პირველი წირვა კრეტაზე ჩატარდა 18 ივნისს. მსახურება აღასრულა ალექსანდრიის პატრიარქმა თეოდორემ. წირვას ესწრებოდნენ კათოლიკეები, მონოფიზიტები და სხვა მწვალებლები.
19 ივნისს, სულთმოფენობის დღესასწაულზე, ჩატარდა საზეიმო წირვა კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს მეთაურობით, რომლის თანამწირველებიც იყვნენ ყველა იმ ადგილობრივი ეკლესიის პატრიარქები, რომლებიც ჩავიდნენ კრეტაზე. ამავე დღეს მწუხრის ლოცვაზე, როცა მართლმადიდებელი ეპისკოპოსი აღსავლის კარებში კითხულობდა მუხლმოდრეკის ლოცვებს, მის მახლობლად, ასევე მუხლებზე დაჩოქილები, ლოცვებს კითხულობდნენ კათოლიკეები, მონოფიზიტები და სხვა არამართლმადიდებლები.
კრების გახსნის დღეს მართლმადიდებლებთან ერთად ისხდნენ სხვადასხვა რჯულის მწვალებლები, იგივე განმეორდა კრების ბოლო დღესაც.
კვირას, 26 ივნისს, კრების დამასრულებელ წირვას, ისევე როგორც პირველ ორ წირვას, ესწრებოდნენ ყველა ზემოთ მოხსენიებული მწვალებლები.
„დიდს“ ამ კრებას ვერ ვუწოდებთ, ვინაიდან კრებას არ ესწრებოდა ოთხი ადგილობრივი ეკლესია; მით უმეტეს ვერ ვუწოდებთ მას „წმიდას“, რადგან სხდომებს ესწრებოდნენ და წირვა-ლოცვებზე მართლმადიდებლებთან ერთად ლოცულობდნენ მწვალებლები. ეს კრება ყველაფრით ჰგავდა ეკუმენურ თავყრილობას – ერთობლივი ლოცვები, ერთობლივი სხდომები, ოღონდაც ახლა ამ თავყრილობის ორგანიზატორები იყვნენ კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე და მისი თანამოაზრეები.
საეკლესიო კანონების მიხედვით, ის, ვინც მწვალებლებთან ერთად ლოცულობს, უნდა განიკვეთოს ხარისხიდან. რასაკვირველია, მათ არავინ არ განკვეთავს, ვინაიდან თვითონ არიან პატრიარქები და ეპისკოპოსები, მაგრამ ყველა იქ დამსწრემ ყოველგვარი პატივისცემა დაკარგა მართლმადიდებელი ქრისტიანების თვალში. აქედან გამომდინარე, რა დადგენილებაც არ უნდა მიიღონ ამ კრებაზე, მას არანაირი მნიშვნელობა არ ექნება მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. ეკლესიის სისავსე, ანუ მართლმადიდებელი ხალხი, არასდროს არ მიიღებს ისეთ დადგენილებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება მართლმადიდებელი ეკლესიის გადმოცემას.