გოგრის “მხიარული დღესასწაულის” შესახებ

გოგრის “მხიარული დღესასწაულის” შესახებ

დადგა დრო, როდესაც ჩვენი საზოგადოება აღფრთოვანებით ემზადება Halloween-ის “ზეიმისთვის”. მაგრამ ძალზე ცოტამ იცის, თუ რას წარმოადგენს და როგორ წარმოიშვა იგი, რა არის მისი არსი და რატომ ეწინააღმდეგება ეკლესიის სწავლებას.

დღესასწაული Halloween-ი დაიბადა ქრისტიანობამდელ ეპოქაში, ინგლისის, ირლანდიისა და ჩრდილოეთ საფრანგეთის (გალიის) კელტურ ტომებში. წარმართი კელტების რწმენით, სიკვდილი შობს სიცოცხლეს, ამიტომ “ახალი წლის” დადგომას, საერთოდ ახალი სიცოცხლის დაბადებას, ისინი აღნიშნავდნენ შემოდგომით, 31 ოქტომბრისა და 1 ნოემბრის მიჯნაზე, შუაღამით, როდესაც დგებოდა სიცივის, სიბნელისა და კვდომის ჟამი. ამ დღეს ისინი განადიდებდნენ წარმართ ღმერთს სამქაინს. რომელიც სიკვდილის მბრძანებლად მიაჩნდათ.

“ახალი წლის ზეიმის” წინადღით დრუიდები (კელტი ქურუმები) ყველა ოჯახში აქრობდნენ კერას, ლამპრებსა და კოცონებს; მეორე დღის საღამოს კი აჩაღებნენ უზარმაზარ კოცონს ბნელეთისა და სიკვდილის თავადისადმი მსხვერპლშეწირვების აღსასრულებლად. დრუიდების რწმენით, თუ სამქაინი კმაყოფელებით მიიღებდა საკუთარ ერთგულთაგან მოძღვნილ შესაწირს, იგი ნებას დართავდა მიცვალებულთა სულებს, ამ დღეს მოენახულებინათ მშობლიური სახლები. აქედან იღებს სათავეს წარმართულ სამყაროში დამკვიდრებული ჩვეულება – Halloween-ის ღამეს მოჩვენებების, ალქაჯების და სხვადასხვა სულების კოსტიუმებში გამოწყიბილ ადამიანთა ხეტიალი, რაც საიქიო სამყაროსა და უწმინდურ ძალებთან სააქაოს ურთიერთობის სიმბოლურ გამოხატულებას წარმოადგენს.

წარმართული კულტის მნიშვნელოვანი ნაწილია, აგრეთვე, “სეირი” (Trick-or-Treat), როგორც სამქაინის მსახური ბნელი ძალებისადმი შესაწირის მირთმევის სიმბოლიზირებული ქმედება. ითვლებოდა, რომ ბნელეთის, სიკვდილისა და სიცივის სამეფოში დამკვიდრებულთა სულები ცოცხალთა სამყაროში სტუმრობის დღეს დაუოკებელ შიმშილს გრძნობენ. ამიტომ კელტი წარმართები წინასწარ ამზდადებნენ სასმელ-საჭმელს ღამის წყვდიადში მოხეტიალე სულებისათვის; მათ სწამდათ, რომ სამქაინის რისხვა და წყევლა დაატყდებოდა თავს ხალხს, თუ ამ სულებს ძღვენით არ დააკაყოფილებდნენ.

აი, ამ წარმართული დღესასწაულის ჭეშმარიტი სახე!

სავსებით ცხადია, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის დაუშვებელია მსგავს ზეიმებში მონაწილეობა, რადგან ამით იგი პირდაპირ აღიარებს კერპთაყვანისმცემლობას, ღალატობს უფალ ღმერთს და ჩვენს წმინდა ეკლესიას. მიცვალებულების განსახიერების რიტუალში მონაწილეობით, ღამის უკუნში ხეტიალითა და სანოვაგის გამოთხოვა-ჩამორიგებით ჩვენ ვახცადებთ, რომ გვსურს ურთიერთობა საიქიოს ბნელ სულებთან, რომელთა მბრძანებელი უკვე სამქაინი კი არა, თავად სატანაა – მაცდური, რომელიც უფალ ღმერთს დაუპირისპირდა. საჭმელ-სასმელის დარიგებით უბრალოდ ტკბილეულით კი არ ვუმასპინძლდებით  ბავშვებს – ამით ძღვენს ვწირავთ სამქაინს, ანუ სატანის ხსოვნას და გამოვხატავთ მისდამი პატივისცემას.

