვის, რომ ისინი სულიერადაც იკვებებოდნენ რეგულარულად? არადა სულიერი საკვები შეუდარებლად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხორციელი, რადგან სულიერი საკვებით ყალიბდება ბავშვის სული. ამიტომაც ლოცვასთან ერთად ბავშვი უნდა ისმენდეს სულიერ ამბებს და საკითხავებს, ხოლო როცა თვითონ დაიწყებს კითხვას, აუცილებელია მივცეთ სულის მკვებავი წიგნები.
იღუმენი თეოდოსი ოპტინის უდაბნოდან თავისი ცხოვრების მოგონებებში ყვება იმ ზემოქმედების შესახებ, რომელიც მასზე მოახდინა ბავშვობაში ღვთისმოსავი ბებიის გვერდით გატარებულმა საღამოებმა. ბებია საღამოობით შემოიკრებდა ხოლმე ოჯახს, ვინმეს სთხოვდა წმინდანების ცხოვრება წაეკითხა, ხოლო თვითონ ხელსაქმით იყო დაკავებული. მოგონება ამ საღამოებისა, რომლებიც სულს უთბობდნენ, იღუმენ თეოდოსის მთელი ცხოვრების მანძილზე შემორჩა.
უსტ-მედვედიცკის მონასტრის იღუმენია არსენიას მშობლების ოჯახში ასეთი ჩვეულება იყო: სადღესასწაულო დღეებში იკრიბებოდნენ მამის კაბინეტში, სადაც ერთ-ერთი უფროსი შვილი კითხულობდა სახარებას ან წმინდანების ცხოვრებებს, ხოლო მამა წაკითხულს განმარტავდა. ეს საკითხავები და საუბრები ბავშვებზე ღრმა შთაბეჭდილებას ახდენდა.
კარგი წიგნები – ჩვენი და ჩვენი შვილების საუკეთესო მეგობრებია. ჩვენ თვითონაც დავუთმოთ მათ დრო და ჩვენ შვილებსაც ამისკენ მოვუწოდოთ. წიგნები ყოველთვის უნდა ვამჯობინოთ ამაო საუბრებს. კარგი სასულიერო ბიბლიოთეკა – ოჯახის ყველაზე ძვირფასი განძია. არ უნდა დავიშუროთ შრომა და საშუალებები ამ სულიერი კაპიტალის დასაგროვებლად. ის საშუალებას გვაძლევს ნებისმიერ დროს ვესაუბროთ ყველაზე დიდებულ და ყველაზე ბრძენ ადამიანებს, მათ, ვისზედაც სული წმიდა იყო გარდამოსული. ეს სულიერი კაპიტალი ულევია: კარგი წიგნი შეიძლება მრავალჯერ წაიკითხო, და ის არ შეწყვეტს ჩვენს სულიერ კვებას, ჩვენი გულის გათბობას და ჩვენს მიდრეკას სიკეთისაკენ, სულიერი მშვენიერების მაგალითებითა და მიმზიდველობით. განსაკუთრებით ეს ეხება წმიდა წერილის კითხვას. რამდენჯერაც გინდა წაიკითხო, ყოველთვის ჰპოვებ ახალ, ადრე ვერ შემჩნეულ აზრებს – ახალ სულიერ საკვებს… ამიტომაც წმიდა წერილის საკითხავები და წმინდანების ცხოვრებები ბავშვებს მრავალჯერ უნდა წავუკითხოთ.
განსაკუთრებული გულმოდგინებით უნდა დავიცვათ ნებისმიერი ასაკის ბავშვი მკრეხელური (ღვთისმბრძოლი, უზნეო, არაწმინდა მაგალითების მთესველი) წიგნების კითხვისაგან. ღვთისმბრძოლი წიგნების კითხვა დაუშვებელია არა მხოლოდ ბავშვებისათვის, არამედ უფროსებისთვისაც… საკუთარი რწმენის სიმტკიცის გამოცდა ღვთისმბრძოლი წიგნების კითხვით ცოდვაა, უფლის მცნების თანახმად: „არა განსცადო უფალი ღმერთი შენი“ (მათ. 4,7). ცნობილია ამბავი ანტონი დიდის შესახებ, რომელმაც მასთან მისული არიოზელებისგან მწვალებლური სიტყვები რომ მოისმინა, ამხილა ისინი და მაშინვე მთიდან განდევნა; დიდი წმინდანიც კი ერიდებოდა საკუთარი რწმენის სიმტკიცის გამოცდას.
