მადლის ქვა – წმ. დავით გარეჯელის მიერ იერუსალიმიდან წამოღებული მადლი

მადლის ქვა – წმ. დავით გარეჯელის მიერ იერუსალიმიდან წამოღებული მადლი

ღირსმა მამა დავით გარეჯელმა წმიდა ადგილთა მოსალოცად წასვლა გადაწყვიტა. მან ლუკიანე მოიხმო და მისი წასვლის შემდეგ სამწყსოზე ზრუნვა დაავალა. მამა დავითმა კეთილ სარბიელზე მხნედ ყოფნისათვის დამოძღვრა იგი და რამდენიმე ძმის თანხლებით წმინდა ქალაქისაკენ გაემართა. როდესაც მადლის ქედად წოდებულ მთას მიეახლნენ, წმინდა ქალაქიც გამოჩნდა. იხილა რა მამა დავითმა იერუსალიმი, მადლობის შემწირველმა ჯერ ხელნი ზეცად აღაპყრო, შემდეგ კი ქვითინით მიწაზე დავარდა. წმიდა მამამ თავი წმინდა ქალაქში შესვლის ღირსად არ მიიჩნია და სანამ მისი მხლებლები იერუსალიმის სიწმინდეებს მოილოცავდნენ, ქალაქის კარიბჭესთან მხურვალედ ლოცულობდა. წმიდანმა მადლის ქედიდან დიდი რწმენით სამი ქვა წამოიღო.

იმ ღამით იერუსალიმის პატრიარქ ილიას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: „მოიწია ვიდრე სახლად ჩემამდე საკუთარი მონა ჩემი დავით და სარწმუნოებითა მისითა წარიღო სრულიად მადლი იერუსალიმისა“. ილიამ მალემსრბოლი დაადევნა წმინდა დავითს და მათი პირით ამცნო უფლის ნება – ერთი ქვა წაეღო, ორი კი დაებრუნებინა, რათა სრულად არ მოჰკლებოდა მადლი ქრისტეს ქალაქს.

მამა დავითმა მართლაც დაუბრუნა იერუსალიმს ორი ქვა, ხოლო მესამე გარეჯში დაბრუნებულმა ეკლესიაში დაასვენა. სიწმინდის თაყვანსაცემად უდაბნოში უამრავი ხალხი მიდიოდა. ღვთის ნებით ქვა სასწაულმოქმედი ძალით აღივსო – მისი შეხება უკურნებელი სენისაგან არჩენდა მლოცველებს. მადლის ის ქვა, რომელიც მამა დავითმა გარეჯის უდაბნოში მოიტანა, დღესაც კურნავს სარწმუნოებით მვედრებელთ. მას შემდეგ, რაც წმიდანმა უდაბნოში მადლის ქვა ჩამოიტანა, საძმო რიცხვობრივად გაიზარდა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღირსი მამა დავით გარეჯელის ხსენებას ამაღლების შემდგომ ხუთშაბათს აღასრულებს.

წმ.დავით გარეჯელი

წმ. მამა დავით გარეჯელი
იერუსალიმის კედლებთან.