არსებობს Halloween-თან  დაკავშირებული სხვა ტრადიციებიც, რომელსაც უნდა განვეშოროთ, ასეთებია: ყოველგვარი მისნობა, ჯადოქრობა და გრძნეულება; ანდა ე.წ. “Jack O`Lantem”-ის (ლამპრის ჯეკის) გამოდგმა – ეს არის ამოსუფთავებული გოგრა, რომელზეც ამოკვეთილია საზარელი ნიღაბი. გოგრაში (ძველად სხვა ბოსტნეულსაც იყენებდნენ) სანთელს ანთებდნენ “წმინდა” კოცონიდან მოტანილი “ახალი” ცეცხლით, მასზე ამოკვეთილი ნიღაბი კი მიცვალებულს განასახიერებდა. ამგვარი “წმინდა ლამპარი”, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში ენთო, მაცხოვრისა და მისთვის  სათნოყოფილთა ხატების წინ ანთებული წმინდა კანდელის ეშმაკეულ, გაუკუღმართებულ მიბაძვას წარმოადგენს. ამგვარი “სახუმარო” ნიღბიანი გოგრით სახლის მორთვაც კი უკვე სიკვდილთან დაკავშირებულ  წარმართულ დღესასწაულებში  მონაწილეობის ტოლფასია.

წმინდა მამები დასავლეთის ადრექრისტიანული ეკლესიისა, რომელიც იმხანად მკაცრად მართლმადიდებლური იყო, ცდილობდნენ წინ აღდგომოდნენ კელტების ამ წარმართულ ტრადიციას; ამ მიზნით მათ ამავე დღეს დაადგინეს ქრისტიანული  დღესასწაული “ყოველთა წმიდათა” (აღმოსავლეთის ეკლესიაში იგი აღინიშნება სულთმოფენობიდან პირველ კვირას). ამ სახელწოდებიდან შეიქმნა გამოთქმა All Hallow’s Even (წინადღე ყოველთა წმიდათა), საიდანაც დროთა განმავლობაში მივიღეთ შემოკლებული ფორმა – Halloween. სამწუხაროდ, ადამიანთა უმეცრების ან უვიცობის გამო ხსენებულ წარმართულ ზეიმს შეცდომით უწოდეს Halloween-ი, რადგან დასავლეთში მას და ყოველთა წმოდათას ქრისტიანულ დღწსასწაულს ერთ დღეს აღნიშნავდნენ.

ეკლესიის ძალისხმევას – დაეძლია წარმართული დღესასწაული, ანტიქრისტიანულად განწყობილმა ადამიანებმა უპასუხეს იმით, რომ მეტი მოშურნეობით იწყეს ამ საღამოს აღნიშვნა: ბევრ რიტუალს ასრულებდნენ ქრისტიანული ღვთისმასახურების შესაბილწად და დასაცინად; ჩონჩხის კოსტუმში გამოწყობილნი დასცინოდნენ ეკლესიის მიერ წმინდა ნაწილების თაყვანისცემის ტრადიციას; მკრეხელური ქმედებებისთვის იყენებდნენ მოპარულ ჯვრებს და წმინდა ნაწილებსაც კი. მოწყალების გამოთხოვის ტრადიცია ქრისტიანების სისტემატური დევნის მიზეზი გახდა, რადგან მათ თავიანთი რწმენის გამო არ შეეძლოთ მონაწილეობა ბნელეთისა და წყვდიადის თავადისადმი მიძღვნილ  დღესასწაულში.

