ინტელიგენცია და კათოლიციზმი – არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

ინტელიგენცია და კათოლიციზმი – არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

ამ წერილში ერთ საინტერესო მოვლენაზე გვინდა საუბარი. ინტელიგენციის ნაწილს, რომელიც რელიგიურობით მაინცდამაინც არ გამოირჩევა, კათოლიციზმისკენ მიუწევს გული. უცნაურია, რომ ჰუმანისტები და ლიბერალები სიმპათიას იჩენენ ამ აღმსარებლობისადმი, რადგან ისინი, ერთი მხრივ, უმაღლეს ფასეულობად ადამიანის ღირსებასა და უფლებებს, მათ შორის რელიგიის თავისუფლებას აცხადებენ, მეორე მხრივ კი სოლიდარობას გამოხატავენ ყველაზე ტოტალიტარული კონფესიისადმი. ეს სწორედ ის კონფესიაა, რომელიც ინკვიზიციის ცეცხლითა და ჯვაროსნული ომების მახვილით განამტკიცებდა თავის ბატონობას და, რომელმაც სისხლიანი კვალი დატოვა მსოფლიო ისტორიაში. შესაძლოა შემოგვედაონ: კათოლიციზმი ახლა სხვაა, უკვე ჩაქრა ინკვიზიციის კოცონი და “რომის საღვთო იმპერიიდანაც” მხოლოდ მიწის მცირე ნაგლეჯი – ვატიკანიღა დარჩა, ამიტომ საშინელებანი და ძალადობა წარსულს ჩაბარდაო. მაგრამ კბილებჩაცვენილი ვეფხვი ზნეს არ იცვლის და კათოლიციზმის დოქტრინებიც უცვლელი რჩება. ინკვიზიცია და ჯვაროსნული ომები გამომდინარეობდა თავად კათოლიციზმის არსიდან – შექმნილიყო თეოკრატიული სახელმწიფო, რომლის თავიც პაპი იქნებოდა. ეს იმთავითვე უმთავრესი იდეა გახლდათ კათოლიციზმისა. მაგრამ სახელმწიფო ხომ ძალადობასა და იძულების გარეშე ვერ იარსებებს!

ისტორიის გარკვეულ, საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდში არსებობდა “რომის საღვთო იმპერია”. ამ სახელმწიფოში პაპს სამეფო ტახტი ეპყრა და იმპერიას უფრო მახვილით მართავდა, ვიდრე ჯვარით. მოგვიანებით თავად ხალხმა უარყო ეს ,,თეორატია” გეოგრაფიული რუკებიდან გაქრა “რომის საღვთო იმპერია”, მაგრამ კათოლიციზმში უცვლელად დარჩა თავად პრინციპი სახელმწიფოსი – პრინციპი პრაგმატიზმისა, დიპლომატიის, სანქციებისა და წახალისებისა – ორიენტირები, რომლებითაც კათოლიციზმი გარეგანი ძალებისაკენ იღებს გეზს.

კათოლიციზმით მოხიბლულმა ჰუმანისტებმა, სიტყვა “თავისუფლება” სალაყბოს რუპორად რომ უქცევიათ, თითქოს არ იციან, რომ კათოლიკური კონფესია აბსოლუტური მონარქიაა, რომლისათვისაც პაპის სიტყვა საეკლესიო კრების დადგენილებაზე მნიშვნელოვანია. მათ არც ის ახსენდებათ, რომ კათოლიკეებმა მრავალი მართლმადიდებელი დახოცეს იმის გამო, რომ სარწმუნოების ღალატზე ვერ დაითანხმეს, მაგრამ არ ყოფილა შემთხვევა, მართლმადიდებლებს დაეხოცოთ კათოლიკეები იმ მიზეზით, რომ ამ უკანასკნელთ მართლმადიდებლობის მიღება არ სურდათ.