უზნეო წიგნების არაწმინდა სახეებს ძალუძთ ისე ღრმად ჩაჯდნენ სულში, რომ იქ ცხოვრების ბოლომდე დარჩნენ, არ გაქრნენ მეხსიერებიდან და ბილწი წარმოდგენებით გვახსენონ თავი. ამიტომ ამბობდა ერთი ბერძენი ფილოსოფოსი: „მე მსურდა მქონოდა არა იმდენად კარგი მეხსიერება, რამდენადაც დავიწყების უნარი“.
არა მხოლოდ ამგვარი ლიტერატურაა საზიანო ჩვენი შვილებისთვის. ნებისმიერი წიგნი, რომლის ავტორი უღმერთო ადამიანია, ატარებს მისი ავტორის უღმერთო მსოფლმხედველობის ანაბეჭდს და რაღაც დოზით შთააგონებს მკითხველს, სამყაროს მისი თვალით უყუროს. ნეტარი იერონიმე ერთ-ერთ დედას სწერდა: „დაიცავით თქვენი შვილი იმგვარი საკითხავებისგან, რომლებსაც ქრისტიანის სულში წარმართული წარმოდგენები და გემოვნებები შეაქვთ“. ამიტომ მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ თანამედროვე საბავშვო ლიტერატურის მნიშვნელოვანი ნაწილის უარყოფითი ზეგავლენა.
გადამეტებული გონებრივი დატვირთვა ბავშვის ჯანმრთელობას აზიანებს და ნერვული სისტემის გადაღლას იწვევს. ამის საპირწონე უნდა იყოს სუფთა ჰაერზე სეირნობა და მოძრავი თამაშები უმცროს ასაკში, ხოლო მოზრდილებში ფიზიკური შრომა.
განსაკუთრებით სიფრთხილით უნდა დავტვირთოთ სწავლით ის ბავშვები, რომლებშიც აშკარად მოჩანს მიდრეკილება სულიერი ცხოვრებისაკენ. ეს ღვთის რჩეულები უფრო მეტად სულიერი საკვებით უნდა ვასაზრდოოთ.
რადიოსა და ტელევიზორის ჩართვისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ოთახში მყოფთაგან ყველანი იძულებული იქნებიან მას უსმინონ (ზოგჯერ ეს მთლიანად სახლში მყოფებსაც შეეხებათ), მათ შორის იმათაც, ვისაც არა აქვს ამის სურვილი. ოჯახის ამ წევრებს წაერთმევათ სიწყნარე, ყურადღების მოკრების, ლოცვისა და კითხვის საშუალება. ასე რომ არ მოხდეს, რადიო და ტელევიზორი უნდა ჩავრთოთ ოჯახის ყველა წევრის თანხმობით. ტელევიზორი შესაძლოა უბედურებად იქცეს ქრისტიანული ოჯახისათვის, პირველ რიგში ბავშვებისათვის. ისინი უნდა დავიცვათ სულისთვის მავნებელი ფილმებისაგან და მუდმივი გართობის საცდურისაგან. ამას გარდა, ტელევიზორის ხანგრძლივი ყურება ვნებს ჯანმრთელობას, განსაკუთრებით კი მხედველობას.
ყველაფერში, განსაკუთრებით გართობასთან დამოკიდებულებაში, მშობლებმა პირველ რიგში თვითონ უნდა მისცენ მაგალითი შვილებს მშვიდი, გაუფანტავი ცხოვრებისა, რომელიც მიძღვნილია მოყვასის შესაწევნელად თავდაუზოგავი მსახურებისთვის, რომელიც არის ცხოვრება ღვთის შიშით, ცხოვრება ღმერთისთვის, ცხოვრება ღვთის წინაშე.