რატომ დამკვიდრდა ესოდენ მყარად ბევრ ქრისტიანში მართლმადიდებლობასთან აშკარად შეუთავსებელი წარმართული კულტი? ამ ყოველივეს მიზეზი უპირველესად იმ ქრისტიანებში უნდა ვეძებოთ, რომლებიც საკუთარი სულიერი აპათიისა და  დაჩლუნგების  გამო უღმერთოებას და ღვთისგან განდგომას უწყობენ ხელს. ისინი, ვინც გვარწმუნებენ, რომ Halloween-ი და მისი მსგავსი “დღესაწაულები”, მიუხედავათ მათი აშკარა წარმართული ფესვებისა და კერპთაყვანისცემული არსისა, უსაფრთხოა და უწყინარი და ამდენად დიდი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ მათ, ანგრევენ ჩვენ სულიერ ბალავარს, ხელს უწყობენ წარმართობისა და ათეიზმის გავრცელებას.

“დღესასწაული” Halloween-ი ანგრევს წმინდა ეკლესიის ბურჯებს – აღმართულს იმ მოწამეთა სისხლზე, რომელთაც უარი თქვეს კერპების ნებისმიერ თაყვანისცემასა და მსახურებაზე. მართლმადიდებელ ქრისტიანს მართებს მკაცრად წინააღუდგეს მსგავს მოვლენებს, რამეთუ სახარების სწავლებით უფალი ღმერთია ჩვენი ყოველი საქციელის და რწმენის მსაჯული; საქმენი ჩვენნი ან “ღმერთს ეძღვნება” ან “ღვთის წინააღმდეგ” არის მიმართული – შუალედური, “ნეიტრალური” გზა არ არსებობს! …

დღეს ჩვენ მოწმენი ვართ სატანური კულტების ჩასახვისა. არსებობს ცნობები, რომ ნოემბრის ღამეს სატანური “მსახურებანი” აღესრულება და ეშმაკის მსახურნი საამისოდ ადამიანებს სწირავენ მსხვერპლად. ახლა სატანისტებმა ხელი მიჰყვეს მართლადიდებელ მღვდელმსახურთა რიტუალურ მკვლელობებსაც, რაც არაერთხელ მოხდა კალიფორნიის შტატში. სატანა ყველგან შლის ბადეს, რათა რაც შეიძლება მეტი უდანაშაულო ადამიანი გააბას. საგაზეთო ჯიხურები სავსეა გამოცემებით სპირიტიზმის, ზებუნებრივი მოვლენების, ოკულტური სეანსების, ცრუწინასწარმეტყველებებისა და ყოველგვარ ეშმაკეულ მოვლენათა შესახებ – ყველა ისინი სატანას ემსახურებიან, რადგან მომდინარეობენ არა სულიწმინდისაგან, არამედ ამა სოფლის სულით არიან გაჟღენთილი.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის სახ. ტაძრის გამომცემლობა.
ლოს ანჯელესი, კალიფორნია (აშშ).

(იბეჭდება მცირეოდენი შემოკლებით და რედაქტირებით)

* * *
ZNEOBA.GE-ს რედაქციისგან:

აი, რას წერს “ჰელოუინზე” მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სატანისტი, “სატანის ეკლესიის” დამფუძნებელი, ანტონ ლავეი თავის 1969 წელს გამოცემულ წიგნში “სატანის ბიბლია”:

“სატანისტისთვის დაბადების დღის შემდეგ ყველაზე დიდი დღესასწაულებია ვალპურგის ღამე (1 მაისი) და ჰელოუინი.“
(The Satanic Bible, 1969. 3th book, chapter XI)

* * *
ფართო საზოგადოებისთვის უცნობია ის ფაქტიც, რომ სატანისტებმა სწორედ “ჰელოუინის” ღამეს – 1997 წლის 31 ოქტომბერს აწამეს და მოკლეს მონრეალის ივერიის ღმრთისმშობლის მირონმდინარე ხატის მცველი იოსებ (ხოსე) მუნიოს კორტესი, ხოლო ხატი კი გაიტაცეს და დღემდე დაკარგულია.

ეს მათთვის, ვისაც ჰელოუინი “უწყინარი” გასართობი ჰგონია…

მშობლებო, მოარიდეთ ბავშვები ამ ბოროტებას!