ჩვენი ინტელიგენტები მზად არიან უარყონ ინკვიზიციისა და ინდულგენციების არსებობა, უარყონ არსებობა შინაომებისა, რომლებშიაც პაპები პეტრეს სიმბოლური გასაღებით ხელში კი არა, სავსებით რეალური იარაღით მონაწილეობდნენ. ამ ადამიანებს, რომელთაც სურთ მართლმადიდებელ ეკლესიას კონსერვატულობასა და შეზღუდულობაში, ხოლო მღვდლებს ყოველგვარ ადამიანურ მანკიერებაში დასდონ ბრალი, ავიწყდებათ, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას არასოდეს უვაჭრია ინდულგენციებით და არც ცოდვათა მიტევებისთვის დაუწესებია გადასახადი.

დღეს ზოგიერთი იმასაც ამბობს, ინკვიზიციისა და ჯვაროსნული ომების მსხვერპლთა რაოდენობა გაზვიადებულიაო. მაგრამ ეს ჩვეულებრივი ტყუილია, იმის მსგავსი, ბავშვობაში რომ ჩაგვჩიჩინებდნენ, ჩვენს ქვეყანაში არანაირი რეპრესიები არ არსებობს, დასჯილი და იზოლირებულია მხოლოდ აშკარა დამნაშავეთა მცირე ნაწილიო. ჩვენი ჰუმანისტები, რომელთა უმეტესობაც, როგორც წესი, რელიგიათა ეკუმენისტურ კავშირს ემხრობა, თითქოსდა ივიწყებენ, რომ კათოლიკური ეკლესია ,,ერეტიკოსების” სიკვდილით დასჯით არ კმაყოფილდებოდა და საშინელი ტანჯვა-წამებით ისტუმრებდა მათ იმქვეყნად. “ესპანური ჩექმა” თუ საწამებელი ძელი, რომელზეც ფეხებზე სიმძიმეებმობმულ ადამიანს ჰკიდებდნენ (მერე ძელს ატრიალებდნენ და ასე გრეხდნენ და ტანჯავდნენ მსხვერპლს), ანდა გავარვარებული ნაკვერჩხლებით სავსე ტაფა, რომელზედაც ადამიანებს აყენებდნენ ხოლმე – ეს მართლაცდა ჯოჯოხეთის ატრიბუტები არც ჰოფმანის ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფია და არც ჰიუისმანსის სატანურ ორგიათა აღწერილობა. ყოველივე ეს სწორედ კათოლიკური სასამართლოს კუთვნილებაა.

კათოლიკურ ინკვიზიციას ხშირად შუა საუკუნეებში არსებული სასჯელის სიმკაცრით ამართლებენ, ის კი ავიწყდებათ, რომ ეკლესიამ ადამიანის სისატიკე სიყვარულის სულით უნდა მოალბოს. კათოლიკე პაპები ამის სანაცვლოდ ინკვიზიციის გასამართლებელ ბულებს უშვებდნენ, რომლებშიაც დაბეჯითებით ამტკიცებდნენ, რომ თუ ,,მწვალებელი” წამებისას მოკვდებოდა, ჯალათს ეს დანაშაულად არ ჩაეთვლებოდა. ასეთი თვალთმაქცობა ყოველთვის უცხო იყო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.

ჩვენი ინტელიგენტები, თითქოს გამადიდებელი შუშით აკვირდებიანო, ისე მკაცრად განსჯიან მართლმადიდებელ იერარქებსა და მღვდლებს მათი არსებული თუ არარსებული სისუსტეებისა და შეცდომებისთვის, ხოლო პაპის ტახტზე აღზევებული ბორჯიებისა და სხვა ურჩხულთა მიერ ჩადენილ არა ადამიანურ, არამედ სატანურ დანაშაულობათ არც კი იხსენებენ.

ადამიანები, რომლებიც ეკლესიას სულიერების ნაკლულევანებაში სდებენ ბრალს, იმავე დროს ივიწყებენ იეზუიტების ორდენს – სიცრუის ამ დაკანონებულ სისტემას, რომელიც დიდი ხანია ვატიკანის სტრატეგიის განუყოფელ ნაწილად იქცა. ეს ორდენი ვატიკანის პოლიტიკური დაზვერვის ორგანოა და ყველა ამ ტიპის სპეცსამსახურისათვის ჩვეული საშუალებებით მოქმედებს. მან იმდენად შეირცხვინა თავი, რომ ხალხის შეგნებაში სიტყვა ,,იეზუიტი” უპრინციპო, ცრუ, თვალთმაქცი ადამიანის აღმნიშვნელი გახდა, რომელიც დასახული მიზნის მისაღწევად მზადაა ყველაფერი იკადროს.