თუკი შეუძლებელია ბავშვები სრულად დავიცვათ ამსოფლიური საცდურებისგან… დაე ეშინოდეთ მშობლებს იმისა, რომ თვითონ არ უბიძგონ შვილებს ამასოფლის გართობებისკენ; გაიხსენონ უფლის სიტყვები: „ვაჲ სოფლისა ამის საცთურთა მათგან, რამეთუ უნებლიადცა მომავალ არიან საცთურნი; ხოლო ვაჲ მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცთური“ (მათ. 18,7).
ძალიან აფუჭებს ბავშვებს მსახურების ან უფროსებისგან დახმარების მიჩვევა. ამიტომ ბავშვები პატარობიდანვე თანდათანობით უნდა მიეჩვიონ საკუთარი თავის მომსახურებას, რაშიც შესაძლებელია. ამაში იგულისხმება დილა-საღამოს ლოგინის დალაგება, ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის გაწმენდა, საკუთარი მაგიდის ან კუთხის დალაგება.
რაც უფრო ადრე დაიწყება ბავშვის შესაძლებელი შრომა სახლში, მით უკეთესი. გოგონებისთვის პირველ რიგში ესაა: ჭრა-კერვა, ქსოვა, ოთახის დალაგება, ჭურჭლის რეცხვა, უფროსების დახმარება საჭმლის მომზადებაში. ბიჭებისთვის: სხვადასხვა საშინაო დავალების შესრულება – ნივთების შეკეთება, პროდუქტის ყიდვა და ა.შ.
ბავშვის ზედმეტი გათამამება, მისი ყველა სურვილის შესრულება – მშობლების ერთ-ერთი მუდმივი და ყველაზე საზიანო შეცდომაა. მაიმუნების შესახებ ყვებიან, რომ ისინი თავისი შვილებისადმი დიდი სიყვარულით ზოგჯერ ისე ძლიერად მიიკრავენ მათ, რომ ჭყლიტავენ და კლავენ. ამგვარადვე, უგუნური მშობლები გათამამებით აფუჭებენ შვილებს და სულიერი სიკვდილისკენ მიჰყავთ.
გათამამებულ ბავშვს არ შეუძლია თავის იძულება, ის ეგოისტი ხდება, გაღიზიანებისა და მრისხანებისკენ მიდრეკილი. ამის შესახებ ჯერ კიდევ სენეკა ამბობდა: „ადამიანში მრისხანებას ყველაზე მეტად ფუფუნებით აღზრდა ავითარებს; წყენას არ აპატიებს ის, ვისაც ბავშვობაში უარს არაფერზე ეუბნებოდნენ, ვისაც მზრუნველი დედა ყოველთვის უსრულებდა კაპრიზებს, ვის ნებასაც აღმზრდელი უსიტყვოდ და მუდმივად ასრულებდა“.
ბავშვებს უყვართ მოგზაურობა. თუკი არის საშუალება ამ სურვილის დაკმაყოფილებისა, წასასვლელად უნდა შევარჩიოთ მადლიანი ადგილები, რომლებიც ჭეშმარიტი ღვთის მონებითაა დასახლებული – მონასტრები.