ამ ადამიანებს არც ის ახსენდებათ, რომ ვატიკანს კავშირი აქვს ისეთ ოკულტურ გაერთიანებებთან, როგორიცაა, მაგალითად, მალტის რაინდთა ორდენი, არ ახსენდებათ ვატიკანის დიპლომატიური თამაშები ანტიქრისტიანულ ძალებთან, მაგალითად, ფაშისტებთან.

ჩვენი ინტელიგენცია ზოგიერთ მღვდელს საყვედურობს არაგულგრილ დამოკიდებულებას გასამრჯელოსადმი, რომელსაც მას წესის (ნათლობა, პარაკლისი, გარდაცვლილისათვის წესის აგება, პანაშვიდი) შესრულებისათვის უხდიან, თუმცა ეს მღვდლის მატერიალური არსებობის ერთადერთი საშუალებაა. მაგრამ იმათ, ვინც მართლმადიდებელი მღვდლებისგან სრულ უანგარობას მოითხოვენ, არ ახსენდებათ ან არ იციან, რომ ვატიკანი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკირია. ბანკი კი ის რვაფეხაა, რომელიც მსხვერპლის სისხლით იკვებება – საუკეთესო შემთხვევაში სისხლის 10%-ს წოვს, უარესში კი – უკანასკნელ წვეთსაც. მაგრამ ვატიკანის ბანკს “სულიწმიდის ბანკი” ჰქვია. გამოდის, რომ მსოფლიო მევახშე სულიწმიდის იარაღად იწოდება. მართლმადიდებელთათვის ეს უდიდესი მკრეხელობაა სულიწმიდის მიმართ.

რით შეიძლება აიხსნას ჩვენი ინტელიგენციის ერთი ნაწილის სიმპათიები კათოლიციზმის მიმართ? რით აიხსნება ეს ფსიქოლოგიური ფენომენი? ადამიანები სიტყვით თავისუფლებას ითხოვენ, საქმით კი მაინც ისეთ კონფესიას ირჩევენ, უკიდურეს ცენტრალიზმზე რომ არის აგებული და თავისი სტრუქტურით აბსოლუტურ მონარქიასაც კი აღემატება. ჰუმანისტები, რომლებიც ადამიანის ღირსების პატივისცემასა და კაცთა შორის თანასწორობას ქადაგებენ, გრძნობამორეულნი დგანან იმ რელიგიურ-ისტორიული ორგანიზაციის წინაშე, რომელმაც სისხლით გაიკვალა გზა ისტორიაში, სისხლით დასვარა მსოფლიო რუკა; ისინი, ვინც ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიებს ითხოვენ, იმ სტრუქტურას იწონებენ, რომელიც სარწმუნოების საკითხში არა თუ თითოეულ ადამიანს, თვით საეკლესიო კრებასაც კი არ უტოვებს რეალურ უფლებებს: კათოლიკური ეკლესიის ყოველი წევრი მოვალეა, რომ ერთი, პირამიდის თავში მდგომი პირის გადაწყვეტილება მიიღოს ისე, როგორც თავისი უტყუარობით საღმრთო წერილთან გატოლებული, პერმანენტული წინასწარმეტყველება.