ერთი სკიტელი მონაზონი აღარ დადიოდა ღამისთევის მსახურებაზე და თავს იმით იმართლებდა, რომ თვითონ სკიტის წინამძღვარი, იღუმენი ანტონიც არ დადიოდა ღამისთევაზე. იღუმენს კი ფეხები ისე სტკიოდა, რომ დგომა არ შეეძლო. მრავალჯერ შეაგონა იღუმენმა ანტონიმ ზარმაც ძმას, მაგრამ ის ამბობდა, რომ ღამისთევაზე დასწრება მის ძალებს აღემატებოდა, ის უმალ მონასტრიდან წავიდოდა, ვიდრე ღამისთევაზე ივლიდა. მაშინ იღუმენმა ასეთი საშუალება მოიფიქრა. ავადმყოფობის მიუხედავად, ის ღამისთევაზე წავიდა, იქიდან კი – ზარმაცი ძმის სენაკში. „შემინდე ძმაო, – უთხრა ანტონიმ, – თუკი შენ არ ზრუნავ შენი სულისთვის, მე მოვედი შენს მაგივრად ღამისთევაზე“. ის ძმას ფეხებში ჩაუვარდა. როდესაც იღუმენი დაიხარა, მისი ჩექმებიდან სისხლის ნაკადები წამოვიდა, რადგან ჩექმები სავსე იყო სისხლით, რომელიც ფეხების ღია ჭრილობებიდან ჩამოდიოდა. ძმა შეძრწუნდა, თვითონ ჩაუვარდა იღუმენს ფეხებში, ჩადენილი ცოდვისთვის შენდობას ითხოვდა და მას შემდეგ ყოველთვის ესწრებოდა ღამისთევას.
დაე გაიხსენონ მშობლებმა ეს შემთხვევა, როდესაც ისინი მათ ხელთ არსებულ ყველა ჩვეულებრივ საშუალებას ამოწურავენ და ვერ აიძულებენ დამორჩილებას თავის მოზრდილ შვილებს. დაე სთხოვონ ღმერთს სიბრძნე, რომ ჰპოვონ სიყვარულის ის ღვაწლი, რომელიც მათი შვილების გულებს დაუბრუნებდა. ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც მოზრდილი ბავშვები გაუხეშდებიან, მათი გული შეიძლება მოლბეს და გამოსწორდნენ, თუკი მათი სულიერი მდგომარეობის მიმართ გამოჩენილი იქნება შემწყნარებლობა და დროებითი დათმობა. ამავდროულად მშობლებმა უნდა შეაერთონ შვილების მიმართ სიყვარული და მათდამი ბრძნული დამოკიდებულება.
ასეთი ბრძნული დათმობის მაგალითს ღირსი პახუმი დიდი გვაძლევს:
ეგვიპტის ერთ-ერთ მონასტერში ერთი მონაზონი მიისწრაფოდა თანამდებობისკენ, რომლის ღირსიც არ იყო. იღუმენი თვლიდა, რომ ის ღირსი არ იყო და ერთხელაც უთხრა, რომ პახუმი დიდი არ მიიჩნევდა მას ამ თანამდებობის შესაფერისად (თუმცა პახუმის ასეთი რამ იღუმენისთვის ნათქვამი არ ჰქონდა).
მონაზონი საშინლად განრისხდა და თითქმის ძალით წაიყვანა იღუმენი ღირს პახუმისთან საქმეში გასარკვევად. ისინი იმ დროს მივიდნენ ღირს მამასთან, როდესაც ის კედელზე იდგა, რომელსაც თვითონ აშენებდა მონასტრის გარშემო. მონაზონმა მრისხანებით დაუწყო ყვირილი ღირს მამას: „მატყუარა პახუმი! ჩამოდი ჩემი ცოდვის დასამტკიცებლად“.
მშვიდმა პახუმიმ თავიდან ხმა არ გასცა უხეშ მონაზონს, მაგრამ ის აგრძელებდა ლანძღვას.
ღირსი მამა მიხვდა მონაზვნის სულიერ მდგომარეობას და მშვიდად უთხრა: „შემინდე, ცოდვა ჩავიდინე. შენ არასოდეს შეგიცოდავს?“
მონაზვნის მრისხანება დაცხრა. პახუმიმ იღუმენი გვერდით გაიყვანა, გაერკვა საქმის ვითარებაში და ასეთი რჩევა მისცა მას: „დამიჯერე და მონაზვნის თხოვნა შეასრულე, რომ მისი სული მტერს ხელიდან გამოვტაცოთ“.
როდესაც მიიღო ის, რისკენაც ისწრაფვოდა, მონაზონმა რამდენიმე დღეში შეინანა თავისი უხეში საქციელი ღირსი მამის მიმართ და წავიდა მასთან შენდობის სათხოვნელად. მან პახუმი დიდს უთხრა: „ღმერთმა იცის, შენ რომ ჩემს მიმართ დიდსულოვნება არ გამოგეჩინა და ერთი უხეში სიტყვა გეთქვა, მე ცოდვილი მივატოვებდი მონაზვნობას და ისევ ერისკაცი გავხდებოდი. კურთხეულ იყავ ღვთის კაცო, რადგან უფალმა გამაცოცხლა შენი დიდსულოვნების საშუალებით“.
გვახსოვდეს, რომ მხოლოდ სიყვარული გაუხსნის გზას მშობლებს შვილების გულებისკენ და არ დააბრკოლებს შვილებს დასჯის დროს. თუკი ბავშვს გული არ გაქვავებია, სინდისი ამხილებს მას ასეთ შემთხვევებში.
ბავშვის ხშირად დასჯის შემთხვევაში არსებობს საშიშროება მისი გულის გაუხეშებისა, სიყვარულის ჩაქრობისა, მშობლებისგან გაუცხოებისა და სულიერი მოდუნებისა. ეს ძალიან საშიშია და მშობლებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ თავიდან აიცილონ ასეთი შედეგი.
თუკი ხშირი დასჯის გარეშე არ გამოდის, მაშინ უნდა გამოვიყენოთ სხვა საშუალებები, რომ არ დავუშვათ ზემოთ ჩამოთვლილი ცუდი შედეგები, რომლებიც შესაძლოა ხშირ დასჯას მოჰყვეს. ასეთი საშუალებებია (ძლიერი სიყვარულის გარდა) შექება და სხვადასხვაგვარი დაჯილდოება.
შექებამ შეიძლება ზიანი მოიტანოს და ბავშვებში მზვაობრობა და ამპარტავნება განავითაროს? ეს მართლაც ასეა, თუკი ბავშვებს მხოლოდ აქებენ მუდმივად. შექებას უნდა შევხედოთ როგორც წამალს, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ და უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ ზომიერად – განსჯით. ამასთანავე შექება ძლიერი საშუალებაა ბავშვის წასახალისებლად: შრომისმოყვარეობაში, მონდომებაში, წესრიგიანობაში, მორჩილებაში. აღზრდის დროს მას გვერდს ვერ ავუვლით. ხოლო ის ზიანი, რაც შეიძლება შექებას მოჰყვეს (ზვაობისა და ამპარტავნების განვითარება), უნდა გავაქროთ ბავშვებში ქრისტიანული სიმდაბლის განვითარებისათვის ხელშეწყობით. ამისთვის საჭიროა ყმაწვილებმა დაინახონ მაგალითები ღვთისმოსავი ქრისტიანებისგან, შეისწავლონ სახარება და სიმდაბლის სახეები წმინდანებისა და კეთილმსახური მოღვაწეების ცხოვრებიდან.
ბავშვებს აგრეთვე უნდა ავუხსნათ, რომ ყველა ნიჭი და უნარი ღვთისგან გვაქვს მოცემული და არ უნდა ვიამაყოთ მათ გამო. ხოლო ნიჭიერებს უფრო მეტი მოეთხოვებათ, რადგან: „რომელსა მიეცა დიდად, დიდადცა იძიოს მისგან“ (ლუკ. 12, 48).