მაინც რა იზიდავს ჩვენს შემოქმედებით ინტელიგენციას კათოლიციზმისაკენ? პირველ ყოვლისა ის, რომ მართლმადიდებლობა სულიერია, კათოლიციზმი კი მშვინვიერი. იმისათვის, რომ მართლმადიდებელი გახდე, საკმარისი არ არის მართლმადიდებლურად იყო მონათლული. მართლმადიდებლობისათვის შინაგანად უნდა გარდაიქმნა, საკუთარი თავი ღირებულებათა სხვა, შენთვის უჩვეულო სკალის წინაშე უნდა დააყენო, რომელზედაც ყოველივე ის, რითაც ადრე ცხოვრობდა ინტელიგენტი, სადღაც ქვევით, სულ ბოლო ადგილზე აღმოჩნდება. ხატოვნად რომ ვთქვათ, იმისათვის, რომ ადამიანის გულმა სულიერი სამყაროს ნათლის მიღება შეძლოს, ჯერ ჩვეულისა და ხილულის ნაჭუჭი უნდა გამოამტვრიოს. კათოლიციზმი კი კაცს უფლებას აძლევს ბარტყივით იჯდეს თავისი უწინდელი ვნებებისა და ჩვეულებების ნაჭუჭში და მინიმუმით დაკმაყოფილდეს. კათოლიციზმი კომპრომისია, კომპრომისი სულსა და სამშვინველს შორის, სადაც გამარჯვებული ყოველთვის სამშვინველი გამოდის; კათოლიციზმი, ამავე დროს, კომპრომისია რელიგიასა და საერო კულტურას შორის, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა ეკლესიისა და სახელმწიფოს რაღაც უცნაური, გაურკვეველი და ცვალებადი ფორმის ჰიბრიდი.

სხვა მიზეზი ჩვენი ინტელიგენტების კათოლიციზმისკენ ლტოლვისა ის არის, რომ ბევრს კათოლიციზმი ნახტომი ჰგონია აზიიდან ევროპაში. ის კი ავიწყდებათ, რომ საქართველოს თავისი კულტურა და თავისი ტრადიციები აქვს, ავიწყდებათ, რომ, როცა საქართველოში ცას სწვდებოდნენ ქრისტიანული ტაძრები, პარიზში, რომელსაც მაშინ ლუტეცია ეწოდებოდა, ჯერ კიდევ წარმართული მსხვერპლშეწირვის ცეცხლი ენთო. ავიწყდებათ, რომ საქართველოს კულტურა უფრო ძველია, ვიდრე ევროპის ქვეყნებისა, მათ შორის საფრანგეთისაც. ჩვენი ინტელიგენციის ერთ ნაწილს რაღაც ავადმყოფური ფსიქოლოგიური კომპლექსიც კი ჩამოუყალიბდა – მათ გადაწყვიტეს, რომ მართლმადიდებლობა ხელს უშლის საქართველოს განვითარებას და თუ ქვეყანა განუდგება წინაპართა სარწმუნოებას, ე.ი. საკუთარ ისტორიას, რაღაც ჯადოსნური ძალის წყალობით ვაკე სორბონად გადაიქცევა, ავლაბარი კი მონმარტრად.

მართლმადიდებელი ეკლესია ქართული ეროვნულობისა და სახელმწიფოებრი-ობის ღერძი გახლდათ. სწორედ მართლმადიდებლობა აერთიანებდა ერთ ხალხად ქვეყანას მაშინაც კი, როცა საქართველო სამეფოებად და სამთავროებად იყო დაშლილი. ჩვენი ინტელიგენტების ერთ ნაწილს ეს არ ახსენდება, არ ახსენდება და იმის იმედიც კი აქვს, რომ კათოლიციზმი დაიცავს ქვეყანას მოსალოდნელი აგრესიებისა თუ აგრესორთა პრეტენზიებისაგან. მაგრამ ისტორიულად კათოლიციზმი ყოველთვის იძლეოდა დაპირებებს, მაგრამ არასოდეს ასრულებდა მათ. ფლორენციის უნიას კონსტანტინოპოლის დაცემა მოჰყვა და ამ ტრაგედიას დასავლეთი სამხედრო დახმარებით კი არა, ელეგიური ლექსებით გამოეხმაურა. პირველი მსოფლიო ომის დროს სომხებმა ვატიკანის შეწევნის იმედით კათოლიკობის მიღება დაიწყეს, მაგრამ კათოლიკურ სამყაროს მათი დახმარება არც უფიქრია და სომეხთა გენოციდმა ორ მილიონამდე კაცი იმსხვერპლა.

თარგმნა ნანა წერეთელმა
“წერილები კათოლიციზმის შესახებ”, თბილისი 2004 წ.