განკითხვის ცოდვა ქრისტიანთა შორისაც ფართოდაა გავრცელებული. ამ მანკიერების დამარცხება იოლი არაა, მაგრამ მასზე გამარჯვებისთვის უფალი დიდ წყალობას გვპირდება – ყველა ცოდვის მოტევებას: „ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ“ (მათ. 7,1). იმისთვის, რომ ბავშვის სულში განკითხვის ცოდვის სიმძიმის შეგნება აღიბეჭდოს, მას უნდა მოვუყვეთ ისტორიები, თუ როგორ სჯის უფალი განკითხვისათვის. ბევრი ასეთი ამბავია აღწერილი სასულიერო ლიტერატურაში. აი ერთი მათგანი:
ერთმა ბერმა გულში განიკითხა ცოდვის ჩამდენი ძმა. ღამით მასთან ანგელოზი გამოცხადდა, რომელსაც განკითხულის სული ახლდა. „ძმა, რომელიც განიკითხე, გარდაიცვალა, – თქვა ანგელოზმა. – უფალი გეკითხება, სად ჩავაგდოთ მისი სული იმ ცოდვისთვის, რომლის გამოც ის გუშინ განიკითხე?“ მაშინ გულისხმაყო ბერმა თავისი შეცოდება.
ყველაზე ძნელია სწორად აღვზარდოთ დედისერთა შვილი. ასეთი ოჯახი – თითქმის „არცაა ოჯახი“ ამ სიტყვის ნამდვილი, სრული მნიშვნელობით. აქ შვილი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია და მას ყველანი ათამამებენ. ამის შედეგად დიდია იმის საშიშროება, რომ ის ეგოისტი გაიზრდება, მკვეთრად გამოხატული მზვაობრობითა და სიამაყით. დაე გაიხარონ მშობლებმა, თუკი უფალმა მათ ბევრი შვილი მიანიჭა. რაც მეტია შვილი, მით უფრო დიდია ღვთის კურთხევა ოჯახზე, მით უფრო იოლი იქნება ბავშვების სწორად აღზრდა სულიერი თვალსაზრისით. მატერიალური გაჭირვებისა არ უნდა შეგვეშინდეს, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მეფისა და წინასწარმეტყველ დავითის გამოცდილება: „ყრმა ვიყავ და დავბერდიცა და არა ვიხილე მართალი დაგდებულ, არცა თესლი მისი მთხოველ პურისა“ (ფსალმ. 36,25).
„ყოვლისათვის ჟამი არს და ჟამი არს ყოვლისა საქმისაჲ ცასა ქუეშე“, – გვასწავლის ბრძენი სოლომონი (ეკლ. 3,1). ეს ჭეშმარიტება არ უნდა დავივიწყოთ ბავშვების დროის განაწილებისას. ბავშვის დღე ზუსტად უნდა იყოს განაწილებული და ის მიჩვეული უნდა იყოს მისი განრიგის დაცვას. განსაკუთრებით ზუსტად უნდა იყოს დაცული ბავშვების დასაძინებლად დაწოლის, ლოგინიდან ადგომისა და ჭამის დრო.
უქმად ყოფნა ადრეული ბავშვობიდანვე უნდა გამოირიცხოს. ბავშვი რაღაცით უნდა იყოს დაკავებული – ან თამაშით, ან სწავლით (როცა წამოიზრდება), ან რაიმე საქმით. დასვენების, თამაშის ან სეირნობის პერიოდები დღის განმავლობაში უნდა მოსდევდეს სწავლას, საბავშვო შრომას, სახლის ვალდებულებებისა და მშობლების დავალებების შესრულებას.
ადრე უკვე მივუთითეთ იმ საშიშროებებზე, რომლებიც ემუქრება ბავშვების უბიწოებას – წიგნები არაწმინდა გამოსახულებებითა და მონათხრობებით, უხამსი ილუსტრაციები და ნახატები (ფოტოები). ეს ყველაფერი საგულდაგულოდ უნდა მოვაცილოთ ბავშვებს. არანაკლები საშიშროებაა იმ ამხანაგებისგან, რომლებსაც არაწმინდა გემოვნებები და საუბრები აქვთ, უყვართ ბილწი ანეგდოტებისა და ამბების მოყოლა. მშობლებმა ყველაფერი უნდა მოიმოქმედონ, რომ ბავშვებს ასეთ საზოგადოებასთან შეხება არ ჰქონდეთ.
წყარო: martlmadidebloba.ge
თარგმნილია წიგნიდან:
Н. Е. Пестов, «Православное воспитание детей»